გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.12.2019
საქმის ნომერი
611210019002925956
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
03.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #611210019002925956

#2/140-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21.11.2019 წელი ქ. მარნეული

შესავალი ნაწილი

მარნეულის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე მანანა მესხიშვილი

სხდომის მდივანი ნათია მიქელაძე

მოსარჩელე - სს ,,კ------------ი''

მოსარჩელის წარმომადგენელი - ქ---------------

მოპასუხე - ვ-----------------ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

სს ,,კ------------ი“ ითხოვს მსესხებელ პ-----------------ის მიერ სს ,,კ------------ი"-ს წინაშე არსებული დავალიანებიდან - 1745,42 ლარიდან თავდების - ვ-----------------ის სოლიდარული პასუხსიმგებლობის ზღვარის განსაზღვრას 1650 ლარით და მისთვის 1650 ლარის დაეკისრებას სს ,,კ------------ი"-ს სასარგებლოდ.

მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

2018 წლის 30 იანვარს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ--------"-მ და პ-----------------მა დადეს ფინანსური მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე პ. გ---------მა სესხის სახით მიიღო 1500 ლარი 6 თვის ვადით, წლიური 42%-ით. ხელშეკრულებით განისაზღვრა სესხის გაცემის საკომისიო 3%-ის ოდენობით. ხელშეკრულების 3.7 პუნქტის თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა შემდეგი წესით: დავალიანებული ძირი თანხის და ვადაგადაცილებული პროცენტის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიური 150 პროცენტისა. აღნიშნული სესხის უზრუნველყოფის მიზნით თავდებობის ხელშეკრულება გაფორმდა ვ-----------------თან, რომლითაც თავდებმა იკისრა სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე, დაფაროს ძირითადი მოვალის დავალიანება მაშინაც კი, როდესაც ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდგომ. თავდების პასუხისმგელობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა ვალდებულების შესრულების მომენტში არსებული დავალიანების (ძირითადი თანხისა და დარიცხული პროცენტის) პროპორციულად და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოების (ჯარიმებისა და საურავების) ჩათვლით, მაგრამ არაუმეტეს 1650 ლარის ოდენობით. მსესხებელი გრაფიკით გათვალისწინებულ თანხებს არ იხდის და უწყვეტ ვადაგადაცილებაშია 2018 წლის 2 ივლისიდან. ვალდებულების შესრულების შესახებ გაფრთხილების წერილი როგორც მსესხებელს, ისე თავდებს ჩაბარდათ კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუმცა გაფრთხილების მიუხედავად ვალდებულება დღემდე არ შესრულებულა. პ-----------------ის დავალიანება ბანკის მიმართ შეადგენს 1745,42 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 800 ლარი, სარგებელი - 41,33 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 904.09 ლარი (მოთხოვნა დაზუსტდა 2019 წლის 12 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე). სს ,,კ------------მა" 2016 წლის 6 თებერვალს მსესხებლის და თავდების მიმართ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარადგინა განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ-----------------ის მიმართ გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის შესახებ, ვ-----------------ის მიერ პროტესტის წარდგენის გამო. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სს ,,კ------------ი"-ს წინაშე შესასრულებელი ვალდებულება სოლიდარულია, ხოლო ბრძანება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოიცა მხოლოდ პ-----------------ის მიმართ, მოსარჩელე ვალდებულია მიმართოს სასამართლოს დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით ვ-----------------ის მიმართ. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე შპს ,,ბ--------"-ს ნაცვლად კრედიტორი და აღნიშნულ მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირია სს ,,კ------------ი."

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სარჩელს და მოითხოვა მისი დაკმაყოფიელბა, შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით კი განმარტა, რომ მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი, ამასთანავე, წარმოადგინა შეგებებული სარჩელი და მიუთითა, რომ ის პ-----------------ს არ იცნობს, ხოლო სესხის შესახებ მისთვის სარჩელის ჩაბარების შემდეგ გახდა ცნობილი. აქამდე მას არც გაფრთხილების წერილი და არც რაიმე შეტყობინება არ ჩაბარებია. მას თავდებობის ხელშეკრულება არ დაუდია. იმავე დღეს შპს ,,ბ--------"-სა და მას შორის გაფორმდა აგროკრედიტის 6 თვიანი ხელშეკრულება, რომელიც მან დროულად დაფარა. აღნიშნულ სესხზე თავდები იყო მისი მეუღლე მ----------------. სესხის ხელშეკრულების გაფორმების დროს მას ხელი მოაწერინეს რამდენიმე დოკუმენტზე, რა დროსაც შესაძლოა ბანკის თანამშრომლებმა ისარგებლეს, რომ მან არ იცის ქართული ენა, და ასევე ხელი მოაწერინეს თავდებობის ხელშეკრულებაზეც.

შეგებებული სარჩელი აღძრული იყო სს ,,კ------------ი"-სა და პ-----------------ის მიმართ, თუმცა სასამართლო სხდომაზე ვ. მ--------მა დააზუსტა, რომ სურს პ. გ---------ის მოწმის სახით დაკითხვა.

ვ. მ--------მა მოითხოვა თავდებობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 30 იანვარს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ--------"-მ და პ-----------------მა დადეს ფინანსური მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე პ. გ---------მა სესხის სახით მიიღო 1500 ლარი 6 თვის ვადით, წლიური 42%-ით. ხელშეკრულებით განისაზღვრა სესხის გაცემის საკომისიო 3%-ის ოდენობით. ხელშეკრულების 3.7 პუნქტის თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა შემდეგი წესით: დავალიანებული ძირი თანხის და ვადაგადაცილებული პროცენტის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიური 150 პროცენტისა.

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

- 30.01.2018 წლის N25909 ხელშეკრულება ფინანსური მომსახურების შესახებ (ს.ფ. 23-29);

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 30-31);

- მხარეთა ახსნა-განმარტება ( ს.ფ. 4-5; 2019 წლის 11 ივლისის და 12 ნოემბრის სასამართლოს სხდომის ოქმები);

 

3.1.2. 2018 წლის 30 იანვარს ვ-----------------მა ხელი მოაწერა თავდებობის ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, მან იკისრა სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე, დაფაროს ძირითადი მოვალის დავალიანება მაშინაც კი, როდესაც ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდგომ. თავდების პასუხისმგელობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა ვალდებულების შესრულების მომენტში არსებული დავალიანების (ძირითადი თანხისა და დარიცხული პროცენტის) პროპორციულად და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოების (ჯარიმებისა და საურავების) ჩათვლით, მაგრამ არაუმეტეს 1650 ლარის ოდენობით.

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

- თავდების განცხადება (ს.ფ. 33);

- 30.01.2018 წლის Nთ/68352 თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 34-38);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4-5,105; 2019 წლის 11 ივლისის და 12 ნოემბრის სასამართლოს სხდომის ოქმები);

 

3.1.3. 2018 წლის 30 იანვარს ვ-----------------მა და შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ--------"-მ დადეს აგრო კრედიტის ხელშეკრულება. მოთხოვნის უზრუნველყოსაფად სოლიდარული ვალდებულება იკისრა მ----------------მ.

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

- 30.01.2018 წლის N25917 ხელშეკრულება ფინანსური მომსახურების შესახებ (ს.ფ. 116-122);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს.ფ. 105,135; 2019 წლის 11 ივლისის და 12 ნოემბრის სასამართლოს სხდომის ოქმები);

 

3.1.4. მსესხებელი გრაფიკით გათვალისწინებულ თანხებს არ იხდის და უწყვეტ ვადაგადაცილებაშია 2018 წლის 2 ივლისიდან. პ-----------------ის დავალიანება ბანკის მიმართ შეადგენს 1745,42 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 800 ლარი, სარგებელი - 41,33 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 904.09 ლარი.

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 4-5; 2019 წლის 11 ივლისის და 12 ნოემბრის სასამართლოს სხდომის ოქმები);

- სესხის გადახდის ისტორია (ს. ფ. 39).

 

3.1.5. სს ,,კ------------მა" 2019 წლის 6 თებერვალს მსესხებლის და თავდების მიმართ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარადგინა განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ-----------------ის მიმართ გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის შესახებ, ვ-----------------ის მიერ პროტესტის წარდგენის გამო.

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

- სააპლიკაციო განაცხადი (ს. ფ. 42-48);

- აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილება (ს. ფ. 50);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 4-5; 2019 წლის 11 ივლისის და 12 ნოემბრის სასამართლოს სხდომის ოქმები).

 

3.1.6. 2018 წლის 8 აგვისტოს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ--------"-მ და სს ,,კ------------მა" დადეს ხელშეკრულება დებიტორული მოვალეობების დათმობის შესახებ, რომლის საფუძველზე სს ,,კ------------ს" გადაეცა პ------ გ---------თან დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება.

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

- 08.08.0218 წლის ხელშეკრულება დებიტორული მოვალეობების დათმობის შესახებ (ს.ფ 62-75);

- 07.09.2018 წლის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 76-83);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 4-5, 2019 წლის 11 ივლისის და 12 ნოემბრის სასამართლოს სხდომის ოქმები).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ვ-----------------ის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მისთვის უცნობი იყო, რომ ხელი მოაწერა თავდებობის ხელშეკრულებას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობნენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა სიას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არცერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.

სასამართლო მიუთითებს, რომ პირის მიერ ამა თუ იმ ხელშეკრულების დადებისას საზოგადოდ ივარაუდება, რომ იგი გაცნობილია ხელშეკრულების შინაარსს და იცის მისი პირობები. მოცემულ შემთხვევაში, ვ-----------------ის მიერ ნების გამოვლენა დადასტურებულია თავდებობის წერილზე მისი ხელმოწერით. ხოლო თუ დავუშვებთ, რომ ის მართლაც არ გასცნობიან ხელშეკრულების შინაარსს და ისე მოაწერა ხელი, აღნიშნული წარმოადგენს მისი მხრიდან დაშვებულ უხეშ გაუფრთხილებლობას.

თითოეულმა პირმა უპირველეს ყოვლისა თავად უნდა იზრუნოს საკუთარი უფლებების დაცვაზე და წინდახედულობის სულ მცირე მინიმალური სტანდარტი დაიცვას. ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან ხელშეკრულების კონტრაჰენტთან. შესაბამისად, მისი ნამდვილობა-ბათილობა გავლენას ახდენს არა მხოლოდ ნების გამომვლენის, არამედ მისი ადრესატის სამართლებრივ მდგომარეობაზე, რომელიც ასევე დაცულია კანონის მიერ. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდებოდა, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამებოდა მის ნამდვილ ნებას, აღნიშნული პრეზუმფცია გაქარწყლდებოდა, თუ დადასტურდებოდა, რომ ნება გამოვლინდა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავდა.

როგორც ზემოთ აღინიშნა, ყოველმა მხარემ თავად უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა თუ შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე მოწმის სახით დაიკითხა მ----------------, რომელმაც დაადასტურა, რომ ის მეუღლესთან ერთად მივიდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში სესხის ასაღებად, სადაც ხელი მოაწერეს სხვადასხვა დოკუმენტს. ის თავდები იყო. მისი განმარტებით, ამ დროს იქ სხვა არავინ იმყოფებოდა.

მოწმის სახით დაიკითხა ასევე გ------------------ე, რომელიც იყო პ. გ---------ისათვის გაცემული სესხის ოფიცერი, რომელმაც უარყო მოტყუების ფაქტი და განმარტა, რომ პ. გ---------ს სესხი დაუმტკიცდა თავდებობის უზრუნველყოფით. თავდები უნდა წარმოედგინა მსესხებელს, თუ არ იქნებოდა ვ. მ--------ი, იქნებოდა სხვა პირი. იმ შემთხვევისათვის, თუ მსესხებელი არ ფლობს ქართულ ენას, მათ ჰყავთ აზერბაიჯანელი თანამშრომელი გოგონა, რომელიც მათ განუმარტავდა ხელშეკრულების პირობებს.

საგულისხმოა, რომ მოწმე მ. მუსაევამ დაადასტურა, რომ მათ აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე მისცეს განმარტებები ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ვინც მათ დოკუმენტები მიუტანა, ის ძალიან კარგად ფლობდა აზერბაიჯანულ ენას.

რაც შეეხება პ-----------------ს, სასამართლომ დააკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა მისი მოწმის სახით დაკითხვის შესახებ, თუმცა ის არ ცხადდებოდა სასამართლო სხდომაზე. მოწმის წარმოდგენა, სასამართლოს არაერთხელ დავალების მიუხედავად, ვერ მოხერხდა პოლიციის მეშვეობითაც, ვინაიდან ის არ იმყოფება საქართველოში.

ასეთ ვითარებაში, როდესაც წარმოდგენილია მოპასუხის მიერ ხელმოწერილი არაერთი დოკუმენტი თავდებობასთან დაკავშირებით, ასევე მოწმის სახით დაკითხული სესხის ოფიცერი ადასტურებს სარჩელში მითითებულ გარემოებებს, მხოლოდ მოწმის ჩვენებით საწინააღმდეგო ვერ დადგინდება. მოწმეთა ჩვენების შეფასებისას ასევე გასათვალისწინებელია, რომ მ. მუსაევა არის მოპასუხის მეუღლე და, შესაბამისად, ის დაინტერესებულია დავის შედეგით. ნათესაური კავშირი, თავისთავად, არ წარმოადგენს მოწმის ჩვენების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს, თუმცა ასეთი მოწმის ჩვენება მეტად კრიტიკულად უნდა შეფასდეს და მხოლოდ მას საკმარის მტკიცებულებად ვერ მივიჩნევთ.

რაც შეეხება იმავე დღეს სესხის ხელშეკრულების გაფორმებას, აღნიშნული ნამდვილად არ გამორიცხავს ერთ დღეს რამდენიმე ხელშეკრულების დადებას.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მოპასუხის პოზიციას ვერ გაითვალისწინებს.

მტკიცებულებები:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 4-5, 180-182; 2019 წლის 11 ივლისის და 12 ნოემბრის სასამართლოს სხდომის ოქმები);

- 30.01.2018 წლის N25909 ხელშეკრულება ფინანსური მომსახურების შესახებ (ს. ფ. 23-29);

- 30.01.2018 წლის Nთ/68352 თავდებობის ხელშეკრულება (ს. ფ. 34-38);

- 30.01.2018 წლის N25917 ხელშეკრულება ფინანსური მომსახურების შესახებ (ს. ფ. 116-122);

- მოწმე გ------------------ის ჩვენება (2019 წლის 11 ივლისის სხდომის ოქმი, 11:40:37-11:52-19სთ);

- მოწმე მ----------------ს ჩვენება (2019 წლის 11 ივლისის ხდომის ოქმი, 11:53:58-12:09:38 სთ).

 

3.2.2. პ. გ---------თან დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების შესახებ თავდებ ვ. მ--------ს ეცნობა 2019 წლის 17 იანვარს.

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ მისთვის აღნიშნულის შესახებ სარჩელით გახდა ცნობილი, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია 2019 წლის 17 იანვრით დათარიღებული წერილი - გაფრთხილება მიმდინარე დავალიანების დაფარვაზე, რომელსაც ხელს აწერს მისი მეუღლე მ----------------. ამასთან, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება 2019 წლის 22 თებერვალს არ იქნა მიღებული თავდების მიერ პროტესტის წარდგენის გამო. სარჩელი კი სასამართლოში აღიძრა 2019 წლის 2 აპრილს.

მტკიცებულებები:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 4-5, 105, 135, 180-182; 2019 წლის 11 ივლისის და 12 ნოემბრის სასამართლოს სხდომის ოქმები);

- გაფრთხილება მიმდინარე დავალიანების დაფარვაზე (ს. ფ. 40-41);

- განცხადება (ს. ფ. 52);

- გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის შესახებ (ს. ფ. 50).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე, 198-199-ე, 416-ე, 417-ე, 623-ე, 625-ე, 891-ე და 902-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ვ-----------------ის შეგებებული სარჩელი თავდებობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ვ. მ--------ი მიუთითებს, რომ ხელშეკრულება დაიდო მოტყუების შედეგად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.

საქმის განხილვისას შეგებებული სარჩელის ავტორმა ვერ დაამტკიცა, რომ თავდებობის ხელშეკრულება წარმოადგენს მისი მოტყუების ან მის ნებაზე რაიმე ზემოქმედების შედეგს, ან რომ მას თავდებობის ხელშეკრულების დადების ნებარ არ გამოუვლენია.

შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

 

6.2. სს ,,კ------------ი"-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

სასამართლომ უპირველეს ყოვლისა უნდა იმსჯელოს, აქვს თუ არა სს ,,კ------------ს" მოთხოვნის უფლება ვ-----------------ის მიმართ, იმის გათვალისწინებით, რომ სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებები დადებულია შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ--------"-სთან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ.

საქართველოს სკ-ის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 8 აგვისტოს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ--------"-მ და სს ,,კ------------მა" დადეს ხელშეკრულება დებიტორული მოვალეობების დათმობის შესახებ, რომლის საფუძველზე სს ,,კ------------ს" გადაეცა პ-----------------თან დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. ამ ნაწილის მიზნებისათვის სესხის ვადის გაგრძელებად მიიჩნევა არსებული სესხის დაფარვის შემდეგ ახალი სესხის გაცემა, თუ არსებული სესხის დაფარვიდან ახალი სესხის გაცემამდე 5 სამუშაო დღე არ გასულა. ამ ნაწილით დადგენილი წესი არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3 ნაწილზე, გარდა იმავე ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა. ხოლო მე-5 ნაწილის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს.

მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 30 იანვარს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ--------"-მ და პ-----------------მა დადეს ფინანსური მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე პ. გ---------მა სესხის სახით მიიღო 1500 ლარი 6 თვის ვადით, წლიური 42%-ით. ხელშეკრულებით განისაზღვრა სესხის გაცემის საკომისიო 3%-ის ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად კი, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

ხელშეკრულების 3.7 პუნქტის თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა შემდეგი წესით: დავალიანებული ძირი თანხის და ვადაგადაცილებული პროცენტის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიური 150 პროცენტისა.

ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ პ. გ---------მა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მისი დავალიანება შეადგენს 1745,42 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 800 ლარი, სარგებელი - 41,33 ლარი, ხოლო შემცირებული პირგასამტეხლო - 904.09 ლარი.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად კი, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

მოცემულ შემთხვევაში, ვ. მ--------მა თავდებობის ხელშეკრულებით იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა პ. გ---------ის მიერ დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე. მისი პასუხისმგებლობა განისაზღვრა 1650 ლარით. შესაბამისად, მას უნდა დაეკისროს ვალდებულების შესრულება პ. გ---------თან სოლიდარულად. ამასთან, სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას თანხის ოდენობასთან მიმართებაში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.

მოცემულ შემთხვევაში, თავდებს ვალდებულების დარღვევის შესახებ ეცნობა 2019 წლის 17 იანვარს. შესაბამისად, მას პირგასამტეხლოს ანაზღაურება უნდა დაეკისრის აღნიშნული დღიდან სარჩელის აღძვრის თარიღამდე, რაც შეადგენს 159,79 ლარს, სესხის ძირითად თანხას - 800 ლარსა და სარგებელთან - 41,33 ლართან ერთად.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად, მოპასუხეებს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი მათ მიმართ არსებული მოთხოვნის განთვალისწინებით.

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამსიად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად.

მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი ბაჟის ანაზღურება. თუმცა სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს გადახდილი აქვს 50 ლარი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს – თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – 50 ლარს; (ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარს“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 29.12.2016. №2/6/623)

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 25 ლარის ანაზღაურება, ხოლო ზედმეტად გადახდილი 25 ლარი მას დაუბრუნდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ვ-----------------ს სს ,,კ------------ის” სასარგებლოდ დაეკისროს საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადებისათვის გადახდილი 41 ლარის და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციისათვის გადახდილი 21 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 3 აპრილის განჩინებით სს ,,კ------------ის” განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და მოპასუხე ვ-----------------ს (პნ 2----------) აეკრძალა მის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების - მის.: მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი ა---------–--, სკ 8-----------, გასხვისება და ყველანაირი ვალდებულებით (უფლებრივად) დატვირთვა.

ვინაიდან საქმის არსებითი განხილვის შედეგად სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მისი უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება უცვლელად.

 

გასაჩივრების უფლებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. თუმცა ამავე კოდექსის 365-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულება შეადგენს 1650 ლარს. შესაბამისად, ვინაიდან დავის საგნის ღირებულება 2000 ლარს არ აღემატება, გადაწყვეტილების გასაჩივრება დაუშვებელია.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს ,,კ------------ი”-ს სარჩელი ვ-----------------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

2. მსესხებელ პ-----------------ის მიერ სს ,,კ------------ი"-ს წინაშე არსებული დავალიანებიდან - 1745,42 ლარიდან თავდების - ვ-----------------ის სოლიდარული პასუხისმგებლობის ზღვარი განისაზღვროს 1650 ლარით და მას დაეკისროს 1001,12 ლარის გადახდა სს ,,კ------------ი"-ს სასარგებლოდ.

 

3. ვ-----------------ს სს ,,კ------------ის” სასარგებლოდ დაეკისროს საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადებისათვის გადახდილი 41 ლარის და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციისათვის გადახდილი 21 ლარის ანაზღაურება.

 

4. ვ-----------------ს სს ,,კ------------ის” სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 55,34 ლარის ოდენობით.

 

5. სს ,,კ------------ს" სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2019 წლის 2 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ნაწილი - 25 ლარი.

 

6. ვ-----------------ის შეგებებული სარჩელი სს ,,კ------------ი"-ს მიმართ თავდებობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

7. გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

 

მოსამართლე მანანა მესხიშვილი