გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.12.2019
საქმის ნომერი
190210019003037247
კატეგორია
დავის ტიპი
სამისდღეშიო რჩენა
თარიღი
03.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2-1065-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

11 ნოემბერი, 2019 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - მამუკა ნოზაძე

სხდომის მდივანი - გვანცა ბერუაშვილი

 

მოსარჩელე - ზ------ა მ----ე

წარმომადგენელი - მ----------

მოპასუხე - ზ------ი ხ-------–---–ი

წარმომადგენელი-დ--------------–--ე

 

დავის საგანი - სამიდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაუქმება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

გაუქმდეს 2019 წლის 21 თებერვალს ნოტარიუს მ---------–----–---–-- სანოტარო ბიუროში მოსარჩელე ზ------ა მ----ესა და მოპასუხე ზ------ ხ-------–---–ს შორის გაფორმებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება.

 

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები:

სარჩელში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 21 თებერვალს მოსარჩელის მარწმუნებელსა და ზ------ ხ-------–---–ს შორის გაფორმდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, რომლითაც ზ------ ხ--------–---–მა, როგორც მარჩენალმა, იკისრა ვალდებულება მოევლო და ეზრუნა ზ------ა მ----ისთვის, როგორც სარჩენისთვის, ხოლო ამ უკანასკნელმა შესაბამისად იკისრა ვალდებულება სამომავლოდ, მარჩენალისთვის გადაეცა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ----------------–----–----–-------------------------------------------

 

მოპასუხემ უხეშად დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც მოსარჩელის მარწმუნებელმა მომართა სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვალს მხარეებს შორის გაფორმებული სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2019 წლის 21 თებერვალს მხარეებს შორის გაფორმდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება

მტკიცებულება: სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება.

 

3.1.2. 2019 წლის 8 აპრილს ზ------ა მ----ესა და და ზ------ ხ-------–---–ის მეუღლეს, ი---------–---ს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ზ------ა მ----ემ ი---------–---ს 15000 ლარად თანასაკუთრებაში გადასცა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების ნაწილი, მდებარე ქ----------------–----–----–----------------------------------------

მტკიცებულება: ა. ნასყიდობის ხელშეკრულება, ბ. მხარის ახსნა-განმარტება.

 

3.1.3 2019 წლის 30 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში დარეგისტრირდა ზ------ა მ----ის წარმომადგენლისა და ი---------–--ის (მოპასუხის მეუღლე) ერთობლივი განცხადება ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებასა და ხელშეკრულებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენის შესახებ, რომლითაც მოთხოვნილია რეგისტრაციის გაუქმება უძრავ ნივთზე, მისამართი: ქ----------------–----–----–-------------------------------------

მტკიცებულება: ა. განცხადება. ბ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1 ზ------ი ხ-------–---–ი არ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას და არ ზრუნავდა მოსარჩელეზე, რასაც ასევე მოწმობს შს რუსთავის საქალაქო სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ს---------------–---ს მიერ გაცემული საინფორმაციო ხასიათის მომართვა მასზედ, რომ რუსთავის საქალაქო სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 01---------- საქმეზე ქ. რ------------–----–----–-----–ი მცხოვრებ ზ------ა მ----ის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე.

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით საქმეში მოძალადედ ფიგურირებს ზ------ი ხ-------–---–ის მეუღლე - ი---------–---.

მტკიცებულებები: ა. საინფორმაციო ხასიათის მომართვა, ბ. მხარის ახსნა-განმარტება.

 

3.2.2 მხარეთა შორის არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მოსარჩელეს აღარ აქვს სურვილი მოპასუხესთან ჰქონდეს ის უფლება-მოვალეობები, რაც წარმოშობილია სამისდღეჩიო რჩენის ხელშეკრულებიდან განმომდინარე.

მტკიცებულება: ა. მხარის ახსნა-განმარტება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ზ------ ხ-------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოპასუხის მხრიდან 21.02.2----–-–------------- სამისდღემჩიო რჩენის ხელშეკრულების პირობების დარღვევა არ მომხდარა, იგი კეთილსინდისიერად ასრულებდა და მზად არის მომავალშიც გააგრძელოს მის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება და მიაჩნია, რომ ხელშეკრულების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

მტკიცებულებები: ა. შესაგებელი, ბ. მხარის ახსნა-განმარტება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში ზ------ ხ-------–---–ის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგო მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა, რომ იგი ნამდვილად ჯეროვნად ასრულებდა მასზე ხელშეკრულებით დაკისრებულ მოვალეობებს, კერძოდ, ზ------ა მ----ეს ამარაგებდა სრულფასოვანი საკვებით, მკურნალობით, ტანსაცმლით, საცხოვრებელი პირობებით, რაც აუცილებელია სარჩენის ღირსეული ცხოვრებისათვის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ------ა მ----ის სარჩელი დასაბუთებელია და უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 941-ე, 949-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 941-ე მუხლის თანახმად, პირი რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას (მარჩენალი) ვალდებულია გადაუხადოს იგი სარჩოს მიმღებს (სარჩენს) მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით).

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართალურთიერთობა წარმოიშვა 2019 წლის 21 თებერვალს გაფორმებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის თანახმად მოპასუხემ აიღო ვალდებულება ზ------ა მ----ის სიცოცხლის ბოლომდე ეზრუნა მასზე, კერძოდ, უზრუნველეყო იგი სრულფასოვანი საკვები პროდუქტებით, ტანსაცმლით, საყოფაცხოვრებო ნივთებით, სამედიცინო მედიკამენტებით და მომსახურებით. თავის მხრივ, მოსარჩელე ზ------ა მ----ემ გადასცა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ----------------–----–----–----------------------------------------

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 949-ე მუხლის თანახმად, როგორც მარჩენალს, ისე სარჩენს შეუძლიათ უარი თქვან ხელშეკრულებაზე, თუკი სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად, ან სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მის გაგრძელებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება - გარდა ეკონომიკური მახასიათებლებისა, მოიცავს მორალური კატეგორიის ელემენტებს, რომელიც საფუძვლად უდევს მხარეთა შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, „...სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება ურთიერთობათა იმ კატეგორიას მიეკუთვნება სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა სუბიექტურ განწყობას სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების მიმართ. ერთ შემთხვევაში ეს არის სარჩენის სურვილი მის საკუთრებაში არსებული ქონება განკარგოს იმგვარად, რომ უზრუნველყოს თავისთვის ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა: იყოს უზრუნველყოფილი ცხოვრების სათანადო პირობებით, ჯანსაღი და აუცილებელი კვების პროდუქტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისთვის სავალდებულო მედიკამენტებით, სათანადო ადამიანური ყურადღებით და სხვ...“.

 

მოსარჩელე ვალდებულია მიუთითოს არა მხოლოდ ვალდებულების დარღვევის სახეზე, არამედ ასევე იმ პირობებზე, რომლებიც გამორიცხავენ ურთიერთობის გაგრძელებას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე #ას-1205-1125-2017) აღნიშნულია “მოცემულ შემთხვევაში, განსხვავებით სხვა სახის ხელშეკრულებებისაგან, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტისათვის კანონმდებელმა მხარის ნებასთან ერთად, რომ გასულიყო აღნიშნული ხელშეკრულების სამართლებრივი სივრციდან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის გამო, იმავდროულად სავალდებულოდ მოითხოვა ისეთი გარემოებების არსებობის დადასტურებაც, როგორიცაა მათ შორის ურთიერთობის განსაკუთრებულად დაძაბვა. ის, რომ მხარეთა ურთიერთობა რაიმე მიზეზით გახდა აუტანელი იმდაგვარად, რაც შეუძლებელს ხდიდა ხელშემკვრელ მხარეებს, მათ ყოფნას ერთიან სახელშეკრულებო სივრცეში....“. ამგვარად, მხოლოდ ვალდებულების დარღვევის კომპონენტი არ არის საკმარისი ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნისათვის და აღნიშნული წინაპირობის არარსებობა გამორიცხავს ამ უფლების რეალიზაციას იმ შემთხვევაშიც თუ სახეზეა ვალდებულების დარღვევა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს, რომ შეწყდეს 2019 წლის 21 თებერვლს მხარეებს შორის დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, აღნიშნულის საფუძვლად კი მოსარჩელე უთითებს, რომ ზ------ ხ-------–---–ი არ ასრულებს მასზე ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს, მას დაეძაბა ურთიერთობა მოსარჩელესთან, დაწყებულია გამოძიება ზ------ა მ----ის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტზე სადაც მოსარჩელის განმარტებით ფიგურირებს მოპასუხის მეუღლე.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა: ლ-------–------–---–----------------------- სასამართლოში დაადასტურეს ფაქტი, რომ მოპასუხე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნამდვილად ზრუნავდა ზ------ა მ----ეზე, მოსარჩელე ხშირად სტუმრობდა ზ------ ხ-------–---–ს სახლში, თუმცა მოწმეებს არ უსაუბრიათ მხარეებს შორის ხელშეკრულების დადების შემდგომ პერიოდზე, მაშინ როდესაც მოსარჩელე თავის ახსნა განამრტებაში მიუთითებს, რომ ხელშეკრულების დადების შემდეგ დაიძაბა მხარეებს შორის ურთიერთობა და სწორედ 2019 წლის მარტის თვიდან მოპასუხე უხეშად არღვევდა მისთვის დაკისრებულ ვალდებულებებს, მოპასუხის მეუღლის მხრიდან ადგილი ჰქონდა მასზე ძალადობას, უხეშად მოპყრობას და მხარეებს შორის ურთიერთობა საკამოდ დაძაბული იყო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უარის თქმის საფუძველი შეიძლება იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ისეთი პირობების დარღვევა, რომლის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა, ანდა არსებობს სხვა მიზეზები, რომლებიც უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მხარეთა შორის ურთიერთობების შემდგომ გაგრძელებას. სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს მხარეთა შორის არსებულ არასახარბიელო დაძაბულ ურთიერთობას, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ფაქტორია ხელშეკრულების გაუქმების და მხარეებს შორის ურთიერთობის გაგრძელების. მხარეებს შორის რომ კარგი ურთიერთობა არ იყო, ამას გარკვეულწილად მოპასუხე დამატებით ფაქტობრივ გარემოებებშიც უთითებს და მოწმეების მიერაც იქნა დადასტურებული. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მხარეთა და მოწმეების ახსნა-განმარტებების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ------ ხ-------–---–ის მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების არამარტო დარღვევას, არამედ მათ შორის ურთიერთობა იმდენად დაძაბულია, რომ შეუძლებელია მათი ყოფნა ერთიან სახელშეკრულებო სივრცეში, რის გამოც, ზ------ა მ----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებუილი იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია სარჩელზე 100 ლარი და სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფაზე 50 ლარი, აღნიშნული თანხის გადახდა მოპასუხე უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის განჩინებით გამოყენებული იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება - ზ------ ხ-------–---–ს (პ/ნ 3----------) აეკრძალა უძრავ ქონებაზე მდებარე ქ---------------–----–----–-------------------------------------------- საჯარო რეესტრში მესაკუთრედ აღრიცხვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991 -ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ზ------- მ----ის სარჩელი მოპასუხე ზ------ ხ-------–---–ის მიმართ ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს 2019 წლის 21 თებერვალს ნოტარიუს მ--------–----–---–-- სანოტარო ბიუროში(რეგ.ნომერიN1--------) მოსარჩელე ზ------ა მ----ესა (პ/ნ 3----------- და მოპასუხე ზ------ ხ-------–---–ს (პ/ნ 3----------) შორის გაფორმებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება.

 

3. ზ------ ხ-------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკიროს 150 ლარის გადახდა.

4. უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ზ------ ხ-------–---–ს აეკრძალა უძრავ ქონებაზე მდებარე ქ---------------–----–----–----------------------------------------- საჯარო რეესტრში მესაკუთრედ აღრიცხვა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული

გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. #6) მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მამუკა ნოზაძე