გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.12.2019
საქმის ნომერი
160310019003098952
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
03.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160310019003098952

№ 3/111-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ბო-–--სი

შესავალი ნაწილი

 

ბო-–--სის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ფხალაძე

სხდომის მდივანი ელენე თაგაური

 

მოსარჩელე - ნათ--–-------ძე

წარმომადგენელი - მა---–--------–ი

 

მოპასუხე - ბო-–--სის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ნა---------–-ძე

 

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

სასარჩელო მოთხოვნა:

ბო-–--სის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 5 ივნისის N11/4570 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელეს უძრავი ქონების აუქციონის წესით პრივატიზაციაზე;

 

დაევალოს ბო-–--სის მუნიციპალიტეტის მერიას აუქციონის წესით პრივატიზაციის საკითხვის შესწავლა და მოსარჩელის სასარგებლოდ დადებითად გადაწყვეტა.

 

მოსარჩელის განმარტებით, მან განცხადებით მიმართა ბო-–--სის მუნიციპალიტეტის მერიას, წარადგინა ბო-–--სის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2001 წლის 4 სექტემბრის N79 და 1999 წლის 16 ივლისის დადგენილებები და მოითხოვა აუქციონის ჩატარება. აღნიშნულ დადგენილებებში მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთზე რომელიც არის წარმოდგენილ ნახაზში - 150 კვ.მეტრზე უნდა ჩატარებულიყო აუქციონი და გამგეობის ყოფილ მოადგილეს დაევალა აღნიშნული მითითების შესრულება. ბო-–--სის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 5 ივნისის წერილით, ნათ--–-------ძეს უარი ეთქვა უძრავი ქონების აუქციონის წესით პრივატიზაციის თაობაზე.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე იდგა ჯიხური, რომელიც მას ეკუთვნოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მოითხოვს ბო-–--სის მუნიციპალიტეტის მერიის წერილის ბათილად ცნობას, რომელითაც მას უარი ეთქვა ქონების აუქციონის წესით პრივატიზების თაობაზე და მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე ბო-–--სის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელის მიმართ ბო-–--სის მუნიციპალიტეტის მერიას არ გაუცია არავითარი დაპირება. სადავო მიწის ნაკვეთი 2001 წელს წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, ხოლო 2011 წელს ბო-–--სის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად დაირეგისტრირა სადავო მიწის ნაკვეთი, როგორც ძირითადი ქონება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2011 წლიდან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მდებარე ქ. ბო-–--სი, აღ--–-----–ის ქუჩაზე, უნომრო საკადასტრო კოდი N 80.06.68.0-- მესაკუთრეს წარმოადგენს ბო-–--სის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მერია).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 08.02.2011წ; (ს.ფ 59);

- მხარეების ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი 27.09.2019წ)

 

3.1.2. ქალაქ ბო-–--სის გამგეობის 1999 წლის 16 ივლისის N43 დადგენილებით, ქ. ბო-–--სში, მცხოვრებ მოქალაქე ნათ--–-------ძეს გამოეყო ადგილი, ქ.ბო-–--სში, დ. აღ--–-----–ის ქუჩაზე, საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ჯიხურის ჩასადგმელად. დადგენილებაში მითითებულია, რომ სათანადო პროექტის მომზადების მიზნით ეცნობოს ურბანიზაციისა და მშენებლობის განყოფილებას; სათანადო დოკუმენტაციის მომზადების შემდგომ მშენებლობის ნებართვა დამტკიცდეს საქალაქო გამგეობის სხდომაზე, ვადა 3 თვე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბო-–--სის რაიონული გამგეობის 1999 წლის 16 ივლისის N43 დადგენილება (ს.ფ. 14);

- სავაჭრო ჯიხურის განთავსების სქემა; (ს.ფ16-17).

 

3.1.3. ბო-–--სის რაიონული გამგეობის 2001 წლის 7 აგვისტოს N76 დადგენილებით, მიზანშეწონილად ჩაითვალა ქ. ბო-–--სში რაიონული საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიიდან 150 მ2 მიწის ფართის აუქციონის წესით გასხვისება. დაევალა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის რაიონულ სამმართველოს და რაიონის ურბანიზაციისა და მშენებლობის სამმართველოს მოამზადოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია ქ. ბო-–--სში, რაიონული საავადმყოფოს მიმდებარედ ტერიტორიიდან 150 მ2 მიწის ფართის აუქციონის წესით გასხვისებისთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბო-–--სის რაიონული გამგეობის 2001 წლის 7 აგვისტოს N76 დადგენილება;

 

3.1.4. ბო-–--სის რაიონული გამგეობის 2001 წლის 4 სექტემბრის დადგენილებით, დამტკიცდა ბო-–--სის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს, მშენებლობისა და ურბანიზაციის რაიონული სამმართველოს მიერ მომზადებული აუქციონით გასაცემი მიწის ნაკვეთების აუქციონის პირობები წარმოდგენილი სახით. ამავე დადგენილებით, დაევალა კომისიას რაიონულ გაზეთ ,,ბო-–--სში“ განცხადების გამოქვეყნება აუქციონის პირობებისა და გამართვის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბო-–--სის რაიონული გამგეობის 2001 წლის 4 სექტემბრის დადგენილება (ს.ფ. 49)

 

3.1.5. 2001 წლის 4 სექტემბრის N 79 დადგენილების საფუძველზე ქ.ბო-–--სში, რაიონული საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 150 მ2 მიწის ნაკვეთის პრივატიზების თაობაზე აუქციონი არ გამართულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.1.6. ნათ--–-------ძემ 2015 წლის 25 მარტს განცხადებით მიმართა ბო-–--სის მუნიციპალიტეტის გამგეობას, ქ.ბო-–--სში, აღ--–-----–ის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთის შესყიდვის თაობაზე. ბო-–--სის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 2 აპრილის წერილით ნათ--–-------ძეს ეცნობა, რომ მიწის ნაკვეთი (ს/კ 80.06.68.0--) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ძირითად ქონებას და გამოიყენება მუნიციპალიტეტის საჯარო ფუნქციების შესასრულებლად და უფლებამოსილების განსახორციელებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 25.03.2015 წ, 02.04.2015 წლის წერილები (ს.ფ. 46; 47)

 

3.1.7. მოსარჩელე ნათ--–-------ძემ 2019 წლის 30 მაისს N10385/11 განცხადებით მიმართა ბო-–--სის მუნიციპალიტეტის მერიას უძრავი ქონების აუქციონის წესით პრივატიცაზიის საკითხის შესწავლის თაობაზე, რაზეც 2019 წლის 5 ივნისს N11/4570 წერილით ბო-–--სის მუნიციპალიტეტის მერიამ აცნობა, რომ ქ. ბო-–--სში, დ. აღ--–-----–ის უნომროში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ 80.06.68.0-- წარმოადგენს ბო-–--სის მუნიციპალიტეტის ძირითად ქონებას. ძირითადი (განუსხვისებელი) ქონება არის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების განხორციელების საფუძველი. ძირითადი ქონების გამოყენება შეიძლება მხოლოდ მუნიციპალიტეტის საჯარო ფუნქციების შესასრულებლად და უფლებასილების განსახორციელებლად. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 106-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისება დაუშვებელია, შესაბამისად, ბო-–--სის მუნიციპალიტეტის მერია, მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს, ზემოაღნიშნული ქონების აუქციონის წესით პრივატიზების საკითხი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2019 წლის 30 მაისის ნათ--–-------ძის განცხადება (ს.ფ. 43-44)

- 2019 წლის 5 ივნისს N11/4570 ბო-–--სის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართვა (ს.ფ. 15)

 

3.2 სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მხარეებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონი; ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქედანაც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ.

 

საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.

 

კონვენციის ეს ნორმა რეგლამენტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 42-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს იმ მხოლოდ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლების (fair trial) მარეგულირებელი ცენტრალური ნორმაა, რომელშიც მოცემულია მნიშვნელოვანი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი საპროცესო გარანტიები. სამართლიანი სასამართლოს უფლება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს საერთო ევროპულ ფუნდამენტურ ელემენტს. იგი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის” უმნიშვნელოვანეს ნაწილად განიხილება.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლერივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

მითითებული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბო-–--სის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 5 ივნისის N11/4570 წერილი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.3. სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის (1997 წლის 16 ოქტომბერის რედაქციით) პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თვითმმართველი ერთეული არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც აქვს თვითმმართველობის ორგანო. თვითმმართველი ერთეული წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. მისი წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო, ხოლო აღმასრულებელი ორგანო– გამგეობა.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადგილობრივი ორგანოები - ამ კანონით დადგენილი წესით შექმნილი თვითმმართველობისა და მმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს კანონმდებლობით მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტას.

 

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის ქონების შექმნის წესი, წყაროები და კატეგორიები, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემის წესი განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 46.3 მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობისა და განკარგვის, მისით სარგებლობის დროს ვალდებულნი არიან დაიცვან თვითმმართველი ერთეულის, როგორც მესაკუთრის, კანონიერი ინტერესები.

 

ამავე კანონის 47.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა (ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ქუჩები, ხეივნები, სკვერები და ა. შ.), გარდა კერძო საკუთრებაში არსებული, სახელმწიფო ქონებაზე დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ ქონებაზე დამაგრებული მიწებისა, აგრეთვე ის მიწები, რომლებიც ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე (სახელმწიფო ქონება და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონება) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებას;

 

6.4. ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თვითმართველის ქონება იყოფა განუსხვისებელ და დამატებით ქონებად. კანონის შესაბამისად, ძირითადი (განუსხვისებელი) ქონებას წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის ქონება, რომელიც არის თვითმმართველობის განხორციელების საფუძველი და რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ თავისი საჯარო ფუნქციებისა და უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. ამავე კანონის 2.3 მუხლის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისება დაუშვებელია, გარდა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა.

 

6.5. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადასტურდა, რომ უძრავი ქონება, სკ 80.06.68.0-- წარმოადგენს ბო-–--სის მუნიციპალიტეტის გამგეობის (მერიის) საკუთრებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება არის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება, რაც შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 2. ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების მიმართ კანონიერი ნდობა არ შეიძლება არსებობდეს, თუ:

ა) მას საფუძვლად უდევს ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო დაპირება;

ბ) შესაბამისი ნორმატიული აქტის შეცვლის გამო პირი ვეღარ აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს;

გ) მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო მოქმედება.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დაპირების მიმართ გამოიყენება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესები.

 

მოცემულ შემთხვევაში ქალაქ ბო-–--სის გამგეობის 1999 წლის 16 ივლისს N 43 დადგნილებით განისაზღვრა ნათ--–-------ძისათვის ქ.ბო-–--სში, დ.აღ--–-----–ის ქუჩაზე სავაჭრო ჯიხურის ჩასადგმელად ადგილის გამოყოფა. დადგენილია, რომ ნათ--–-------ძეს აღნიშნული დადგენილების საფუძველზე გამოეყო ადგილი, სადაც მას განთავსებული ჰქონდა ჯიხური. რომლის დემონტაჟი მოგვიანებით მოხდა.

 

სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების არსებობის ფაქტს. ამასთანავე როგორც ზემოთ აღინიშნა, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი მის მიმართ გამოიყენება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესები.

 

6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა სარჩელის საფუძვლიანობა.

 

6.7. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის გამოცხადების მოთხოვნით დასაბუთებულია, თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი კანონსაწინააღმდეგოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ამასთან, ნებისმიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება მის ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებას უკავშირდება, რომელთაგან ერთ-ერთის არარსებობა ზემოაღნიშნულ სამართლებრივი შედეგის წინაპირობაა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერება წარმოადგენს, რაც ზოგადად აქტის შინაარს უკავშირდება და მასში ასახული კონკრეტული ურთიერთობების მოწესრიგების მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძველთან და ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობის არსებობას მოითხოვს. ამდენად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სამართლის იმ ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს რომელთა აღსრულებასაც ის ახდენს. ასევე ის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედი სამართლის სხვა ნორმებსა და კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს. ამასთან, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილება, რამდენადაც ის საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოიცემა, უნდა გამომდინარეობდეს თვით ამ სამართლებრივი აქტიდან, შესაბამისად აქტის მატერიალურ კანონიერებას ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობა ქმნის, ხოლო ასეთის არარსებობა მისი გაუქმების (ბათილად ცნობა, ძალადაკარგულად გამოცხადება) საფუძველია. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სადაო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის კანონით დადგენილი წინაპირობები სახეზე არ არის, რამდენადაც მისი მომზადებისა და მიღებისას დარღვეული არ არის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების წესები და მისი გამოცემისას ადგილი არ ჰქონია კანონმდებლობის მოთხოვნათა ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის პირობებში მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

6.8. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ნათ--–-------ძის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნათ--–-------ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) ბო-–--სის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. ბო-–--სი, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა N113) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე: პაატა ფხალაძე