განაჩენი

სისხლის სამართლის 23.10.2019
საქმის ნომერი
330100119002916207
თარიღი
23.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1302-19

(00----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

23 ოქტომბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებლების - თ--------------ის და ი-----–----------ას,ბრალდებულის - ა---------------------ის,მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ--------–--–--ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა საქმე ა---------------------ის (პ/ნ 0----------) - დაბადებულის 19---–-–------------------- მცხოვრების მისამართზე: ქ. თბილისი, პ------–-------–--------------–---- - ამჟამად პატიმრის მიმართ, საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ა---------------------ს ბრალად ედება ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ჯანმრთელობისათვის და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის.

ყოველივე ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 13 მარტის განაჩენით ა---------------------ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტით. მას ძირითად სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად - ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით და იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ.

2019 წლის 14 თებერვალს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, ჯ----------–------------–- მდებარე კაფე-ბარ ,-------------- მიმდებარედ ე-–------------მ თავის ტაქსში (ტოიოტა პრიუსი, სახ. ნომრით: E--------- მგზავრად ჩაისვა ა---------------------ი, ხოლო პირველი დოლაბაურის ქუჩა №48-ის მიმდებარედ - ა---------------------ის ნაცნობი პირი. ა---------------------ის მითითებით, ე-–------------მ ავტომანქანა გააჩერა პირველი დოლაბაურის გზა №2/4-ის მიმდებარედ, რა დროსაც ა---------------------ი ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგნის, ხოლო მეორე უცნობი პირი დანის მაგვარი საგნის გამოყენებით თავს დაესხნენ ე-–------------ს და მოსთხოვეს ფულადი თანხის გადაცემა, რა დროსაც ე-–------------მ დანის მაგვარი საგნით მიიღო დაზიანება მარჯვენა ხელის არეში, რის შემდგომაც ავტომანქანიდან გადავიდა და გაიქცა.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ა---------------------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა წარდგენილ ბრალდებაში ა---------------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის.

დაზარალებულმა ე-–------------მ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ტაქსის მძღოლი. 2019 წლის 14 თებერვალს, ღამის საათებში მოდიოდა ვარკეთილიდან, რა დროსაც ჯორჯ ბუშის ქუჩაზე გააჩერა ა---------------------მა და სთხოვა 3 ლარად სასტუმრომდე მიყვანა. როდესაც სასტუმრომდე მიიყვანა, სთხოვა ნახევარი საათით დალოდებოდა. იქ პ-----------ს ერთი მაღალი ბიჭი დახვდა, რომელსაც დაელაპარაკა. ეს ბიჭიც ჩაჯდა მანქანაში და შემდეგ გააგრძელა გზა ორივესთან ერთად. სასტუმროსთან ჩადიოდა დაღმართი გზა, ამ დაღმართზე ჩასვლის შემდეგ პ-----------მა ერთ-ერთ შესახვევთან სთხოვა, რომ გაეჩერებინა მანქანა. ეს ჩიხი ჩაბნელებული იყო. გაჩერების შემდეგ პ-----------მა პისტოლეტი ამოიღო, დაადო თავზე და ფულის მიცემა სთხოვა. მან უთხრა, რომ არ ჰქონდა ფული. ამის შემდეგ პ-----------ისგან წამოვიდა აგრესია, უყვიროდა ,,დროზე დააძრე ფულიო“. როდესაც დარწმუნდა, რომ ფული მართლა არ ჰქონდა, პ-----------ი დაწყნარდა, ხოლო მეორე პირმა უკანა სკამიდან დანა მიადო კისერზე. მას შეეშინდა ამ პირს დანა არ ჩაერტყა მისთვის, ამიტომ დანის წართმევა სცადა, თუმცა ჭიდაობის შედეგად ვერ წაართვა, ხელები დაეჭრა, გადმოვიდა მანქანიდან და გაიქცა. თავდამსხმელებიც გადმოვიდნენ მანქანიდან და მისკენ გამოემართნენ. მან აღმართზე აირბინა და სისხლიანი შევარდა ჯიხურში, სადაც დახმარება ითხოვა, ასევე დარეკა სასწრაფოში და პოლიციაში, სადაც განაცხადა მომხდარი ყაჩაღობის შესახებ. გამოძიების ეტაპზე მანქანა ჩამოართვეს ექსპერტიზის ჩატარების მიზნით. აღნიშნული მანქანა ქირით ჰქონდა აღებული და მესაკუთრეს თანხას უხდიდა ყოველთვიურად, თუმცა მომხდარის გამო მანქანით ფაქტობრივად საერთოდ ვერ იმუშავა, მესაკუთრე კი თანხას სთხოვდა. პ-----------ს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, თუმცა მისი ქმედების შედეგად მან მატერიალური ზიანი განიცადა. მან გამოძიების ეტაპზე ამოიცნო ბრალდებული ა---------------------ი, რადგან სანამ იგი მის მანქანაში ჩაჯდებოდა, მისი სახე დაიმახსოვრა, ასევე თავდასხმის დროს მას სახეში უყურებდა. ბრალდებულის სახელი და გვარი გამოძიების ეტაპზე შეიტყო.

მოწმეებმა მ-------------–--ემ, გ---–-----------ემ, გ-----------–--–-–---–მა, გ--------------ამ, გ--------------–---მა და ვ-----------------ემ სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ და მონაწილეობა მიღებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტიკურობის თაობაზე.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების ნაწილი (მოწმეების ჯ----------–-–---–ის, ლ---–--------–-ას, ი-----–-----–---ას, ნ-----–--------–---–---–ის, ნ---------------ის, თ---–---------ის, გ--------------ის, ლ-------------ის, პ------------–---–--ის, ს---------ის, ლ--------–-–---–ის, კ-----------------აიას, ლ-----–--–---–ის, ლ-------------–---–ის, გ-------------------ის, ნ------–----ის და ნ------------–---–---–ის ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ა/მანქანისა და გასაღების ამოღების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ხელწერილი, იარაღის მაგვარი საგნის, ფანრის და დანის ამოღების ოქმი, ბრალდებულის დაკავების ოქმი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენი, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, ა/ მანქანის დათვალიერების ოქმი და საქმეზე დართული ყველა სხვა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები) არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

ბრალდებულმა ა---------------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და სასამართლოს მოახსენა, რომ 2019 წლის 14 თებერვალს, ღამის საათებში, ფეხით მიდიოდა სახლისკენ, დოლაბაურის აღმართზე, რა დროსაც მის სიახლოვეს ჩაიარა თეთრი ფერის ტაქსიმ და რამდენიმე მეტრში გაჩერდა. მანქანიდან შემოესმა სიტყვები ,,ფული არ მაქვსო“. შემდეგ მძღოლი გადმოვიდა მანქანიდან და გაიქცა. ასევე მანქანის წინა და უკანა ადგილებიდან გადმოვიდა ორი ბიჭი, რომლებმაც მძღოლს დაუძახეს, ,,გაჩერდი, ნუ გარბიხარო“. წინა ადგილიდან გადმოსულს ხელში იარაღის მსგავსი საგანი ეჭირა, რომელიც დანა არ იყო. მათ მანქანის კარები გაღებული დატოვეს. მათი წასვლის შემდეგ პ-----------მა იფიქრა, ვინმე დაჭრილი არ ყოფილიყო მანქანაში, რის გამოც მივიდა და შეიხედა მანქანაში, რის შემდეგაც კარი დახურა. მან მანქანის სახელურს მოკიდა ხელი. შემდეგ მან დაინახა ის ადგილი, სადაც ბიჭებმა იარაღის მაგვარი ნივთი გადააგდეს. იგი წავიდა იმ მიმართულებით, საითკენაც ბიჭები წავიდნენ. ამ დროს ის დააკავეს სამართალდამცავებმა. გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, სადაც იგი აღიარებს დანაშაულს, მას არ წაუკითხავს და ისე მოაწერა ოქმს ხელი. ასევე ამოცნობამდე დაზარალებულს წინასწარ აჩვენეს მისი თავი სამართალდამცავებმა, რის შემდეგაც დაზარალებულმა ამოიცნო იგი. სამართალდამცავებს მან აჩვენა ის ადგილი, სადაც მოხდა შემთხვევა, რის შემდეგაც სამართალდამცავებს იგი უნდა გაეთავისუფლებინათ.

გამოკვლეულ და არასადაო მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა---------------------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტებით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ჯანმრთელობისათვის და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის) გათვალისწინებული ქმედება; წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ა---------------------ის ბრალეულობა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.

ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.

სასამართლო სარწმუნოდ და საფუძვლიანად მიიჩნევს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, კერძოდ, დაზარალებულის ჩვენებით, მოწმეთა და ექსპერტთა ჩვენებებით, ასევე არასადაოდ მიჩნეული წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებით დასტურდება, ა---------------------ის მიერ ბრალადშერაცხული ქმედების ჩადენა.

სასამართლო განმარტავს, რომ ყაჩაღობა ხელყოფს ერთდროულად ადამიანის საკუთრებას და ჯანმრთელობას, რაც გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების მიზნით და რასაც თან ახლავს სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის მუქარა.

სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარა, ფსიქიკური ძალადობა უნდა იყოს რეალური, იმწუთიერი, რაც შესაძლოა გამოიხატოს სიტყვიერად, ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღის დემონსტრირებით, ჟესტიკულაციით და ა.შ. რაც მთავარია დაზარალებული ამ ყველაფერს უნდა აღიქვამდეს რეალურად და მიიჩნევდეს, რომ თუ ქონების დაუფლებაში შეეწინააღმდეგება თავდამსხმელს, თავდამსხმელმა შესაძლოა მუქარა რეალურად განახორციელოს.

ამასთან, ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულების შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება, რაც იმას გულისხმობს, რომ იგი დამთავრებულად ითვლება ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება.

მოცემულ შემთხვევაში ყაჩაღობის ჩადენისას ა---------------------მა მოახდინა ცეცხლასროლი იარაღის დემონსტრირება, რა დროსაც ე-–------------ს მოსთხოვა, რომ ფული მიეცა. აღნიშნული მუქარა ე-–------------მ აღიქვა რეალურად, რითაც ა---------------------მა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, გამოძიებისთვის დაუდგენელ პირთან ერთად განახორციელა თავდასხმა. აღსანიშნავია, რომ ე-–------------მ მასზე თავდასხმისას სცადა დავდამსხმელისთვის დანის წართმევა, რადგან არ ჰქონდა საკმარისი თანხა და ფიქრობდა, რომ დამნაშავეები მუქარას აღასრულებდნენ, რა დროსაც დანის წართმევისას ხელი დაუზიანდა. დაზარალებულს, რომ არ გასჩენოდა თავდასხმის განხორციელების რეალური შიში, იგი არც შეეწინააღმდეგებოდა შეიარაღებულ პირს და არც საკუთარი მანქანიდან გაიქცეოდა.

გარდა ამისა, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას, რომ თითქოს მან შემთხვევით გაიარა შემთხვევის ადგილას და შეესწრო დანაშაულის ფაქტს, ვინაიდან გამოძიების ეტაპზე დაზარალებულმა ე-–------------მ ამოიცნო იგი, როგორც თავდასხმის მონაწილე, ამოცნობის ოქმის სისწორეს აფიქსირებს თავად ა---------------------იც. ასევე ელდარ ჩიჩუას ავტომანქანიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ა---------------------ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.

ამასთანავე, გამოძიების ეტაპზე ბრალდებულთან ჩატარებულ ყველა საგამოძიებო მოქმედების ოქმზე თავად ა---------------------ი აწერს ხელს, ადასტურებს ოქმის სისწორეს, ეთანხმება და არანაირ შენიშვნას არ აფიქსირებს მასზე, რაც ეწინააღმდეგება მის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებას, რომ თითქოს საგამოძიებო მოქმედების ოქმებს არ გაეცნო და ისე მოაწერა ხელი. გასათვალისწინებელია, რომ საგამოძიებო მოქმედებებს ასევე ესწრებოდა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატიც. აღსანიშნავია საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რა დროსაც ა---------------------მა გამოძიებას მიუთითა ის ადგილი, სადაც გადააგდო იარაღის მაგვარი საგანი, რომლითაც დააყაჩაღა ტაქსის მძღოლი ე-–------------. ამასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილი იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოს მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს სასამართლო განიხილავს როგორც ა---------------------ის მამხილებელ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა---------------------მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ჯანმრთელობისათვის და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის (დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტებით) - და სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მას მსჯავრი.

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ა---------------------მა დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის ქვეშ, ხოლო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა---------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 2 (ორი) წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა---------------------ს სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

ა---------------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 14 თებერვლიდან.

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

1. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 5 ცალი ხელის კვალი, მიკრონაწილაკები 9 ცალ წებოვან ლენტზე, 6 ცალი ანაწმენდი, მოწითალო ფერის ანაწმენდები, 2 ცალი სუნის ნიმუში, დაზარალებულ ე-–------------სგან არებული სისხლის ნიმუში, საგამოძიებო ექსპერიმენტის შემდეგ ამოღებული ერთი ცალი იარაღის მაგვარი საგანი, დანა და ფარანი, ბრალდებულ ა---------------------ისგან აღებული სუნის ნიმუში, ნერწყვის ნიმუში და ხელის კვლების ნიმუში, ე-–------------ს ავტომანქანიდან ამოღებული სავარძლის ქსოვილის ამონაჭერი, პისტოლეტის მაგვარი საგნიდან აღებული დნმ ანაწმენდები, - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

2. დაზარალებულ ე-–------------სგან ამოღებული ჯინსის შარვალი, ბრალდებულ ა---------------------ისგან ამოღებული ქურთუკი და ა---------------------ისგან ამოღებული მობილური ტელეფონი, - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებ;

3. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები გადატანილი 2 (ორ) ცალ დისკზე, საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ამოღების დროს გადაღებული ფოტოსურათები გადატანილი 1 (ერთ) ცალ დისკზე და ავტომანქანის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები გადატანილი 1 (ერთ) ცალ დისკზე, - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე

ლ. ორკოდაშვილი