განაჩენი

სისხლის სამართლის 07.11.2019
საქმის ნომერი
080100119003211130
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
07.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/845-19 (№069020919002)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

7 ნოემბერი 2019 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი დავით აბაშიძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი: გ------- გ-----------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული: გ------- გ---------

მამის სახელი: ზ---–-

პირადი ნომერი: 6----------

დაბადებული: 3----------–--–-

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

მოქალაქე: საქართველოს მოქალაქე

ნასამართლეობა: არმქონე

მცხოვრები (რეგისტრირებული): ქ. ქუთაისი, ლ--------------------------

მცხოვრები (ფაქტობრივად): ქ. წყალტუბო, ბ-----------------

 

ადვოკატი: ი-–---------–---

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილი;

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი;

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2019 წლის 29 აგვისტოს, საღამოს საათებში, წყალტუბოში, ბ------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, გ------- გ---------მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ქ--------- წ---–----. კერძოდ, კისრის არეში მოუჭირა ხელი და ფეხი დაარტყა ფეხის არეში. გ------- გ---------- ქმედებებით ქ--------- წ---–---- განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება გ------- გ---------- მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენამ; ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ------- გ---------- ბრალეულობას.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. ბრალდებულ გ------- გ---------- სისხლის სამართლის საქმეზე გარდა დაზარალებულ ქ--------- წ---–---- ჩვენებისა სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე და მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

დაზარალებულმა ქ--------- წ---–---- არ მისცა ჩვენება მეუღლის გ------- გ---------- წინააღმდეგ. ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება მეუღლე.

 

საქმეში წარმოდგენილი მოწმე ნ---- ჩ---–---- გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ ცხოვრობს წყალტუბოს რაიონის სოფელ თ------––- და აქვს საკუთარი სასურსათო მაღაზია „ლ--–-’’, სადაც 2019 წლის 26 ივლისს გამყიდველად მუშაობა დააწყებინა წყალტუბოში, ბ--------------- მცხოვრებ ქ--------- წ---–----, რომელიც აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს მეუღლესთან ერთად. დილის საათებში მის სახლში, წყალტუბოს რაიონის სოფელ თ------––-, მივიდა ქ--------- წ---–---, რომელმაც უთხრა, რომ მეუღლემ გამოაგდო სახლიდან და რამდენიმე დღის წინ სცემა, აჩვენა კიდეც ჩალურჯებები კისრისა და ფეხის მიდამოებში. იმ ღამით ქ--------- წ---–--- მასთან დარჩა, ხოლო დილით 2019 წლის 2 სექტემბერს, მასთან სახლში მივიდა ქ--------- წ---–---- მეუღლე გ------- გ---------, რომელიც მოითხოვდა რომ მეუღლე სახლში გაჰყოლოდა. მოწმე სახლიდან არ გამოსულა და მათ საუბარში არ ჩარეულა. მაღაზიაში მისვლის შემდგომ გაიგო, რომ ქ--------- წ---–---- დახმარებისათვის პოლიცია გამოიძახა. თავად ფაქტს არ შესწრებია და იცის მხოლოდ ქ--------- წ---–----აგან გადმოცემით.

 

საქმეში წარმოდგენილი მოწმე გ------–- ხ----------- გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ წყალტუბოს რაიონის სოფელ თ------––- მის შვილს ნ---- ჩ---–---- აქვს საკუთარი სასურსათო მაღაზია „ლ--–-’’, სადაც 2019 წლის ივლისის ბოლოდან გამყიდველად მუშაობს წყალტუბოში მცხოვრები ქ--------- წ---–---. მოწმის განმარტებით ქ--------- მათთან ყოველ დილით მიდიოდა მაღაზიაში და საღამოობით კი მიჰყავდა ნ---- ჩ---–----. მათთან ასევე ხშირად იმყოფებოდა ქ---------ს მეუღლე გ------- გ---------. ქ---------ს მაღაზიაში ყოფნის პერიოდში ხშირად უთქვამს, რომ მეუღლესთან აქვს კონფლიქტური ურთიერთობა. მათთან სახლში, დილის საათებში მივიდა ქ--------- წ---–---, რომელმაც ითხოვა, რომ რამდენიმე დღე დარჩებოდა, ვინაიდან მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტი. მოწმის განმარტებით ქ---------ს აღენიშნებოდა ჩალურჯებები კისრისა და ფეხის მიდამოებში, რაზედაც განმარტა, რომ აღნიშნული დაზიანებები მიაყენა მეუღლემ. 2019 წლის 2 სექტემბერს დილის საათებში, მათთან სახლში მივიდა ქ--------- წ---–---- მეუღლე გ------- გ---------, რომელიც ქ---------ს თხოვდა სახლში გაჰყოლოდა, ამაზე მეუღლეებმა ხმამაღლა დაიწყეს კამათი, რის გამოც გ------–- ხ----------- მათ უთხრა, რომ მაღაზიაში წასულიყვნენ და იქ ესაუბრათ. ცოტა ხნის შემდგომ თვითონაც მივიდა მაღაზიაში, სადაც დახვდა პოლიციის თანამშრომლები და გაიგო, რომ პოლიცია გამოიძახა ქ--------- წ---–----.

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, ფორმა N1 დადგენილია, წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო მასზედ, რომ 2019 წლის 2 სექტემბერს, ქ--------- წ---–---- მიმართ ოჯახური ძალადობა განახორციელა მეუღლემ.

 

დანაშაულის შესახებ შეტყობინების N2313351 თანახმად, 2019 წლის 2 სექტემბერს 09:12 საათზე 112-ში შევიდა ქ--------- წ---–---- შეტყობინება, რომელმაც განაცხადა, რომ მეუღლესთან აქვს კონფლიქტი.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 2 სექტემბერს 20:00 საათზე, წყალტუბოში, ბ------------------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გ------- გ--------- დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

 

2019 წლის 2 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ქ--------- წ---–---- წყალტუბოში, ბ------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში მიუთითა ადგილზე, სადაც 2019 წლის 29 აგვისტოს მეუღლემ გ------- გ---------მ სცემა და მიაყენა დაზიანებები.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ 02.09.2019 წელს 12:31 – 12:57 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ქ--------- წ---–---- სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში) დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები ნაჭდევების სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (02.09.2019), ხოლო დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (29.08.2019).

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ არ უნდა იწვევდეს რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა გ------- გ---------- მიერ - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

საქმეში წარმოდგენილია სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლის თანახმად - 02.09.2019 წელს 12:31 – 12:57 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ქ--------- წ---–---- სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (29.08.2019). სასამართლო უთითებს, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით ზოგადად შესაძლებელია დადგინდეს სხეულზე მიყენებული დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე და რაოდენობა, თუმცა სამედიცინო ექსპერტი ვერ დაადგენს თუ ვის მიერ იქნა მიყენებული ეს დაზიანებები. საქმეში კი არ არის წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული დაზიანებები ქ--------- წ---–---- მიიღო გ------- გ---------- ძალადობრივი ქმედების შედეგად.

 

რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ მოწმეების ნ---- ჩ---–---- და გ------–- ხ----------- ჩვენებებს სასამართლო უთითებს, რომ ისინი არ არიან კონფქლიქტის უშუალო თვითმხილველი მოწმეები და ავრცელებენ იმ დაზარალებულისაგან მიღებულ ინფორმაციას, რომელმაც საქმის განხილვისას ჩვენება არ მისცა, არცერთი მათგანი არ არის ფაქტის თვითმხილველი და აღნიშნული მოწმეების ჩვენებები საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს.

 

სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომას, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს (იხილეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548; §52). შესაბამისად, მოწმეების ნ---- ჩ---–---- და გ------–- ხ----------- ჩვენებების სამართლებრივი ღირებულება, მაშინ როდესაც მათ მიერ, სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია არ დადასტურებულა სასამართლოში წარმოდგენილი არც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით, მათ შორის არც თავად დაზარალებულის ჩვენებით, სასამართლო ვერ დაეყრდნობა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულ გ------- გ---------- ბრალეულობას ინკრიმინირებულ დანაშაულში. წარმოდგენილი მტკიცებულებები კი არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ------- გ---------- საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც გ------- გ--------- წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ------- გ--------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გ------- გ---------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

გამართლებულ გ------- გ---------ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური