გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/16450-18
(330210018002477745)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ზაალ მარუაშვილი
სხდომის მდივანი - ნინო ართილაყვა
მხარეები:
მოსარჩელე - თ-----------–--–-
წარმომადგენელი - ბ-------------–---
მოპასუხე - ს----------–---------–--------–---–-
წარმომადგენელი - მ-----–---------–----
დავის საგანი - სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი მოპასუხე, ს----------–---------–--------–---–-ს 2018 წლის 3 მაისის ბრძანება N---, მოსარჩელე თ-----------–--–თან 2017 წლის 25 სექტემბერს დადებულ შრომითი ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
1.2. მოპასუხე, ს----------–---------–--------–---–ს მოსარჩელე, თ-----------–--–-ს სასარგებლოდ, შრომის ანაზღაურების დავალიანების სახით, დაეკისროს 7653 ევროს გადახდა (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დროისათვის დადგენილი გაცვლითი კურსით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);
2. მოპასუხე, ს----------–---------–--------–---–ს მოსარჩელე, თ-----------–--–-ს სასარგებლოდ, 2018 წლის 21 მაისიდან 2019 წლის 18 თებერვლამდე დარიცხული პირგასამტეხლოს სახით, დაეკისროს 704 ევროსა და 48 ევროცენტის გადახდა, ხოლო 2019 წლის 18 თებერვლიდან 8357.48 ევროს 0.07 პროცენტის გადახდა ყოველ დაყოვნებულ დღეზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).
სარჩელის საფუძვლები:
მხარეთა შორის, 2017 წლის 25 სექტემბერს დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომელითაც განისაზღვრა ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 2000 ევროს ოდენობით. მოპასუხემ, 2018 წლის 3 მაისის N--- ბრძანებით, ამავე წლის 3 მაისიდან, ცალმხრივად, კანონიერი საფუძვლის გარეშე, შეცვალა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობა და მნიშვნელოვნად - 1200 ევრომდე, - ანუ 800 ევროთი შეამცირა ხელფასის ოდენობა.
2019 წლის 01 აგვისტოს დაზუსტებულ სარჩელში, მოსარჩელემ მიუთითა, რომ მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულება შეწყდა 2019 წლის 18 თებერვლიდან, მოსარჩელის განცხადების საფუძველზე. შესაბამისად, პირველი სასარჩელო მოთხოვნა ჩამოყალიბა ზემოაღნიშნული სახით (ს.ფ.-ები: 192-204).
მოთხოვნა, პირგასამტეხლოს ნაწილში, დააზუსტა 04/09/2019წ. სასამართლო სხდომაზე და ეს მოთხოვნაც ჩამოაყალიბა ზემოაღნიშნული სახით (ს.ფ.-ები:223-230).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
შესაგებლის საფუძვლები:
მხარეთა შორის 2017 წლის 25 სექტემბერს დადებული შრომითი ხელშეკრულებით, მოსარჩელე დანიშნული იქნა ს----------–---------–--------–---–-ს აპარატში ე--------–----------------- ,,ბ------–--------------–--------–------------–-----------------------–--–-“ ადამიანის უფლებათა უფროსი ექსპერტის თანამდებობაზე და მისი ხელფასი, 2.1. პუნქტით, განისაზღვრა 2500 ევროთი.
დასახელებული პროექტი ხორციელდება ს----------–---------–--------–---–-ს აპარატსა და ე--------–---- შორის 2016 წლის 27 სექტემბრის საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში (შემდგომში - ,,საგრანტო ხელშეკრულება“) და პროექტის ფარგლებში დამტკიცებული ბიუჯეტის 1.1.1.4. პუნქტის თანახმად, მოსარჩელის პოზიციაზე შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 1200 ევროთი.
პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების მიზნობრივად ხარჯვის მონიტორინგს ახორციელებს ე--------–----.
მოსარჩელისათვის ხელფასის ცვლილებას საფუძვლად დაედო შემდეგი გარემოებები:
მხარეთა შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში, მოსარჩელის ხელფასი მნიშვნელოვნად აღემატება პროექტით გათვალისწინებულ ანაზღაურებას მოსარჩელის პოზიციაზე. 2018 წლის 21 თებერვალს, მოპასუხემ მიიღო ე--------–----ს საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლის, ვ------------- 2018 წლის 20 თებერვლის წერილი, რომელის თანახმადაც, მოსარჩელის შრომის ანაზღაურება - 2000 ევრო შეთანხმებული არ ყოფილა დონორთან და ეწინააღმდეგება პროექტით დამტკიცებულ ბიუჯეტს, რის გამოც ს----–--------–---–-ს აპარატს ზედმეტობით გადახდილი თანხები ჩაეთვალა არამიზნობრივ ხარჯად. ამასვე ადასტურებს საქართველოში ე--------–----ს ელჩის, იანოშ ჰერმანის 30/03/2018წ. წერილი.
11/04/2018წ. წერილით, მოპასუხემ მოსარჩელეს შეთავაზა ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი პროექტის ბიუჯეტთან, რაზედაც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა.
შრომის კოდექსი არ შეიცავს ჩანაწერს შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების ცვლილების თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ და საფუძვლით, როდესაც შრომის ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმებამდე არსებული გარემოებები/წარმოდგენები, რომლებიც ამ პირობებზე შეთანხმების საფუძველი გახდა, არასწორი აღმოჩნდება და რომლის გათვალისწინების შემთხვევაში, მხარეები არ დადებდნენ შრომით ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით. შესაბამისად, გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389- მუხლის პირველი ნაწილი.
შესაბამისად, ს----–--------–---–-ს წარმოდგენები, რომ დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან მიღწეული იქნა შეთანხმება მოსარჩელის პოზიციაზე ხელფასი განსაზღვრულიყო 2000 ევროთი, რაც მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, აღმოჩნდა არასწორი, რაც უთანაბრდება გარემოებათა შეცვლას. შეცვლილმა გარემოებებმა ს----–--------–---–-სათვის ვალდებულების შესრულების უკიდურესად დამძიმება გამოიწვია.
ს----–--------–---–-, მოსარჩელისათვის 11/04/2018წ წერილით შეეცადა ხელშეკრულება მიესადაგებინა შეცვლილი გარემოებებისადმი, რაზედაც მოსარჩელემ უარი განაცხადა და რის შემდეგაც, მოპასუხის მიერ 2018 წლის 3 მაისი ბრძანებით, მოსარჩელესთან დადებულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და ხელშეკრულება მიესადაგა შეცვლილ გარემოებებს.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ მოსარჩელისათვის ხელფასის განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული ს----–--------–---–-ს მცდარ წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ შრომით ხელშეკრულებაში მითითებული ხელფასის ოდენობა ზეპირი კომუნიკაციის შედეგად შეთანხმებული იქნა გრანტის გამცემთან. ამ საკითხზე კომუნიკაციის არსებობის ფაქტი ე--------–----ს დელეგაციასთან დასტურდება ე--------–----ს წარმომადგენლისა და ელჩის ზემოაღნიშნული წერილებით. თუმცა გრანტის გამცემის წარმომადგენლებმა ჩათვალეს, რომ მოსარჩელის ხელფასის ცვლილება არ იქნებოდა გამართლებული, ხოლო ს----–--------–---–-ს აპარატის წარმომადგენლებმა ხელფასის გაზრდილი ოდენობა მიიჩნიეს შეთანხმებულად.
მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება მისი აღსრულება, ვინაიდან ამ თანხის გაცემა შეუძლებელია ე--------–----ს პროექტიდან, ასევე ს----–--------–---–-ს ბიუჯეტიდანაც, რამდენადაც საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა ხდება წინასწარ გაწერილი ბიუჯეტის შესაბამისად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეთა შორის 2017 წლის 25 სექტემბერს დადებული შრომითი ხელშეკრულებით, მოსარჩელე დანიშნული იქნა ს----------–---------–--------–---–-ს აპარატში ე--------–----------------- ,,ბ------–--------------–--------–------------–-----------------------–--–-“ ადამიანის უფლებათა უფროსი ექსპერტის თანამდებობაზე და შრომითი ხელშეკრულებით მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 2000 ევროს ოდენობით.
დასახელებული პროექტი ხორციელდება ს----------–---------–--------–---–-ს აპარატსა და ე--------–---- შორის 2016 წლის 27 სექტემბრის საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში და პროექტის ფარგლებში დამტკიცებული ბიუჯეტის 1.1.1.4. პუნქტის თანახმად, მოსარჩელის პოზიციაზე შრომის ანაზღაურება შედგენდა 1200 ევროს (ს.ფ.107).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ.-ები: 15-17);
- საგრანტო ხელშეკრულება და მისი დანართები (ს.ფ.-ები: 94-173);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. 11/04/2018წ. წერილით, მოპასუხემ მოსარჩელეს შესთავაზა ხელშეკრულების მისადაგება პროექტის ბიუჯეტთან - ყოველთვიური ხელფასის 1200 ევროთი განსაზღვრა, - იმ მოტივით, რომ 2018 წლის 21 თებერვალს, მოპასუხემ მიიღო ე--------–----ს საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლის, ვ------------- 2018 წლის 20 თებერვლის წერილი, რომელის თანახმადაც, მოსარჩელის შრომის ანაზღაურება - 2000 ევრო - შეთანხმებული არ ყოფილა დონორთან და ეწინააღმდეგება პროექტით დამტკიცებულ ბიუჯეტს, რის გამოც ს----–--------–---–-ს აპარატს ზედმეტობით გადახდილი თანხები ჩაეთვალა არამიზნობრივ ხარჯად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- 11/04/2018წ. წერილი (ს.ფ.-ები: 23-24);
- ე--------–----ს წერილები (ს.ფ.-ები: 183-189);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.3. მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ უარი განაცხადა ხელშეკრულების ამ პირობის შეცვლაზე, მოპასუხემ, 03/05/2018წ. N--- სადავო ბრძანებით, ცალმხრივად შეცვალა ხელშეკრულების 2.1. პუნქტი და მოსარჩელის ყოველთვიური ხელფასის ოდენობად, 2018 წლის 3 მაისიდან, განსაზღვრა 1200 ევრო (გადასახადების ჩათვლით).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- 03/05/2018წ. N--- ბრძანება (ს.ფ.-ები: 18-20);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.4. მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2019 წლის 18 თებერვლიდან, მოსარჩელის ინიციატივით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- 04/02/2018წ. ბრძანება (ს.ფ. 89);
- განცხადება (ს.ფ. 90);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მტკიცების საგანი მოიცავდა იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურებას, რომ გრანტის გამცემის მხრიდან ადგილი ჰქონდა ნების გამოვლენას, რელევანტური ფორმით, რომელმაც ობიექტურად შეუქმნა წარმოდგენა მოპასუხეს მოსარჩელესთან დასადები შრომითი ხელშეკრულების ერთ-ერთი არსებითი პირობის - შრომის ანაზღაურების - არა საგრანტო ხელშეკრულების დანართი N3-ის 1.1.1.4 პუნქტით გათვალისწინებული 1200 ევროთი, არამედ 2000 ევროთი განსაზღვრის შესახებ. ასეთი მტკიცებულება კი მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. რაც შეეხება გრანტის გამცემთან აღნიშნულის შესახებ ზეპირ კომუნიკაციას, რაზედაც მიუთითა მოპასუხემ, მისი არსებობის შემთხვევაშიც, ასეთი ფორმით ნების გამოვლენა, საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მაინც ვერ იქნებოდა იურიდიული ძალის მქონე და ობიექტურად ვერ შეუქმნიდა მოპასუხეს ამ მიმართებით სხვაგვარ წარმოდგენას.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საპროცესო კანონის მიზანს წარმოადგენს არა მარტო მოსარჩელის დავალდებულება, წარმოუდგინოს სასამართლოს ის მტკიცებულებები, რომლებიც მოთხოვნის დამაფუძნებელი ნორმის მის სასარგებლოდ გამოყენების წინაპირობებს ქმნიან, არამედ მოიაზრებს მოპასუხის დავალდებულებასაც, შესაგებლის ფარგლებში უზრუნველყოს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაქარწყლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15/09/2017წ. განჩინება საქმეზე Nას-682-636-2017).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელესთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძვლის ცვლილებას ადგილი არ ჰქონია და ის გარემოება, რომ გრანტის გამცემმა, მოპასუხეს, როგორც ბენეფიციარს, მოსთხოვა საგრანტო ხელშეკრულების პირობების დაცვა, არ შეიძლება განხილული იქნას შრომითი ხელშეკრულების დადების შემდგომ ფაქტობრივ გარემოებათა ცვლილებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ.-ები: 15-17);
- საგრანტო ხელშეკრულება და მისი დანართები (ს.ფ.-ები: 94-173);
- ე--------–----ს წერილები (ს.ფ.-ები: 183-189);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ ძირითადი თანხის ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში - ნაწილობრივ, რამდენადაც მოსარჩელე, პირგასამტეხლოს სახით, ითხოვს, მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან - 2019 წლის 18 თებერვლიდან 8357.48 ევროს 0.07%-ის მოპასუხისათვის დაკისრებას, მაშინ, როდესაც ამ თანხიდან 704.48 ევრო არის 2018 წლის 21 მაისიდან 2019 წლის 18 თებერვლამდე (დათხოვნამდე) დარიცხული პირგასამტეხლო. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელე, თ-----------–--–-ს სასარგებლოდ, 2018 წლის 21 მაისიდან 2019 წლის 18 თებერვლამდე დარიცხული პირგასამტეხლოს სახით, უნდა დაეკისროს 704 ევროსა და 48 ევროცენტის გადახდა, ხოლო 2019 წლის 18 თებერვლიდან, 7653 ევროს 0.07 პროცენტის გადახდა ყოველ დაყოვნებულ დღეზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია შრომითი ურთიერთობის დეფინიცია, კერძოდ: შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამავე კოდექსის 31-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. ხოლო 34-ე მუხლით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების, როგორც სამოქალაქო-სამართლებრივ გარიგებასთან დაკავშირებული ზოგადი ხასიათის ურთიერთობები მთლიანად წესრიგდება სამოქალაქო კოდექსით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით, თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა. გარემოებათა შეცვლას უთანაბრდება, როცა წარმოდგენები, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველი გახდა, არასწორი აღმოჩნდა. მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ, რომ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს. თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.
მაშასადამე, დასახელებული ნორმის შესაბამისად, იმ გარემოებათა ცვლილების შედეგად, რომლების ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების მხარეს წარმოეშობა შეცვლილ გარემოებებთან ხელშეკრულების მისადაგების მოთხოვნის, ხოლო ასეთზე მეორე მხარის თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში - ხელშეკრულებიდან გასვლის და არა ხელშეკრულების ცალმხრივი შეცვლის უფლება. შესაბამისად, მოპასუხის არგუმენტი, რომ მოსარჩელისათვის შრომის ანაზღაურების ნაწილში ხელშეკრულების ცალმხრივი შეცვლის შესახებ მის მიერ გამოხატული ნება შეესაბამება ამ ნორმით გათვალისწინებულ სამართლებრივ მოწესრიგებას, უსაფუძვლოა.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით, ხოლო ამ მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მე-9 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობაა შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებითაც, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ წინაპირობას - მოპასუხის ობიექტურ წარმოდგენებს, რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო მოსარჩელესთან ხელშეკრულების დადებისა და შემდგომში, ამ წარმოდგენების გაქარწყლების შედეგად, მისი შეცვლის (შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების) მოთხოვნის საფუძველი, ადგილი არ ჰქონია (იხ. გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტი), სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მოსარჩელისათვის შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობის - შრომის ანაზღაურების ოდენობის - ცალმხრივი შეცვლის შესახებ, ცნობილი უნდა იქნეს ბათილად, როგორც კანონსაწინააღმდეგო გარიგება. შესაბამისად, მოსარჩელეს, საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-9 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ეკისრება ვალდებულება მოსარჩელეს აუნაზღაუროს კანონიერი საფუძვლის გარეშე შემცირებული ხელფასი (თვეში 800 ევრო), რაც ჯამში შეადგენს 7653 ევროს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დროისათვის დადგენილი გაცვლითი კურსით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).
5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
სასამართლო თვლის, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე, ს----------–---------–--------–---–ს მოსარჩელე, თ-----------–--–-ს სასარგებლოდ, 2018 წლის 21 მაისიდან (21 რიცხვი - მიმდინარე თვის ხელფასის გადახდის თარიღი) 2019 წლის 18 თებერვლამდე (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დღე) დარიცხული პირგასამტეხლოს სახით, უნდა დაეკისროს 704 ევროსა და 48 ევროცენტის გადახდა, ხოლო 2019 წლის 18 თებერვლიდან 7653 ევროს 0.07 პროცენტის გადახდა ყოველ დაყოვნებულ დღეზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა:
1. თ-----------–--–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ბათილად იქნას ცნობილი მოპასუხე, ს----------–---------–--------–---–-ს 2018 წლის 3 მაისის ბრძანება N---, მოსარჩელე თ-----------–--–თან 2017 წლის 25 სექტემბერს დადებულ შრომითი ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
3. მოპასუხე, ს----------–---------–--------–---–ს მოსარჩელე, თ-----------–--–-ს სასარგებლოდ, შრომის ანაზღაურების სახით, დაეკისროს 7653 ევროს გადახდა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დროისათვის დადგენილი გაცვლითი კურსით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).
4. მოპასუხე, ს----------–---------–--------–---–ს მოსარჩელე, თ-----------–--–-ს სასარგებლოდ, 2018 წლის 21 მაისიდან 2019 წლის 18 თებერვლამდე დარიცხული პირგასამტეხლოს სახით, დაეკისროს 704 ევროსა და 48 ევროცენტის გადახდა, ხოლო 2019 წლის 18 თებერვლიდან 7653 ევროს 0.07 პროცენტის გადახდა ყოველ დაყოვნებულ დღეზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).
5. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
8. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მოსარჩელე, თ-----------–--–ს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ზაალ მარუაშვილი