გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6625-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე
მოსარჩელე - ე-------–------------–--------- (დაბ: 2--------- წელს; პ/ნ 0----------)
წარმომადგენელი - რ----------------
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი - ლ-------–-–---–-
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ე-------–------------–---------ს მიერ 2019-–-–----- იანვარს სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოში წარდგენილ N1--------- განცხადებაზე, სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა წარმოდგენილ სასარჩელო მოთხოვნას და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე - ე-------–------------–--------მა (დაბ: 2--------- წელს; პ/ნ 0----------) 2019-–-–----- იანვარს განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, წარუდგინა შპს ,,ს----------–--------------------ს“ მიერ გაცემული ცნობა და მოითხოვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა.
ე-------–------------–---------ს 2019-–-–----- იანვრის განცხადებას მიენიჭა სარეგისტრაციო N1--------- და განმცხადებელს ჩაბარდა სამახსოვრო ბარათი, სადაც მიეთითა, რომ მომსახურების ვადა შეადგენდა 20 დღეს, ხოლო გადასახდელი თანხა 330 ლარს.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ 2019-–-–----- იანვრის განცხადება (ს.ფ. 57-60);
-შპს ,,ს----------–--------------------ს“ მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 64-65);
-სამახსოვრო ბარათი (ს.ფ. 61-62);
3.1.2. 2019 წლის 17 იანვარს, ე-------–------------–--------მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და N1--------- საქმესთან დაკავშირებით წარუდგინა დამატებითი დოკუმენტები. მათ შორის, შპს ,,ს----------–--------------------ს“ მიერ გაცემული ცნობა და ერაყის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ნასამართლეობის საერთაშორისო ცნობა.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-2019 წლის 17 იანვრის განცხადება (ს.ფ. 34);
-შპს ,,ს----------–--------------------ს“ მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 35-37);
-ერაყის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ნასამართლეობის საერთაშორისო ცნობა (ს.ფ. 42-48);
3.1.3. 2019 წლის 02 აგვისტოს, ე-------–------------–--------მა კვლავ მიმართა განცხადებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ითხოვა მის მიერ 2019-–-–----- იანვარს წარდგენილ N1--------- განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.
დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ე-------–------------–---------ს 2019-–-–----- იანვრის N1--------- განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, განცხადებაზე ხარვეზის დადგენის, განცხადების განუხილველად დატოვების, სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-2019 წლის 02 აგვისტოს განცხადება (ს.ფ. 14);
-მხარეთა ახსნა-განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი”.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყოველ ადამიანს აძლევს უფლებას თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების კატეგორია, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია მითითებული ნორმის ფარგლებში, რამდენადაც მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ე-------–------------–---------ს მიერ 2019-–-–----- იანვარს სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოში წარდგენილ N1--------- განცხადებაზე, სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.
6.2. სასამართლო მიუთითებს, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომელიც არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.
აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, ხოლო მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში გაიცემა სასწავლო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით” განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), ხოლო სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა მოცემულია ამავე დებულების მე-6 მუხლში.
ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფლებამოსილებას წარმოადგენს.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი ან საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი” ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ განცხადების განხილვისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების განსხვავებულ ვადას არ ითვალისწინებს, შესაბამისად, სააგენტოზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული რეგულაცია.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე - ე-------–------------–--------მა (დაბ: 2--------- წელს; პ/ნ 0----------) 2019-–-–----- იანვარს განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა.
ასევე, დადგენილია, რომ ე-------–------------–---------ს 2019-–-–----- იანვრის განცხადებას სააგენტოს მიერ მიენიჭა სარეგისტრაციო N1--------- და განმცხადებელს ჩაბარდა სამახსოვრო ბარათი, სადაც მიეთითა, რომ მომსახურების ვადა შეადგენდა 20 დღეს, ხოლო გადასახდელი თანხა 330 ლარს. ამდენად, დამატებით გადახდილი თანხის (330 ლარის) სანაცვლოდ, მოსარჩელემ მოითხოვა მისი განცხადების დაჩქარებულ ვადებში (20 დღეში) განხილვა, რაც ცალსახად დასტურდება სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მიერ გაცემული სამახსოვრო ბარათით, თუმცა მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ე-------–------------–---------ს 2019-–-–----- იანვრის N1--------- განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, განცხადებაზე ხარვეზის დადგენის, განცხადების განუხილველად დატოვების, სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არათუ ადმინისტრაციული წარმოების, არამედ საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზეც არ მიუღია.
სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის წესების დაცვისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და აქტის დასაბუთების ვალდებულება, ხოლო ასეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქტის სამართლებრივი შედეგების შესახებ, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Nბს-246-243 (კ-14)).
სასამართლო განმარტავს, რომ პირი აღჭურვილია რა კანონიერი ნდობის უფლებით, ადმინისტრაციულ ორგანოში მისი განცხადების დარეგისტრირება (ასეთის უდავოდ დადგენის შემთხვევაში) იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების - განცხადების კანონით დადგენილ ვადაში განხილვა-გადაწყვეტის წარმოშობას, რომლის მიმართაც პირის კანონიერი მოლოდინი პატივსადები და სამართლებრივი დაცვის ღირსია. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დარღვეული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადა, ასევე, მოსარჩელის მიერ მისი განცხადების დაჩქარებული წესით (20 დღეში) განხილვის ვადაც, რაც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელე მხარის კანონიერ უფლებასა და ინტერესს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაევალოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ე-------–------------–---------ს მიერ 2019-–-–----- იანვარს სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოში წარდგენილ N1--------- განცხადებაზე, სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ე-------–------------–---------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაევალოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ე-------–------------–---------ს მიერ 2019-–-–----- იანვარს სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოში წარდგენილ N1--------- განცხადებაზე, სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. დაევალოს მოპასუხე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ე-------–------------–---------ს მიერ 2019-–-–----- იანვარს სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოში წარდგენილ N1--------- განცხადებაზე, სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი - თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი - თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.
მოსამართლე მერი გულუაშვილი