გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1459-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24.10.2019 წ. ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე შპს ს-----------------------ი
წარმომადგენელი მარინა ხაჩიძე
მოპასუხე შპს “P------- +”
წარმომადგენელი დირექტორი გიორგი ფაშალიშვილი
დავის საგანი მიწოდებული გაზის საფასურის დაკისრება, პირგასამტეხლოს ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს “P------- +” -თვის” 40 910.79 ლარის გადახდის დაკისრება.
1.2. შპს “P------- +” -თვის" პირგასამტეხლოს ასანაზღაურებლად ყოველთვიურად 28,64 ლარის დაკისრება 2015 წლის 15 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სარჩელის გარემოებები:
შპს “P------- +” არის შპს ს----------------------ის არასაყოფაცხვრებო აბონენტი. იგი ქალაქ რუსთავში რამდენიმე მისამართზე მოიხმარს ბუნებრივ გაზს. მხარეებს შორის 2014 წლის 1 იანვარს დაიდო ბუნებრივი გაზის მიწოდების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეს გაზი მიეწოდებოდა მისამართზე, რუსთავი, სამგორის ქუჩა N5 და მოიხმარდა 2015 წლის იანვრამდე. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია საფასურის გადახდა ყოველთვიურად, ასევე გათვალისწინებულია პირგასამტეხლო გაზის საფასურის გადაუხდელობისათვის და შეადგენს ყოველდღიურად გადასახდელი თანხის 0,07%-ს. მოპასუხეს გადასახდელი აქვს მიწოდებული გაზის ღირებულება 40 910,79 ლარი, ხოლო დარიცხულია პირგასამტეხლო ყოველდღიურად 28,64 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო. შპს “P------- +” აღარ ფუნქციონირებს რამდენიმე წელია. საზოგადოება მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აღმოჩნა, არც საზოგადოებას და არც მის დამფუძნებლებს არა აქვთ დავალიანების გადახდის ფინანსური რესურსი. გარდა ამისა, სარჩელი ხანდაზმულია, რადგან სარჩელით მოთხოვნილია 2014 წლის დავალიანება. მოთხოვნილი პირგასამტეხლო მაღალია და იგი უნდა განისაზღვროს ყოველდღიურად დავალიანების 0,001%-ით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. “P------- +” 2014 წლიდან არის შპს ს----------------------ის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი. მისი სააბონენტო ნომერია 502092. იგი ბუნებრივ გაზს მოიხმარდა მოსარჩელესთან 2014 წლის 1 იანვარს წერილობითი ფორმით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების თანახმად, 1 მ3 გაზის ღირებულებაა 84 თეთრი. მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდა გათვალისწინებულია ქვითარში მითითებულ ვადაში. ხელშეკრულების 10.2 პუნქტით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ყოველთვიურად მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში და შეადგენს გადუხდელი თანხის 0.07%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პირგასამტეხლოს დარიცხვა წარმოებს ქვითარზე დაფიქსირებული გადახდის ბოლო ვადის შემდგომი კალენდარული დღიდან. ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 2014 წლის 31 დეკემბრამდე ვადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 28-29. ტომი 1)
3.1.2. “P------- +” ბუნებრივ გაზს მოიხმარდა 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით. მოპასუხეს მიწოდებული გაზის საფასური არ გადაუხდია 2014 წლის 12 აგვისტოს შემდეგ. სააბონენტო ბარათში მითითებულია, რომ გადასახდელი საფასურის თანხაა 40 805.79 ლარი. სააბონენტო ბარათის თანახმად, დავალიანება არის 2013 წლის 30 ნოემბრიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით მოხმარებული გაზის საფასური, რადგან მოპასუხე გაზს ყოველთვიურად მოიხმარდა, ხოლო საფასურს ყოველთვიურად და სრულად არ იხდიდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- სააბონენტო ბარათი (ს.ფ. 30.)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაო არ არის.
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოპასუხეს უნდა დაეკისროს მიწოდებული გაზის საფასურის ანაზღაურება სარჩელის აღძვრამდე წინა სამი წლის პერიოდში მოხმარებული გაზისათვის, ხოლო პირგასმატეხლო უნდა შემცირდეს და დაეკისროს გადაწყვეტილების მიღების დღემდე პერიოდისათვის.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477ე-. 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 129-ე, 130-ე, 144-ე მუხლები
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული ”ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების ” 1-ლი, მე-10 მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა სახელშეკრულებო ურთიერთობაა, რადგან სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია მხარეთა მიერ წერილობითი ფორმით დადებული ბუნებრივი გაზის მიწოდების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც თავისი არსით არის ნასყიდობის ხელშეკრულება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებულია ”ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები”, რომლის 1-ლი მუხლის თანახმად, 1. ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები (შემდგომში – წესები) არეგულირებს ურთიერთობებს განაწილების ლიცენზიანტს, მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს. 2. ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომლებიც ახორციელებენ ბუნებრივი გაზის ყიდვას, გაყიდვას, განაწილებას, გატარებას ან/და მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.
ამ დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, 1. ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით მიმწოდებელი (გამყიდველი) კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს საცალო მომხმარებელს (მყიდველს) ბუნებრივი გაზი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი იღებს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ბუნებრივი გაზის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. 2. ეს წესები და მის შესაბამისად დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს განაწილების ლიცენზიანტის, მიმწოდებლისა და საცალო მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს. 3. ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ან/და განაწილების, ასევე გატარების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. 4. ბუნებრივი გაზის ნასყიდობის, ასევე, ამ წესებით განსაზღვრული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად).
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. 2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ბუნებრივი გაზის მიწოდების შესახებ ურთიერთობაში ლიცენზიატი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ბუნებრივი გაზი, ხოლო აბონენტი ვალდებულია გადაიხადოს მიღებული ბუნებრივი გაზის საფასური.
მოპასუხე “P------- +” მოსარჩელე შპს „ს----------------------ისაგან“ იღებდა ბუნებრივ აირს, მათ შორის ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა არსებობდა, რომლის საფუძველზე მოპასუხეს ეკისრება დახარჯული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოპასუხეს არა აქვს გადახდილი ბუნებრივი აირის საფასური, ხოლო ამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამომრიცხავი გარემოება სახეზე არ არის. 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს შესრულება. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ბუნებრივი აირის საფასურის დავალიანების დაკისრების შესახებ საფუძვლიანია.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ დავალიანების მოთხოვნა ნაწილობრივ არის ხანდაზმული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ბუნებრივი გაზის საფასურის ანაზღაურების მოთხოვნა ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარეობს, ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელია, ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის ვალდებულება ყოველთვიურად არის შესასრულებელი, რის გამოც მასზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი პერიოდულად შესასრულებელი სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა.
ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს მოთხოვნის წარმოშობის დრო, რადგან მოთხოვნის წარმოშობიდან იწყება კანონით ამა თუ იმ მოთხოვნისთვის განსაზღვრული კონკრეტული ვადა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ვადებით.
”ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების” 10-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვა და საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად (საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის შესაბამისად). მე-4 პუნქტის მიხედვით, საცალო მომხმარებელმა მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური უნდა გადაიხადოს ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს ქვითრის წარდგენიდან 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები. თუ გადახდის ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს და ამ დღეებში გადახდის პუნქტები არ მუშაობს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე. 5. ქვითარში მითითებული უნდა იყოს დარიცხული თანხის გადახდის ვადა, მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური (სამომხმარებლო ტარიფი ან ხელშეკრულებით შეთანხმებული ფასი) ერთ კუბურ მეტრზე, მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა კუბური მეტრებში და ღირებულება...
ამდენად, აბონენტს ყოველთვიურად ეგზავნებოდა ქვითარი მოხმარებული გაზის რაოდენობის და დარიცხული საფასურის მითითებით. ქვითარში ცალკე მიეთითება მოხმარებული გაზის ხარჯი და ცალკე სხვა საფუძვლით გადასახდელი საფასური. შესაბამისად, კონკრეტულ თვეში დარიცხული საფასური აბონენტს უნდა გადაეხადა მომდევნო თვეში.
ვინაიდან გაზის საფასურის გადახდა გათვალისწინებულია ყოველთვიურად, თითოეული თვის საფასურის გადახდის დაგვიანებისათვის მოთხოვნის ვადა ინდივიდუალურად აითვლება. სარჩელით მოთხოვილი თანხა არის 2013-2014 წლებში გადაუხდელი თანხა, ხოლო სარჩელი აღძრულია 2017 წლის 12 ივლისს. ამდენად, ხანდაზმულად არ ითვლება სარჩელის აღძვრამდე წინა სამი წლის მანძილზე - 2014 წლის ივლისიდან წარმოშობილი საფასურის დაკისრების მოთხოვნა. 2014 წლის ივნისში მოხმარებული გაზის საფასურის გადახდის ვალდებულება წარმოიშვა მომდევნო თვეში ივლისში, რაც ნაწილობრივ შესრულდა. ივნისში მოხმარებულია 4176.48 ლარის გაზი (დარიცხულია 2014 წლის 30 ივნისს), საიდანაც 7 ივლისს გადახდილია 2500 ლარი. ამდენად, გადასახდელი დარჩა 1676.48 ლარი. ივლისში მოხმარებულია 4025.28 ლარის გაზი, აქედან 5 აგვისტოს გადახდილია 3500 ლარი, ხოლო 12 აგვისტოს გადახდილია 1000 ლარი. ამდენად, აგვისტოში გახდილია 4500 ლარი, რაც არის წინა თვეში მოხმარებული გაზის საფასურზე მეტი. შესაბამისად, აგვისტოს თვეში მთლიანად გადახდილია წინა თვის ივლისის საფასური და ზედმეტად გადახდილი თანხით 500 ლარით შემცირდა წინა თვის - ივნისის თვის საფასური და გადასახდელად დარჩა ივნისის საფასურიდან 1176.48 ლარი.
მოპასუხეს საერთოდ არ გადაუხდია მომდევნო თვეების – აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების საფასური ჯამურად 13 904.52 ლარი. სასამართლოს აღნიშნავს, რომ ვინაიდან სარჩელი აღძრულია 2017 წლის 12 ივლისს, ხანდაზმული არ არის წინა სამი წლის პერიოდში წარმოშობილი გაზის საფასურის მოთხოვნა, შესაბამისად, ხანდაზმული არ არის 2014 წლის ივნისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების საფასურის მოთხოვნა.
ვინაიდან აგვისტოს თვეში გადახდილია წინა თვეში მოხმარებული გაზის საფასურზე მეტი თანხა, უნდა შეფასდეს როგორ ნაწილდება ეს თანხა დავალიანების დასაფარავად, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების 10,3 პუნქტის თანახმად, მომხმარებლის მიერ დავალიანების დაფარვისას პირველ რიგში იფარება პირგასამტეხლო, შემდგომ წინა პერიოდში წარმოშობილი დავალიანება, ხოლო შემდგომში მიმდინარე დავალიანება. ”ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების” 10-ე მუხლის 53 პუნქტის მიხედვით, დაუშვებელია, მომხმარებლის პირდაპირი მითითების გარეშე, მიმწოდებლისთვის/განაწილების ლიცენზიატისთვის გადახდილი თანხის მიმართვა იმ დავალიანების დასაფარად, რომლის წარმოშობის მომენტიდან გასულია 3 წელზე მეტი და რომელიც მომხმარებელს პირდაპირი წერილობითი ფორმით არ უღიარებია ან/და არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ამ დავალიანების გადანაწილებაზე. ასეთ შემთხვევაში, ზედმეტად გადახდილი თანხა გათვალისწინებული იქნება მომდევნო ანგარიშსწორებისას.
ამდენად, გაზის მოხმარების წესების მიხედვით დაუშვებელია აბონენტის მიერ გადახდილი თანხა ლიცენზიატმა მიმართოს იმ დავალიანების დასაფარად, რომლის წარმოშობის მომენტიდან გასულია 3 წელზე მეტი დრო. ამ ნორმის არსი მდგომარეობს იმაში, აბონენტის მიერ გადახდილი თანხით სრულდება მიმდინარე თვეში მოხმარებული გაზის საფასურის გადახდის ვალდებულება და თუნდაც ზედმეტი თანხის გადახდის შემთხვევაში წინა პერიოდის ხანდაზმული დავალიანების შესასრულებლად მიმართვა არ დაიშვება, თუკი არ არსებობს აბონენტთან პირდაპირი შეთანხმება ამ საკითხზე. ზედმეტად გადახდილი თანხა მომდევნო პერიოდში გადასახდელი საფასურს გამოაკლდება.
ამ შემთხვევაში, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულია საფასურის გადახდით წინა პერიოდში არსებული დავალიანების გადახდა, რის გამოც აგვისტოს თვეში საფასურის ზედმეტად გადახდის გამო ზედმეტად გადახდილი თანხით მიმდევრობის პრინციპით უნდა შემცირდეს მხოლოდ წინა თვეებში წარმოშობილი საფასურის დავალიანება. ამ შემთხვევაში ივნისის თვეში მოხმარებული გაზის საფასური გადახდილია ივლისში ნაწილობრივ, ხოლო აგვისტოში გადახდილია ივლისში დარიცხულ საფასურზე მეტი თანხა. ამდენად, სრულად გადახდილად ითვლება ივლისის თვის საფასური, ხოლო ზედმეტად გადახდილი თანხით უნდა შემცირდეს წინა თვის - ივნისის თვის საფასური.
ამდენად, სადაო პერიოდში გადასახდელია ივნისის საფასური 1176,48 ლარი, ასევე აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის თვეების საფასური 13 904,52 ლარი, რაც ჯამურად არის 15 081 ლარი.
შესაბამისად, ხანდაზმულია 2014 წლის ივნისამდე პერიოდში მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის მოთხოვნა, რადგან მათი გადახდის მოთხოვნის უფლება წარმოიშვა ყოველი თვისათვის დამოუკიდებლად, მომდევნო თვიდან, რის შემდეგ სამი წლის მანძილზე უნდა წარმოედგინა მოსარჩელეს სარჩელი. განსახილველი სარჩელი სასამართლოში შემოსულია ფოსტით 2017 წლის 12 ივლისს, ხოლო ფოსტაში ჩაბარებულია 2017 წლის 11 ივლისს, რის გამოც ხანდაზმულია 2014 წლის ივნისამდე პერიოდში მოხმარებული გაზის საფასურის დაკისრების მოთხოვნა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოვალის ნება-სურვილზე. ამდენად, კრედიტორის მიერ ხანდაზმულობის ვადის გაშვება მოვალეს ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის უფლებას ანიჭებს, ხოლო კრედიტორის მოთხოვნა ქარწყლდება, განუხორციელებელი ხდება. ამ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელის საწინააღმდეგოდ განაცხადა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შესახებ, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს 2014 წლის ივნისამდე მოხმარებული გაზის საფასურის დაკისრების მოთხოვნა, ხოლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს 15 081 ლარის გადახდა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს:
მოპასუხემ მოხმარებული გაზის საფასურის გადახდის ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა, სრულად და დადგენილ ვადაში არ გადაიხადა თანხა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. სახეზე არ არის ისეთი გარემოება, რაც ვალდებულების შეუსრულებლობაში მოპასუხის ბრალეულობას გამორიცხავს. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაის კრედიტორს აქვს არა მარტო შესრულების მოთხოვნის უფლება, არამედ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებაც, თუკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მხარეებს შორის წერილობით დადებული სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლო, რაც გათვალისწინებულია დავალიანების გადაუხდელობისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0,07%-ის ოდენობით. მოპასუხე მოითხოვს პირგასამტეხლოს შემცირებას და მის განსაზღვრას ყოველდღიურად 0,001%-ის ოდენობით. მოსარჩელე მოითხოვს ყოველდღიურად 28,64 ლარის დაკისრებას გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოპასუხის მიერ დასახელებული პროცენტული მაჩვენებლით ყოველდღიურად გადასახდელი თანხაა 0,4 ლარი (დავალინების 40 910,79 ლარის 0,001%). ამგვარი გაანგარიშებით დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს თვეში 12 ლარს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული პირგასამტეხლოს არსი შემდეგნაირად: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლოსთვის მინიჭებული უფლების საფუძველზე სახელშეკრულებო პირობების სამართლიანობის შემოწმება სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყოს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.
პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლო ჩარევის საგამონაკლისო შემთხვევაა, რომელიც ემსახურება სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფას, რაც ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. იგი ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ხოლო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში - ახდენს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირებას. პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხი წამოიჭრება ვალდებულების დარღვევის შემდეგ, ასეთ შემთხვევაში პირგასამტეხლო უზრუნველყოფს კრედიტორისათვის ვალდებულების დარღვევით გამოწვეული დანაკარგების მინიმალურად კომპენსირებას, რის გამოც პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნას კრედიტორის ინტერესებიც. აქედან გამომდინარე, პირგასამტეხლოს შემცირების მიზანს არ წარმოადგენს მოპასუხისათვის სიმბოლური თანხის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება, რადგან ეს პირგასამტეხლოს დანიშნულება არ არის.
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას უნდა შემოწმდეს, შეესაბამება თუ არა მოთხოვნილი პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის გამოწვეულ შედეგს, უნდა შეფასდეს დარღვევის შინაარსი, ვადის გადაცილების ხანგრძლივობა. პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს სახით მოვალეს არ უნდა დაეკისროს ისეთი სანქცია, რაც მას მძიმე ტვირთად დააწვება და ვალდებულების შესრულებას გააძნელებს.
მოსარჩელე მოითხოვს ყოველდღიურად პირგასამტეხლოს დაკისრებას 2015 წლის 15 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. სასამართლოს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს დაკისრება გამოიწვევს არაგონივრულად მაღალი თანხით პირგასამტეხლოს დაკისრებას. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, იმ გადაწყვეტილებათა აღსრულებისას, რომლებითაც გათვალისწინებულია კრედიტორის მოთხოვნის ზრდა ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვის შედეგად, სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან შეწყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა, გარდა საგადასახადო მოთხოვნის შემთხვევებისა. კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა გაგრძელდება იმ დღიდან, როდესაც აღსრულების ეროვნული ბიურო ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად დაუბრუნებს კრედიტორს სააღსრულებო ფურცელს.
გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს ან ზიანის ანაზღაურების დაკისრება გულისხმობს დაკისრებული თანხის ზრდას, რაც შეწყდება სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენის დღეს. ამ გარემოების გამო პირგასამტეხლოს დაკისრების შეწყვეტა კრედიტორის მოქმედებაზეა დამოუკიდებული. ვიდრე კრედიტორი სააღსრულებო ფურცლის გაცემას არ მოითხოვს და მიღებულ სააღსრულებო ფურცელს არ წარადგენს გადახდევინების მიზნით, პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდება. მოსარჩელე მოითხოვს პირგასამტეხლოს დარიცხვას 2015 წლის 15 იანვრიდან, რის შემდეგ სარჩელის აღძვრამდე გასულია 2 წელიწადზე მეტი დრო, ხოლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ანუ ვალდებულების სრულად შესრულებამდე პირგასამტეხლოს დარიცხვა შესაძლოა კიდევ რამდენიმე წლით გახანგრძლივდეს გადაწყვეტილების აღსრულების ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადის გათვალისწინებით, რაც გამოიწვევს მეტისმეტად მაღალი თანხის დაკისრებას.
პირგასამტეხლოს ოდენობის შეფასების დროს სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ პირგასამტეხლოს გააჩნია ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქცია. განსახილველ საქმეში უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება, სრულად და დროულად არ შეასრულა ვალდებულება, რაც კრედიტორისათვის ზიანის გამომწვევი ქმედებაა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს პირგასამტეხლო 2015 წლის 15 იანვრიდან გადაწყვეტილების მიღების დღემდე ვადაგადაცილების პერიოდისათვის, რაც შეადგენს 4 წელს, 9 თვეს და 9 დღეს. ამასთან, უნდა შემცირდეს ყოველდღიურად გადასახდელი პირგასამტეხლო და განისაზღვროს ჯამური დავალიანების 0,01%-ით, რაც დღეში 4,09 ლარია,სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო სადაო ხელშეკრულების გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი თანხაა. ყოველდღიურად 28,64 ლარის დაკისრების შემთხვევაში წელიწადში გადასახდელი თანხაა 10 453,6 ლარი, ხოლო უკვე გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის პირგასამტეხლო თითქმის 50 000 ლარს შეადგენს, რაც შეუსაბამოდ მაღალია მოთხოვნილ თანხასთან შედარებით და არ ემსახურება განცდილი მატერიალური დანაკარგის მინიმალურად კომპენსირებას. 418-ე მუხლით დასაშვებია პირგასამტეხლო აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, მაგრამ ეს არ ნიშნავს პირგასამტეხლოს აშკარად არაგონივრული ოდენობით დაკისრებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „რა თქმა უნდა, პირგასამტეხლოს ოდენობა მხარეთა თავისუფალი შეთანხმების საგანს წარმოადგენს (სკ-ის 418.1 მუხლი), თუმცა საკანონმდებლო დათქმა, რომ იგი შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანსაც, ვერ იქნება შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგანაც სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით დამკვიდრებული სასამართლოს კონტროლი პირგასამტეხლოს ოდენობაზე ფორმალური დატვირთვის მატარებელი არაა და სასამართლო სადავოობისას ვალდებულია, ერთმანეთს შეუპირისპიროს კრედიტორისა და მოვალის ინტერესები იმგვარად, რომ სამართლიანად განსაზღვროს მათ შორის ბალანსი“ (საქმე №ას-753-721-2016, 2019 წლის 17 მაისის განჩინება).
შპს ს----------------------ი არის ბუნებრივი გაზის ლიცენზიატი, რომელიც ბუნებრივ გაზის ყიდულობს უცხოურო ვალუტით დადგენილ ფასში საქართველოს ფარგლებს გარეთ, რის გამოც საფასურის დროულად გადახდის მიმართ მომეტებული ინტერესები აქვს იმის გამო, რომ ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილების გამო არ განიცადოს მატერიალური დანაკარგი, რადგან ბუნებრივი გაზი ისევ უცხოურ ვალუტაში უნდა შეიძინოს. თუმცა მოთხოვნილი თანხით ამგვარი შესაძლო დანაკარგი ვერ კომპენსირდება 50 000 ლარამდე ოდენობის თანხით, რადგან სახეზე არ არის გაცვლითი კურსის იმგვარი მერყეობა, რაც გაამართლებდა ზიანის მინიმალურად კომპენსირებას ასეთი ოდენობით. აღნიშნული გარემოებების გამო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი თანხის დაკისრებით მოპასუხეს გადაჭარბებული ფინანსური ტვირთი დაეკისრება, რაც 420-ე მუხლიდან გამომდინარე დაუშვებელია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ 420-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე პირგასამტეხლო უნდა იყოს გონივრული და არა მარტო მოვალისათვის ხელსაყრელი და საშეღავათო თანხა. პირგასამტეხლომ ერთდროულად უნდა უზრუნველყოს კრედიტორის მიერ განცდილი ზიანის მინიმალურად ანაზღაურება და ვალდებულების დარღვევის გამო მოვალისათვის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრება, რასაც მოპასუხის მიერ დასახელებული თანხა ვერ უზრუნველყოფს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე არის იურიდიული პირი, იგი ბუნებრივ გაზს მოიხმარდა კომერციული დანიშნულებით, ვალდებულება არ შესრულებულა ხანგრძლივი დროის მანძილზე, ვადა გადაცილებულია 3 წელზე მეტია, რის გამოც უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო ყოველდღიურად 4,09 ლარი 2015 წლის 15 იანვრიდან გადაწყვეტილების მიღების დღემდე 2019 წლის 24 ოქტომბრამდე, რაც ჯამურად შეადგენს 7030,73 ლარს.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სარჩელის ფასია 72 242,95 ლარი, ხოლო მოპასუხისათვის დაკისრებული თანხა არის სასარჩელო მოთხოვნის 61%. სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 2167,30 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე 50 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეს უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟის 61%-ის - 1322,05 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება მოსარჩელისათვის.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო ამ საქმეზე 2017 წლის 12 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს "ს----------------------ის" სარჩელი;
2. შპს “P------- +” დაეკისროს შპს ს----------------------ისათვის 40 910.79 ლარის გადახდა.
3. შპს “P------- +” დაეკისროს შპს ს----------------------ისათვის პირგასამტეხლოს ასანაზღაურებლად 7030,71 ლარის გადახდა;
4. შპს “P------- +” დაეკისროს შპს ს----------------------ისათვის სახელმწიფო ბაჟის 1322,05 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი