გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.10.2019
საქმის ნომერი
330210019002954323
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
30.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/8549-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - მაკა ჭედია

სხდომის მდივანი - კახა კომლაძე

მოსარჩელე სს „ს--------------------------------------–------“

წარმომადგენელი ლე--------------–--, ნ--------------

მოპასუხე რა----------–---

დავის საგანი ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე რ-----------–--ისათვის მოსარჩელე სს „ს--------------------------------------–-------“ სასარგებლოდ ზიანის 10 090.99 ლარის ანაზღაურება.

 

2017 წლის 07 ივნისს ქ. თბილისში, მ---–--–----–----------------ზე მოხდა ავტოსატრანსპორტო შემთხვევა, რა დროსაც რ-----------–--ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა „ოპელი“ სახელმწიფო ნომრით F------ შეეჯახა მის წინ გაჩერებულ ავტომანქანას „ლენდ როვერს“ სახელმწიფო ნომრით G-------

 

საგზაო შემთხვევის დროს დაზიანებული ავტომანქანა „ლენდ როვერი“ სახელმწიფო ნომრით G------, შპს „კ------–----–-----------“ მიერ დაზღვეული იყო სს „ს--------------------------------------–-----–-“.

 

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, დამრღვევ მძღოლად ცნობილ იქნა რა----------–---.

 

დაზიანებული ავტომანქანა ზიანის განსაზღვრისათვის წარედგინა შპს „ჯ-----------------“, რომლის დეფექტური აქტის თანახმად, დაზიანებული ავტომანქანის აღდგენისათვის საჭირო იყო 1090 ლარისა და 99 თეთრის გადახდა. აღნიშნული აქტი მოიცავს ავტომანქანის აღდგენისათვის საჭირო შემდეგ დეტალებსა და ჩასატარებელ სამუშაოებს: სამღებრო სამუშაოები - 700.50 ლარი; დაშლა-აწყობა- 240 ლარი; სათუნუქე სამუშაოები - 120 ლარი; მაყუჩის დაბოლოვება მარჯვენა - 1948.50 ლარი; მაყუჩის დაბოლოვება მარცხენა -1942.88 ლარი; უკანა ბამპერი -2324 ლარი; ბამპერის მოლდინგი მარცხენა - 414.96 ლარი; ბანპერის შუა პლასტმასი -499.02 ლარი; ძირის პლასტმასი 526 ლარი; ბურუსის ფარი მარცხენა - 377.50 ლარი; ბამპერის სამაგრი - 129.86 ლარი; პარკინგის სენსორი - 340.09 ლარი, აკუმულატორის ყუთი - 527.68 ლარი.

 

მზღვეველის მიერ შპს „ჯ------------------“ ანგარიშზე ჩაირიცხა ავტომანქანის აღდგენისათვის საჭირო თანხა 10 090 ლარისა და 99 თეთრის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. მან სადავოდ გახადა ზიანის ოდენობასთან დაკავშირებული გარემოებები და განმარტა, რომ დაზიანებული ნაწილების ღირებულებების შეფასებისას არ ყოფილა გათვალისწინებული ავტომანქანის ნაწილების ცვეთის ხანდაზმულობა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 07 ივნისს, ქ. თბილისში, მ---–--–----–----------------ზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც რა----------–--- მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა „ოპელით“ სახელმწიფო ნომრით F------, შეეჯახა წინ გაჩერებულ ავტომანქანას ლენდ როვერს, სახელმწიფო ნომრით G-------

 

საპატრულო პოლიციის მიერ სამართალდამრღვევ პირად მიჩნეულ იქნა რა----------–---. მის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, დამრღვევი დაჯარიმდა 250 ლარით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ძალაშია და არ გასაჩივრებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საჯარიმო ქვითარი;

 

3.1.2. საგზაო შემთხვევის დროს დაზიანებული ავტომანქანა Land Rover Range Rover Sport, გამოშვების წელი 2017, სახელმწიფო ნომრით G------ შპს „კ------–----–-----------“ მიერ დაზღვეულია სს „ს--------------------------------------–-----–-“ .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 01.02.2017 წლის ავტომობილის დაზღვევის პოლისი.

 

3.1.2. სს „ს--------------------------------------–-------- 10 090.99 ლარი ჩაურიცხა ავტომანქანის შემკეთებელს შპს „ჯ-----------------“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

საგადახდო დავალება N659002.

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეული ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 10 090.99 ლარს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

 

მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

 

სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა ისინი ერთობლივად და მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება შეძლო, ხოლო მოპასუხემ - ვერა.

 

საქმეში წარმოდგენილია პროფორმა, სადაც აღნიშნულია ავტომობილის გარეგანი დაზიანებები. ავტომობილს დაზიანებული აქვს მაყუჩის დაბოლოვება მარჯვენა, მაყუჩის დაბოლოვება მარცხენა, უკანა ბამპერი, ბამპერის მოლდინგი მარცხენა, ბანპერის შუა პლასტმასი, ძირის პლასტმასი, ბურუსის ფარი მარცხენა, ბამპერის სამაგრი, პარკინგის სენსორი, აკუმულატორის ყუთი.

 

შპს „ჯ------------------“ პროფორმით, განსაზღვრულია ავტომობილისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა. დაზიანებული ავტომანქანის აღდგენისათვის საჭირო იყო 1090 ლარისა და 99 თეთრის გადახდა. აღნიშნული აქტი მოიცავს ავტომანქანის აღდგენისათვის საჭირო შემდეგ დეტალებსა და ჩასატარებელ სამუშაოებს: სამღებრო სამუშაოები - 700.50 ლარი; დაშლა-აწყობა- 240 ლარი; სათუნუქე სამუშაოები - 120 ლარი; მაყუჩის დაბოლოვება მარჯვენა - 1948.50 ლარი; მაყუჩის დაბოლოვება მარცხენა -1942.88 ლარი; უკანა ბამპერი -2324 ლარი; ბამპერის მოლდინგი მარცხენა - 414.96 ლარი; ბანპერის შუა პლასტმასი -499.02 ლარი; ძირის პლასტმასი 526 ლარი; ბურუსის ფარი მარცხენა - 377.50 ლარი; ბამპერის სამაგრი - 129.86 ლარი; პარკინგის სენსორი - 340.09 ლარი, აკუმულატორის ყუთი - 527.68 ლარი.

 

სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ შპს „ჯ-----------------ა“, რომელსაც დაევალა დაზიანებული ავტომანქანის შეკეთება, დაადგინა ზიანის ოდენობა და შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა კონკრეტული მარკის, მოდელის და ტექნიკური მახასიათებლების მქონე ავტომანქანის შესაბამისი საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით.

 

სადავო შეფასებისაგან განსხვავებული რაიმე მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. მოპასუხე ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, წარმოდგენილ მტკიცებულებას სადავოდ ხდის მხოლოდ იმ გარემოებაზე აპელირებით,რომ გამოსაცვლელი ნაწილების ღირებულებების დადგენისას არ არის გათვალისწინებული ავტონაწილების ცვეთის ხანდაზმულობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში საყურადღებოა ის ფაქტი, რომ დაზიანებული ავტომანქანის გამოშვების წელია 2017 წელი. ამასთან, პროფორმაში აღნიშნულია, რომ საგზაო შემთხვევამდე 2017 წლის 07 ივნისამდე, ავტომანქანის გარბენის რაოდენობაა 108 კმ. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოპასუხის აპელირება შეფასებისას ავტონაწილების ცვეთის ხანდაზმულობაზე უსაფუძვლოა და სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად არ იზიარებს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 10 090.99 ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 832-ე, 992-ე, 326-ე, 408-ე, 409-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით). სწორედ ზემოაღნიშნული განასხვავებს სუბროგაციას რეგრესისაგან, კერძოდ, რეგრესის დროს ხდება არა პირის შეცვლა უკვე არსებულ ვალდებულებაში, არამედ ამ შემთხვევაში კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა დასრულებულია და წარმოიშობა ახალი ვალდებულება. რეგრესის დროს ერთი ვალდებულება ცვლის მეორეს, ხოლო, სუბროგაციის შემთხვევაში ვალდებულებაში იცვლება მხოლოდ კრედიტორი, თვით ვალდებულება კი უცვლელი რჩება. სუბროგაციის დროს მზღვეველი ცვლის დამზღვევს იმ ვალდებულებაში, რომელიც წარმოიშვა ზიანის მიყენებისაგან, სწორედ ამიტომ მისი დადგომა არ განაპირობებს ახალი ვალდებულების წარმოშობას. ეს არსობრივი ნიშანი განასხვავებს სუბროგაციას რეგრესული ვალდებულებისაგან, რომელიც წარმოიშობა სხვა ვალდებულების შესრულების (შეწყვეტის) შედეგად და ამით ახალი, დამოუკიდებელი ვალდებულების ხასიათს იძენს. სუბროგაციის დროს ახალი ვალდებულება კი არ წარმოიშობა, არამედ დამზღვევსა და ზიანის მიმყენებელს შორის არსებული ძირითადი ვალდებულება აგრძელებს არსებობას. ასეთ დროს ხდება ვალდებულებით ურთიერთობაში პირების შეცვლა კანონის საფუძველზე, კრედიტორის უფლებების სხვა პირზე გადასვლის გზით, კერძოდ, მზღვეველი ცვლის ზიანის მიმყენებლის მიმართ მოთხოვნის უფლების მქონე დამზღვევს. ამდენად, სუბროგაციის დროს მოთხოვნის დათმობის კანონისმიერ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რაც განასხვავებს მას ცესიისაგან (სკ-ის 199-ე მუხლი), რა დროსაც მოთხოვნის დათმობა ხდება გარიგების ძალით. ამასთან, იმისდა მიუხედავად, თუ მოთხოვნის დათმობის რომელ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, მოთხოვნის დათმობის სამართლებრივი შედეგია ის, რომ მოთხოვნა გადადის ახალ კრედიტორზე, რითაც ეს უკანასკნელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობაში იკავებს თავდაპირველი კრედიტორის ადგილს. მოთხოვნის დათმობით არ ხდება არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის შეცვლა, არ იცვლება არც მოთხოვნა, რომელიც შესაბამისი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარეობს. მოთხოვნა ისეთივე მდგომარეობაში გადადის ახალ კრედიტორზე, როგორიც იყო თავდაპირველი კრედიტორის ხელში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალ კრედიტორს შეუძლია, თავდაპირველი კრედიტორის კუთვნილი მოთხოვნა წაუყენოს მოვალეს, ხოლო, მოვალე უფლებამოსილია ახალ კრედიტორს წაუყენოს ყველა ის შესაგებელი, რაც მას გააჩნდა თავდაპირველი კრედიტორის მიმართ (იხ. სუსგ №ას-581-549-2011, Nას-380-364-2016).

 

დადგენილია, რომ მზღვეველმა ავტომანქანის შემკეთებლისათვის თანხის გადახდით, დამზღვევს აუნაზღაურა მესამე პირის (რ-----------–--ის) მიერ მიყენებული ზიანი, შესაბამისად, მოთხოვნის უფლება გადავიდა მასზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

ამავე კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

ვინაიდან დელიქტური პასუხისმგებლობის მომწესრიგებელი ნორმები ზიანის გაანგარიშების სპეციალურ წესებს არ ადგენს, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელი ზოგადი ნორმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო 409-ე მუხლის თანახმად კი, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირის პასუხისმგებლობა გამომდინარეობს დელიქტიდან, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელს შეუძლია სადაზღვევო კომპანიას წაუყენოს ყველა ის შესაგებელი, რაც გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან, მათ შორის სადავო გახადოს ზიანის მოცულობა. სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი უკავშირებს ერთმანეთს დაზღვევის ხელშეკრულებას, რომელიც ნების ავტონომიის პრინციპებზეა აგებული და დელიქტურ ვალდებულებებს. შესაბამისად, დაზღვევის ხელშეკრულების პირობების და მისთვის დამახასიათებელი კატეგორიების ავტომატური გადმოტანა დელიქტურ ვალდებულებებში დაუშვებელია. სადაზღვევო ხელშეკრულება მხარეთა ნების შედეგია, სადაც ისინი საკუთარი ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით განსაზღვრავენ სახელშეკრულებო პირობებს. მათ შორის მომსახურების ხარისხი წარმოდგენს შეთანხმების საგანს, რომელიც თავის მხრივ გავლენას ახდენს საპირისპირო ვალდებულების მოცულობაზე. ხელშეკრულების მხარეების ამგვარი შეთანხმება მესამე პირზე არ ვრცელდება და მისი პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას შემოიფარგლება საბაზრო ღირებულებით, ან სხვა ფორმით ზოგადად დამკვიდრებული ტარიფებით. მზღვეველი დამზღვევისათვის ზიანის ანაზღაურებისას მოქმედებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, ხოლო მესამე პირი ვალდებულია აანაზღაუროს მხოლოდ ის ზიანი, რაც სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 408-ე-412-ე მუხლებიდან გამომდინარე შეიძლება დაეკისროს მას.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რ-----------–--ის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვისას, საგზაო წესების დარღვევის შედეგად, სს „ს--------------------------------------–-----–-“ დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების დაზიანება. ასევე დადგენილია, რომ სადაზღვევო კომპანიამ დამზღვევს აუნაზღაურა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანი. აქედან გამომდინარე, რა----------–--- წარმოადგენს ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია მისგან მოითხოვოს დამზღვევისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 10 090.99 ლარის გადახდევინება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 302. 72 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 2591, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს „ს--------------------------------------–-------“ სარჩელი მოპასუხე რ-----------–--ის მიმართ დაკმაყოფილდეს;

 

1.1. დაეკისროს რა----------–---ს სს „ს--------------------------------------–-------“ სასარგებლოდ 10 090.99 ლარის ანაზღაურება;

 

2. დაეკისროს რა----------–---ს სს „ს--------------------------------------–-------“ სასარგებლოდ 302. 72 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაკა ჭედია