გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1241-2019
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
8 ნოემბერი 2019 წ. ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე სს "ს----------–--------ი"
წარმომადგენელი სალომე ჯელიაშვილი
მოპასუხე ზ------ ვ-----–---–ი
დავის საგანი კრედიტის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. 2016 წლის 6 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე ზ------ ვ-----–---–ისათვის სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ 12 457.15 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა – 10 223.80 ლარი, პროცენტი – 739.81 ლარი, ხოლო ჯარიმა – 1446 ლარი, საკომისიო 47.54 ლარი.
1.2. 2017 წლის 21 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე 11 498.69 ლარი, საკომისიო 96 ლარი, სარგებელი 9996.84 ლარი, პირგასამტეხლი 3419.26 ლარი.
1.3. ზ------ ვ-----–---–ისათვის სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სააპლიკაციო საფასურის 100 ლარის დაკისრება.
სარჩელის საფუძვლები
2016 წლის 6 ივლისს სს ს----------–--------სა და ზ------ ვ-----–---–ს შორის დაიდო №3663865 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა: 20000 ლარი. კრედიტის ვადა 42 თვე. სარგებელი - წლიური 14,2%; ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ათვისებული კრედიტის საკომისიოს 2%.ხელშეკრულებით გათვალისწინებულია საბანკო კრედიტის დაფარვა ყოველთვიურად თანხის 299.71 ლარის გადახდით.
2018 წლის 1 ივნისის შემდეგ თანხა არ გადაუხდია. მისი დავალიანებაა ძირითადი თანხა 10 223.80 ლარი, სარგებელი 739.81 ლარი, საკომისიო 47.54 ლარი, პირგასამტეხლო 1446 ლარი.
2017 წლის 21 თებერვალს სს „ს----------–--------სა“ და ზ------ ვ-----–---–ს შორის დაიდო საბანკო მომსახურების ხელშეკრულება N4228971 შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა: 10 000 ლარი. კრედიტის ვადა 42 თვე. სარგებელი - წლიური 13.4%; ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2018 წლის 25 ივნისის შემდეგ მოპასუხეს თანხა არ გადაუხდია. მისი დავალიანებაა ძირითადი თანხა 6 986,59 ლარი, სარგებელი 996,84 ლარი, საკომისიო 96 ლარი, პირგასამტეხლო 3419,26 ლარი.
ბანკმა 2018 წლის 4 დეკემბერს აღსრულების ბიუროს მიმართა გადახდის ბრძანების მიღების მოთხოვნით, მაგრამ მხარეებს შორის ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება, რის გამო ბრძანების გამოცემაზე უარი ეთქვა. გადახდილი სააპლიკაციო საფასური არ დაუბრუნდა. ეს ხარჯი გაღებულია კრედიტის ხელშეკრულებიდნ გამომდინარე, რის გამოც მისი გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ თანახმაა გადაიხადოს ძირითადი თანხის დავალიანება, პროცენეტების მოთხოვნა არაგონივრულად მაღალია და უნდა შემცირდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 6 ივლისს სს ს----------–--------სა და ზ------ ვ-----–---–ს შორის დაიდო №3663865 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა: 20 000 ლარი. კრედიტის ვადა 42 თვე. სარგებელი - წლიური 14,2%; ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ათვისებული კრედიტის საკომისიოს 2%.ხელშეკრულებით გათვალისწინებულია საბანკო კრედიტის დაფარვა ყოველთვიურად თანხის 299.71 ლარის გადახდით.
კრედიტის დაბრუნების მიზნით მოპასუხემ გადაიხადა ძირითადი თანხა 9777,3 ლარი, პროცენტი 4 194,69 ლარი, საკომისიო 184,46 ლარი. 2018 წლის 1 ივნისის შემდეგ თანხა არ გადაუხდია. მისი დავალიანებაა ძირითადი თანხა 10 223.80 ლარი, სარგებელი 739.81 ლარი, საკომისიო 47.54 ლარი, პირგასამტეხლო 1446 ლარი ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 18-21. 101-102. ტომი 1)
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 28. ტომი 1 )
- სარჩელი (ს.ფ. 3-10. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 42-46. ტომი 1)
3.1.2. 2017 წლის 21 თებერვალს სს ს----------–--------სა და ზ------ ვ-----–---–ს შორის დაიდო საბანკო მომსახურების ხელშეკრულება N4228971 შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა: 10 000 ლარი. კრედიტის ვადა 42 თვე. სარგებელი - წლიური 13.4%; ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
კრედიტის დაბრუნების მიზნით მოპასუხემ გადაიხადა ძირითადი თანხა 3013,41 ლარი, პროცენტი 1482,24 ლარი, საკომისიო 120 ლარი. 2018 წლის 25 ივნისის შემდეგ თანხა არ გადაუხდია.. მისი დავალიანებაა ძირითადი თანხა 6986,59 ლარი, სარგებელი 996,84 ლარი, საკომისიო 96 ლარი, პირგასამტეხლო 3419,26 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 22-23. ტომი 1)
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 27. ტომი 1 )
- სარჩელი (ს.ფ. 3-10. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 42-46. ტომი 1)
3.1.3. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 24 აპრილის NSP181224486/575870 გადაწყვეტილებით სს „ს----------–--------ს“ უარი ეთქვა ზ------ ვ-----–---–ის მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე იმის გამო, რომ მხარეებამ შეთანმხებას ვერ მიაღიწე, რაც იწვევს მოვალის პროტესტის შემთხვევაში გათვალისწინებულ შედეგს. სს „ს----------–--------მა“ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე 2018 წლის 5 დეკემბერს გადაიხადა სააპლიკაციო საფასური 100 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ბრძანების ასლი (ს.ფ. 30. ტომი 1)
- საფასურის გადახდის ქვითარი (ს.ფ. 29. ტომი 1 )
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაო არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა შემცირდეს 2017 წლის 21 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
· საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე მუხლები, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე, 316-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის არსი განმარტებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლით. ამ ნორმის მიხედივით, თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის (2016 წლის 6 ივლისს მოქმედი რედაქცია), თანახმად, 1. მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი; 2. თუ შეთანხმებით გათვალისწინებული ცვალებადი საპროცენტო განაკვეთისა და მისი სიდიდის განსაზღვრა შეეძლო კრედიტის გამცემს, იგი ვალდებულია ეს განსაზღვროს სამართლიანობის საფუძველზე; იგი ასევე მოვალეა საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გაზრდას ან შემცირებას შეუსაბამოს თავისი საპროცენტო განაკვეთი; 3. პროცენტის ცვალებადობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის სადისკონტო განაკვეთს ან ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს; 4. საკრედიტო ხელშეკრულების დადებისას უნდა განისაზღვროს საპროცენტო განაკვეთის ზრდისა და შემცირების ზღვარი და ცვლილებათა მინიმალური შუალედი; 5. კრედიტის გამცემი მოვალეა მისაღები ფორმით შეატყობინოს მსესხებელს კრედიტისათვის საპროცენტო განაკვეთის შესახებ; 6. თუ წლიური საპროცენტო განაკვეთი არ არის მითითებული, მაშინ გამოიყენება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული წლიური პროცენტი.თუკი ხარჯების დაკისრება არ იყო გათვალისწინებული წლიური პროცენტის გამოთვლისას, მაშინ ეს ხარჯები არ ანაზღაურდება. ამ ნორმის მოქმეება ვრცელდება 2016 წლის 6 ივლისს დადებულ ხელშეკრულების პირობებზე.
ამავე მუხლის 2017 წლის 15 იანვრიდან ამოქმედებული რედაქციის მიხედვით, 1. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი. 2. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. ამ ნაწილის მიზნებისათვის სესხის ვადის გაგრძელებად მიიჩნევა არსებული სესხის დაფარვის შემდეგ ახალი სესხის გაცემა, თუ არსებული სესხის დაფარვიდან ახალი სესხის გაცემამდე 5 სამუშაო დღე არ გასულა. ამ ნაწილით დადგენილი წესი არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3 ნაწილზე, გარდა იმავე ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა; 3. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის (გარდა 1000 ლარამდე სესხისა) ხელშეკრულებაში მითითებული, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების (გარდა სანოტარო წესით იპოთეკის დამოწმებასთან და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა) ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის ერთ მეთორმეტედს, რომელიც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან. ამ ნაწილის შესაბამისად, 1000 ლარამდე უზრუნველყოფილ სესხზე ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა; 4. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული პირობები არ ვრცელდება კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის და კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის მიერ დადებულ სესხის ხელშეკრულებებზე; 5. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს. ამ ნორმის მოქმედება რცელდება 2017 წლის 21 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლიდან გამომდინარე საკრედიტო ხელშეკრულება ყოველთვის სარგებლიანი სესხის ხელშეკრულებაა და ამით განსხვავდება იგი სხვა სესხის ხელშეკრულებისაგან, სადაც სარგებელი მხოლოდ ორივე მხარის ნების შემთხვევაში განისაზღვრება.
სასამართლო განმარტავს, რომ პროცენტი არის სარგებელი ფულადი თანხებით სარგებლობისათვის. პროცენტი წარმოადგენს ნასესხები ძირითადი თანხის სარგებელს, რომელიც პირგასამტეხლოსაგან განსხვავებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული უპირობოდ შესასრულებელი ვალდებულებაა. პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა. ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი „დაკავებისათვის“. სასყიდლიან სესხის ხელშეკრულებაში პროცენტის გადახდა მსესხებლის ძირითადი ვალდებულებაა.
საპროცენტო განაკვეთი შეიძლება იყოს მყარი (ფიქსირებული) ან ცვალებადი (ინდექსირებული). როგორც სესხის, ისე საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შეიძლება შეიცავდეს შეთანხმებას მყარ ან ცვალებად საპროცენტო განაკვეთზე. ამ შემთხვევაში ხელშეკრულებით სარგებელი გათვალისწინებულია მყარი საპროცენტო განაკვეთით.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 876-ე მუხლის საფუძველზე საკრედიტო ხელშეკრულება ყოველთვის სარგებლიანი ხელშეკრულებაა და ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული წესების საფუძველზე საკრედიტო ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს კრედიტის გაცემის და კრედიტით სარგებლობის ფინანსური ხარჯების ანაზღაურების საკითხებს. სარგებლიანი საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს არა მარტო მიღებული კრედიტის თანხა, არამედ კრედიტორს უნდა გადაუხადოს ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური ხარჯი. კერძოდ, სადაო ხელშეკრულებით სარგებელთან ერთად გათვალისწინებულია ფინანსური ხარჯი სესხის საკომისიო, რაც სრულად გადახდილი არ არის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოპასუხემ კრედიტის დაბრუნების ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა, მან სრულად არ დააბრუნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. იგი არ ცნობს სესხის სარგებლის დაკისრების მოთხოვნას, მაგრამ ეს შედავება არაარსებითია, რადგან პროცენტის ბათილობის წინაპირობები არ მიუთითებია, ასევე არ მიუთითებს დავალიანების გაანგარიშების უსწორობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ამასთან მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება და სასამართლოში მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი ნაწილობრივ ცნო, თანხმობა განაცხადა ორივე საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილი სესხის ძირითადი თანხის გადახდაზე, რაც ამ თანხის დაკისრების საკმარისი საფუძველია, ხოლო ზემოთაღნიშნული გარემოებების გამო მოპასუხეს ასევე სრულად უნდა დაეკისროს სარჩელით მოთხოვნილი სესხის სარგებლის და საკომისიოს გადახდა.
სასარჩელო მოთხოვნის და მის საწინააღმდეგოდ მოპასუხის მიერ დასახელებული არგუმენტების საფუძვლიანობის გადასაწყვეტად მხედველობაშია მისაღები საკრედიტო ხელშეკრულების იურიდიული ბუნება. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის „თ“ პუნქტი, რომლის თანახმად, კრედიტი არის დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება; სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს არა მარტო გაცემული კრედიტის ძირითად თანხას, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტსაც.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებაში საქმეზე N ას-1385-1307 განმარტა: „საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, .... ბანკს გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება“ .
ამდენად, საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ძირითად თანხასთან ერთად სარგებლის და საკომისიოს თანხის გადახდა, საბანკო ამონაწერით დასტურდება, რომ კრედიტი სრულად და დროულად გადახდილი არ არის, რის გამოც მოპასუხის უნდა დაეკისროს კრედიტის ძირითადი თანხის და სარგებლის ის დავალიანება, რასაც მოითხოვს მოსარჩელე.
საკრედიტო ხელშეკრულება ითვალისწინებს კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვას, რის გამოც მოპასუხეს სესხის ძირითად თანხასთან და სარგებელთან ერთად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდაც.
სასამართლოს მიაჩნია, რომ 2016 წლის 6 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო გონივრულია და მისი შემცირების საფუძველი არ არსებობს, ხოლო 2017 წლის 21 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს შემდეგი საფუძვლების გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მხარეებს შორის წერილობით დადებული ორივე საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან სესხის დაუბრუნებლობის გამო. პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0,5%-ს. 2016 წლის 6 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილია პირგასამტეხლო 1446 ლარი, ხოლო 2017 წლის 12 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე - 3419,26 ლარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტებულია პირგასამტეხლოს არსი შემდეგნაირად: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლოსთვის მინიჭებული უფლების საფუძველზე სახელშეკრულებო პირობების სამართლიანობის შემოწმება სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილისინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყოს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.
პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მიზნით სასამართლოსთვის მინიჭებული სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევა ემსახურება სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფას, რაც ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. საქართველო სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. იგი ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ხოლო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში - ახდენს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირებას. პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხი წამოიჭრება ვალდებულების დარღვევის შემდეგ, ასეთ შემთხვევაში პირგასამტეხლო უზრუნველყოფს კრედიტორისათვის ვალდებულების დარღვევით გამოწვეული დანაკარგების მინიმალურად კომპენსირებას, რის გამოც პირგასმატეხლოს გონივრულობის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნას კრედიტორის ინტერესებიც. აქედან გამომდინარე, პირგასამტეხლოს შემცირების მიზანს არ წარმოადგენს მოპასუხისათვის სიმბოლური თანხის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება, რადგან ეს პირგასამტეხლოს დანიშნულება არ არის.
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას უნდა შემოწმდეს, შეესაბამება თუ არა მოთხოვნილი პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის გამოწვეულ შედეგს, უნდა შეფასდეს დარღვევის შინაარსი, ვადის გადაცილების ხანგრძლივობა. პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს სახით მოვალეს არ უნდა დაეკისროს ისეთი სანქცია, რაც მას მძიმე ტვირთად დააწვება და ვალდებულების შესრულებას გააძნელებს.
2016 წლის 6 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 10 223,80 ლარი, ხოლო სარგებელია 739,81 ლარი, სულ საკომისიოსთან ერთად დავალიანებაა 11 011,15 ლარი. 2018 წლის ივნისის შემდეგ სესხი მოვალეს არ დაუბრუნებია, ხოლო სარჩელი აღძრულია ვალდებულების დარღვევიდან 1 წელიწადში. სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დავალიანებაა 11 011,15 ლარი. გადასახდელი თანხის ოდენობის გათვალისწინებით მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის დავალიანების 13%, რაც ვადის გადაცილების ხანგრძლივი დროის გამო მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ხასიათის გამო თანაზომიერი ფინანსური სანქციაა. პირგასამტეხლოს ოდენობის შეფასების დროს სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ პირგასამტეხლოს გააჩნია ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქცია. განსახილველ საქმეში უდავოდ დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, რაც კრედიტორისათვის ზიანის გამომწვევი ქმედებაა. საკრედიტო ხელშეკრულების ბუნებიდან გამომდინარე იგი მხოლოდ სასყიდლიანი გარიგებაა. თავის მხრივ ბანკის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე მოვალის მიერ დაბრუნებული კრედიტის თანხა და სარგებელი არის ბანკის შემოსავლის მიღების საშუალება, რასაც ბანკი გამოიყენებს კვლავ კრედიტის გაცემის მიზნით და რასაც ასევე სარგებლის მიღება უკავშირდება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო ერთდროულად უზრუნველყოფს კრედიტორის მიერ განცდილი ზიანის მინიმალურად ანაზღაურებას და ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხისათვის სანქციის დაკისრებას, იგი სამართლიანი ფულადი სანქციაა და მისი შემცირების საფუძველი არ არსებობს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა შემცირდეს 2017 წლის 10 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო. ამ შემთხვევაში სესხის დავალიანებაა ძირითადი თანხა 6986,59 ლარი, სარგებელია 996,84 ლარი, საკომისიო 96 ლარი, სულ 8079,43 ლარი. მოთხოვნილია პირგასამტეხლო 3419,26 ლარი. ამდენად, მოსარჩელე მოითხოვს ძირითადი თანხის დავალიანების ნახევარს პირგასამტეხლოს ასანაზღაურებლად. სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს თანხა ვალდებულების დარღვევის გარემოებებიდან გამომდინარე არაგონივრულად მაღალია.
2017 წლის 21 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს შემდეგი გარემოებების გამო: ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგამატეხლო ყოვედღიურად დავალიანების 0,5%-ის ოდენობით, რაც წლიურად 182,5 %-ია. ძირითადი თანხის დავალიანების 6989,59 ლარის 0,5% დღეში არის 34,93 ლარი.
კრედიტის დაბრუნების ვადა გადაცილებულია 2018 წლის 3 ივლისიდან (გრაფიკით გათვალისწინებულია თანხის გადახდა 2018 წლის 2 ივლისს) და მოთხოვნილია 2018 წლის 4 დეკემბრამდე პერიოდში დარიცხული პირგასამტეხლო. მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის სესხის თანხის ნახევარი. პირგასმატეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია ბანკსა და მოპასუხეს შორის არსებული ურთიერთიერთობის ხასიათი და ხანგრძლივობა, საკრედიტო ხელშეკრულების შესრულების გარემოებები. მხარეებს შორის 2 საკრედიტო ხელშეკრულებაა დადებული, რომლებსაც მოპასუხე გარკვეული პერიოდულობით ასრულებდა. ამ კონკრეტული ხელშეკრულების საფუძველზე უმნიშვნელო ვადაგადაცილებით გადახდილია სესხის ძირითადი თანხა და პროცენტი 2018 წლის ივნისამდე პერიოდში, ხოლო პირგასამტეხლო მხოლოდ 32,40 ლარის გადახდილი. ამ საკრედიტო ვალდებულებასთან ერთად მოპასუხე 2016 წლის საკრედიტო ვალდებულებასაც ასრულებდა ამავე პერიოდში. ამ გარემოებების გამო არაგონივრულია სესხის ნახევარი თანხის პირგასამტეხლოს დაკისრება და იგი უნდა განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,08%-ით, რაც არის დღეში 5,58 ლარი. ვადის გადაცილებაა 2018 წლის 3 ივლისიდან 2018 წლის 4 დეკემბრამდე - 154 დღე, რა პერიოდში გადასახდელი პირგასამტეხლოა 860,75 ლარი.
ამდენად, 2016 წლის 6 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გადახსახდელია სარჩელით მოთხოვნილ თანხა სრულად - 12 457,15 ლარი. 2017 წლსი 21 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელია 8940,18 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 6989,59 ლარი, სარგებელი 996,84 ლარი, საკომისიოს 96 ლარი, პირგასამხტელო 860,75 ლარი.
საერთი ჯამში მოპასუხეს გადასახდელი აქვს 21 397,33 ლარი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი სააპლიკაციო საფასურის ანაზღაურება.
მოსარჩელემ დავალიანების გადახდევინების მიზნით გამარტივებული წარმოების განსახორციელებლად გადაიხადა სააპლიკაციო საფასური 100 ლარი, მოპასუხის პროტესტის საფუძველზე გადახდის ბრძანების გამოცემაზე უარი ეთქვა, ხოლო ასეთ შემთხვევაში "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონი საფასურის დაბრუნებას არ ითვალისწინებს. ამავე მოთხოვნაზე სს „ს----------–--------მა“ სასამართლოში წარმოადგინა სარჩელი, რაც სრულად დაკმაყოფილდა. ამდენად, მოპასუხის პროტესტი საფუძვლიანი არ აღმოჩნდა. სააპლიკაციო საფასურის გადახდით მოსარჩელემ განიცადა ზიანი, გასწია ხარჯი დავალიანების იძულებით გადახდევინების მიზნით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 388-ე მუხლის თანახმად, მოვალის იმ გადასახდელებიდან რაც საკმარისი არ არის მთელი ვადამოსული ვალის გადასახდელად, თავდაპირველად იფარება სასამართლოს ხარჯები, შემდეგ ძირითადი შესრულება ( ვალი) და ბოლოს პროცენტები. ამ ნორმით დადგენილია პრინციპი რომლის მიხედვით, ვალდებულების შესრულებისას პრიორიტეტულია სასამართლო ხარჯების დაფარვა, ხოლო სასამართლო ხარჯები სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობით სასამართლოში საქმის განხილვის საპროცესო ხარჯს არ გულისხმობს და მასში იგულისხმება მოთხოვნის იძულებით აღსრულებისათვის გაწეული ხარჯები.
სააპლიკაციო საფასურის გადახდით მოსარჩელემ განიცადა ზიანი, რადგან მოპასუხის უსაფუძვლო პროტესტის საფუძველზე გადახდის ბრძანების გამოცემაზე უარი ეთქვა და საჭირო გახდა დავის საერთო სასარჩელო წესით დაწყება საერთო სასამართლოში, სადაც სარჩელი დაკმაყოფილდა. ამდენად, ამ ხარჯის ანაზღაურება ეკისრება მსესხებელს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. 3. თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნების სარჩელის ფასია 24 055,84 ლარი, საიდანაც მოპასუხეს დაეკისრა 21 397,33 ლარის გადახდა (საერთო მოთხოვნის 88%). სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი 712,68 ლარი, რომლის 88% 635,07 ლარი უნდა აუნაზღაურდეს მოსარჩელეს სსსკ 49-ე და 53-ე მუხლებით დადგენილი წესით.
დაკისრებული თანხიდან მოპასუხემ მოსამზადებელ ეტაპზევე ცნო სარჩელი ძირითადი თანხის ჯამურად 17 210,39 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც არის გადასახდელი თანხის 87%. მოსარჩელისთვის ასანაზღაურებელი სახელმწიფო ბაჟიდან 635,07 ლარიდან 87% არის 552,51 ლარი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სახელწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, რადგან მოსამზადებელ ეტაპზე მოთხოვნის ცნობის გამო მხარეები თავისუფლდებიან ამ მოთხოვნაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის 82,56 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს ,,ს----------–--------ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
1.1. ზ------ ვ-----–---–ს დაეკისროს სს „ს----------–--------ისათვის“ 2016 წლის 6 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე 12 457,15 ლარის გადახდა;
1.2. ზ------ ვ-----–---–ს დაეკისროს სს „ს----------–--------ისათვის“ 2017 წლის 21 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე 8940,18 ლარის გადახდა;
1.3. ზ------ ვ-----–---–ს დაეკისროს სს ს----------–--------ისათვის სააპლიკაციო საფასურის 100 ლარის გადახდა;
1.4. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა 2017 წლის 21 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლოს 2558,51 ლარის გადახდის ნაწილში;
2. ზ------ ვ-----–---–ს დაეკისროს სს საქართველოს ბანკისათვის სახელმწიფო ბაჟის ასანაზღურებლად 82,56 ლარის გადახდა
3. სს „ს----------–--------ს“ დაუბრუნდეს 2019 წლის 1 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 552,51 ლარი. თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე - ერთიანი საბიუჯეტო ანგარიში, სახაზინო კოდი 300063150 (საგადასახადო დავალება N6).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი