გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/15722-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე - იუ-–-------------ა
წარმომადგენელი - თა------------------ა
მოპასუხე - შპს „ეკ---–----ი“
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება (თანხის დაკისრება)
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „ეკ---–----ისთვის“ მოსარჩელე იუ-–-------------ას სასარგებლოდ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით - 7535 ლარის დაკისრება;
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2019 წლის 8 მაისს, დაახლოებით 16:30 წუთზე, მოსარჩელე მეუღლესთან ერთად მოძრაობდა ჯ კლასის მერსედესის მარკის ავტომობილით. ავტომობილი არის მოსარჩელე იუ-–-------------ას საკუთრება, რომელსაც იმ დროს მართავდა მისი მეუღლე - კო----------------------ი. როდესაც კ. ვო-------ი იდგა უკიდურეს მარცხენა ზოლში, ხუ----------------ზე, პოლ-–-------- განყოფილების მიმდებარე ტერიტორიაზე, ლო------ს წრის მიმართულებით ახორციელებდა მარცხნივ მოხვევას, როდესაც უკანა მხრიდან შეეჯახა მერსედეს ბენცის სპრინტერი, ნომრით, F------, რომელსაც მართავდა შპს „ეკ---–----ის“ თანამშრომელი კა---------------–---–ი. იგი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, გადაჰქონდა საწარმოს ტვირთი. შეჯახება მოხდა შპს „ეკ---–----ის“ მძღოლის ბრალეულობით, ვინაიდან არ დაიცვა მოძრაობისას საჭირო დისტანცია. მძღოლს გამოუწერეს ჯარიმა 240 ლარის ოდენობით.
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, მაღალი გამავლობის ავტომანქანაზე MERCEDES BENC GL350”, რუსეთის ფედერაციის ნომრით H--------, მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა საბაზრო ფასებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინებით შეადგენს 7535 ლარს. აღნიშნულ ხარჯს ემატება ექსპერტიზის საფასური, საჯარიმო სადგომის ხარჯი და ცნობის აღების ხარჯი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ კა---------------–---–ი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყო შპს „ეკ---–----ში“. ხელშეკრულება ითვალისწინებდა დასაქმებულის პასუხისმგებლობას ნებისმიერი ზიანისათვის და/ან დანაკარგისთვის, რომელიც მიადგება დამსაქმებელს, ნივთის მინდობილი ქონების გაუფრთხილებლობით გამოყენების შედეგად ან დაუდევრობით. ამდენად, ვერ გაიზიარებდა მოსარჩელის პოზიციას, რომ შპს „ეკ---–----ი იყო ვალდებული ავტოსაგზაო შემთხვევით მიყენებულ ზიანზე. საქართველოს შრომის კოდექსის 45-ე მუხლიც ითვალისწინებდა, რომ წერილობითი შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს დასაქმებულის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის სახე და ფარგლები, რომელიც ახორციელებს მისთვის გადაცემული ფასეულობების შენახვას, დამუშავებას, გაყიდვას, გადაზიდვას ან წარმოების პროცესში გამოყენებას. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით მოპასუხემ მიიჩნია, რომ იყო არასათანადო მოპასუხე და იუ-–-------------ას უნდა ედავა კა---------------–---–ის მიმართ.
მოპასუხემ ასევე სადავოდ გახადა ზიანის ოდენობა, განმარტა, რომ დასკვნით დათვლილი იქნა ავტომობილის აღდგენისთვის საორიენტაციოდ საჭირო თანხა გათვალისწინებული ხარჯების გათვალისწინებით. ამდენად, ფასი მხოლოდ საორიენტაციო იყო და არა დადგენილი, ამასთან, მოსარჩელეს არ ჰქონდა საქმეზე დართული ის ქვითრები, რაც ადასტურებდა ავტონაწილების შეძენისათვის რეალურად გადახდილი თანხის ოდენობას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2019 წლის 8 მაისს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ. თბ--–--–ი, ხუ----------------ზე, პოლ-–-------- განყოფილების ლო------ს წრის მიმართულებით მოძრაობისას MERCEDES-BENZ სპრინტერის მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით - F------, რომელსაც მართავდა კა---------------–---–ი, შეეჯახა იუ-–-------------ას კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებას - Mercedes-Benz GL350, რუსეთის ფედერაციის ნომრით H--------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- პატაკი;
- საჯარიმო ქვითარი;
- სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა
3.1.2. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილ პატაკში აღნიშნულია, რომ კა---------------–---–მა ვერ უზრუნველყო დისტანციის დაცვა და მოახდინა შეჯახება. შეჯახების შედეგად ავტოსატრანსპორტო საშუალებას - Mercedes-Benz GL350 დაუზიანდა უკანა ბამპერი, უკანა მარჯვენა მაშუქი და საბარგული. მხარეები ზარალის ანაზღაურებაზე ვერ შეთანხმდნენ და ითხოვეს ავტომანქანების საჯარიმო სადგომზე გადაყვანა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- პატაკი.
3.1.3. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, კა---------------–---–ის მიმართ საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ გამოწერილ იქნა ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე და დაეკისრა 250 ლარის გადახდა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი.
3.1.4. სატრანსპორტო საშუალება - Mercedes-Benz სპრინტერი, სახელმწიფო ნომრით - F------, წარმოადგენს შპს „ეკ---–----ის“ საკუთრებას. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს კა---------------–---–ი შრომით ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყო შპს „ეკ---–----ში“, მძღოლ-ასისტენტის პოზიციაზე და სატრანსპორტო საშუალება დამსაქმებლისგან მას სამართავად ჰქონდა გადაცემული.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ;
- შრომითი ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. ლე---------------–--------–-----------------–-------------ზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 15 მაისის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ, 2004 წელს დამზადებულ მსუბუქ ავტომობილზე - “Mercedes-Benz GL350“, რუსეთის ფედერაციის ნომრით - H--------, საიდენტიფიკაციო ნომრით - W----------------, მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, დღევანდელი საბაზრო ფასებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს - 7 535 ლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტის დასკვნა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს შპს „ეკ---–----ი“ წარმოადგენს, ხოლო შემთხვევის შედეგად მოსარჩელე იუ-–-------------ასთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს - 7535 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მტკიცების საპროცესო სამართლებრივ სტანდარტებზე და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას მიუთითებს, რომ საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XIII თავით, რომლის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია ნუსხა, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი ორიენტირებულია მატერიალური თვალსაზრისით მტკიცებულებათა სათანადოობის დადგენაზე. სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შპს „ეკ---–----ი“ გამორიცხავს მიყენებულ ზიანში მისი პასუხისმგებლობის საკითხს და პოზიციას ამყარებს კა---------------–---–თან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაზე. ხელშეკრულების 2.1.15. პუნქტით საწარმომ წინასწარ შეათანხმა დასაქმებულებთან შესაძლო ზიანის ანაზღაურების საკითხი, სადაც გამოირიცხებოდა დამსაქმებლის პასუხისმგებლობა, კერძოდ: ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, რაც გამოწვეულია დასაქმებულის ბრალეულობით, რის შედეგადაც მხარეს მიადგა ზიანი, დასაქმებული ვალდებულია პირადად აუნაზღაუროს ზარალი დაზარალებულს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჩანაწერი მიუთითებს დასაქმებულის ვალდებულებაზე, თუ ავტოსაგზაო შემთხვევა დადგა დასაქმებული ბრალით და ამ ქმედებით მხარეს (დამსაქმებელს) მიადგა ზიანი, დასაქმებული ვალდებულია აანაზღაუროს ზარალი. გარდა ამისა, მხარეებს პირდაპირ რომც გაეთვალისწინებინათ პასუხისმგებლობისგან რომელიმე მხარის გათავისუფლების წინაპირობები, სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთი ჩანაწერი შეუსაბამო იქნებოდა კანონის ნორმებთან. იქ სადაც კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული ზიანის პასუხისგებაზე ვალდებულ პირთა წრე, ამ დათქმის საწინააღმდეგოდ მხარეთა შეთანხმება იქნებოდა კანონსაწინააღმდეგო. საგულისხმოა ასევე ის, რომ მოპასუხემ იშუამდგომლა მის შეცვლა სათანადო მოპასუხით (კა---------------–---–ით), რასაც მოსარჩელე არ დაეთანხმა. შესაბამისად, არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა.
რაც შეეხება ზიანის ოდენობას, მოპასუხემ სადავოდ გახადა ექსპერტის დასკვნაში მითითებული თანხა. მისი განმარტებით, ეს იყო საორიენტაციო თანხა და არა დადგენილი.
სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის დამტკიცება ევალება მოსარჩელეს. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე სასამართლოს წარმოუდგენს მტკიცებულებებს ზიანის გაანგარიშების თაობაზე, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე, რომელიც ზიანის ოდენობას ხდის სადავოდ.
მოსარჩელემ ზიანის ოდენობის დასადასტურებლად წარმოადგინა სსიპ ლე---------------–--------–-----------------–-------------ზის ეროვნულ ბიუროს დასკვნა, რომლითაც ექსპერტმა გამოიკვლია ავტოავარიის შედეგად დაზიანებული მაღალი გამავლობის ავტომანქანა Mercedes-Benz GL350“-ის აღდგენისთვის საჭირო თანხის ოდენობა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ოდენობის დადგენა მოხდა მეორადი დეტალებისა და სარემონტო სამუშაოებისთვის ბაზარზე არსებული ფასების და გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის დამატებით 10%-ის გათვალისწინება, რამაც ჯამში შეადგინა 7535 ლარი.
აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების აღდგენისთვის უფრო ნაკლებ ოდენობას. მხოლოდ მისი ზეპირი ახსნა-განმარტება, კი ვერ იქნება მიჩნეული აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელ სათანადო და კვალიფიციურ მტკიცებულებად. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მისი პოზიციის დადასტურება.
რაც შეეხება საჯარიმო სადგომის ხარჯის ოდენობას, მიუხედავად იმისა მოხდა თუ არა დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების საჯარიმო სადგომზე განთავსება, სასამართლო ვერ იმსჯელებს ზიანის ოდენობაზე, ვინაიდან მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი საჯარიმო სადგომზე სატრანსპორტო საშუალების დგომისთვის გადახდილი ქვითრები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლე---------------–--------–-----------------–-------------ზის ეროვნული ბიუროს დასკვნა;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ იუ-–-------------ას სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992, 999-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
ამდენად, სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებითი ურთიერთობა - დელიქტური ვალდებულებითი ურთიერთობისათვის გათვალისწინებული წესებით უნდა მოწესრიგდეს.
6.2. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: „კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს, რომლისაგან ნაწარმოები პასუხისმგებლობის გენერალური დათქმაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში. ნორმის თანახმად, პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია შემდეგი ელემენტების კუმულატიური ერთობა: პირის ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) ქმედება; ზიანი; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. შეიძლება ითქვას, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელს (რომელიც შეიძლება მესაკუთრედაც განვიხილოთ) აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, კერძოდ: სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. მოხმობილი ნორმა ადგენს სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის ვალდებულებას, ნორმაში ჩამოთვლილ სიკეთეთა ხელყოფის შემთხვევაში, აგოს პასუხი. თავის მხრივ, ნორმის სუბიექტები არიან ვალდებული და დაზარალებული პირები. ვალდებულ პირად კანონი განიხილავს ნივთის მფლობელს, ანუ პირს, რომელსაც ამ ქონებაზე საკუთრება მართლზომიერად აქვს მოპოვებული, თუმცა, მფლობელი, როგორც ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი, შეიძლება იყოს, როგორც პირდაპირი, ისე - არაპირდაპირი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სახეზე გვყავს კვლავ „მფლობელი“ (არაპირდაპირი) და „მოსარგებლე“ (პირდაპირი მფლობელი). უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია (იხ. სუსგ №ას-494-463-2010, 9 ნოემბერი, 2010 წელი).
სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლი ითვალისწინებს გამონაკლისსაც - ნივთის იურიდიულ მფლობელს პასუხისმგებლობა არ ეკისრება კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში (ნორმის მე-2 და მე-3 ნაწილები), მათ შორის მაშინაც, როდესაც სატრანსპორტო საშუალებას მართავდა სხვა პირი, თუმცა, ამ შემთხვევაში ვალდებული პირის დადგენა ხდება იმის მიხედვით, თუ რა გზით (იურიდიულად ნამდვილი უფლების საფუძველზე) აღმოჩნდა ნივთი მოსარგებლის ფაქტობრივი ბატონობის არეალში (ნორმის მე-4 ნაწილი). თუ პირი, რომელიც იყენებს სატრანსპორტო საშუალებას მისი მფლობელის ნებართვის გარეშე (არამართლზომიერი მფლობელი) ამ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციით მიაყენებს ზიანს სხვას, სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ უკანასკნელს და არა სატრანსპორტო საშუალების მფლობელს“ (იხ. სუსგ # ას 504-481-2016, 30.09.2016წ; შდრ. #ას-594-652, 06.11. 2015 წ; # ას-494=463, 09.11.2010 წ; # ას-39-38-10, 1507.2010 წ.).
კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს ნივთის იურიდიული მფლობელის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ზემოთაღნიშნული საფუძვლები. დადგენილია, რომ სამართალდარღვევის დროს სამართალდამრღვევი წარმოადგენდა შპს „ეკ---–----ის“ თანამშრომელს, რომელიც მოპასუხესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში მართავდა ორგანიზაციის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას. ამდენად, სახეზე სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ: თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.
6.3. რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოსარჩელისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობას, ლე---------------–--------–-----------------–-------------ზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 15 მაისის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ, 2014 წელს დამზადებულ მსუბუქ ავტომობილზე “Mercedes-Benz GL350“-ზე, საიდენტიფიკაციო ნომრით - W----------------, მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, დღევანდელი საბაზრო ფასებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს 7535 ლარს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელეს მიადგა 7535 ლარის ოდენობით ზიანი. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხის მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა.
ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ყველა წინაპირობა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების მიზნით უნდა დაეკისროს 7535 ლარის გადახდა, ხოლო საჯარიმო სადგომზე სატრანსპორტო საშუალების განთავსების ხარჯის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას, ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარუდგენლობის საფუძვლით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იყო სახელმწიფო ბაჟი - 226,05 ლარის ოდენობით, რომლის ანაზღაურება სრულად უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
7.2. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე მოპასუხისათვის სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯების და სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის ხარჯის დაკისრება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
რაც შეეხება საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს, მათი ამომწურავი ჩამონათვალი მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლში, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია: მოწმეების, სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები; თარჯიმნად მოწვეული პირებისათვის მისაცემი თანხები; ადგილობრივ დათვალიერებებზე გაწეული ხარჯები; სასამართლოს დავალებით ფაქტების კონსტატაციაზე გაწეული ხარჯები; მოპასუხის მოძებნის ხარჯები; სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები; ადვოკატისათვის სახელმწიფო სალაროდან გადახდილი თანხები; სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები. ამდენად, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები მოიცავს იმ პირებისათვის ასანაზღაურებელ ხარჯებს, რომლებიც დახმარებას უწევენ სასამართლოს (მოწმეები, სპეციალისტები, ექსპერტები, თარჯიმნები და ა.შ.)
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელს ერთვის მოსარჩელის მიერ 904 ლარის - ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯის და 20 ლარის - ცნობის გაცემის ხარჯის დამადასტურებელი ქვითრები. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს აღნიშნული ხარჯის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. იუ-–-------------ას სარჩელის შპს „ეკ---–----ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე შპს „ეკ---–----ს“ მოსარჩელე იუ-–-------------ას სასარგებლოდ, მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაეკისროს - 7535 ლარის გადახდა;
3. არ დაკმაყოფილდეს იუ-–-------------ას სარჩელი შპს „ეკ---–----ის“ მიმართ საჯარიმო სადგომზე სატრანსპორტო საშუალების განთავსების ხარჯის მოთხოვნის ნაწილში.
4. მოპასუხე შპს „ეკ---–----ს“ მოსარჩელე იუ-–-------------ას სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 226,05 ლარის, ექსპერტიზის ხარჯის სანაცვლოდ - 904 ლარის და ცნობის გაცემის ხარჯის სანაცვლოდ - 20 ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე