გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.09.2019
საქმის ნომერი
330310019002949153
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
30.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310019002949153

საქმე №3--------

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელე - ვ-------------------------ა

წარმომადგენელი - რ------------–---ი

 

მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

წარმომადგენელი - მ----------–----

 

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - გ-----------------–-–---–-

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 დეკემბრის №------- ადმინისტრაციული აქტი;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 26 მარტის №------- ბრძანება.

 

1.3 დაევალოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის თანახმად, მოსარჩელეს უსასყიდლოდ გადაეცემა ბინა, მდებარე: გარდაბნის რაიონი, ვ------ის დასახლება, კორპ. №1--, ბინა 4-.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2. მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2017 წლის 06 დეკემბერს, ვ-------------------------ამ №110612/ფ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა გ------------------–-, ვ----------------–---------------------------–- მდებარე ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.

 

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 08 დეკემბრის №5/64510 წერილით, ვ-------------------------ას 2017 წლის 06 დეკემბრის განცხადება პოზიციის დასაფიქსირებლად გადაეგზავნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ვ-------------------------ას 2017 წლის 06 დეკემბრის №110612/ფ განცხადება (ს.ფ. 73-74).

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 08 დეკემბრის №5/64510 წერილი (ს.ფ. 165).

 

3.2. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2018 წლის 05 მარტის №MOD1-18-00218340 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების პრივატიზაციის წესი და პირობები დარეგულირებულია საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ დებულებით“. აღნიშნული დებულების შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ ბინებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცემს იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც ბინები დაკავებული აქვთ ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის საფუძველზე და შესაბამისად, თუ განმცხადებელს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ფართი, მდებარე: ვ----------------–---------------------------–-, დაკავებული აქვს დებულებით განსაზღვრული დოკუმენტის გარეშე, მას ფართი უსასყიდლოდ ვერ გადაეცემა.

 

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 06 მარტის №5/13133 წერილით, ვ-------------------------ას 2017 წლის 06 დეკემბრის განცხადების პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2018 წლის 05 მარტის წერილით წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით სააგენტოს მიზანშეწონილად არ მიაჩნდა (წინააღმდეგი იყო) დაეკმაყოფილებინა განცხადებაში დასმული საკითხი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2018 წლის 05 მარტის №MOD1-18-00218340 წერილი (ს.ფ. 167-168).

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 06 მარტის №5/13133 წერილი (ს.ფ. 159).

 

3.3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 დეკემბრის №------- წერილით, ვ-------------------------ას კვლავ ეცნობა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2018 წლის 05 მარტის №MOD1-18-00218340 წერილით წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით სააგენტოს მიზანშეწონილად არ მიაჩნდა (წინააღმდეგი იყო) დაეკმაყოფილებინა განცხადებაში დასმული საკითხი და რომ განმცხადებელს ამის შესახებ ეცნობა 2018 წლის 06 მარტის №5/13133 წერილით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 დეკემბრის №------- აქტი (ს.ფ. 19).

 

3.4. 2019 წლის 09 იანვარს ვ-------------------------ამ №233/21 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა 2018 წლის 10 დეკემბრის №------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (წერილი) ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა, რომლის თანახმად უსასყიდლოდ გადაეცემა გ------------------–--------------------–----------–---------------------

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 26 მარტის №------- ბრძანებით ვ-------------------------ას 2019 წლის 09 იანვრის №233/21 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 10 დეკემბრის №------- ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ვ-------------------------ას 2019 წლის 09 იანვრის №223/21 ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 110-113);

- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 26 მარტის №------- ბრძანება (ს.ფ. 25-26).

 

3.5. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2019 წლის 13 მარტის წერილით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეცნობა, რომ ვ---------------------------------------------------- ირიცხება თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე, საბინაო ფონდში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2019 წლის 13 მარტის №MOD 0 19 00254032 წერილი (ს.ფ. 72).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, რის გამოც ვ-------------------------ას სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილება ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი“, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულება ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ დებულება“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სარცელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 დეკემბრის №------- ადმინისტრაციული აქტი (წერილი) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 26 მარტის №------- ბრძანება ვ-------------------------ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, წარმოადგენენ რა ადმინისტრაციულ აქტებს, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ასევე უნდა სეაფასოს გამომდინარეობს თუ არა მისი

 

6.2. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ვ-------------------------ას ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 დეკემბრის №------- ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2018 წლის 05 მარტის წერილით წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით სააგენტომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია (წინააღმდეგი იყო) დაეკმაყოფილებინა განმცხადებლის მოთხოვნა.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული სამსახურებრივი დანიშნულების არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის სპეციალური წინაპირობები რეგულირდება შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

მითითებული წესის მე-3 მუხლის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო – მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, ამ წესის მიზნებისათვის – შესაბამისი რაიონის გამგებელი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, ამ წესისა და აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ დებულების“ პირველი მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმადაც ეს დებულება აწესრიგებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის (შემდეგში - ბინები) საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამავე დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ბინების უსასყიდლოდ გადაცემის სუბიექტი - ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო.

 

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სადავო არ არის ის გარემოება, რ---------------------–---------------–-------------------------–---- თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე, საბინაო ფონდში, საფუძვლიანია მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, რომ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც ადმინისტრაციული კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებით განსაზღვრული უძრავი ქონების უსასყიდლოდ განკარგვაზე და რომ ასეთ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს გარდაბნის მუნიციპალიტეტი.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ განკარგვას, სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული საკითხი მოწესრიგებულია ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელი მე-63 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, ხოლო საკითხს ამზადებს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. სახელმწიფო ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში შეიძლება გადაეცეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს - დევნილებს, ვიქტორია კრივოლოსოვა კი არ წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირს და შესაბამისად მასზე ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-63 მუხლის დანაწესი ვერ გავრცელდება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო არ იყო უფლებამოსილი ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დაეკმაყოფილებინა ვ-------------------------ას მოთხოვნა გ------------------–-, ვ----------------–---------------------------–- მდებარე ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 დეკემბრის №------- ადმინისტრაციული აქტი კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

6.3. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 26 მარტის №------- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ვ-------------------------ას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სასამართლო მიუთითებს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად, ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, რის გამოც არ არსებობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 26 მარტის №------- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

6.4. ამდენად, წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტებისა და გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ-------------------------ას მოთხოვნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, ვ-------------------------ას მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ვ-------------------------ას სარჩელი, არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ვ-------------------------ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.

 

მოსამართლე ლეილა გოგიშვილი