გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210018002304439
საქმე №462-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19.11.2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი პაატა ბობოხიძე
მოსარჩელე - გ------ი ფ-------ე;
წარმომადგენელი - რ--------- ხ----–--–--ა;
მოპასუხე - ლ--- გ--------ე;
წარმომადგენელი - ი--ა გ--------ე;
დავის საგანი: ქორწინების შეწყვეტა;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მხარეებს შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მომართა გ------ი ფ-------ემ და მიუთითა, რომ 2009 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე ლ--- გ--------ესთან, ჰყავთ ორი შვილი, ი-----–ი და ა-------- ფ-------ე. 2017 წლიდან ქორწინება მათ შორის ფაქტობრივად შეწყვეტილია, შექმნა ახალი ოჯახი და ელოდება შვილს. ლ--- გ--------ემ უსაფუძვლოდ დაადანაშაულა ოჯახურ ძალადობაში, რის გამოც ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის განხილვა, ასევე დაწყებულია ქონებრივი დავაც. მათი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, რის გამოც თხოვს ქორწინების რეგისტრაციის შეწყვეტას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ლ--- გ--------ემ არც შესაგებელში და არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო, მისი განმარტებით, მესამე პირის ჩარევით მის ოჯახურ ცხოვრებას შეექმნა პრობლემები, მიუხედავად ამისა, შვილებთან ერთად ელოდება მეუღლის სახლში დაბრუნებას და ამის დიდი იმედი აქვს. ითხოვს სასამართლომ განსაზღვროს შერიგების ვადა, რადგან დარწმუნებლია, რომ მოსარჩელე შეიცვლის აზრს და შეინარჩუნებს ოჯახს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ამჟამად მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);
3.1.2. ლ--- გ--------ე და გ------ი ფ-------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2009 წლის 11 თებერვლიდან. 2009 წლის 14 მარტს შეეძინათ შვილი ი-----–ი ფ-------ე, 2012 წლის 10 აპრილს კი ა-------- ფ-------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 15).
-დაბადების მოწმობები (ს.ფ.16-17)
3.1.3. დადგენილია, რომ გ------ი ფ-------ეს არარეგისტრირებული ქორწინებიდან 2018 წლის 18 აგვისტოს შეეძინა შვილი მ-–-- ფ-------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-დაბადების მოწმობა (ს.ფ86-87)
3.2. საქმესთან დაკავშირებით ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ გამხდარა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ვინაიდან არსებობს მხარეებს შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1112-ე, 1127-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის ,,გ'' ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. ამავე კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე არ ეთანხმება ქორწინების რეგისტრაციის შეწყვეტას და ითხოვს შერიგების ვადას, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან სარჩელი სასამართლოში შემოტანილია 2018 წლის 14 თებერვალს, შესაგებელი 2018 წლის 06 მარტს, შესაბამისად, გასულია ერთ წელზე მეტი, მიუხედვად ამისა, გ------ი ფ-------ის პოზიცია არ შეცვლილა და იგი დაჟინებით ითხოვს განქორწინებას. ამასთან, შექმნილი აქვს ახალი ოჯახი და ჰყავს შვილიც, 2018 წლის 18 აგვისტოს დაბადებული მ-–-- ფ-------ე. ასეთ ვითარებაში, მოპასუხე მხარემ ვერ დაასაბუთა, შერიგების ვადის განსაზღვრის შემთხვევაშიც, მოსარჩელესთან ოჯახური ცხოვრების აღდგენის რა პერსპექტივა არსებობს. ამდენად, ვინაიდან ოჯახი ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, მოსარჩელეს არ სურს ამ კავშირის შენარჩუნება და სასამართლოც ვერ ხედავს მხარეთა ერთად ცხოვრების და ოჯახის შენარჩუნების შესაძლებლობას, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 50 ლარი, რომლის გადახდაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 248-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ------ი ფ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს გ------ი ფ-------ეს და ლ--- გ--------ეს შორის სსგს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ მიერ 2009 წლის 11 თებერვალს №----------- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება.
3. ლ--- გ--------ეს გ------ი ფ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 ლარი.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე