განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/2096-19
#------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი
სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ----–-----------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - თ---------------------------–-- - საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაბადებული 1----–-–------------------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ-------–-------------------–-, ფაქტობრივად მცხოვრები: ზ--------–-----–------------------–-
ადვოკატი - მ----------------
თარჯიმნები - მ----------–-----, ი-------------, ხ----------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი;
ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენით ქურდობისთვის ნასამართლევმა თ-----------------–-ა 2019 წლის 06 აპრილს, დაახლოებით 15:20 საათზე თბილისში, წ-------–-----------ის N----- მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავ N-- საქალაქო ავტობუსში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თ-------------–--ის ხელჩანთიდან ფარულად დაეუფლა 30 ლარად ღირებულ საფულეს, რომელშიც მოთავსებული იყო ფულადი თანხა 5 ლარის ოდენობით. თ-----------------–-ას დანაშაულებრივი ქმედებით თ-------------–--ს მიადგა 35 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.
სასამართლომ დაადგინა:
თ-----------------–-ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარისი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდებულ თ-----------------–-ას მხრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის თ-------------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 6 აპრილს სამსახურიდან ბრუნდებოდა შინ, „წერეთლის მეტროსთან“ ავიდა ავტობუსში, სადაც იმდენი ხალხი იყო, რომ შეუძლებელი იყო მოძრაობა. 2-3 გაჩერების შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა ზოგადად თქვა ჩანთები შეემოწმებინათ, ჰქონდათ თუ არა შიგნით საფულე, უშუალოდ მისთვის არ მიუმართავს. შეამოწმა თავისი ზურგჩანთა, რომელიც გადაკიდებული ჰქონდა მარცხენა მხარეს. ჩანთა აღმოჩნდა გახსნილი და შიგნით აღარ ედო საფულე. შემდეგ პოლიციელის მითითებით ჩამოვიდა ავტობუსიდან და დაინახა, რომ იქვე დააკავეს ბრალდებული. ავტობუსის უკანა ნაწილში იდგა ფეხზე, ვინაიდან იყო ბევრი ხალხი. მანამდე რაიმე საეჭვო არ შეუმჩნევია. ზოგადად ჩანთას საკეტი ეხსნებოდა ხოლმე და შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე შეამოწმა, ჩანთა გახსნილი იყო და შეკრა, ამის შემდეგ ყურადღება აღარ მიუქცევია. ავტობუსიდან რომ ჩამოვიდა, გაჩერებიდან დაახლოებით 3-4 მეტრში დაინახა, რომ მისი საფულე ეგდო ძირს. საფულიდან დაახლოებით ათ მეტრში იყო ბრალდებული, რომელიც უკვე დაკავებული ჰყავდა პოლიციას. თ-----------------–-ასთან ერთი პოლიციელი იდგა თავდაპირველად, მალევე მივიდნენ სხვა პოლიციელებიც. როგორც ახსოვს, მის წამოყვანამდე, ბრალდებული ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. შემდეგ ეს საფულე ამოიცნო პოლიციის განყოფილებაში. მისთვის წარდგენილი დანარჩენი საფულეები იყო სტანდარტული, ხოლო მის საფულეს პეპლები და ჭიამაიები ჰქონდა. საფულეში ედო ხუთლარიანი კუპიურა და მართვის მოწმობა. თავად საფულის ღირებულება დაახლოებით 30 ლარი იყო.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ----------------- ჩვენების თანახმად, 2019 წლის 6 აპრილს სადგურიდან დიღმის მიმართულებით მიდიოდა N-- ავტობუსით. ერთ-ერთ გაჩერებაზე ხალხი რომ ჩავიდა, ერთმა პირმა - პოლიციელმა დაიძახა ხომ არავის არაფერი ამოგაცალესო და ჩავიდა. თავად უკანა კარში იდგა. ამ დროს გოგონამ დაიყვირა მე ამომაცალეს საფულეო. ეს გოგონა პოლიციელის შემდეგ ჩავიდა ავტობუსიდან. ახალგაზრდა მამაკაცი ორ-სამ მეტრში პიროვნებას მისდევდა და შეჩერება მოსთხოვა. თავად გადაწყვიტა, რომ დახმარებოდა, რადგან დამნაშავეს არ გადაეგდო სადმე ან არ გაენადგურებინა მოპარული ნივთი. მის შემდეგ დაზარალებული ჩავიდა ავტობუსიდან. მისი ჩამოსვლისას ბრალდებული უკვე დაკავებული ჰყავდათ. მამაკაცმა გაჩერებიდან დაახლოებით 4-5 მეტრში დააკავა აღნიშნული პიროვნება. დაკავებულს ხელში დაუნახა საფულე. მან დაზარალებულს უთხრა, რომ არ შეშინებოდა, მისი საფულე იქ იყო. სხვა პოლიციელებიც მოვიდნენ მანქანებით. ახსოვს, რომ საფულეს რაღაც ჰქონდა დაკრული ზემოდან, საფულის ფერი არ ახსოვს. სანამ პოლიციის განყოფილებაში წავიდოდა, მანამდე გაიგო, რომ დაკავებულს თარჯიმანი სჭირდებოდა, თარჯიმანი იყო თუ არა იქ, არ ახსოვს. მოწმემ განმარტა, რომ საფულე ბრალდებულს შეიძლება დააგდებინეს ან დაუვარდა, შემდეგ განმარტა, რომ ძირს დაგდებული საფულე არ უნახავს და ნახა ბრალდებულის ხელში. მოწმის განმარტებით, მას თავადაც ამოაცალეს საფულე, რა დროსაც დაკარგა საჭირო საბუთები. ვინაიდან დაზარალებული გოგონა იყო, შეეცოდა და სურდა მას დახმარებოდა. იგი პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს პოლიციის მანქანით დაზარალებულთან ერთად. მოწმემ განმარტა, რომ მან გაიგონა, რომ პოლიციელებმა უთხრეს დაზარალებულს შენი საფულე აიღეო.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ-----------------–-–---–ის ჩვენების თანახმად ირკვევა, რომ მუშაობს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების ოპერატიული ს-----------–-------------------–---–-. 2019 წლის 6 აპრილს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, მოძრაობდა N-- ყვითელი ავტობუსით, რომელშიც ბევრი ხალხი იყო. მგზავრობისას დაინახა, რომ ხანში შესული მამაკაცი, რომელიც იდგა ქალბატონთან, საეჭვოდ იყურებოდა. წერეთლის გ--------- ნომრის მიმდებარედ, სანამ ავტობუსი გაჩერდებოდა, დაინახა, რომ ამ მამაკაცმა ქალბატონს ამოაცალა რუხი ფერის საფულე. ამ დროს ავტობუსიც გაჩერდა და მამაკაცი კარისკენ წავიდა ჩასასვლელად. მან დაურეკა თანამშრომელს ლ-–------------–---–ს, რადგან იცოდა, რომ გ-------------------თან ერთად წ-------–-----------ის ტერიტორიაზე მოძრაობდა და დახმარება სთხოვა. პარალელურად გოგონას მიუახლოვდა, უთხრა, რომ ჩანთა ენახა, რადგან საფულე ამოაცალეს. პოლიციელები წამებში მივიდნენ. ავტობუსიდან ჩამოსვლის შემდეგ დაუძახა ბრალდებულს, მანამდე ვერ დაუძახებდა, რადგან ბევრი ხალხი იყო. კარი რომ გაიღო, უცბად ვერ გადალახავდა წინააღმდეგობას და ვერ დააკავებდა ბრალდებულს. მან და ლ-–------------–---–მა დააკავეს ბრალდებული, რომელსაც აუხსნეს რატომ აკავებდნენ. ბრალდებულის პირადი ჩრეკისას მისი მარცხენა ხელიდან ამოიღო რუხი ფერის საფულე. მანძილი დაზარალებულსა და მათ შორის დაახლოებით ორ-სამ მეტრამდე იქნებოდა. შესაბამისად, დაზარალებული დაინახავდა მათ მიერ ჩატარებულ ყველა პროცედურას. დაზარალებულთან დარჩა გ------------------. დაკავების ოქმი ადგილზე შეადგინა. როგორც ბრალდებულმა უთხრა, ქართულად წერა-კითხვა არ იცოდა, დაურეკეს თარჯიმანს, რომელიც წერეთელის გამზირზე ცხოვრობდა და მალევე მივიდა დაკავების ადგილას. საფულე, მასში მოთავსებული ხუთი ლარი, მართვის მოწმობა, ასევე ბრალდებულის საფულე დალუქეს ორ პაკეტად. შემდეგ ბრალდებული გადაიყვანეს ქალაქის მთავარ სამმართველოში.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ-–------------–---–ის ჩვენების თანახმად ირკვევა, რომ მუშაობს საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში დეტექტივის თანამდებობაზე. 2019 წლის 6 აპრილს იმყოფებოდა წ-------–-----------ზე და გ-------------------თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც დაურეკა კოლეგამ, რომელმაც სთხოვა მისულიყო წერეთლის გ-------------------- მდებარე ავტობუსების გაჩერებასთან და დახმარებოდა. ვინაიდან იმ ადგილთან ახლოს იმყოფებოდნენ, მალევე მივიდა მითითებულ ადგილას. ადგილზე მისვლისას დაინახა, რომ N-- ავტობუსი იყო გაჩერებული, რომლიდანაც ჩამოდიოდნენ მგზავრები. მისმა თანამშრომელმა გ-----------------–-–---–მა თვალით და ხელით მიანიშნა შუა ხნის მამაკაცზე, რომელიც უკვე ჩამოსული იყო ავტობუსიდან და მიდიოდა. მან და გ-----------------–-–---–მა დააკავეს ბრლდებული. გ-------- განუმარტა მას უფლება-მოვალეობები. პირადი ჩხრეკისას ბრალდებულის მარცხენა ხელიდან ამოიღეს დაზარალებულის საფულე, რომელიც იყო რუხი ფერის, მასში მოთავსებული იყო თანხა ხუთი ლარის ოდენობით და მართვის მოწმობა. დაზარალებული ამ დროს მის კოლეგასთან - გ-------------------თან იმყოფებოდა. მისი კოლეგა გ-----------------–-–---–ი ქურდობისას იმყოფებოდა ავტობუსში, შემდეგ ბრალდებული ჩამოვიდა და აპირებდა მიმალვას. დაკავების შემდეგ ბრალდებულმა განაცხადა, რომ წერა არ შეეძლო ქართულად და მოიყვანეს თარჯიმანი, რომელიც იქვე წერეთელის გამზირზე ცხოვრობდა. დაკავებისა და ჩხრეკის ოქმი გააცნეს ბრალდებულს, რომელმაც ხელი არ მოაწერა ოქმს, თუმცა რაიმე შენიშვნა ან განცხადება არ განუცხადებია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ--------------- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო ს-----------–-------------------–---–-. თ-----------------–-ას მიერ საფულის ქურდობის ფაქტზე, როგორც ახსოვს, დამკავებელი პირის - დეტქეტივ გ-----------------–-–---–ის პატაკის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. პატაკს ერთვოდა პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმი. მან გამოკითხა მოწმეები, აიღო ნიმუშები და ბრალდებულს წარუდგინა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ. თ-----------------–-ას განცხადების საფუძველზე, შევიდა პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატთან და თარჯიმანთან ერთად, რა დროსაც გამოკითხა ბრალდებული აღნიშნული გარემოებების ირგვლივ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ს----------–---–---- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამომძიაბლის პოზიციაზე. მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გამოკითხული ჰყავს დაზარალებული, გახსნილი და დათვალიერებული აქვს ნივთმტკიცება, ჩატარებული აქვს ამოცნობა, რა დროსაც დაზარალებულმა წარდგენილი ოთხი საფულიდან ინდივიდუალური ნიშნებით ამოიცნო მისი კუთვნილი საფულე. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა თ-----------------–-ამ განმარტა, რომ 2019 წლის 6 აპრილს მგზავრობდა N-- ავტობუსით. ორი გაჩერების შემდეგ ცუდად გახდა, რადგან ბევრი ხალხი იყო ავტობუსში, ჩამოვიდა ავტობუსიდან, დაახლოებით 50 მეტრი გაიარა, რა დროსაც კაცი უყვიროდა გაჩერდიო, აგინებდა და ეუბნებოდა, რომ მან მოიპარა საფულე. ქამრით დაიჭირა და თან სადღაც რეკავდა. დაახლოებით 20-30 წუთის შემდეგ მივიდნენ სხვა პოლიციელები, ასევე თარჯიმანი მოიყვანეს, თუმცა არ იცოდნენ, რომ თარჯიმანი სჭირდებოდა. ამ პერიოდში დაზარალებულიც იქვე იდგა. მოქალაქეები მივიდნენ და უთხრეს პოლიციის თანამშრომელს, რას ურტყამთ ამ ბებერ კაცსო, რაზეც ერთ-ერთმა უპასუხა „გადი, თორემ თქვენც დაგიჭერთო“. მას ხელში არავის საფულე არ ჰქონია, ჰქონდა მხოლოდ თავის საფულე. დაზარალებული წავიდა, ასფალტზე დაგდებული საფულის აღება უნდოდა, თუმცა პოლიციელმა დაუძახა, არ მოკიდო ხელიო. შემდეგ მანქანაში ჩასვეს თარჯიმანთან ერთად და წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც მიიყვანეს ადვოკატიც. პოლიციის განყოფილებაში ამოიღეს მისი ნივთები. იქვე შეიტანეს დაზარალებულის საფულე და დადეს მის ნივთებთან ერთად. მან ხელი არაფერზე მოაწერა. დაკავების ოქმი შეადგინეს განყოფილებაში. დაკავების ადგილას არაფერი შეუდგენიათ. ბრალდებულის ჩვენებით, მას ავტობუსში არც დაზარალებული დაუნახავს და არც ის პირი, ვინც დააკავა. მოწმემ განმარტა, რომ იგი ერთმა პირმა დააკავა.
ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად ირკვევა, რომ 2019 წლის 6 აპრილს თბილისში, აკაკი წერეთლის N----- მიმდებარე ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენისთანავე დაკავებული იქნა თ-----------------–-ა, რომლის პირადი ჩხრეკისას მისი მარცხენა ხელიდან ამოღებული იქნა ღია მორუხო ფერის საფულე, რომელშიც მოთავსებული იყო თ-------------–--ის მართვის მოწმობა და ფულადი თანხა ხუთი ლარის ოდენობით. ამოღებული ნივთები დაილუქა N27/5 ლუქით.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს მ--------------–---------------ლის - ს----------–---–---- მიერ ლუქი გაიხსნა და დათვალიერდა თ-----------------–-ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული მორუხო ფერის ტყავის საფულე. საფულეს ზედა და ქვედა მხარეს დაკრული აქვს პატარა ზომის ჭიამაიები და ყვავილები, აქვს „კნოპკიანი“ შესაკრავი, შიდა მხარეს ელვაშესაკრავი, ერთი დიდი განყოფილება და რამდენიმე პატარა ზომის განყოფილება. „კნოპკიან“ შესაკრავთან პატარა ზომის დაზიანება - აქერცლილი. საფულეში მოთავსებულია თ-------------–--ის სახელზე გაცემული მართვის მოწმობა და ერთი ცალი ხუთლარიანი კუპიურა N----------.
ნივთის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 6 აპრილს საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა ამოცნობა, რა დროსაც თ-------------–--ს წარედგინა სამი საფულე, რომელთაგან ინდივიდუალური ნიშნებით - მორუხო ფერით, ზედა და ქვედა მხარეს დაკრული პატარა ზომის ჭიამაიებით და ყვავილებით, „კნოპკიანი“ შესაკრავით, ერთი დიდი და რამდენიმე პატარა ზომის განყოფილებით, „კნოპკიან“ შესაკრავთან პატარა ზომის დაზიანებით ამოიცნო მისი კუთვნილი ტყავის საფულე.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 10 ოქტომბრის დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ პაკეტში წარწერით: ,,...თ-----------------–-ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული თ-------------–--ის საფულე....’’, მოთავსებულ საფულეზე არსებული ბიომასალის (ობ. N1,2) გენეტიკური პროფილები შერეულია, რომლებიც ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო, იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია.
ზემოაღნიშნული ჩვენებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებული თ-----------------–-ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება. მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, კონკრეტულად ჰქონდა თუ არა ბრალდებულის მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას ადგილი, რასაც ბუნებრივია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სწორი კვალიფიკაციისა და პირის დამნაშავედ ცნობისათვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის არასარწმუნო, არადამაჯერებელი, არ არის ურთიერთშეთანხმებული, რის გამოც, არსებული ეჭვები უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასიკეთოდ.
სასამართლო შეფასებას მისცემს ბრალდების მხარის მიერ სასამართლოს წინაშე წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ:
თ-----------------–-ას ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის.
თ-----------------–-ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება, ბრალდების მხარის მტკიცებით, ეფუძნება მოწმეთა ჩვენებებს, ბრალდებულის პირადი ჩრეკისას ამოღებულ ნივთმტკიცებას - საფულეს და დაზარალებულ თ-------------–--ის მონაწილეობით ჩატარებულ ამოცნობის ოქმს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის სარწმუნო, დამაჯერებელი, არ არის თანხვედრაში ერთმანეთთან, ბრალდების მხარის მიერ არ არის დაცული მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, რაც სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, შესაბამისად, სასამართლოს მიიჩნია, რომ თ-----------------–-ა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და უნდა გამართლდეს.
სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, იმსჯელებს მათი უტყუარობის შესახებ და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
ბრალდების მხარე თ-----------------–-ას ბრალს სდებს მასში, რომ იგი ფარულად დაეუფლა თ-------------–--ის კუთვნილ საფულეს, რომელშიც მოთავსებული იყო თანხა ხუთი ლარის ოდენობით და თ-------------–--ის მართვის მოწმობა, თუმცა სასამართლოს შეფასებით, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება თ-----------------–-ას მიერ აღნიშნული ნივთების ფარულად დაუფლების ფაქტი.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების: დაზარალებულ თ-------------–--ის, ბრალდებულ თ-----------------–-ას და ბრალდებულის დამკავებელი პირის - გ-----------------–-–---–ის ჩვენებებზე, რომელთა ჩვენებებშიც გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები სხვადასხვაგვარადაა გადმოცემული, კერძოდ:
სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს მოწმეთა მიერ გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელიც უკავშირდება გამომძიებელ გ-----------------–-–---–ის მოწოდებას მგზავრების მიმართ ჩანთების შემოწმებასთან დაკავშირებით. მოწმის სახით დაკითხვისას გ-----------------–-–---–მა განმარტა, რომ მან უშუალოდ დაინახა ქურდობის ჩადენის ფაქტი, ქურდობის ფაქტის შემდეგ იგი უშუალოდ დაზარალებულთან მივიდა და უთხრა, რომ ჩანთა შეემოწმებინა, რადგან საფულე მოპარეს, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა თ-------------–--მა კი განმარტა, რომ პოლიციის თანამშრომელმა (გ-----------------–-–---–მა) ზოგადად მოუწოდა ავტობუსში მყოფ პირებს შეემოწმებინათ მათი ჩანთები, რაიმე ხომ არ ჰქონდათ დაკარგული, პირადად მასთან იგი არ მისულა. ეს ფაქტობრივი გარემოება ასევე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა მ------------------–, რომელმაც განმარტა, რომ ავტობუსში მყოფმა პოლიციის თანამშრომელმა ზოგადად დაიძახა, რომ ავტობუსში მყოფებს შეემოწმებინათ მათი ჩანთები. შესაბამისად, ამ ნაწილში გ-----------------–-–---–ის ჩვენება წინააღმდეგობაშია როგორც დაზარალებულის, ასევე მ----------------- ჩვენებებთან და ჩნდება დასაბუთებული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, ნამდვილად დაინახა თუ არა მან ქურდობის ჩადენის ფაქტი, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც ავტობუსში იყო ბევრი ხალხი და გ-----------------–-–---–ი ავტობუსში ქურდობის ჩადენის დროს რამდენიმე მეტრით იყო დაშორებული დაზარალებულისაგან.
გ-----------------–-–---–ის ჩვენების თანახმად, თ-----------------–-ა საფულის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების შემდეგ წამებში ჩადის ავტობუსიდან. გამომძებელი კი ხალხმრავალი ავტობუსიდან, რომელიც რამდენიმე მეტრის მოშორებით დგას დაზარალებულისგან, ახერხებს ადამიანთა დიდი მასის წინააღმდეგობის გადალახვას, მიდის დაზარალებულთან და ეუბნება, რომ ჩანთა შეამოწმოს, ამ დროს პარალელურად ტელეფონის საშუალებით იძახებს კოლეგებს დასახმარებლად, ჩადის ავტობუსიდან, დროის ამ პერიოდში ბრალდებული ისევ მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება და დაზარალებულის ავტობუსიდან ჩამოსვლამდე მის მიერ გამოძახებულ კოლეგასთან ერთად უკვე აკავებს ბრალდებულს, რომლის ხელიდანაც იქნა ამოღებული დაზარალებულის კუთვნილი საფულე. სასამართლო ყურადრებას მიაპყრობს იმ გარემეობასაც, რომ ქურდობის ჩადენიდან ბრალდებულის დაკავებამდე გ-----------------–-–---–ის ჩვენების თანახმად გასულია დროის უმოკლესი პერიოდი, თუმცაღა დროის ამ პერიოდში იგი ძალიან ოპერატიულად ახერხებს რეაგირებას, დაზარალებულთან კომუნიკაციას, სატელეფონო კომუნიკაციას მის კოლეგებთან და ბრალდებულის დაკავებას. დროის უმოკლეს პერიოდში (ფაქტობრივად წამებში, მაქსიმუმ 1-2 წუთში) იმავე ტერიტორიაზე დასახმარებლად მიდიან მისივე თანამშრომლები, რომლებიც ზუსტად იმ დროს აღმოჩნდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც მოხდა ბრალდებულის დაკავება.
სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს ასევე მოწმეთა ჩვენებებს უშუალოდ ბრალდებულის დამკავებელი პირების რაოდენობასთან მიმართებით: დაზარალებულ თ-------------–--ის ჩვენების თანახმად, როდესაც იგი ჩავიდა ავტობუსიდან, ბრალდებული უკვე დაკავებული ჰყავდა ერთ პოლიციელს, ხოლო შემდეგ დანარჩენები მივიდნენ. გ-----------------–-–---–ი და ლ-–------------–---–ი კი უთითებენ, რომ ორივე მათგანმა დააკავა ბრალდებული. თავად ბრალდებულმა კი დაკითხვისას აღნიშნა, რომ იგი ერთმა პოლიციელმა დააკავა, ხოლო პოლიციის სხვა თანამშრომლები მოგვიანებით მივიდნენ იმ ადგილას.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე მოწმე მ----------------- ჩვენებაზე, რომელიც თავადაც მგზავრობდა იმავე ავტობუსით. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამა თუ იმ ჩვენების გაზიარებისას ყურადღება ექცევა ჩვენების შესაბამისობას საქმეში არსებულ სხვა ჩვენებებსა თუ მტკიცებულებებთან. მოცემულ შემთხვევაში მ----------------- ჩვენებაში მოწმის მიერ გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებები წინააღმდეგობაშია მისსავე ჩვენებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან. მაგალითად, მოწმე ჩვენების დასაწყისში უთითებს, რომ იგი სადგურიდან დიღმის მიმართულებით მგზავრობდა ავტობუსით, ხოლო შემდგომ უკვე უთითებს, რომ იგი ავტობუსში წერეთელზე ავიდა და დიდუბეში უნდა „გამოსულიყო“. მოწმე ასევე უთითებს, რომ მან ავტობუსიდან ჩამოსვლის შემდეგ დაინახა, რომ პირს, რომელიც პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს, ხელში ეკავა საფულე, თუმცა შემდეგ განმარტა, რომ არ იცოდა საფულე დავარდა თუ დააგდებინეს ბრალდებულს და აღნიშნა, რომ პოლიციელმა დაზარალებულს უთხრა აეღო საფულე. იმის გათვალისწინებით, რომ მოწმის ჩვენება მისივე ჩვენებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით არის წინააღმდეგობრივი, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ჩვენება არ უნდა იქნეს გაზიარებული.
რაც შეეხება უშუალოდ საქმეზე ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებას, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე გ-----------------–-–---–მა და ლ-–------------–---–მა განმარტეს, რომ დაზარალებულის კუთვნილი საფულე თ-----------------–-ას პირადი ჩხრეკისას მისი მარცხენა ხელიდან ამოიღეს. ამ გარემოებასთან მიმართებით სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს დაზარალებულის ჩვენებას, რომელმაც ცალსახად, კატეგორიულად და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ როდესაც ავტობუსიდან ჩამოვიდა, მისი საფულე ეგდო ძირს მისგან რამდენიმე მეტრში, ხოლო ბრალდებული იმყოფებოდა საფულისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბრალდებულმა თ-----------------–-ამ განმარტა, რომ დაზარალებულის საფულე ასფალტზე ეგდო და მისგან არ ამოუღიათ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის N2/2/579 გადაწყვეტილებაზე, სადაც მითითებულია, რომ „მტკიცებულების უტყუარობა უკავშირდება, პირველ რიგში, მისი მოპოვების ხერხის კანონიერებას“. სასამართლოს შეფასებით, პირი, რომელიც ყველაზე ნაკლებად შეიძლება იყოს დაინტერესებული განსახილველ საქმეში ბრალდებულისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებით, ეს არის სწორედ დაზარალებული, რომელიც მის ჩვენებაში უთითებს, რომ მისი კუთვნილი საფულე ავტობუსიდან ჩასვლისას ეგდო ძირს, ხოლო პოლიციის თანამშრომლები კი აცხადებენ და ეს გარემოება ასევე მითითებულია ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმშიც, რომ დაზარალებულის საფულე ამოიღეს ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, მისი ხელიდან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლის თანახმად, პირადი ჩხრეკით შეიძლება ამოღებულ იქნეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, რომელიც აღმოჩენილია პირის ტანსაცმელზე, მის ხელთ არსებულ ნივთში ან სატრანსპორტო საშუალებაში, სხეულზე ან სხეულში. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებული უთითებს, რომ გაჩერებიდან 3-4 მეტრში ეგდო მისი საფულე, ხოლო ბრალდებული დაახლოებით ათი მეტრის მოშორებით იდგა. ბრალდებულის ჩვენების თანახმად, მისგან მოშორებით ეგდო საფულე ასფალტზე. ასეთ ვითარებაში, ჩნდება სერიოზული ეჭვები ბრალდებულთან ჩატარებულ პირად ჩხრეკასა და ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებასთან მიმართებაში. შესაბამისად, როგორც ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ასევე პირადი ჩხრეკის გზით ამოღებული საგანი, როგორც ნივთიერი მტკიცებულება, ვერ ლახავს მტკიცებულების უტყუარობის კრიტერიუმს. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებასაც, რომ თავად მოწმე გ-----------------–-–---–ის ჩვენებითვე ირკვევა, რომ დაზარალებული ამ პროცედურების ჩატარებისას ისეთ მანძილზე იდგა მათგან, რომ შეეძლო განვითარებული მოვლენების დანახვა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ რომელიმე კატეგორიის საქმეზე (მაგ.: თუ დაზარალებული არასრულწლოვანია) გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებით დადგინდა მხოლოდ ის გარემოება, რომ 2019 წლის 6 აპრილს N-- საქალაქო ავტობუსში მგზავრობისას მოხდა თ-------------–--ის კუთვნილი საფულის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თუმცა ის ფაქტი, რომ აღნიშნული ჩაიდინა სწორედ თ-----------------–-ამ, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა უტყუარად დადასტურებული ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოწმეთა ჩვენებებსა და საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს შორის, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, გამოიკვეთა არსებითი ხასიათის წინააღმდგობები.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლია მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხ. Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49) .
ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა თ-----------------–-ას მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც გულისხმობს იმას, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარისი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა თ-----------------–-ას მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც, თ-----------------–-ა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო.
სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: Georgiadis v. Greece, § 43). სასამართლოს მიაჩნია, რომ მთავარ არგუმენტებთან დაკავშირებით, სასამართლომ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რის გამოც საჭიროდ არ მიაჩნია სხვა იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც ვერავითარ გარდატეხას მოახდენს სადავო ფაქტის დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით.
ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- თ-----------------–-ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ღია მორუხო ფერის ქალის საფულე, მასში მოთავსებული ფულადი თანხით 5 ლარის ოდენობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- თ-----------------–-ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული თ-------------–--ის სახელზე გაცემული მართვის მოწმობა, რომელიც ინახება დაზარალებულ თ-------------–--თან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- თ-----------------–-ას ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
- თ-----------------–-ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის ტყავის საფულე, მასში მოთავსებული ფულადი თანხით, კერძოდ: ერთი ცალი 5 ლარიანი, 2 ცალი 10 ლარიანი და ერთი ცალი ერთ დოლარიანი კუპიურა, ასევე ხურდა ფული ექვსი ლარი და 35 თეთრის ოდენობით, სამგზავრო ბარათი მეტრო მანი, ორი ცალი სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, ი----------------------------, სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 3-------------- და 3--------------, რომელშიც მოთავსებული იყო ერთი ცალი სიმ ბარათი, წარწერით ბილაინი, შემდეგი ნუმერაციით 8-----------------, რომლებიც ინახება ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ს-------------------------–-----------------–----–-–------–ი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
სარეზოლუციო ნაწილი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272, 275-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დაადგინა:
1. თ-----------------–-ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
2. თ-----------------–-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. გამართლებულ თ-----------------–-ას განემარტოს, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
4. ნივთიერი მტკიცებულებები:
- თ-----------------–-ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ღია მორუხო ფერის ქალის საფულე, მასში მოთავსებული ფულადი თანხით 5 ლარის ოდენობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- თ-----------------–-ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული თ-------------–--ის სახელზე გაცემული მართვის მოწმობა, რომელიც ინახება დაზარალებულ თ-------------–--თან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- თ-----------------–-ას ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
- თ-----------------–-ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის ტყავის საფულე, მასში მოთავსებული ფულადი თანხით, კერძოდ: ერთი ცალი 5 ლარიანი, 2 ცალი 10 ლარიანი და ერთი ცალი ერთ დოლარიანი კუპიურა, ასევე ხურდა ფული ექვსი ლარი და 35 თეთრის ოდენობით, სამგზავრო ბარათი მეტრო მანი, ორი ცალი სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, ი----------------------------, სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 3-------------- და 3--------------, რომელშიც მოთავსებული იყო ერთი ცალი სიმ ბარათი, წარწერით ბილაინი, შემდეგი ნუმერაციით 8-----------------, რომლებიც ინახება ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ს-------------------------–-----------------–----–-–------–ი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი