გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #611210019003165327
#2/438-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05.11.2019 წ. ქ. მარნეული
შესავალი ნაწილი
მარნეულის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე მანანა მესხიშვილი
სხდომის მდივანი ნათია მიქელაძე
მოსარჩელე - ე-–---- ჰ-------ი
მოსარჩელის წარმომადგენელი - მ------ ჩ-------
მოპასუხე - ს---- ჰ-------ა
მოპასუხის წარმომადგენელი - ჯ------ მ--------ი
დავის საგანი - განქორწინება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ე-–---- ჰ-------ი ითხოვს ს---- ჰ-------ასთან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას. მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2016 წლის 17 სექტემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაშია მოპასუხე ს---- ჰ-------ასთან. ხასიათების შეუთავსებლობის გამო ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ. მოპასუხე ერთი წელია ცხოვრობს თავის მშობლებთან. მათი შემდგომი ერთად ცხოვრება და შერიგება შეუძლებელია. ე. ჰ-------მა არაერთხელ მიმართა მოპასუხეს და სთხოვა, რომ ერთად წასულიყვნენ იუსტიციის სახლში და ერთობლივად შეეტანათ განცხადება განქორწინების შესახებ, მაგრამ ის უარს აცხადებს.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ მისი მარწმუნებელი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, იქ შექმნა მეორე ოჯახი და სურს ქორწინების რეგისტრაცია.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ს---- ჰ-------ა არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას. შესაგებელში მას კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე არ მიუთითებია, ხოლო სასამართლო სხდომაზე მისმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ მხარეებს აქვთ კავშირი, ე. ჰ-------ი ჰპირდებოდა მის მარწმუნებელს, რომ ჩამოვიდოდა საქართველოში, გამოიხმობდა სარჩლს და მას შეურიგდებოდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ე-–---- ჰ-------ი და ს---- ჰ-------ა 2016 წლის 17 სექტემბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- ქორწინების მოწმობა (ს. ფ. 14).
3.1.2. ქორწინების განმავლობაში მათ შეეძინათ ერთი შვილი - 2018 წლის 25 იანვარს დაბადებული რ---- ჰ-------ა.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- დაბადების მოწმობა (ს. ფ. 73).
3.1.3. ე-–---- ჰ-------ი და ს---- ჰ-------ა დღეისათვის ერთად აღარ ცხოვრობენ. ე-–---- ჰ-------ი ამჟამად ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3, 69, 2019 წლის 5 ნოემბრის სხდომის ოქმი, 12:18:27-12:18:53 სთ).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეებს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვენლობის მქონე გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ ე-–---- ჰ-------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე და 1127-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).
საქართველოს სსკ-ის 1122-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
საქართველოს სკ-ის 1127-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მეუღლეებისათვის შესარიგებელი ვადის დანიშვნა სასამართლოს უფლებაა და არა ვალდებულება. ამასთან, აღნიშნულ ღონისძიებას სასამართლო მაშინ მიმართავს, თუ არსებობს საფუძველი ვარაუდისა, რომ ვადის დანიშვნამ შეიძლება შედეგი გამოიღოს და ოჯახი შენარჩუნდეს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ არსებული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით (მოპასუხე ცხოვრობს საქართველოში, ხოლო მოსარჩელე - რუსეთის ფედერაციაში, ამასთან, მან შექმნა მეორე ოჯახი) არ მიიჩნია მიზანშეწონილად მხარეთათვის შესარიგებელი ვადის მიცემა. საგულისხმოა, რომ ასეთი შუამდგომლობა მოპასუხეს სასამართლო სხდომაზე არ დაუყენებია, თუმცა იყო საქმის განხილვის გაჭიანურების მცდელობა. კერძოდ, 2019 წლის 26 სექტემბერს დანიშნული სასამართლო სხდომის განხილვის გადადება მოპასუხის წარმომადგენელმა ითხოვა იმ საფუძვლით, რომ დაზუსტებულიყო მხარეთა შვილის ასაკი, რომელიც მისი ინფორმაციით ერთ წლამდე უნდა ყოფილიყო, ასევე, რომ აპირებდა შეგებებული სარჩელის აღძვრას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1123-ე მუხლის მოთხოვნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განქორწინების საქმის განხილვისას ბავშვის ასაკის კვლევა ცდება შეჯიბრებითობის ფარგლებში დასადგენ გარემოებათა წრეს და წარმოადგენს სასამართლოს ვალდებულებას. თუმცა სასამართლოს ვალდებულება არ ნიშნავს, რომ მხარე უნდა მოიქცეს არაკეთილსინიდისიერად და ეცადოს ამგვარი საკითხებით მანიპულირებას. მოპასუხის წარმომადგენელს, ცხადია, შეეძლო დაეზუსტებინა თავის მარწმუნებელთან ბავშვის ასაკი და დაბადების თარიღი და მოეძიებინა მისი დაბადების მოწმობა (სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ეს საკითხი მან თავად წამოჭრა)ა. უფრო მეტიც, სასამართლო დარწმუნებულია, რომ მოპასუხის წარმომადგენლისათვის ეს ინფორმაცია კარგად იყო ცნობილი, თუმცა ღიად დატოვა ეს საკითხი საქმის განხილვის გაჭიანურების მიზნით. ამავე მიზანს ემსახურებოდა მოპასუხის ქმედებები, როცა იმ პირობებში, როდესაც მას თითქმის თვენახევრი ჰქონდა შეგებებული სარჩელის აღსაძრავად, მხოლოდ მომდევნო სხდომაზე აცნობა სასამართლოს, რომ წინა დღეს შეგებებული სარჩელი შემოიტანა სასამართლოში, ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა წარმოადგენდა შეგებებული სარჩელის მოთხოვნას.
გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ 2019 წლის 26 სექტემბრის სხდომის გადადებისას მოპასუხეს მიეცა მითითება, ეს ვადა გამოეყენებინა შერიგების მიზნებისთვის, თუ ამის სურვილი ჰქონდა, თუმცა მოსარჩელის წარმომადგენელი არ ადასტურებს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მოპასუხეს ჰქონდა ამის მცდელობა.
სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ქორწინება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით კავშირს ეფუძნება, რომელიც ოჯახის შექმნას უნდა ისახავდეს მიზნად. ქორწინებაში ყოფნის ნება აუცილებელი წინაპირობაა არა მხოლოდ დაქორწინებისას, არამედ ქორწინების შენარჩუნებისთვისაც. ნების თავისუფლებიდან გამომდინარე დაუშვებელია პირის იძულება იმყოფებოდეს ქორწინებაში მისი სურვილის საწინააღმდეგოდ. საგულისხმოა, რომ განქორწინებისათვის რაიმე მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობა აუცილებელი არ არის. მიუხედავად თავდაპირველი სურვილისა, თანაცხოვრების პერიოდში შესაძლოა გამოიკვეთოს მთელი რიგი გარემოებები, რაც კონკრეტულ პირთან ერთ ოჯახად ცხოვრებას მეუღლისათვის არასასურველს ხდის.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე კატეგორიულად მოითხოვს განქორწინებას, აცხადებს რომ აღარ სურს ს. ჰ-------ასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნა და თავის მოთხოვნას დამატებით ასაბუთებს ახალი ოჯახის შექმნის სურვილით. რაც შეეხება მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებას მხარეთა სატელეფონო საუბრებისა და შერიგების დაპირების შესახებ, მოსარჩელის წარმომადგენელი ამას არ ადასტურებს და თავის მხრივ განმარტავს, რომ პირველი სხდომის შემდეგც ისიც და მოსარჩელის დედაც ესუბრნენ ე. ჰ-------ს და მას პოზიცია არ შეუცვლია.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ე. ჰ-------სა და ს. ჰ-------ას შორის ქორწინება უნდა შეწყდეს განქორწინებით, რადგან მოსარჩელეს აღარ სურს ქორწინებაში დარჩენა, რის გამოც მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ 50 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე,249-ე, 257-ე, 2591-ე, 272-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ე-–---- ჰ-------ის სარჩელი ს---- ჰ-------ას მიმართ განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს ე-–---- ჰ-------სა (პნ 2----------) და ს---- ჰ-------ას (პნ 2----------, ქორწინებამდელი გვარი - ა-–------------) შორის 2016 წლის 17 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება (აქტის ჩანაწერის №-----------).
3. მოპასუხე ს---- ჰ-------ას ე-–---- ჰ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.
5. დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მხარეები უნდა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა. გამოუცხადებლობის შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება 30-ე დღეს.
მოსამართლე მანანა მესხიშვილი