გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210119003049653
საქმე №2-1984/19წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე დ----- ჟ-----
წარმომადგენელი მ------ ა-–--–-–---–ი
მოპასუხე ზ----- ვ---–----ე
წარმომადგენელი შ------ პ-----
დავის საგანი ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ზ----- ვ---–----ეზე დ----- ჟ-----ს სასარგებლოდ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება 5800 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და მოითხოვს უარი ეთქვას მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო გარემოებები არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2018 წლის 28 ივნისს ქ. ბათუმში, გ------–---–ის ქN32-ში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც მოპასუხე ზ----- ვ---–----ემ ვერ უზრუნველყო ავტოსატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო მართვა და შეეჯახა მოსარჩელე დ----- ჟ-----ს, რის შემდეგაც დ----- ჟ-----მ მიიღო სხეულის დაზიანება. კერძოდ: მარცხენა ტერფის მე-3-4-5 მეტატარზალური ძვლის მოტეხილობა, ტერფის დაჟეჟილობა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 09 აგვისტოს დასკვნით დადგენილი იქნა, რომ ზ/აღნიშნული დაზიანებები მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ახსნა-განმარტებები.
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 09 აგვისტოს დასკვნა.
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ/აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ დ----- ჟ-----ს გაეწია სამედიცინო დახმარება, რისთვისაც მოპასუხე ზ----- ვ---–----ის მიერ გაწეული იქნა ხარჯების ნაწილი, კერძოდ: ზ----- ვ---–----ის ახლობლების მიერ მოსარჩელეზე მიცემული იქნა მკურნალობისათვის ნაწილ-ნაწილ 1000 ლარი და 70 ლარის წამლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ახსნა-განმარტებები.
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 09 აგვისტოს დასკვნა.
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
- დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი.
3.2.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განაჩენით ზ----- ვ---–----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 700 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
-ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის N1-881/18 განაჩენი.
3.2.4. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე დ----- ჟ-----ს მიღებული დაზიანებების გამო დასჭირდა შემდგომიც მკურნალობა და რეაბილიტაცია, რის გამოც მის მიერ გაწეული იქნა დამატებითი ხარჯები წამლების შესაძენად და ფიზიოთერაპიული მკურნალობის ჩასატარებლად. კერძოდ მას ჩაუტარდა ფეხის მასაჟის 10 პროცედურა, რისთვისაც 2018 წლის 25 სექტემბერს გადახდილი იქნა 120 ლარი, ასევე როგორც საქმეში წარმოდგენილი ქვითრებით დგინდება შეძენილი იქნა სხვადასხვა დასახელების 390,89 ლარის ღირებულების წამლები:
o 2018 წლის 23 აგვისტოს შეძენილ იქნა 8 ლარის ღირებულების წამალი;
o 2018 წლის 07 ივლისს შეძენილ იქნა 9.36 ლარის ღირებულების წამალი;
o 2018 წლის 30 ივნისს შეძენილ იქნა 36 ლარის ღირებულების წამალი;
o 2018 წლის 03 ივლისს შეძენილ იქნა 36 ლარის ღირებულების წამალი;
o 2018 წლის 20 აგვისტოს შეძენილ იქნა 35 ლარის ღირებულების წამალი;
o 2018 წლის 03 ივლისს შეძენილ იქნა 11.17 ლარის ღირებულების წამალი;
o 2018 წლის 08 სექტემბერს შეძენილ იქნა 35 ლარის ღირებულების წამალი;
o 2018 წლის 12 სექტემბერს შეძენილ იქნა 25 ლარის ღირებულების წამალი;
o 2018 წლის 29 აგვისტოს შეძენილ იქნა 30 ლარის ღირებულების წამალი;
o 2018 წლის 15 სექტემბერს შეძენილ იქნა 15 ლარის ღირებულების წამალი;
o 2018 წლის 29 ივნისს შეძენილ იქნა 30 ლარის ღირებულების წამალი;
o 2018 წლის 27 ოქტომბერს შეძენილ იქნა 85.46 ლარის ღირებულების წამალი;
o 2018 წლის 29 ივნისს შეძენილ იქნა 35 ლარის ღირებულების წამალი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- შპს „ფიზიოთერაპიას“ ცნობა და სალაროს შემოსავლის ორდერი.
- ქვითრები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ დ----- ჟ-----ს სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ზ----- ვ---–----ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება 510,89 ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 408-ე, 409-ე, 412-ე, 992-ე, 999-ე მუხლებით. ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაყენების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992 მუხლის თანახმად კი პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 999-ე მუხლი კი იმპერატიულად ადგენს, რომ მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.
აღნიშნული მუხლებით იმპერატიულადაა განსაზღვრული თუ როდის შეიძლება დაეკისროს დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მხარეს. კერძოდ პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, ანუ თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი ადგენს, რომ იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409 მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი ხარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. ამასთან სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით იმპერატიულად არის განსაზღვრული, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ არსებობს ყველა ზ/აღნიშნული გარემოება მოპასუხეზე 510,89 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე.
6.3. სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს, მოსარჩელის მოთხოვნას იმ ნაწილში, რომლითაც იგი მოითხოვს მოპასუხისაგან იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც მან განიცადა სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან თანხების გამოტანით და საპროცენტო სარგებლის გადახდით.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ ზიანის ანაზღაურების ზოგად წესზე, რომლის თანახმადაც ზიანის ანაზღაურება ეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, ანუ თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებლებებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან სესხის გამოტანა უშუალოდ გამოწვეული იყო მოპასუხის ბრალეული ქმედების გამო და ზ/აღნიშნული თანხები მოსარჩელეს დასჭირდა მის მკურნალობაში.
6.4. გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად იმპერატიულად არის დადგენილი, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი მტკიცებულების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ დ----- ჟ-----ს სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წინასწარ სახელმწიფო ბაჟი არ იქნა გადახდილი, ვინაიდან იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად გათავისუფლებული იყო ბაჟის გადახდისაგან, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ „სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები - დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სარჩელებზე“.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ 15,32 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს დ----- ჟ-----ს სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
1.1. დაეკისროს მოპასუხე ზ----- ვ---–----ეს მოსარჩელე დ----- ჟ-----ს სასარგებლოდ 510,89 ლარის გადახდა.
2. დაეკისროს მოპასუხე ზ----- ვ---–----ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 15,32 ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე