გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310019003037534
საქმე № 3/140-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 ნოემბერი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო გერგაული
სხდომის მდივანი ნინო არაბული
მოსარჩელე: ე---------ე ა------–---–ი
მოპასუხე: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო", სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახური
დავის საგანი: ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხეებს - სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" დაევალოთ ქმედების განხორციელება, კერძოდ, გასცენ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე, ე---------ე ა------–---–ის სახელზე, 10 (ათი) წლის მოქმედების ვადით.
სარჩელის თანახმად, ე---------ე ა------–---–მა მიმართა გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა პირადობის მოწმობის გაცემა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის (ე. წ. ჩიპის) გარეშე, 02.05.2019 წლის N5-------- წერილით უარი მიიღო არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემაზე. პასუხი მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციული წესით და სააგენტომ 20.05.2019 წლის N0-------- წერილით უარი განაცხადა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რადგან სამსახურის წერილი ჩათვალა საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტად, რომელზეც ადმინისტრაციული საჩივარი არ დაიშვება და ამავე დროს განემარტა მოსარჩელეს, რომ სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურები პირადობის მოწმობას გასცემენ მხოლოდ ელექტრონული ინფორმაციის მატარებლით, რომელთა მიერ არაელექტრონული პირადობის მოწმობა გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემა, მაგრამ არაფერია საუბარი იმაზე, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემა 10 წლის ვადით ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, უნდა განახორციელოს სააგენტომ ტერიტორიული სამსახურის მეშვეობით, რის გამოც მოპასუხის მიერ კი არ იქნა მისი განცხადება გადაგზავნილი შესაბამის სამსახურში, არამედ უარი ეთქვა არაელექტრონული პირადობის გაცემაზე, სხვა საფუძვლით.
შესაბამისად, იმის გამო, რომ არ სრულდება მოპასუხის მიერ კანონით დადგენილი ფუნქცია, კერძოდ ის, რომ სააგენტომ ტერიტორიული საამსახურების მეშვეობით გასცეს პირადობის მოწმობა 18 წელს მიღწეულ პირზე, 10 წლის ვადით, ხოლო სხვა რაიმე შემცვლელი დოკუმენტი პირადობის მოწმობის გაცემას არც კანონი ითვალისწინებს და არც ბუნებაში არსებობს, ამიტომ იძულებულია მომართოს სასამართლოს სარჩელით და მოითხოვოს მისთვის კონსტიტუციით აღიარებული და კანონით მინიჭებული უფლებების დაცვა - მიიღოს კანონით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა, ელექტრონული ინფორმაციის მატარებლის გარეშე, მოქმედების 10 წლიანი ვადით.
მოსარჩელე ე.ა------–---–მა სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ არაელექტრონული პირადობის მოწმობის ქონა მისი კონსტიტუციური უფლებაა და სააგენტო ვალდებულია გასცეს მის სახელზე აღნიშნული, 10 წლის ვადით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა. მითითებული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ,,საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - აგრეთვე აფხაზურ ენაზე. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა. აღნიშნული დანაწესით კანონი განსაზღვრავს, რომ სხვა შემთხვევებში ასეთი პირადობის მოწმობის აღება შეუძლებელია. ამდენად კანონმდებელი ადგენს, ორგვარი პირადობის არსებობის შესაძლებლობას. ამასთან, ერთის არსებობას აკონკრეტებს მხოლოდ გამონაკლისი შემთხვევებისთვის, რითაც ადგენს მეორის ანუ ელექტრონული პირადობის მოწმობის არსებობას ყველა სხვა შემთხვევისთვის. შესაბამისად, გაუგებარია რას ეყრდნობა მოსარჩელე, როდესაც აღნიშნავს, რომ სააგენტო არღვევს კანონს.
აღნიშნულს აწესებს კანონი და დღეს მოქმედი არც ერთი ნორმატიული აქტი არ იცნობს პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემის ისეთ საფუძველს, რომელსაც თეორიულად მაინც შესაძლებელია ეყრდნობოდეს მოსარჩელის მოთხოვნა. მოსარჩელის შემთხვევაში ობიექტურად არ არსებობს ისეთი საფუძველი, რომელიც შესაძლებელია განიხილებოდეს კანონის მიხედვით პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემისათვის დასაშვებ საფუძვლად.
,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მეორე პუნქტში მითითებული პირადობის მოწმობა, რომელიც 18 წლამდე პირზე გაიცემა 4 წლის ვადით, 18 წელს მიღწეულ პირზე - 10 წლის ვადით, ხოლო სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა, გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გაიცემა 6 თვემდე ვადით.
კანონის თანახმად, ყველა შემთხვევაში გაიცემა პირადობის მოწმობა ელექტრონული მატარებლის შემცველობით, შესაბამისად კანონის მე-14 მუხლის მეორე პუნქტში მითითებული პირადობის მოწმობა, რომელიც 18 წლამდე პირზე გაიცემა 4 წლის ვადით, 18 წელს მიღწეულ პირზე - 10 წლის ვადით, არის სწორედ პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით, ხოლო ექვსთვიანი ხანგრძლივობის პირადობის მოწმობა არის კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტში მითითებული პირადობის მოწმობა, რომელიც გაიცემა ობიექტურ მიზეზთა არსებობის შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემა. აღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია მოსარჩელე მხარის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ კანონი ითვალისწინებს ,,არაელექტრონული" პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობას იმავე ვადით, რაც დადგენილია პირადობის ელექტრონული მოწმობისთვის.
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 მაისის N98 ბრძანების 25-ე მუხლში მითითებულია ის ობიექტური მიზეზები, რომლის გამოც შეუძლებელია პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემა. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტოს უფლებამოსილმა ტეროტირიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება გასცენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით. აღნიშნული მუხლი ასევე ითვალისწინებს პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობას ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. კერძოდ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გაარეშე შეიძლება გასცენ შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით;
ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიული პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვა) შეუძლებელია დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისთვის ან/და დაინტერესებული პირისთვის.
გ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში - ასევე მშობელი, მშვილებელი);
დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში - ასევე მშობელი/მშვილებელი);
ე) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, იმყოფება პატიმრობის/ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში;
აღნიშნული ნორმების ანალიზი იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც სტანდარტული პირადობის მოწმობის გაცემა შეუძლებელია ობიექტურ მიზეზთა გამო, როგორც ამას აწესებს საქართველოს კანონი.
ამდენად, შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები ითვალისწინებს პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობას, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე მხოლოდ ბრძანების 25-ე მუხლში მითითებული ისეთი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, როდესაც ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია სტანდარტული პირადობის მოწმობის გაცემა (რაც გამოწვეულია იმ აუცილებლობით, რომ ობიექტურად შეუძლებელია სტანდარტული პირადობის მოწმობის გააცემისთის მონაცემების, მაგალითად ხელმოწერის მიღება ან მოწმობის მიწოდება განმცხადებლისთვის). განსახილველ საქმესთან მიმართებით კი სამართლებრივ აქტებში მითითებული არცერთი საფუძველი არ იკვეთება და მოსარჩელე ამას სადავოდ არ ხდის. ამდენად, გაურკვეველია რის საფუძველზე უნდა გასცეს სააგენტომ მოსარჩელის სახელზე პირადობის მოწმობა, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე, როდესაც არ იკვეთება ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 მაისის N98 ბრძანების 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,გ", ,,დ" და ,,ე" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებიდან რომელიმე და რატომ უნდა იმოქმედოს ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონშეუსაბამოდ, მით უფრო მაშინ, როდესაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
მნიშვნელოვანია აღინიშონოს ის გარემოებაც, რომ არა მოსარჩელის სუბიექტური დამოკიდებულება, პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების მიმართ, მას თავისუფლად შეეძლებოდა შესაბამისი საფუძვლების არსებობისას აეღო პირადობის ელექტრონული მოწმობა და განეხორციელებინა ის სამოქალაქო უფლებები, რომლის ვითომდა შეზღუდვაზეც საუბრობის მოსარჩელე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე არ ასაბუთებს, თუ რატომ არ იღებს პირადობის ელექტრონულ მოწმობას.
აღსანიშნავია, რომ პირადობის მოწმობის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემასთან დაკავშირებით მსგავს საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით (საქმე Nბს-389-389 (კ-18) და 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინებით (საქმე Nბს-1019 (კ-18) საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოცემული საკითხი განხილულ იქნა სახალხო დამცველის მხრიდან და ამ სამართლებრივი მექანიზმის ფარგლებში ვერ იქნა დადგენილი კონსტიტუციური უფლებების რაიმე სახის ხელყოფა და დისკრიმინაციის არსებობა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მითითებული ნორმების კონსტიტუციასთან შეუსაბამობის საკითხი დღემდე არ დადასტურებულა. შესაბამისად, მოსარჩელის ყველა არგუმენტი უსაფუძვლოა და სასამართლოს მიერ არ უნდა იქნეს გაზიარებული.
მოპასუხის წარმომადგენელი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით ეცნობა სხდომის თარიღის შესახებ, სხდომაზე არ გამოცხადდა.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. ე---------ე ა------–---–მა 2019 წლის 02 მაისს N9---- განცხადებით მიმართა სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემა, რაზეც უარი ეთქვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 2 მაისის № 5-------- გადაწყვეტილება.
3.2. ე---------ე ა------–---–მა 2019 წლის 13 მაისს ადმინისტრაციული საჩივრით №1----- მიმართა სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს"; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 20 მაისის №0-------- გადაწყვეტილებით ე.ა------–---–ს განემარტა, რომ ვინაიდან სააგენტოს გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 02 მაისის 5-------- წერილი არის ინფორმაციული ხასიათის, სააგენტოს არ შეუძლია განიხილოს 2019 წლის 13 მაისის N1----- წერილობითი მიმართვა, როგორც ადმინისტრაციული საჩივარი და იმსჯელოს მის გაუქმებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 20 მაისის №0-------- გადაწყვეტილება;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის მქონე პირადობის მოწმობის მიღებაზე, ხოლო კანონმდებლობით დაშვებულ იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც შესაძლებელია ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემა, მოსარჩელესთან მიმართებაში ადგილი არ აქვს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება
მოსარჩელის ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს, სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" და გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ ე---------ე ა------–---–ის სახელზე ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემა, 10 (ათი) წლის მოქმედების ვადით.
მოცემული დავის გადაწყვეტისათვის უნდა გაირკვეს, კანომდებლობით დაშვებულია თუ არა ამგვარი შესაძლებლობა.
,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანისა და მოქალაქის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტების შესაბამისად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, გარანტირებული აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება; ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო - უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.
ამავე კანონის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტისა და მე-12 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, რომელიც ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს.
ამავე კანონის მე-13 და მე-14 მუხლების 1-ლი ნაწილების, მე-14 მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას; საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - აგრეთვე აფხაზურ ენაზე; სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან, გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობა 2011 წლის ივლისიდან შემოვიდა და მათი სავალდებულო მოქმედების ძალა სწორედ ამ კანონით განისაზღვრა;
მოსარჩელის მითითებით, კანონი მას აძლევს საშუალებას, მიიღოს როგორც ელექტრონული, ასევე არაელექტრონული პირადობის მოწმობა მაშინ, როდესაც კანონქვემდებარე აქტი - იუსტიციის მინისტრის ბრძანება მხოლოდ ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის ვალდებულებას შეიცავს;
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ, კანონის მოქმედების პირობებში, მასზე არ უნდა გავრცელდეს პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების ვალდებულება, რამდენადაც სახელმწიფოს მიერ კანონში ასახული ალტერნატიული შეთავაზება იძლევა შესაძლებლობას, გააკეთონ არჩევანი არაელექტრონულ და ელექტრონულ პირადობის მოწმობას შორის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ, მითითებული საკანონმდებლო რეგულაციით, სავალდებულო სახით დაადგინა ელექტრონული პირადობის მოწმობის არსებობა, თუმცა გონივრული მიდგომის შედეგად განსაზღვრა, მოქალაქეების მიერ მათი აღებისა და გამოყენების დრო - იმ პირების მიმართ, რომლებსაც 2011 წლისათვის ჯერ კიდევ ჰქონდათ ძალაში მყოფი პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე, დაწესდა მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სავალდებულოობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ ამ კანონით მას ენიჭება არაელექტრონული პირადობის მოწმობების აღების უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობა განსაზღვრულია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.
ამავე დროს, მოცემული კანონით არ არის გათვალისწინებული, პირის სუბიექტური სურვილის პირობებში, არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რამდენადაც სახელმწიფო, გარკვეული სახის რეგულაციების დაწესებისას, ითვალისწინებს კაცობრიობის განვითარების ეტაპზე ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენების უპირატესობასა და აუცილებლობას, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობის სასარგებლოდ.
მითითებული კანონის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირადობისა და საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმებისა და გაცემის, უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
როგორც აღინიშნა, არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობა ზემოთ მითითებული კანონით გათვალისწინებულია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა, თუმცა ამგვარი ობიექტური გარემოებები ამ კანონით განსაზღვრული არ არის.
ამგვარი გარემოებების ჩამონათვალს შეიცავს ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ (დამტკიცებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის № 98 ბრძანებით), რომლის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილმა ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება გასცენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა). პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით; ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.) შეუძლებელია დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის; გ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); ე) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
დადგენილია და სადავო არაა, რომ მოსარჩელესთან მიმართებაში ამ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან არ არსებობს არც ერთი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ობიექტური, კანონით დადგენილი კონკრეტული მიზეზების ჩამონათვალს, რომელიც იძლევა შესაძლებლობას დროებით მოქმედების (6 თვის ვადით) ძალის მქონე არაელექტრონული პირადობის მოწმობა იქნეს აღებული, მოცემულია სწორედ სრულად 25-ე მუხლში.
მითითებული მუხლი ადგენს იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც მოქალაქეს ფიზიკური, ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობების, ბუნებრივი მოვლენებისა თუ სხვა, ამავე მუხლში მითითებული გარემოების გამო, არ შესწევს უნარი, მიიღოს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა; ესაა ისეთი შემთხვევები, როდესაც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის აუცილებლობა არსებობს, მაგრამ ობიექტურად არსებულ მიზეზთა გამო, შეუძლებელია ელექტრონული პირადობის მოწმობის დამზადება ან/და პირისათვის მიწოდება; ეს ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც შეუძლებელია იმ ინფორმაციის მიღება, რომელიც უნდა აისახოს პირადობის ელექტრონულ მოწმობაში; ასევე შესაძლებელია, არსებობდეს ვითარება, როდესაც შეუძლებელია დროის გარკვეულ პერიოდში დამზადებული პირადობის მოწმობის ადრესატისათვის მიწოდება; თუ არსებობს პირადობის მოწმობის გადაუდებელი საჭიროება და ობიექტურად არსებულ მიზეზთა გამო შეუძლებელია მისი შესაბამისი ტერიტორიული სამსახურებიდან მიწოდება, ,,წესის" 25-ე მუხლი იძლევა შესაძლებლობას, არ დარჩეს მოქალაქე ვინაობის დადასტურების შესაძლებლობის გარეშე, თუმცა ასეთ შემთხვევებში პირადობის მოწმობა გაიცემა შეზღუდული ვადით (არაუმეტეს 6 თვით).
აღნიშნულიდან გამომდინარე, ობიექტური გარემოება არ მოიცავს პირის სუბიექტურ განწყობას და სურვილს, არამედ იგი დამყარებულია კონკრეტულ გარემოებებზე.
ამასთან, იმავე სრულად 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით განმარტებულია, რომ, ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირადობის მოწმობა, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გაიცემა არა უმეტეს 6 თვის ვადით.
ასეთი საგამონაკლისო შემთხვევების გათვალისწინების აუცილებლობა გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებიდან, რომ მისი მოქალაქე არ დარჩეს სამართლებრივი ურთიერთობის მიღმა მისგან დამოუკიდებელი ან მისი ნების საწინააღმდეგოდ შექმნილი ვითარების გამო.
როგორც აღინიშნა, მოსარჩელე ითხოვს არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემას, 10 წლის ვადით, თუმცა მასთან მიმართებაში არც მოთხოვნის დროისათვის და არც დღეის მდგომარეობით სახეზე არ იყო 25-ე მუხლით დადგენილი რომელიმე ობიექტური გარემოება(ები), რაც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა შესაძლებლობას, მასზე გაეცა პირადობის მოწმობა, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.
სხვა შემთხვევებს, რომლებიც იძლევიან იმის დაშვების უფლებას, რომ გაცემული იქნეს არალექტრონული პირადობის მოწმობა, მოქმედი კანონმდებლობა არ ცნობს.
ამდენად, ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულობას იმ გამონაკლისების გთვალისწინებით, რაც თავად ამავე ნორმებში არის მითითებული.
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს.
იმავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ქმნის საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს ნორმატიულ აქტებს განეკუთვნება აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება.
ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მიხედვით, საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.
როგორც აღინიშნა, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ (ანუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი) მიღებულია საკანონმდებლო აქტის - ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მისი ამოქმედების შემდეგ და მის შესასრულებლად.
მოცემულ შემთხვევაში, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ავსებს იმ დებულებებს, რომელიც გათვალისწინებულია იერარქიულად ზემდგომი, დროში წინმსწრები საკანონმდებლო აქტით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონქვემდებარე აქტი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანება - წინააღმდეგობაში არ მოდის საკანონმდებლო აქტის ნორმებთან და ბრძანების გამოცემა გამოწვეული იყო შესაბამისი ურთიერთობის მოწესრიგების მიზნებიდან გამომდინარე.
ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას ნორმატიული აქტების იერარქიით დადგენილი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ურთიერთქმედებით სამართლებრივი განსაზღვრულობის დარღვევის შესახებ და მიაჩნია, რომ კანონი და მის შესასრულებლად გამოცემული ბრძანება არ მოდის ურთიერთწინააღმდეგობაში, ბრძანება ავსებს და აკონკრეტებს კანონის ცალკეულ დებულებებს და სადავო ურთიერთობაც განხილულია მითითებულ ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით.
,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 35-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი ვალდებულია, შეცვალოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევებში.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელესთან მიმართებაში სახეზე არ იყო არალექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული შემთხვევები, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი ნაწილისა და მე-14 მუხლის მე-10 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელეს შესასრულებლად სავალდებულოდ განესაზღვრათ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის აღება.
მოსარჩელეე არაელექტრონული პირადობის მოწმობების აღებას უკავშირებს მის სუბიექტურ ნებას, სურვლის არსებობას და ითხოვ კანონის ნორმების მისი ნების შესაბამისად განმარტებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონის განმარტებისას, სასამართლო ვერ დაეყრდნობა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას და სურვილს, თუნდაც მათი არგუმენტაცია დასაბუთებულობის მაღალი ხარისხის მქონეს წარმოადგენდეს; მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს კანონმდებლობიდან და იყოს ლეგიტიმური.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ გამომდინარეობს კანონის განმარტებიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ ვერ იქნება გაზიარებული არგუმენტაცია მათი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვისა და დარღვევის თაობაზე.
დავის გადაწყვეტის მიზნით გამოყენებელი ნორმატიული აქტების დებულებების გათვალისწინებით, არ იკვეთება დასაბუთებული წინაპირობა იმისა, რომ სასამართლომ უნდა დაავალდებულოს ადმინისტრაციული ორგანო, მოსარჩელეზე გასცეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა.
აღნიშნული ქმედების განხრციელების დავალდებულება წინააღმდეგობაში მოდის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებასთან, მატერიალურ სამართალთან და კანონის მიზნებთან.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ვერ წარმოადგინა იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას; შესაბამისად, არ არსებობს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ - სამართლებრივი საფუძვლები.
მოსარჩელეის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სახეზე არ არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი უარი მოქმედების განხორციელებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს და ამასთანავე, ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდეს მოსარჩელეის კანონიერ უფლებას ან ინტერესებს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
იმის გამო, რომ მოსარჩელეის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მოცემულ საქმეზე მის მიერ გადახდილი სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის ივნისის დროებითი გაჩინებით სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს” დაევალა, მოცემული დავის დასრულებამდე ე---------ე ა------–---–ი მიმართ გაეცა არაელექტრონული პირადობის მოწმობა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე მიღებული ეს განჩინება ძალას კარგავს მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 23-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ე---------ე ა------–---–ის სარჩელი სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" და სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ, 10 (ათი) წლის მოქმედების ვადით არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის შესახებ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. ე---------ე ა------–---–ს (პ.ნ 5----------) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟს გადახდა, 100 (ასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. განიმარტოს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის დროებითი გაჩინება, რომლითაც სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს” გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს დაევალა, მოცემული დავის დასრულებამდე ე---------ე ა------–---–ის მიმართ გაეცა არაელექტრონული პირადობის მოწმობა, ძალას კარგავს მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას.
4. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: ნინო გერგაული