გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.11.2019
საქმის ნომერი
130210019003137636
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
22.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

2-659-19

გადაწყვეტილება

ს----------–--- სახელით

შესავალი ნაწილი

22 ნოემბერი, 2019 წელი, ქ. ხაშური

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი

მოსარჩელე სააქციო საზოგადოება ,,ს----------–--- ბანკი“

წარმომადგენელი გიორგი პაპკიაური

მოპასუხე ბ-------------–---–ი

წარმომადგენელი გიორგი ხონელიძე

დავის საგანი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1. ბ-------------–---–- მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდეს 8 342 ლარი და 42 თეთრი და მიუღებელი შემოსავალი - 2019 წლის 7 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დღეში 2 ლარი და 71 თეთრი (2019 წლის 13 ნოემბრის სხდომის ოქმი: 14:50:30-14:51:50).

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2016 წლის 2 თებერვალს, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით, ბ-------------–---–მა მიიღო სესხი ორ ტრანშად - 2016 წლის 2 თებერვალს - 5000 ლარი და 2016 წლის 4 თებერვალს - 2900 ლარი სულ - 7 900 ლარი, 28 თვით, წლიური 13.4% დარიცხვით. გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით, დაზღვევის საკომისიო. მიუხედავად გაფრთხილებისა, მოპასუხე ვალდებულებას არ ასრულებს და გადასახდელი აქვს, 2016 წლის 1 სექტემბრიდან ხელშეკრულების მოქმედების ვადის - 2018 წლის 1 ივნისამდე პერიოდის - 22 თვის თანხა - 8 342 ლარი და 42 თეთრი საიდანაც 6 585.77 ლარი ძირი თანხაა, 855.73 ლარი - პროცენტი, 818.57 ლარი - პირგასამტეხლო, 82.35 ლარი - დაზღვევის მართვის საკომისიო.

მოსარჩელე მოითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემას - როგორც მხარეებმა ხელშეკრულებით გაითვალისწინეს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე უარს აცხადებს ვალდებულების შესრულებაზე, - აღნიშნავს, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან ვალის დაფარვის მიზნით თანხის ბოლო გადახდიდან სარჩელის შეტანამდე გასულია სამ წელზე მეტი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 2 თებერვალს, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით, ბ-------------–---–მა მიიღო სესხი ორ ტრანშად - 2016 წლის 2 თებერვალს - 5000 ლარი და 2016 წლის 4 თებერვალს - 2900 ლარი სულ - 7 900 ლარი, 28 თვით, წლიური 13.4% დარიცხვით. გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით, დაზღვევის საკომისიო.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ.16-18);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.2. ბ-------------–---–-, 2016 წლის მაისის შემდეგ, ვალის დაფარვის მიზნით, თანხა არ გადაუხდია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა სესხის დაფარვის შესახებ (ს.ფ.22);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხეს მიაჩნია, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია, - სესხის დაფარვის მიზნით მოსარჩელისათვის თანხის ბოლო გადახდიდან სარჩელის შეტანამდე გასულია სამ წელზე მეტი;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ, შეაფასა რა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს: - ძირი თანხის 6 585 ლარის და 77 თეთრის, პროცენტის - 855 ლარი და 73 თეთრის, პირგასამტეხლოს - 818 ლარი და 57 თეთრის, დაზღვევის მართვის საკომისიოს, 82 ლარის და 35 თეთრის მოთხოვნა სრულად უნდა დაკმაყოფილდეს. გარდა ამისა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავალი საქმის აღძვრის მომენტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დღეში 2 ლარი და 41 თეთრი, ნაცვლად მოთხოვნილი 2.71 ლარისა;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის: 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 317- ე მუხლის პირველი ნაწილი; 411-ე, 417-ე, 420-ე, 626-ე მუხლები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე, 131-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთება.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც;

317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;

626-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე წარმოიშვა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის, რომ ვალდებულება არ შეასრულა - ვალი არ დააბრუნა. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მოპასუხისაგან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის და მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი;

სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;

102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით;

131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას;

მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია თანხის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები, თუმცა, აღნიშნავს, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია.

ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად;

თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (იხ. ს----------–--- უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინება №ას-902-2018);

განსახილველ შემთხვევაში მსესხებელს ბანკისათვის კრედიტის დაბრუნება არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ევალებოდა, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გამოთვლა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის დადგენილი წესის მიხედვით უნდა მოხდეს, - განსახილველი გარიგება წარმოშობს სწორედ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს.

მოცემულ შემთხვევაში, მოვალემ, უკანასკნელად, თანხა გადაიხადა 2016 წლის 3 მაისს, შემდეგ, ყოველთვიურად შესატანი თანხა უნდა გადაეხადა 2016 წლის 1 ივნისს და ყოველთვიურად, 2018 წლის 1 ივნისის ჩათვლით, რაც მას არ შეუსრულებია. ამდენად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად, თანხის ყოველი გადახდის მიმართ უნდა აითვალოს დამოუკიდებლად. შესაბამისად, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის – 2019 წლის წლის 7 აგვისტოსთვის ხანდაზმული იყო სასარჩელო მოთხოვნა 2016 წლის 1 სექტემბრამდე. 2016 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 1 ივნისამდე პერიოდის მოთხოვნა ხანდაზმული არ არის.

ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის;

ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი,ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო;

სადავო არ არის, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - არ გადაიხადა ხელშეკრულებით ნაკისრის თანხა, რამაც ბანკს მიაყენა ზიანი და შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია აანაზღაუროს ის;

მოსარჩელე, მოითხოვს მოპასუხეისათვის, საქმის აღძვრიდან - 2019 წლის 7 აგვისტოდან ვალდებულების შესრულებამდე სარგებლის, წლიური 13.4%-ის დაკისრებას, რაც, ყოველდღიურად, 2 ლარი და 71 თეთრია.

მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ოდენობაზე მსჯელობისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების წარმოშობის დროისათვის ეროვნული ბანკის მიერ სესხებზე დადგენილი წლიური საპროცენტო განაკვეთის ოდენობას, ასევე იმ გარემოებას, რომ 2.71 ლარი არის შეთანხმებული 13.4% სარჩელში პირველად მითითებული ძირი თანხის 7 405.63 ლარისა. რაც, შემდეგ, მოსარჩელემ შეამცირა და გადასახდელი ძირი თანხა განისაზღვრა 6585.77 თეთრით. შესაბამისად, მიუღებელი შემოსავალიც უნდა დადგინდეს ამ თანხის წლიური 13.4% - დღეში 2.41 ლარი. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავალი საქმის აღძვრის მომენტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დღეში 2 ლარი და 41 თეთრი, ნაცვლად მოთხოვნილი 2.71 ლარისა;

გადაწყვეტილება უნდა გადეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რადგან, საქა რთველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილისა, რომლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

საკრედიტო ხელშეკრულების 5.2. პუნქტით (ს.ფ.17) მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათ შორის დავაზე მიღებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა:

49-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ, სასამართლოს მთავარ სხდომაზე ერთდროულად გადასახდელად მოთხოვნილი თანხის ოდენობა შეამცირა 2 883.76 ლარით - 11 226.18 ლარიდან 8342,42 ლარამდე. შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი უნდა განახევრდეს და 43.25 თეთრი დაუბრუნდეს მოსარჩელეს.

მოპასუხეს უნდა გადახდეს 8342,42 ლარის 3% - 250 ლარი. ასევე - სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად - სამი წლის განმავლობაში გადასახდელი 2.41 ლარის ერთობლიობის 638.95 ლარის 3%-79 ლარი, სულ - 329 ლარი

 

8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 243-244-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

1.1. ბ-------------–---–- გადახდეს სააქციო საზოგადოება ,,ს----------–--- ბანკის“ სასარგებლოდ 8 342 (რვა ათას სამას ორმოცდაორი) ლარი და 42 (ორმოცდაორი) თეთრი, საიდანაც 6 585 ლარი და 77 თეთრი ძირი თანხაა, 855 ლარი და 73 თეთრი - პროცენტი, 818 ლარი და 57 თეთრი - პირგასამტეხლო, 82 ლარი და 35 თეთრი - დაზღვევის მართვის საკომისიო;

1.2. ბ-------------–---–- გადახდეს სააქციო საზოგადოება ,,ს----------–--- ბანკის“ სასარგებლოდ 2019 წლის 7 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დღეში 2 ლარი და 41 თეთრი;

2. გადაწყვეტილება გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

3. სს ,,ს----------–--- ბანკს" დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 43 ლარი და 25 თეთრი;

ბ-------------–---–- გადახდეს სააქციო საზოგადოება ,,ს----------–--- ბანკის“ სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის თანხა 329 ლარი

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი