გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.11.2019
საქმის ნომერი
120210019003203837
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
08.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3203837-2/606-19წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

8 ნოემბერი 2019 წელი ქ. ა---––--ე

ა---––--ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გია ბერაია

სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი

მოსარჩელე - შსს საქვეუწყებო დაწესებულება ს-----------------–-–--

წარმომადგენელი - მ--–-------------ე

მოპასუხე - ზ---------–----ე

წარმომადგენელი - ი--------------–---–ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

სასარჩელო მოთხოვნა

მოპასუხე ზ---------–----ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 4949 ლარის ოდენობით.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2017 წლის 13 აგვსიტოს დაახლოებით 22:35 სააათზე ა---------–-----------–---–ი და ზ---------–----ე სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებისას იმყოფებოდნენ ს-----------------–-–-ის N- სამმართველოს (ა---––--ე) N- ს-----------------------ს (კ---–---) N-6 ბლოკ-პოსტზე. ვინაიდან აღნიშნულ ბლოკ-პოსტზე არ არის სასმელი წყალი, ზ---------–----ე განწესის უფროსთან გ------------–-–---–--ან შეთანხმებით T------ს მარკის სამსახურებრივი ავტომანქანით გაემართა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ წყაროზე წყლის მოსატანად, რა დროსაც მას თან გაჰყვა ა---------–-----------–---–ი. აღნიშნულ წყაროზე წყლის ავზის ავსებისას ხსენებულ მოსამსახურეებს შეხვდათ დათვი, რომელიც იყო აგრესიული და ღრიალებდა, რის გამოც ა---------–-----------–---–მა თავდაცვის მიზნით მასზე განპიროვნებული AK-74 მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა 5 ვაზნის გასროლა. გასროლის შედეგად ტყვია მოხვდა მიმდებარედ გაჩერებულ სამსახურებრივ ავტომანქანას, რის შედეგადაც იგი დაზიანდა.

შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინარული წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინარული გადაცდომის გამო, რაც ზ---------–----ის მიერ გამოიხატა სამსახურებრივი ავტომანქანის დაზიანების ფაქტის სადაზღვევო კომპანიისათვის შეუტყობინებლობაში, მოხდა შს სამინისტროს მიერ ქონებრივი სიკეთის მიღების შესაძლებლობის აცდენა, რითაც შს სამინისტროს მიადგა ქონებრივი ზიანი.

ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 8 ივლისის დასკვნით საქართველოს ს-----------------–-–-ისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა განისაზღვრა 4949 ლარით და საქართველოს შს გენრალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე საქართველოს ს-----------------–-–--ს დაევალა საქართველოს ს-----------------–-–--ზე მიყენებული ქონებრივი ზიანის ასანაზღაურებლად შესაბამისი პროცედურების გატარება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე ზ---------–----ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შსს მოსამსახურეთა დისციპლინარული წესდების არცერთი პუნქტის დარღვევას ადგილი არ ჰქონია მისი მხრიდან. მის ქმედებას არ გამოუწვევია ქონებრივი ზიანი და არც სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება არ იკვეთება მოცემულ შემთხვევაში. გაუგებარია მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია, რატომ აკისრებს სადაზღვევო კომპანიისათვის ავტომანქანის დაზიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას მაინც და მაინც ზ---------–----ეს და რატომ იყო ვადლებული იგი მიეწოდებინა ინფორმაცია. 2019 წლის 13 აგვსისტოს მომხდარი ფაქტის შესახებ, როგროც ზ---------–----ემ, ასევე ა---------–-----------–---–მა დაუყოვნებლივ აცნობეს ხელმძღვანელ პირებს და მიაწოდეს სრული ინფორმაცია მომხდარის შესახებ, რომლებაასც ეკისრებათ ვალდებულება მიიღონ კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, მათ შორის სადაზვევო კომპანიისათვის ავტომანქანის დაზიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება. ასევე წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება გარემოება სადაზღვევო კომპანიამ ნამდვილად განაცხადა თუ არa უვარი ავტომანქანის შეკეთებაზე და რა გახლდათ აღნიშნულზე უარის თქმის საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოპასუხე ზ---------–----ე მუშაობდა შსს სსდ საქართველოს ს-----------------–-–-ის ს-----–----------------ს დაცვის დეპარტამენტის ს-----------------–-–-ის N- სამმართველოში (ა---––--ე).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.2. ა---------–-----------–---–ის მიერ მასზე განპიროვნებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაზიანდა სამსახურებრივი ავტომანქანა T-----, სახელმწიფო ნომრით F-------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- შსს გენერალური ინსპექციის დასკვნა;

 

3.1.3. 2016 წელს დამზადებული ავტპბობილ T----- LC 78-ზე სახელმწიფო ნომრით G--------, საიდენტიფიკაციო ნომრით - J----------------, დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა ცვეთის კოეფიციენტებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს 4949 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 08.07.2019წ. დასკვნა;

 

3.1.4. საქართველოს შსს სსდ საქართველოს ს-----------------–-–-ის ს-----–----------------ს დაცვის დეპარტამენტის ს-----------------–-–-ის N- სამმართველოს (ა---––--ე) მობილურ ოცეულზე მიმაგრებულ ავტომანქანაზე ,,ტოიოტა ლენდკრუიზერი 78’’ სახელმწიფო ნორმით G--------, მატერიალური პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ამავე სამმართველოს მოსამსახურეებს, კერძოდ გ------------–-–---–ს, გ------------------ეს, გ-----------–-----–---–ს, გ----------------ს, ბ-----------------–---–ს, ზ---------–----ეს, მ------------------ეს, ზ---------------, თ--------------–---–ს, ზ-----------ეს, დ--------------–---–ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შსს სსდ საქართველოს ს-----------------–-–-ის ს-----–----------------ს დაცვის დეპარტამენტის ს-----------------–-–-ის N- სამმართველოს (ა---––--ე) უფროსის 28.06.2017წ. ბრძანება;

 

3.1.5. მომხდარის შესახებ ზ---------–----ემ შეატყობინა ხელმძღვანელობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩამორთმეული ზურაბ ელოიანისა და ავთანდილ ბაღდოშვილის ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელე შსს საქვეუწყებო დაწესებულება ს-----------------–-–--ს მოპასუხე ზ---------–----ის ქმედებით ზიანი არ მისდგომია.

 

სამოტივაციო ნაწილი :

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სამოქალქო კოდექსის 115-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 385-ე, 408-ე, 412-ე, 414-ე, 991-ე, 976-ე მუხლებით

 

7. სამართლებრივი შეფასება

7.1. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).

 

შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სასამართლოს ამოცანაა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დაადგინოს რამდენად არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელ კომპონენტთა ერთიანობა მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან და საფუძვლებიდან გამომდინარე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას, სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მართლმსაჯულების განხორციელების უმთავრესი პრინციპია.

 

სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, საქმე Nას-1206-1166-2016).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

 

შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 13 აგვსიტოს ზ---------–----ე და ა---------–-----------–---–ი სამსახურებრივი მანქანით T----- LC 78, სახელმწიფო ნომრით G--------, გაემართნენ წყაროზე წყლის მოსატანად, რა დროსაც ა---------–-----------–---–ის მიერ მასზე განპიროვნებული იარაღიდან გასროლის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ავტომანქანა. მოსარჩელე აღნშნავს, რომ ზ---------–----ემ დაარღვია შსს მოსამსახურეთა დისციპლინარული წესდება და სადაზღვევო კომპანიას არ შეატყობინა ავტომანქანის დაზიანების ფაქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებ შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომელბიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში, სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ, მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის ურთიერთობა უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.

 

სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისასა კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმდებეს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალადებულებელი გარემოება.

 

ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმდების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურების, როგორც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ვალდებულებაში, სწორედ იმ ფაქტობრივი მდგომარეობის აღდგენა იგულისხმება, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის ხარიხსი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია. სასამართლო აღნიშნავს, რომ სული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოდგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანია რის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბუექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგელბში.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ის არგუმენტი, რომ ზ---------–----ემ არ შეატყობინა სადაზღვევო კომპანიას ავტომანქანის დაზიანების ფაქტი, რითაც სამინისტროს მიადგა ქონებრივი ზიანი და აღნიშნული თანხა წარმოდგენს მოპასუხის მიერ მიყენებულ ზიანს, სასამართლოს ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკმარის საფუძვლად არ მიაჩნია, რადგან ზ---------–----ემ შეატყობინა ხელმძღვანელობას და ამასთან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ზ---------–----ე გაფრთხილებული იყო, რომ მისი პირდაპირი ვალდებულება იყო შეტყობინებინა სადაზღვევო კომპანიისათვის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს და რომელისც არ დადგებოდა მოპასუხეს ვალდებულება ჯეროვნად რომ შეესრულებინა. ზიანი არის დანაკარგი, რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება, რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ სახეზე იყოს ზიანი, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს ზიანის მიყენებასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში კი არ დასტურდება მოპასუხისათვის ზიანის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების არსებობა, რის გამოც შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ს-----------------–-–-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ს-----------------–-–-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ა---––--ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ა---––--ის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გია ბერაია