განაჩენი

სისხლის სამართლის 24.10.2019
საქმის ნომერი
330100118002770116
თარიღი
24.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/5550-18

(№------------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

24 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ ონიანი, ანნა ქოჩიაშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ-–----------–---–-, ნ------------–---–-

სტაჟიორ-პროკურორი - ი------------–---–-, ლ-------------

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ლ-–--–--–-------, ჯ--------------–---, ს---–------------

 

ბრალდებული - ლ-------–-------–---–-, დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ქ---------------–---------–----------------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (2018 წლის 10 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

 

დისპოზიცია: ხე-ბუჩქნარის უკანანო გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2016 წლის 5 მაისს, ქ. თბილისში, ქ---------------–-, ვ-----–-------------ის მიმდებარედ ლ-------–-------–---–-- უკანონოდ გაჩეხა ერთი ძირი ჭერამი და თორმეტი ძირი სამეკალა გლედიჩია, რამაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისთვის გამოიწვია 15 404 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. ლ-------–-------–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად ბრალდების მხარემ წარმოადგინა შემდეგი მტკიცებულებები:

 

2.2. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე მ-----------–------ს ჩვენებით დგინდება, რომ არის ლ-------–-------–---–-ს მეზობელი. იგი იყო მათი კორპუსის მიმდებარედ არსებული ხე-ბუჩქნარის გაჩეხვის უშუალო შემსწრე. ხეხილს ჭრიდა ლ-------–-------–---–-ს ქმარი, შვილი და სიძე. თავად ლ-------–-------–---–- იდგა იქვე, ხელში ეკავა ბარი ან თოხი და ხელმძღვანელობდა გაჩეხვის პროცესს. მან აღნიშნული ფაქტის დანახვისას მყისიერად დარეკა ქ. თბილისის მერიის შესაბამის სამსახურში და აცნობა კანონდარღვევა. ჩვენების მიცემისას მოწმემ არაერთგზის დაადასტურა, რომ მას აღნიშნული მიწის ნაკვეთის (სადაც მოხდა ხე-ბუჩქნარის გაჩეხვა) ინტერესი არ ჰქონია. მას ლ-------–-------–---–-ს ოჯახთან, ყოფითი მეზობლური პრობლემების გამო, აქვს ცუდი ურთიერთობა.

 

2.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე მ----------------- ჩვენებით დგინდება, რომ ცხოვრობს, ქ. თბილისში, ფ-------–-, ვ-----–-------------, ბინა №---–-. მისი სახლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ხე-ბუჩქნარის გაჩეხვას ედავება ბრალდების მხარე ლ-------–-------–---–-, არის სახელმწიფოს საკუთრება. აღნიშნულ ადგილზე იყო ეკლნარი, რაც ლ-------–-------–---–-ს სურვილით გაასუფთავა მისივე ქმარმა და შვილმა. ეკლნარის გაჩეხვის პროცესს ლ-------–-------–---–-ც ესწრებოდა. რა საშუალებით ხდებოდა ხეების მოჭრა ზუსტად არ იცის, თუმცა ესმოდა ტექნიკის ხმა.

 

2.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე კ--------------------- ჩვენებით დგინდება, რომ 2016 წლის 5 მაისის მდგომარეობით მუშაობდა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში. მის ფუნქცია-მოვალეობებში შედიოდა მწვანე ნარგავების უნებართვო ჭრის გამოვლენა. აღნიშნულ დღეს, ქ. თბილისის მერიის საზედამხედველო სამსახურის ცხელ ხაზზე შესული შეტყობინების საფუძველზე, მას და მის მეწყვილეს - შ--–-----------–---–- დაევალათ შემთხვევის ადგილზე გასვლა, რათა გადაემოწმებინათ შეესაბამებოდა თუ არა სინამდვილეს ლ-------–-------–---–-ს მიერ ხე-ბუჩქნარის გაჩეხვის შესახებ მეზობლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. მათ ადგილზე დახვდა ლ-------–-------–---–-, რომელმაც საუბარში აღნიშნა, რომ ხეები ნამდვილად მისი გაჩეხილი იყო. აღნიშნული ფაქტის დასტურად, ამ უკანასკნელმა წერილობითი ახსნა-განმარტებაც კი დაწერა. ამის შემდეგ, მოწმემ და მისმა მეწყვილემ აღწერეს, დანომრეს და დაასურათეს ნარგავები, აგრეთვე წესისამებრ შეადგინეს საველე აქტი. ზემორე პროცედურის დასრულების შემდეგ, მათთან მივიდა ლ-------–-------–---–-ს შვილი - ო------–-------–---–-, რომელმაც ჰკითხა საქმის ვითარება. მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა შეიტყო მათი მისვლის მიზეზი, მოითხოვა ჩანაწერის გაკეთება, რაზეც მოწმეს წინააღმდეგობა არ გაუწევია. ო------–-------–---–-ს ჩანაწერის თანახმად, ხე-ბუჩქნარის გაჩეხვა მოხდა მის მიერ. მოწმემ აღნიშნული ინფორმაცია აცნობა ხელმძღვანელობას, რომელმაც მათ მიერ შეგროვებული დოკუმენტაცია გადასცა გამწვანების საქალაქო სამსახურს. იქიდან გამომდინარე, რომ ხე-ბუჩქნარის გაჩეხვის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატებოდა 1000 ლარს, საქმე გადაეგზავნა პოლიციას.

 

2.5. კ--------------------- მსგავსი ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შ--–-----------–---–--.

 

2.6. მწვანე ნარგავების ადგილზე დათვალიერების აქტით (საველე აქტით) დგინდება, რომ ქ. თბილისში, ქ---------------–-, ს---------------------–- გადაჭრილი იყო მწვანე ნარგავები, კერძოდ, ერთი ძირი ჭერამი და თორმეტი ძირი სამეკალა გლედიჩია.

 

2.7. სასაქონლო ექსპერტიზის №--------- დასკვნით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ქ---------------–-, ს---------------------–- არსებული საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხე-მცენარეების თვითნებურად მოჭრით გარემოსთვის მიყენებული ზიანი შეადგენს 15 404 ლარს.

 

2.8. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა - ნ----–---------------. მანვე დამატებით განმარტა, რომ ზიანის ოდენობის დაანგარიშებისას იხელმძღვანელა საქართველოს მთავრობის დადგენილების - გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშების წესის მიხედვით.

 

2.9. ლ-------–-------–---–-ს ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ 2016 წლის 5 მაისს, გასუფთავების მიზნით მოჭრა თავისი საცხოვრებელი სახლის (მდებარე: ქ. თბილისი, ქ---------------–-, ს--------------------) მიმდებარედ არსებული ხეები, რა დროსაც მისთვის ცნობილი არ იყო, რომ სჭირდებოდა სპეციალური ნებართვა. აღნიშნულ ახსნა-განმარტებას თან ახლავს ო------–-------–---–-ს მოკლე განმარტება, რომ ხეები მოჭრა თავად.

 

2.10. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა გამომძიებელი გ----------------, რომელმაც დაადასტურა მისი მონაწილეობით შედგენილ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა ამსახველი ოქმების სისწორე.

 

2.11. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულმა ლ-------–-------–---–-- თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2016 წლის 5 მაისს, მაღაზიიდან დაბრუნებულმა დაინახა, თუ როგორ ჭრიდა მისი მეუღლე ხეებს მათი საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ. ადგილზე მისულს დახვდა მეუღლე და მეზობლები. მას არაფერი მოუმოქმედებია, რადგან მეუღლეს დასრულებული ჰქონდა ხეების მოჭრა. მალევე მათთან მივიდნენ ქ. თბილისის მერიის თანამშრომლები, რაზეც თავად უპასუხა, რომ ხეები მისი მოჭრილი არ იყო. აღიარებითი ხელწერილი დაწერა იძულებით, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქ. თბილისის მერიის თანამშრომლები პოლიციის გამოძახებით დაემუქრნენ. მოწმის განმარტებით, მ-----------–------ მის მიმართ აქვს პირადი ინტერესი. მისი მეუღლე გარდაიცვალა 2018 წლის 30 აპრილს.

 

2.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ამდენად, სასამართლო მიმოიხილავს, შეაფასებს და დაადგენს, რა ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით.

 

2.13. სასამართლო უპირველესად ყურადღებას გაამახვილებს ფაქტის უშუალო შემსწრე პირის - მ-----------–------ს ჩვენებაზე, რომელიც კატეგორიულად მიუთითებდა ლ-------–-------–---–---, როგორც ხეების ჭრის პროცესის წარმმართველ პირზე (მისი სურვილით და მითითებით ხდებოდა ხეების მოჭრა). იმ ფაქტს, რომ ნამდვილად ლ-------–-------–---–-ს სურვილით იჭრებოდა ხეები ადასტურებს მოწმე მ----------------–. ამ უკანასკნელის განმარტებით, ქ. თბილისში, ქ---------------–-, ს---------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხეები მოჭრა ლ-------–-------–---–-ს მეუღლემ ლ-------–-------–---–-ს სურვილით.

 

2.14. სასამართლოსთვის აგრეთვე ყურადსაღებია, დანაშაულებრივი ფაქტის ადგილას მყისიერად გამოცხადებული ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების - შ--–-----------–---–--- და კ--------------------- ჩვენებები. აღნიშნულ პირებთან ლ-------–-------–---–-- აღიარა თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხეების მოჭრის ფაქტი, რის დასტურადაც საკუთარი ხელით დაწერა ხელწერილი. ხელწერილის დაწერისას ამ უკანასკნელის მიმართ რაიმე სახის იძულებას ან დაშინებას ადგილი არ ჰქონია. უფრო მეტიც, სასამართლოს შეფასებით, მოწმეთა თანმიმდევრულ და ურთიერთშეჯერებულ ჩვენებებზე დაყრდნობით, შესაძლოა ითქვას, რომ ეს იყო ნების თავისუფალი გამოვლენა. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ლ-------–-------–---–-ს განმარტებას, რომ ხეების მოჭრის აღიარება იძულების შედეგია. საქმის მასალებიდან არ იკვეთება რა პირადი ინტერესი შეიძლება ჰქონოდა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის თანამშრომლებს. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მათ ო------–-------–---–--– კი მისცეს შესაძლებლობა გაეკეთებინა კომენტარი დედამისის ხელწერილთან დაკავშირებით, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ხეების კანონსაწინააღმდეგოდ მოჭრის ფაქტი საკუთარ თავზე აიღო.

 

2.15. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ-------–-------–---–- ხეების მოჭრის პროცესში ჰქონდა აქტიური როლი - იგი ხელმძღვანელობდა ხეების მოჭრის პროცესს და მისი მითითება ქმედების განმახორციელებელ პირთათვის იყო მნიშვნელოვანი. აღნიშნულ მსჯელობათა ფონზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებას, რომ შემთხვევის დღეს, მაღაზიიდან დაბრუნებულმა დაინახა, თუ როგორ ჭრიდა მისი მეუღლე ხეებს მათი საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ, თავად კი არაფერი მოუმოქმედებია. სასამართლოს შეფასებით, ლ-------–-------–---–-ს მიერ აღნიშნული ქმედების მხოლოდ მეუღლეზე გადაბრალება (იმ პირობებში, როდესაც მტკიცებულებებით ხეების მოჭრის პროცესში მისი შვილის აქტიური მონაწილეობაც იკვეთება) განპირობებულია საკუთარი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან დახსნის სურვილით და იმ გარემოებით, რომ ეს უკანასკნელი დღეის მდგომარეობით არის გარდაცვლილი, რის გამოც გამოირიცხება მასზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. ამასთან, ბრალდებულის აღნიშნული განმარტება ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას მოწმე მ-----------–------ს მიკერძოებულობის შესახებ, რომ მას გააჩნია ლ-------–-------–---–-ს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის პირადი მოტივი. მართალია აღნიშნულმა მოწმემ ყოფითი მეზობლური პრობლემებიდან გამომდინარე, ისაუბრა მასსა და ლ-------–-------–---–-ს ოჯახს შორის არსებული უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ, თუმცა ეს უშუალოდ ლ-------–-------–---–-ს განზრახ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის სურვილზე არ მიუთითებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მ-----------–------ არ გააჩნია იმ მიწის ნაკვეთის ინტერესი, სადაც მოხდა ხეების გაჩეხვა.

 

2.16. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი როგორც სანდოობისა და უტყუარობის, ისე ურთიერთთავსებადობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2016 წლის 5 მაისს, ქ. თბილისში, ქ---------------–-, ვ-----–-------------ის მიმდებარედ ლ-------–-------–---–-ს მითითებითა და მონაწილეობით უკანონოდ გაიჩეხა ერთი ძირი ჭერამი და თორმეტი ძირი სამეკალა გლედიჩია, რამაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისთვის გამოიწვია 15 404 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

3. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლით კრიმინალიზებულია ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის დაცვასთან. დანაშაულის საგანია ხე-ბუჩქნარი, რომელზე ზემოქმედებითაც ხდება დანაშაულის ჩადენა. ობიექტური მხრივ ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა გამოიხატება: აქტიურ ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში. გაჩეხვაში იგულისხმება როგორც ხის ტანის გამოცალკევება ფესვებისგან (მოჭრა, მოჩეხვა), ისე ხის და ბუჩქნარის ფესვებიანად ამოთხრა. ხე-ბუჩქნარის გაჩეხვა უკანონოა, როდესაც იგი ხდება სპეციალური ნებართვის (ლიცენზიის) გარეშე. განსახილველი დანაშაულის დამთავრებულად ცნობისთვის საკმარისი არაა მხოლოდ ქმედების (უკანონო გაჩეხვის) ჩადენა. აუცილებელია ამ ქმედებამ გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი. მნიშვნელოვანი ზიანის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად.

 

3.2. განსახილველ შემთხვევაში, ქმედების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ უნდა შეაფასოს რამდენად წარმოადგენს ლ-------–-------–---–-ს მიერ ხეების გაჩეხვის პროცესის წარმართვა საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობის თანაამსრულებლობას. სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივ მეცნიერებაში, მატერიალურ-ობიექტური და ფინალურ-ობიექტური თეორიების სფეროში, მრავალფეროვანი ფორმით დაიმკვიდრა ადგილი ქმედებაზე ბატონობის შესახებ მოძღვრებამ, რომელიც განზრახვით მოცულ, ქმედების შემადგენლობის შესაბამისად მოვლენის განვითარების სადავეების საკუთარ ხელში პყრობას ნიშნავს. ქმედებაზე ბატონობა თანაამსრულებლობისას სამუშაოს ნაწილის შემსრულებელი თანაამსრულებლის „ქმედებაზე ფუნქციონალური ბატონობის“ სახით გამოვლინდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამსრულებელი არის ადამიანი, რომელიც მოვლენის „ცენტრალური პერსონაჟის“ (მთავარი ფიგურის) სახით ქმედებაზე ბატონობას გეგმიურ-მმართველობით ან თანამფორმირებლობით ფლობს, რის შედეგადაც, საკუთარი ნების მიხედვით, ქმედების შემადგენლობის განხორციელების პროცესის შეჩერების ან გაგრძელების უნარი შესწევს (იხ. ვესელსი ი., ბოილკე ვ., სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი - დანაშაული და მისი აგებულება, 38-ე გამოცემა, ქ.თბილისი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2010, გვ. 290-291, პუნქტი 512-513).

 

3.3. მოცემულ შემთხვევაში, მ-----------–------ს და მ----------------- ჩვენებები ნათელი დასტურია იმისა, რომ ლ-------–-------–---–- შეთავსებული ჰქონდა „მთავარი პერსონაჟის“ როლი. სწორედ, ბრალდებულის ზედამხედველობის ქვეშ და მისი მითითების შესაბამისად, გაიჩეხა სახელმწიფოს კუთვნილი ხეები, რამაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი გამოიწვია. ბრალდებულს დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების მომენტში, გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა დამდგარი შედეგი. სასამართლო მიიჩნევს, რომ დანაშაულებრივ ქმედებაზე ბატონობის ყოველი შემთხვევა, საჭიროებს სამართლებრივ შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუსჯელი დარჩება დანაშაულებრივი ქმედების მთავარი მოქმედი პირი, რომლის სურვილისა და მითითების საფუძველზე, ჩადენილ იქნა კანონსაწინააღმდეგო ქმედება.

 

3.4. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ლ-------–-------–---–-ს ქმედების შედეგად მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევა. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №54 დადგენილების (გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა) მე-6 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი განისაზღვრება 1000 ლარით და ზევით. განსახილველ შემთხვევაში, ლ-------–-------–---–-ს ქმედების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საგრძნობლად აღემატება საქართველოს მთავრობის დადგენილებით მნიშვნელოვანი ზიანისთვის დაწესებულ მინიმალურ ნიშნულს.

 

3.5. ამდენად, სასამართლოს საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა, დადგენილად მიაჩნია, რომ ლ-------–-------–---–-ს ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური შემადგენლობის ნიშნები, რის გამოც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

4.2. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს.

 

4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (2018 წლის 10 მაისამდე მოქმედი რედაქცია), რითაც მსჯავრი უნდა დაედოს ლ-------–-------–---–-, მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. ამდენად, მოცემული ალტერნატიული სასჯელებიდან, სასამართლო შეარჩევს იმ ზომას, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

4.4. სასამართლო სასჯელის კონკრეტული ზომის განსაზღვრისას სამართლიანობის, პროპორციულობის და თანასწორობის პრინციპებთან მიმართებით, ითვალისწინებს ლ-------–-------–---–-ს მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია გარემოს დაცვის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ლ-------–-------–---–-- უკანონოდ გაჩეხა ერთი ძირი ჭერამი და თორმეტი ძირი სამეკალა გლედიჩია), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მტკიცე და ურყევ სურვილს ჩაედინა დანაშაული), დამდგარ შედეგს (ბრალდებულმა საკუთარი განზრახვა მოიყვანა სისრულეში, რის შედეგადაც სახელმწიფოს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი), ქმედების ჩადენის მოტივს/მიზანს; აგრეთვე დამნაშავის ეკონომიკურ პირობებს (ბრალდებულ ლ-------–-------–---–-ს ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველ პირთა ერთიან ბაზაში).

 

4.5. სასამართლო 4.4. პუნქტში მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, იმსჯელებს ლ-------–-------–---–-ს მიმართ დასანიშნ სასჯელზე. განსახილველ შემთხვევაში, ლ-------–-------–---–-სთვის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა წარმოადგენს ზედმეტად მკაცრ სახეს, რაც მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ ემსახურება სასჯელის მიზნების რეალურ შესრულებას. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა, მთავარია მსჯავრდებულისთვის დანიშნულმა სასჯელმა უზრუნველყოს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების რეალური აღსრულება. სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას არასაპატიმრო სასჯელი უზრუნველყოფს.

 

4.6. საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არასაპატიმრო ალტერნატიული სასჯელებიდან, გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნა აღუსრულებლობის საფრთხიდან გამომდინარე (საქმის მასალებით არ დგინდება ლ-------–-------–---–-ს დამოუკიდებელი შემოსავალი, გამასწორებელი სამუშაო კი ხელფასიდან სახელმწიფოს შემოსავალში თანხის დაქვითას გულისხმობს), მიზანშეუწონელია. სასამართლო ლ-------–-------–---–-ს ოჯახის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, კანონიერად და სამართლიანად მიიჩნევს მისთვის მინიმალურ ოდენობასთან მიახლოებული ჯარიმის დანიშვნას, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათისა და მომავალში სათანადო ქცევის ერთგვარი გარანტი, რომელიც პროპორციულობისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, შექმნის მისი რესოციალიზაციის რეალურ და ეფექტიან საფუძველს, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, ასევე აღნიშნული ქმედებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე, რაც საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.

 

5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

5.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ, DVD დისკები, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ლ-------–-------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 10 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 700 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი DVD დისკები, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი