გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7027-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დავით წერეთელი
სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი
მოსარჩელე - მა-–---- კვ-------
წარმომადგენელი - გი------ ჭი----ე
მოპასუხე - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური
წარმომადგენელი - რევაზ მო----–-–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2019 წლის 12 აგვისტოს №3---- ბრძანება.
1.2. დაევალოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე მა-–---- კვ-------ს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ა--------------------- თანამდებობაზე, 2024 წლის 12 აგვისტომდე აღდგენის შესახებ.
1.3. დაევალოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მოსარჩელე მა-–---- კვ-------ს სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის (თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი სარგო, წელთა ნამსახურობის დანამატი) ანაზღაურება, 2019 წლის 12 აგვისტოდან მის აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებული ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების და განაცდურის ანაზღაურების საფუძველი.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელე მა-–---- კვ------- საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2019 წლის 24 აპრილის ბრძანებით, დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ა--------------------- თანამდებობაზე სამხედრო წოდებით - პოლკოვნიკი.
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოს უფროსმა, 2019 წლის 22 ივლისს, წერილობით მიმართა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს და განუმარტა, რომ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს აპარატის უფროსს - მოსარჩელე მა-–---- კვ-------ს 2019 წლის 12 აგვისტოს უსრულდებოდა სამსახურის ზღვრული ასაკი - 55 წელი.
მოსარჩელე მა-–---- კვ-------მ, 2019 წლის 12 აგვისტოს პატაკით მიმართა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურის უფროსს და განუმარტა, რომ 2019 წლის 12 აგვისტოს უსრულდებოდა სამსახურისათვის განსაზღვრული ზღვრული ასაკი (55 წელი) და ითხოვა მისი გაგრძელება 5 წლით.
მოსარჩელის აღნიშნულ პატაკთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, 2019 წლის 12 აგვისტოს პატაკით მიმართა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურის უფროსს და აცნობა, რომ იგი არ ეთანხმებოდა მოსარჩელე მა-–---- კვ-------სათვის სამსახურის ზღვრული ასაკის გაგრძელებას, რადგან არ არსებობდა ამისი სამსახურებრივი საჭიროება.
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2019 წლის 12 აგვისტოს ბრძანებით, მოსარჩელე მა-–---- კვ------- დათხოვნილი იქნა სამსახურიდან ზღვრული ასაკის გამო.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება (ს.ფ. 17-43);
- საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის 2019 წლის 22 ივლისის წერილობითი მიმართვა (ს.ფ. 83);
- მოსარჩელე მა-–---- კვ-------ს პატაკი (ს.ფ. 85);
- საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის 2019 წლის 12 აგვისტოს პატაკი (ს.ფ. 86);
- „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2019 წლის 12 აგვისტოს №3---- ბრძანება (ს.ფ. 78);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მა-–---- კვ-------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენცია; ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ევროპის სოციალური ქარტია, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევდა გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიემართა სასამართლოსათვის.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელზე.
მითითებული კანონის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურებრივ საკითხზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, აგრეთვე ქმედება გაასაჩივროს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2019 წლის 12 აგვისტოს №3---- ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლომ, პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, ასევე უნდა იმსჯელოს შეესაბამება, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს მოსარჩელე მა-–---- კვ-------ს მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან და განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.
სასამართლო, აქვე მოიხმობს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონისა და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
მითითებული კანონის მე-101 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა ზღვრული ასაკია „სახელმწიფო დაცვის“ პოლკოვნიკისათვის – 55 წელი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მა-–---- კვ------- საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2019 წლის 24 აპრილის ბრძანებით, დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ა--------------------- თანამდებობაზე სამხედრო წოდებით - პოლკოვნიკი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, მე-2 პუნქტის, „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს ზღვრული ასაკის მიღწევისას ან წელთა ნამსახურობის გამო.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პოლკოვნიკის სამსახურის ზღვრული ასაკი, ზემოთ აღნიშნული კანონის საფუძველზე, 55 წლით არის განსაზღვრული, ხოლო სამსახურის ზღვრული ასაკის მიღწევა წარმოადგენს სამსახურიდან დათხოვნის კანონით გათვალისწინებულ საფუძველს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოს უფროსმა, 2019 წლის 22 ივლისს, წერილობით მიმართა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს და განუმარტა, რომ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს აპარატის უფროსს - მოსარჩელე მა-–---- კვ-------ს 2019 წლის 12 აგვისტოს უსრულდებოდა სამსახურის ზღვრული ასაკი - 55 წელი.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე მა-–---- კვ-------მ, 2019 წლის 12 აგვისტოს პატაკით მიმართა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურის უფროსს და განუმარტა, რომ 2019 წლის 12 აგვისტოს უსრულდებოდა სამსახურისათვის განსაზღვრული ზღვრული ასაკი (55 წელი) და ითხოვა მისი გაგრძელება 5 წლით, თუმცა მოსარჩელის აღნიშნულ პატაკთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, 2019 წლის 12 აგვისტოს, ასევე პატაკით მიმართა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურის უფროსს და აცნობა, რომ იგი არ ეთანხმებოდა მოსარჩელე მა-–---- კვ-------სათვის სამსახურის ზღვრული ასაკის გაგრძელებას, რადგან არ არსებობდა ამისი სამსახურებრივი საჭიროება, რის საფუძველზეც საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2019 წლის 12 აგვისტოს ბრძანებით, მოსარჩელე მა-–---- კვ------- დათხოვნილი იქნა სამსახურიდან ზღვრული ასაკის გამო.
ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მა-–---- კვ-------ს სამსახურიდან დათხოვნა სამსახურის ზღვრული ასაკის გამო, შეესაბამება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ, სამსახურიდან დათხოვნის შესაბამის საფუძველს.
რაც შეეხება მოსარჩელე მხარის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ვალდებული იყო გაეგრძელებინა მოსარჩელე მა-–---- კვ-------სათვის სამსახურის ზღვრული ასაკი, სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-101 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის მიხედვით, თანამშრომლის ზღვრული ასაკი „სახელმწიფო დაცვის“ პოლკოვნიკისა და „სახელმწიფო დაცვის“ უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირისათვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს 5 წლამდე ვადით.
სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმა გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის დისკრეციულ უფლებამოსილებას, როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული აუცილებელი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, გაუგრძელოს პირს სამსახურის ზღვრული ასაკი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
მითითებული კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ზღვრული ასაკის კანონით განსაზღვრა ემსახურება საჯარო მიზანს - ასაკიდან გამომდინარე, შესაბამისი უნარების მქონე პირების მეშვეობით, სამსახურისათვის დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად განხორციელების უზრუნველყოფას. შესაბამისად, ზღვრულ ასაკს მიღწეული პირისათვის, ასეთი ასაკის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება მიღებული იქნეს, მხოლოდ როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული აუცილებელი სამსახურებრივი, საჯარო საჭიროებიდან გამომდინარე, რათა ზემოთ აღნიშნულ საჯარო მიზნის უზრუნველყოფას უსაფუძვლოდ არ შეექმნას საფრთხე და იგი არ წარმოადგენს შესაბამისი პირის აბსოლუტურ უფლებას, იგი დეტერმინირებული უნდა იყოს, როგორც ზემოთ აღინიშნა დასაბუთებული სამსახურებრივი საჭიროებით.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მა-–---- კვ-------სათვის ზღვრული ასაკის გაგრძელება არ იქნა მიზანშეწონილად მიჩნეული იმის გამო, რომ ამისი სამსახურებრივი საჭიროება არ არსებობდა. სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით გამოძახებულმა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ ავთანდილ ცაგარელმა განმარტა, რომ აღნიშნულ სამმართველოში დასაქმებულ პირთა სიმრავლის გამო, სამმართველოს ამოცანების მოცულობის გათვალისწინებით, არ არსებობს მთელი რიგი საშტატო ერთეულების მათ შორის, იმ საშტატო ერთეულის არსებობის აუცილებლობა, რომელიც მოსარჩელეს ეკავა დათხოვნამდე და სწორედ ამიტომ არ იქნა მიზანშეწონილად მიჩნეული მოსარჩელე მა-–---- კვ-------სათვის სამსახურის ზღვრული ასაკის გაგრძელება.
ამრიგად, სასამართლო, საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე მა-–---- კვ-------სათვის სამსახურის ზღვრული ასაკის გაგრძელებაზე უარი განპირობებულია კანონით გათვალისწინებული სამსახურებრივი აუცილებლობის არ არსებობით.
6.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით ადგილი არა აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, შესაბამისად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2019 წლის 12 აგვისტოს №3---- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლები.
6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში
ამრიგად, ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, არ არსებობს მოსარჩელე მა-–---- კვ-------ს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ა--------------------- თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი.
6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.
ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული ბრძანება და ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, არ არსებობს საფუძველი მოპასუხეს - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაევალოს მოსარჩელე მა-–---- კვ-------ს სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 23-ე, 24-ე, 32-ე, 33-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მა-–---- კვ-------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დავით წერეთელი