გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 2/21749-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
მოსარჩელე - შპს „ე-–-“
წარმომადგენელი - ი-------------
მოპასუხე - შ--------–-–-------------–---------–-------–--- - ს-----------------–--------------------------ი
წარმომადგენელი - თ-----------–---–----------–---–-
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შ--------–-–-------------–---------–-------–--- - ს-----------------–--------------------------ს შპს „ე-–-“-ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 45900 ლარის დაკისრება.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეებს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ე-–-“-ის მოპასუხისთვის უნდა მიეწოდებინა ს--------- აღჭურვილობა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 135 000 ლარით, ხოლო შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღე. მოსარჩელემ საქონლის მიწოდება განახორციელა 2019 წლის 24 მაისს. ვინაიდან ერთ-ერთ პროდუქციაზე არ იყო დატანილი წარმოშობის ქვეყნისა და მწარმოებელი კომპანიის დასახელება, შპს „ე-–-“-მა შემსყიდველს 2019 წლის 20 ივნისს წარუდგინა საბაჟო დეკლარაცია, სადაც დაფიქსირებული იყო გამომგზავნი ორგანიზაცია და ქვეყნის დასახელებები, ასევე მწარმოებელი კომპანიის წერილი. შემსყიდელის მიერ მოწვეული სპეციალისტის მიერ განხორციელდა წარდგენილი პროდუქციის ტექნიკური მონაცემების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტექნიკურ მახასიათებლებთან შედარება და დადგინდა, რომ საქონელი აკმაყოფილებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. შემსყიდველის მიერ მონიტორინგის ინსპექტირების ჯგუფის 2019 წლის 29 ივნისის აქტით დადგინდა, რომ საქონელი არის მიწოდებული და გაფორმდეს საქონლის მიღება-ჩაბარების აქტი. მიუხედავად იმისა, რომ საქონელი მიღებულ იქნა 2019 წლის 26 ივნისიდან, შემსყიდველი უმიზეზოდ თავს არიდებდა მიღება-ჩაბარების აქტზე ხელის მოწერას, რათა გაეჭიანურებინა შესყიდვის საფასურის გადახდა. მხოლოდ 2019 წლის 30 ივლისს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო თანხის გადახდა 2019 წლის 13 აგვისტოს განხორციელდა.
ვინაიდან ხელშეკრულების თანახმად, ანაზღაურება უნდა განხორციელდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების, ანაზღაურებისთვის სათანადო დოკუმენტაციის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისა და შემსყიდველთან წარდგენის შემდეგ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, თანხა მოპასუხეს 2019 წლის 10 ივლისამდე უნდა აენაზღაურებინა, ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრება 10 ივლისიდან 2019 წლის 13 აგვისტომდე უნდა განხორციელდეს (34 დღეზე), რაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 1350 ლარს, ჯამში - 45900 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წერილობითი წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
პროდუქციის მიწოდება მოსარჩელემ 2019 წლის 19 მაისის ნაცვლად 24 მაისს განახორციელა. ამასთან ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგის მიზნით შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის მიერ შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ გარკვეულ პროდუქციაზე ვერ ხერხდებოდა მწარმოებელი კომპანიისა და წარმოშობის ქვეყნის იდენტიფიცირება, რის გამოც ვერ მოხდა საქონლის მიღება-ჩაბარება და მიმწოდებელს ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა გონივრული ვადა მოსარჩელემ ივნისის თვეში წარმოადგინა საბაჟო დეკლარაცია. დოკუმენტის წარდგენის შემდეგ საჭირო გახდა, რომ საკითხი განეხილა ინსპექტირების ჯგუფს. 2019 წლის 26 ივნისს გაიმართა ინსპექტირების ჯგუფის სხდომა, სადაც დადგინდა, რომ ობიექტი აკმაყოფილებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს.
2019 წლის 30 ივლისს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი და 2019 წლის 9 აგვისტოს, ს-----------------–--------------------------ის საფინანსო უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს შემდგომი რეაგირებისათვის შესასრულებლად დაეწერა დოკუმენტაცია. ვინაიდან მიმწოდებელთან ანგარიშსწორება მიღება-ჩაბარების აქტის, ლიჯისტიკის დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოში წარდგენის შემდგომ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, საფინანსო სამმართველომ იხელმძღვანელა კანონმდებლობის და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და საქონლის ღირებულება 135 000 ლარი 2019 წლის 9 აგვისტოს გადარიცხა.
ამდენად, უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, ვინაიდან ს-----------------–--------------------------ის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ დარღვეულა, კერძოდ ანგარიშსწორება განხორციელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 10 სამუშაო დღის ვადაში.
მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მიმართებით სასამარლოს უნდა გაეზიარებინა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული არსებული სასამართლო პრაქტიკა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქართველოს შ------------------------------------–-–-------------–---------–-------–--- - ს-----------------–--------------------------ს (შემსყიდველს) და შპს „ე-–-“-ს (მიმწოდებელს) შორის 2019 წლის 20 მარტს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ს--------- აღჭურვილობის შესყიდვა (ბ-----------------------------–--–-----------------------ს).
ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 135 000 ლარით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა - მისი გაფორმებიდან 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2--------- წლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №--;
3.1.2. მიმწოდებელს შესყიდვის ობიექტის უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში. მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება განეხორციელებინა უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო შესყიდვის ობიექტის მიწოდება, მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტების, წესებისა და მოთხოვნების დაცვით.
მიწოდებული საქონლის ტექნიკური მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს ხელშეკრულების დანართ N1-ში მითითებულ მაჩვენებლებს და ხარისხი - დადგენილ სტანდარტებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2--------- წლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №--;
- დანართი №1
3.1.3. ხელშეკრულებით მხარეებმა დაადგინეს შესყიდვის ობიექტის მიღების წესი: მიღება/ჩაბარება განხორციელდება ეტაპობრივად, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით. ხოლო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ შემსყიდველი ახდენს ანგარიშსწორებას ეტაპობრივად, ანაზღაურებისთვის სათანადო დოკუმენტაციის შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერისა და ს-----------------–--------------------------ის საფინანსო უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოში წარდგენის შემდეგ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2--------- წლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №--;
3.1.4. ხელშეკრულება ითვალისწინებდა ერთი ან მეორე მხარის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრების პირობას, კერძოდ:
ა) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე, ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით;
ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელი უფლებამოსილია შემსყიდველს დააკისროს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიმწოდებლისათვის ჩასარიცხი თანხის 1%-ის ოდენობით
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2--------- წლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №--;
3.1.5. შესყიდვის ობიექტის მიწოდება შპს „ე-–-“-მა 2019 წლის 20 მაისის ნაცვლად 2019 წლის 24 მაისს განახორციელა. აღნიშნული ს-----------------–--------------------------მა მიიჩნია ვადის გადაცილებად და შპს „ე-–-“-ს მოსთხოვა ვადაგადაცილების პირგასამტეხლოს ანაზღაურება.
პირგასამტეხლო შპს „ე-–-“-ის მიერ ანაზღაურებულია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ინსპექტირების ჯგუფის 26.06.2019 წლის აქტი №4;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.6. მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი 2019 წლის 30 ივლისს გაფორმდა. თანხის ანაზღაურება ს-----------------–--------------------------მა ორ ეტაპად განახორციელა, გადარიცხა 35000 ლარი და 100 000 ლარი. თანხის გადარიცხვაზე მოთხოვნა შემსყიდველისგან სახელმწიფო ხაზინაში გაიგზავნა 2019 წლის 9 აგვისტოს, ხოლო თანხა შპს „ე-–-“-ის ანგარიშზე 2019 წლის 13 აგვისტოს ჩაირიცხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 30.07.2019 წლის მიღება-ჩაბარების აქტი;
- საგადახდო მოთხოვნები;
- საგადახდო დავალებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს მოპასუხის მხრიდან ადგილი აქვს ანგარიშსწორების ვადის გადაცილებას.
სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით შემსყიდველ ორგანიზაციაში შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის მიერ 2019 წლის 26 ივნისს შედგა აქტი N4, საიდანაც ირკვევა, რომ შპს „ე-–-“-მა შესყიდვის ობიექტი სრულად მიაწოდა, მიწოდება ვადაგადაცილებით, 2019 წლის 24 მაისს განხორციელდა. ამასთან, საქონლის მიღება-ჩაბარების პროცესში აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ პოზიციაზე (200 ცალი ს----–----------------------) არ იყო დატანილი წარმოშობის ქვეყნისა და მწარმოებელი კომპანიის დასახელება. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმწოდებელმა წარადგინა საბაჟო დეკლარაცია, საიდანაც დადგინდა გამომგზავნი ორგანიზაციისა და ქვეყნის დასახელებები, ასევე წარადგინა მწარმოებელი კომპანიის წერილი. გარდა ამისა, მოწვეულმა პირმა აღნიშნა, რომ შეადარა ხსენებული სახელოს გადასაჭერი ქანჩების სხვა ტექნიკური მონაცემები ხელშეკრულების ტექნიკურ მახასიათებლებს და დადგინდა, რომ მიწოდებული საქონელი აკმაყოფილების ხელშეკრულების პირობებს.
აღნიშული პოზიციის გათვალისწინებით ინსპექტირების ჯგუფმა გასცა დადებითი რეკომენდაცია შპს „ე-–-“-სთან მიწოდებული საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თაობაზე.
დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მიღება-ჩაბარების აქტი 2019 წლის 30 ივლისს გაფორმდა. ამდენად, მიუხედავად მონიტორინგის მიზნით სააგენტოს მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის დადებითი პოზიციისა, მიღება-ჩაბარების აქტი არა 2019 წლის 26 ივნისს, არამედ 2019 წლის 30 ივლისს გაფორმდა, ხოლო ანაზღაურება სააგენტომ 2019 წლის 13 აგვისტოს განახორციელა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიღება-ჩაბარების აქტი;
- ინსპექტირების ჯგუფის აქტი N4.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ე-–-“-ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებას, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადაგადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდებოდა ეტაპობრივად, ფაქტობრივად მიწოდებულ საქონელზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების, ასევე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისა და შ--------–-–-------------–---------–-------–----ს-----------------–--------------------------ის საფინანსო უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოში წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
მიუხედავად ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის დადებითი რეკომენდაციისა, შპს „ე-–-“-სთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თაობაზე, შემსყიდველმა მიღება-ჩაბარების აქტი 34 დღის დაგვიანებით, 2019 წლის 30 ივლისს გააფორმა, შესაბამისად, ანგარიშსწორებაც ვადაგადაცილებით განხორციელდა. აღნიშნული გარემოება კი პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნას საფუძვლიანს ხდის, სახეზეა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 8.6. პუნქტის გამოყენების წინაპირობა, რომლის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელი უფლებამოსილია შემსყიდველს დააკისროს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიმწოდებლისათვის ჩასარიცხი თანხის 1%-ის ოდენობით.
5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო –მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა (29.12.2016. N 239 ამოქმედდეს 2017 წლის 15 იანვრიდან) (ამ ნორმის მოქმედება არ გავრცელდეს მის ამოქმედებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე).
სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ ანგარიშსწორების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებაზე, რაც შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჩასარიცხი თანხის 1%-ს. კონკრეტულ შემთხვევაში მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებული უნდა ყოფილიყო 2019 წლის 26 ივნისს, ხოლო ანაზღაურება ხელშეკრულების შესაბამისად უნდა მომხდარიყო 10 სამუშაო დღის განმავლობაში, შესაბამისად, 2019 წლის 10 ივლისამდე. ანაზღაურება შ--------–-–-------------–---------–-------–----ს-----------------–--------------------------მა 34 დღის ვადაგადაცილებით, 2019 წლის 13 აგვისტოს განხორციელა. შესაბამისად, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ დღეებზე შეადგენს 34 დღეX1350ლარი=45900 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მიუხედავად იმისა, რომ მხარეები ნების თავისუფლების ფარგლებში თავად განსაზღვრავენ პირგასამტეხლოს ოდენობას, სასამართლო კანონის საფუძველზე უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში კონკრეტულ გარემოებებს კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული უნდა იყოს.
აღნიშნული მსჯელობის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მთლიანი სახელშეკრულებო თანხის 1%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება შეუსაბამოდ მაღალია და იგი 10-ჯერ უნდა შემცირდეს. შესაბამისად, მოპასუხე შპს „ე-–-“-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 4590 ლარის გადახდა.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ს-----------------–--------------------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 50 ლარი, ხოლო დარჩენილი 1293,3 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე შპს „ე-–-“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე შ--------–-–-------------–---------–-------–--- - ს-----------------–--------------------------ს შპს „ე-–-“-ის სასარგებლოდ, 2019 წლის 2---------- მხარეებს შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის N-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ვადის გადაცილებისთვის დაეკისროს, პირგასამტეხლოს გადახდა 4590 ლარის ოდენობით.
3. მოპასუხე შ--------–-–-------------–---------–-------–--- - ს-----------------–--------------------------ს შპს „ე-–-“-ის სასარგებლოდ, დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 50 ლარის გადახდა;
4. მოსარჩელე შპს „ე-–-‘’-ს მიერ სარჩელის აღძვრისას წინასწარ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 1293.3 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე