გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/8487-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ანა მეშველიანი
მოსარჩელე - ს- „თ----ი ბ---ი”
წარმომადგენლები - ლ---- მ------–ი, ი-----–ი უ----–---–ი
მოპასუხე - ი----- მ-------–---–ი
დავის საგანი - საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხის ი----- მ-------–---–ისათვის ს- "თ----ი ბ---ის" სასარგებლოდ დავალიანების 15270.75 ლარის გადახდის დაკისრება.
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელში განმარტავს, რომ 2014 წლის 12 აპრილს ს- "თ----ი ბ---სა" და ი----- მ-------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათის („პ----- ქ-----“-ის) ხელშეკრულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 1000 ლარი შემდეგი პირობებით: კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, დაანგარიშების თარიღიდან 25-ე დღეს; ყოველთვიურად თანხის შეტანის თარიღად განისაზღვრა 27 რიცხვი; ყოველთვიურად შესატან თანხას შეადგენდა ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5% და წინა პერიოდში დარიცხული პროცენტი; საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 36%-ს კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში; ფიქსირებული პირგასამტეხლო შეადგენდა 20 ლარს; პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე განისაზღვრა 0,5%-ით.
ბ---მა მოპასუხეს ცალმხრივად 2015 წლის 22 იანვარს გაუზარდა ლიმიტი 3000 ლარამდე. მოპასუხემ გაზრდილი ლიმიტის ფარგლებში თანხის სარგებლობით დაადასტურა გაზრდილ ლიმიტზე თანხმობა. ი----- მ-------–---–ს გამოყოფილი ლიმიტის ფარგლებში გამოჰქონდა თანხები და ახორციელებდა მინიმალურ შენატანებსაც. ბოლო შენატანი განახორციელა 2015 წლის 20 აპრილს, ამის შემდგომ მოპასუხეს სესხის დასაფარად თანხა აღარ შეუტანია და მომდევნო დღიდან დაეწყო პირგასამტეხლოების დარიცხვა ვადაგადაცილებისთვის. მოპასუხეს ყოველ ვადაგადაცილებაზე ერიცხებოდა პირგასამტეხლო. ანგარიშიდან თანხის ბოლო გატანა კი ფიქსირდება 2015 წლის 21 აპრილს. მოპასუხის დავალიანება „P---- C---“-ის („პ----- ქ-----“-ის) ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის სახით შეადგენს 2840,95 ლარს, პროცენტის სახით - 2854,16 ლარს, ხოლო შემცირებული პირგასამტეხლოა 200 ლარი (იხ.29 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:46:58).
2014 წლის 15 ოქტომბერს ს- "თ----ი ბ---სა" და ი----- მ-------–---–ს შორის დაიდო საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 7000 ლარი შემდეგი პირობებით: კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, ყოველი თვის 05 რიცხვში და უნდა დასრულებულიყო 2017 წლის 15 ოქტომბრამდე. ყოველთვიურად გადასახდელი თანხა იყო 236.72 ლარი, წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 13,5%-ს; ფიქსირებული პირგასამტეხლო შეადგენდა 20 ლარს; პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე განისაზღვრა 0,5%-ით. მსესხებელი ვალდებული იყო კრედიტის მოქმედების პერიოდში განეხორციელებინა სიცოცხლის დაზღვევა კრედიტის მიმდინარე ოდენობაზე ბ---ის სასარგებლოდ.
გადახდების ისტორიიდან ირკვევა, რომ მოპასუხეზე სესხის თანხა გაიცა 2014 წლის 15 ოქტომბერს 7000 ლარის ოდენობით, რაც იმავე დღესვე აითვისა მოპასუხემ. მან ხელშეკრულება პირველად დაარღვია 2015 წლის 06 აპრილს (ვადაგადაცილებით განახორციელა ყოველთვიური მინიმალური შენატანი). მოპასუხეს ყველა დარღვევაზე ერიცხებოდა სესხის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად პროცენტი და პირგასამტეხლო; მსესხებელს ბოლო გადახდა სესხთან დაკავშირებით უფიქსირდება 2016 წლის 22 დეკემბერს. საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება ძირი თანხის სახით შეადგენს 5656,67 ლარს, პროცენტის სახით - 2818,97 ლარს, ხოლო შემცირებული პირგასამტეხლოა 648,84 ლარი (იხ.29 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:46:58).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი, მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე დააზუსტა და განმარტა, რომ სარჩელს ცნობს სესხის ძირი თანხებისა და სარგებლის ნაწილში, ჯამში 14 421 ლარის ოდენობით (იხ. 2019 წლის 29 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 15:01:17).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 15 ოქტომბერს ს- "თ----ი ბ---სა" და ი----- მ-------–---–ს შორის დაიდო საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება №--------------- შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა 7000 ლარი, კრედიტის ვადა 1086 დღე, წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 13,5%.
მხარეებმა შეათანხმეს კრედიტის დაფარვის გრაფიკი: კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, ყოველი თვის 05 რიცხვში და უნდა დასრულებულიყო 2017 წლის 15 ოქტომბრამდე, ყოველთვიურად გადასახდელი თანხა განისაზღვრა 236.72 ლარით.
ფიქსირებული პირგასამტეხლო შეადგენდა 20 ლარს; პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე კი - 0,5%-ს.
მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 7000 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება, გრაფიკი, სესხის შესახებ ამონაწერი (ს.ფ. 28-36).
3.1.2. №--------------- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის დავალიანება ძირითადი თანხის სახით შეადგენს 5656.67 ლარს, პროცენტი კი 2818.97 ლარია.
აღნიშნულ მოთხოვნას მოპასუხე ცნობს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის შესახებ ამონაწერი (ს.ფ. 28-36).
- დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ. 18).
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-5).
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ.2019 წლის 29 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 15:01:17).
3.1.3. ს- „თ----ი ბ---სა“ და ი----- მ-------–---–ს შორის 2014 წლის 12 აპრილს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი „TBC P---- C---“ 1 000,00 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით.
კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, დაანგარიშების თარიღიდან 25-ე დღეს; ყოველთვიურად თანხის შეტანის თარიღად განისაზღვრა 27 რიცხვი; ყოველთვიურად შესატან თანხას შეადგენდა ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5% და წინა პერიოდში დარიცხული პროცენტი; საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 36%-ს კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში.
ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20,00 ლარი, ასევე ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლოს გადახდა დავალიანების 0,5% -ის ოდენობით.
საკრედიტო ბარათის ლიმიტი იზრდებოდა პერიოდულად.
ბ---მა მსესხებელს ცალმხრივად 2015 წლის 22 იანვარს გაუზარდა ლიმიტი 3000 ლარამდე. მოპასუხემ გაზრდილი ლიმიტის ფარგლებში თანხის სარგებლობით დაადასტურა გაზრდილ ლიმიტზე თანხმობა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-5).
- 2014 წლის 12 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 14-17).
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 19-22).
- დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ. 18).
3.1.4. 2014 წლის 12 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის დავალიანება ძირითადი თანხის სახით შეადგენს 2840,95 ლარს, პროცენტი კი 2854,16 ლარია. აღნიშნულ მოთხოვნას მოპასუხე ცნობს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის შესახებ ამონაწერი (ს.ფ. 28-36).
- დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ. 18).
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-5).
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ. 2019 წლის 29 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 15:01:17).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. №--------------- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის დავალიანება პირგასამტეხლოს სახით შეადგენს 648,84 ლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის შესახებ ამონაწერი (ს.ფ. 28-36).
- დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ. 18).
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-5).
3.2.2. 2014 წლის 12 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის დავალიანება პირგასამტეხლოს სახით შეადგენს 200 ლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის შესახებ ამონაწერი (ს.ფ. 28-36).
- დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ. 18).
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-5).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს- ”თ----ი ბ---ის” სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია, რომ მხარეებს ს- “თ----ი ბ---სა” და ი----- მ-------–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბ---მა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა კრედიტები შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხები გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში. დადგენილია, რომ გამსესხებელმა ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად და გასცა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხები. დადგენილია, რომ მსესხებელმა ი----- მ-------–---–ს ბ---ის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია, რის გამოც მოსარჩელის წინაშე ერიცხება დავალიანება.
ამდენად, ს- ”თ----ი ბ---ი” უფლებამოსილია მოითხოვოს მსესხებლისგან საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის თანხებიდან №--------------- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 5656.67 ლარისა და 2014 წლის 12 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2840,95 ლარის დაბრუნება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მხარეებს შორის გაფორმებული საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იყო კრედიტით სარგებლობისათვის პროცენტის გადახდევინება, შესაბამისად, კრედიტორი ს- ”თ----ი ბ---ი” უფლებამოსილია მოითხოვოს მსესხებლისაგან საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პროცენტის გადახდევინება. ამ ვალდებულების შესასრულებლად მოვალე ი----- მ-------–---–ს კრედიტორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2014 წლის 12 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2818,97 ლარისა და №--------------- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2854,16 ლარის დარიცხული სარგებლის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო ს- „თ----ი ბ---ის“ სარჩელი საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე კრედიტის ძირითადი თანხების 5656.67 ლარისა და 2840,95 ლარის ნაწილში და ასევე სარგებლის 2840,95 ლარისა და 2854,16 ლარის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა შესაბამის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგებები, რომლებიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა კრედიტის თანხები ხელშეკრულებებით შეთანხმებული წესის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მსესხებელს ი----- მ-------–---–ს ს- „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2014 წლის 12 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 200 ლარისა და №--------------- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 648,84 ლარის პირგასამტეხლოს გადახდა, რაც არ არის შეუსაბამოდ მაღალი ძირითად თანხებთან მიმართებით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ბაჟი 433,39 ლარი, ხოლო 25,46 ლარს მოპასუხე აუნაზღაურებს მოსარჩელეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ს- „თ----ი ბ---ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ი----- მ-------–---–ს მოსარჩელე ს- „თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების 15270,75 ლარის გადახდა.
3. დაეკისროს მოპასუხე ი----- მ-------–---–ს ს- „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 25,46 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
4. დაუბრუნდეს მოსარჩელეს ს- „თ----ი ბ---ს“ მის მიერ სარჩელზე 2019 წლის 25 თ--------–ს №-- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 458,85 ლარიდან 433,39 ლარი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ლილი ტყემალაძე