გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.09.2019
საქმის ნომერი
330210019003055650
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
26.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/14593-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

26 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი - შორენა აბჟანდაძე

 

მოსარჩელე - მ------ მ--------

წარმომადგენელი - ე---------------–----

 

მოპასუხე - სს „ლ-------------ი“

წარმომადგენელი - ნ-----------–---–ი

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე სს ,,ლ-------------ს“ მოსარჩელე მ------ მ--------ს სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 3112 ლარის ოდენობით.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 ივნისის #2-------- სააღსრულებო ფურცლის თანახმად, მოპასუხეებს მ------ მ--------ს და ნ-----–---–----ეს მოსარჩელე რ-------- ა--------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 39 100 აშშ დოლარის გადახდა, ასევე სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯები. #2-------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2015 წლის 22 მაისის 4---- წერილით მიმართა საქართველოში რეგისტრირებულ საბანკო დაწესებულებებს, მათ შორის - სს „ლ-------------ს“, და აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა მოსარჩელე მ------ მ--------ს ანგარიშების შესახებ ინფორმაცია, კერძოდ ჰქონდა თუ არა მას ანგარიშები აღნიშნულ ბანკში, დადებით შემთხვევაში ბანკს ეთხოვა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოთხოვნილ ფარგლებში ყადაღის დადება მოსარჩელის ანგარიშზე, გარდა იმ საბანკო ანგარიშებისა, საიდანაც „სახელმწიფო პენსიისა“ და „სოციალური დახმარების“ შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე ხორციელდებოდა შესაბამის პირთა ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა.

 

მოპასუხე სს „ლ-------------ის“ 2015 წლის 22 მაისის წერილით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელს ეცნობა, რომ მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე, მოთხოვნის შესაბამისად, გავრცელებულ იქნა ყადაღა. მოპასუხემ აღსრულების ეროვნული ბიუროს ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიუხედავად ყადაღა გაავრცელა სს „ლ-------------ში“ მოსარჩელის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე, რომელზეც "სოციალური დამხარების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად ირიცხებოდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ კომპენსაციის სახით გაცემული ბინის ქირა, ასევე, ქ. თბილისის მერიის კომუნალური სუბსიდირების დახმარების პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარება ჯამში 3112 ლარის ოდენობით, რომელიც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის საფუძველზე საინკასო დავალებით ჩამოჭრილ იქნა მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან და გადარიცხულ იქნა კრედიტორის ანგარიშზე, რის გამოც მოსარჩელემ ვერ შეძლო გამქირავებლისთვის ათი თვის ბინის ქირის გადახდა და მოუწია ქირით საცხოვრებლად გადასვლა სხვა საცხოვრებელ სადგომში, სადაც იყო გაუსაძლისი პირობები. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სახელმწიფოს მიერ გაცემული ზემოაღნიშნული გასაცემლები წარმოადგენდა სახელმწიფოს მიერ მიზნობრივად გაცემულ დახმარებას, რომელთა გამოყენება სააღსრულებო წარმოების ფარგლებში აღსრულების უზრუნველყოფის საშუალების სახით დაუშვებელი იყო.

 

დღეის მდგომარეობით მოსარჩელე ისევ ცხოვრობს თავდაპირველი გამქირავებლის ბინაში იმ პირობით, რომ ის მას გადაუხდის მის მიმართ ათი თვის ბინის ქირას. მოსარჩელე არის მეორე ჯგუფის ინვალიდი, აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში. მისი ერთსულიანი ოჯახის სარეიტინგო ქულა იმდენად დაბალია, რომ ყოველთვიურად მას ერიცხება საარსებო შემწეობა.“

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სს ,,ლ-------------მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარის საბანკო ანგარიშზე თანხების ჩამოჭრა განხორციელდა 2015 წლის აგვისტოდან 2016 წლის მაისის ჩათვლით, რა დროსაც ჩამოჭრილი თანხების ჯამმა შეადგინა 3112 ლარი. სარჩელი ჩამოჭრილი თანხების დაბრუნების თაობაზე სასამართლოში წარმოდგენილია 2019 წლის 20 ივნისს, შესაბამისად, გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე რ-------- ა--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს მ------ მ--------ს და ნ-----–---–----ეს მოსარჩელე რ-------- ა--------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 39 100 აშშ დოლარის გადახდა. რ-------- ა--------ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების მ------ დ------------------ის და ა-–---------- ლ-----ის მიმართ არ დაკმაყოფილდა. ა-–---------- ლ-----ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2012 წლის 31 იანვრს დადებული გარიგება. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, რომლის საფუძველზეც 25.06.2013 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სასამართლოს 28.11.2012 წლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 17-31);

- 25.06.2013 წლის სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 32-33);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 21.05.2015 წლის წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, მოვალეებს მ------ მ--------ს და ნ-----–---–----ეს განესაზღვრათ შვიდი კალენდარული დღე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მათთვის დაკისრებული ფულადი ვალდებულების 39100 აშშ დოლარის და 3564 ლარის ოდენობით, ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 21.05.2015 წლის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 35-38);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ 2015 წლის 22 მაისს წერილობით მიმართა საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებს, დაუყოვნებლივ ეცნობებინათ მისთვის, ჰქონდა თუ არა გახსნილი მოვალე მ------ მ--------ს ანგარიშსწორების ანგარიშები მათ ბანკში. დადებითი პასუხის შემთხვევაში, რეგისტრაციაში გაეტარებინათ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დადებული ყადაღა მოთხოვნის ფარგლებში, გარდა იმ საბანკო ანგარიშებისა, საიდანაც ,,სახელმწიფო პენსიისა“ და ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ხორციელდება შესაბამის პირთა ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა. აგრეთვე ეცნობებინათ ანგარიში (ანგარიშები) და მასზე დაყადაღებული თანხის ოდენობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 22.05.2015 წლის წერილი (ს.ფ. 39);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. დიდუბის რაიონის გამგეობის 06/07/2018 წლის წერილით დასტურდება, რომ მ------ მ-------- სარგებლობს დროებითი საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის პროგრამით და წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, 2014 წლიდან დღემდე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგებლის 2014 წლის 23 დეკემბრის #159 ბრძანების საფუძველზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტის შესაბამისი ასიგნებებიდან, ერიცხება ქირის კომპენსაცია თვეში 300 ლარის ოდენობით, მის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 06/07/2018 წლის წერილი (ს.ფ. 41);

- ამონაწერი საბანკო ანგარიშებდან (ს.ფ. 42-47);

- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ს.ფ.48

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე, მ------ მ--------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; უკანონოდ იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის ქმედება, რომლითაც N A-------- სააღსრულებო წარმოების საქმეზე კრედიტორს გადაერიცხა მ------ მ--------ს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული 3 112 ლარი; სასარჩელო მოთხოვნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის მ------ მ--------ს სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის განჩინებით მ------ მ--------ს შუამდგომლობა სს ,,ლ-------------ის“ მესამე პირად ჩართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ასევე, შესული საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დაუშვებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სასამართლოს 26.06.2017 წლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 76—89);

- სასამართლოს 15.01.2019 წლის განჩინება (ს.ფ.175-177);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისთვის მნიშვნელობის მქონე სადავო გარემოება საქმეში არ მოიპოვება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 144-ე, 992-ე, 1008-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

მითითებული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებებიც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

კონკრეტულ შემთხვევაში სადავო არაა, რომ მოსარჩელე მ------ მ--------ს პირადი საბანკო ანგარიშიდან 2015-2016 წლებში, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სს ,,ლ-------------ის“ შესაბამისი მიმართვის საფუძველზე სხვადასხვა ოდენობის თანხები ჩამოჭრა, რომლებიც მოსარჩელის ანგარიშზე ჩაირიცხა სოციალური დახმარების ფარგლებში. მოპასუხე მხარე მ------ მ--------ს სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში აპელირებს მხოლოდ ხანდაზმულობის საფუძვლით და მიუთითებს, რომ მოსარჩელე მხარის საბანკო ანგარიშზე თანხების ჩამოჭრა განხორციელდა 2015 წლის აგვისტოდან 2016 წლის მაისის ჩათვლით, სარჩელი ჩამოჭრილი თანხების დაბრუნების თაობაზე სასამართლოში წარმოდგენილია 2019 წლის 20 ივნისს, შესაბამისად, გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

დადასტურებულია და მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის მითითებული თანხების ჩამოჭრისას მისი პასუხისმგებლობის საკითხს და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი, როგორც აღინიშნა, ეფუძნება მხოლოდ ხანდაზმულობის ვადას.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელე მ------ მ-------- მიუთითებს, რომ მან სადავო ფაქტთან მიმართებაში, რომელშიც მოიაზრებოდა აღმასრულებლის მიერ მისი პირადი ანგარიშიდან, სოციალური დახმარების ფარგლებში დარიცხული თანხების ჩამოჭრა, იდავა ადმინისტრაციული წარმოების წესით, სადაც მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო. სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი სარჩელი მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. უკანონოდ იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის ქმედება, რომლითაც #A-------- სააღსრულებო წარმოების საქმეზე კრედიტორს გადაერიცხა მ------ მ--------ს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული 3112 ლარი, თუმცა ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ მას უარი უთხრა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებაზე, იმ საფუძვლით, რომ ზიანის დადგომაში სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ბრალეულობა არ იკვეთებოდა. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოსარჩელისთვის ნათელი გახდა, რომ მისი მოთხოვნის ადრესატს რეალურად წარმოადგენდა არა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, არამედ სს ,,ლ-------------ი“ და ზემოაღნიშნული საქმის საქართველოს უზენაეს სასამართლოში განხილვის სტადიაზე, სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით სს ,,ლ-------------ის“ საქმეში მესამე პირად ჩაბმის თაობაზე, თუმცა სასამართლომ 2019 წლის 15 იანვრის განჩინებით მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოვლენების განვითარების ზემოაღნიშნული ქრონოლოგიის საფუძველზე, მოსარჩელე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მას სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით უნდა აღეძრა სს ,,ლ-------------ის“ მიმართ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება.

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის შინაარსი, რომელიც ეხება მოთხოვნის ხანდაზმულობის წარმოშობის ვადას. ამ მუხლში კონკრეტულად არის მითითებული, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. წარმოდგენილ შემთხვევაში, მ------ მ--------მ სასამართლოს მიმართა სარჩელით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, რადგან სწორედ აღსრულების ბიუროს მიერ მოხდა მისი ანგარიშიდან თანხების ჩამოჭრა, თუმცა მოცემულ დავაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი მოთხოვნის ადრესატს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო არ წარმოადგენდა. ამავე გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ სს ,,ლ-------------ის“ 2015 წლის 22 მაისის N1---------------- წერილით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს ეცნობა, რომ მ------ მ--------ს საბანკო ანგარიშზე, მოთხოვნის შესაბამისად, გავრცელებულ იქნა ყადაღა. მიეთითა მ------ მ--------ს (პ/ნ 0----------) ანგარიშის ნომერი: G---------------------.

 

დადგენილია, რომ სს ,,ლ-------------ში“ მ------ მ--------ს სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე ირიცხებოდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ მ------ მ--------ზე კომპენსაციის სახით გაცემული ბინის ქირა, ასევე, ქ. თბილისის მერიის კომუნალური სუბსიდირების დახმარების პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარება. დადგენილია, რომ აღნიშნული საფუძვლით, მ------ მ--------ს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხები, NA-------- სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის საფუძველზე, ჩამოჭრილ იქნა საბანკო ანგარიშიდან და გადარიცხულ იქნა კრედიტორის ანგარიშზე. შესაბამისად, მ------ მ-------- საბანკო ანგარიშიდან თანხების ჩამოჭრა განხორციელდა სწორედ სს ,,ლ-------------ის“ მიერ აღმასრულებლისთვის მიცემული წერილობითი მითითების საფუძველზე. ვინაიდან, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების თაობაზე, მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის დანაწესის საფუძველზე, მ------ მ--------მ ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ შეტყობიდან ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის გასვლამდე მომართა სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მ------ მ--------ს სარჩელი სს ,,ლ-------------ის“ მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე, საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

ვინაიდან, მ------ მ--------, რომლის სარჩელიც სრულად დაკმაყოფილდა, კანონის საფუძველზე, როგორც სოციალურად დაუცველი პირი, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან, სს ,,ლ-------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე მ------ მ--------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე სს „ლ-------------ს“ მოსარჩელე მ------ მ--------ს სასარგებლოდ დაეკისროს 3112 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე სს „ლ-------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის ანაზღაურება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე