გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/21-1- (1-031001-0022-4827)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06 დეკემბერი, 2019 წელი ქ. მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა
სხდომის მდივანი - ნინო ჯანხოთელი
მოსარჩელე - ,,ამ---------------------–-–კ’’
წარმომადგენლები: შა-–-----------ძე, ეკ--------------აძე
მოპასუხეები: საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტი’’
წარმომადგენელი - თა--------------ძე
დავის საგანი: ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1.სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტის - საქპატენტის სააპელაციო პალატის 29.--.2017 წლის N1-------17 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
1.2.საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტის - საქპატენტის სააპელაციო პალატისათვის დავალდებულება, გამოსცეს ახალი აქტი N1-------17 საჩივრის განსახილველად მიღების (დასაშვებად ცნობის) თაობაზე (დაზუსტებული მოთხოვნა, იხ. 01.11.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
2.მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე მხარემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი და ითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 07.0-.2012 წელს მოსარჩელემ საქპატენტში წარადგინა N12-----1 განაცხადი, რომლითაც მოითხოვა გამოგონებაზე - ადამიანის ა----------------------–--ელი ა----------–-ბის, როგორც სელექციური N-- გზის ინჰიბიტორებზე, პატენტის გაცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-განაცხადი (ს.ფ. 1-);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 0-.11.2019 წლის და 2-.11.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმები).
3.1.2.დადგენილია, რომ პატენტის მისაღებად ექსპერტმა მოსარჩელე ,,ამ---------------------–-–კა’’-ს მოთხოვა გარკვეული სახის დოკუმენტის წარდგენა, რაც მოსარჩელის მხრიდან ვერ იქნა შესრულებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-განაცხადი (ს.ფ. 1-);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 0-.11.2019 წლის და 2-.11.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმები).
3.1.3.მოსარჩელემ 1-.03.2017 წელს საქპატენტში წარადგინა განცხადება ექსპერტის მოთხოვნაზე პასუხის ვადის 06 თვით გაგრძელების საფასურის - 1-0 $-ის (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) გადახდის თაობაზე და 06 თვით - 2017 წლის 1- სექტემბრამდე მოითხოვა შეტყობინება-მოთხოვნაზე პასუხის ჩაბარების ვადის გაგრძელება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-განცხადებები (ს.ფ. 17-1-);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 0-.11.2019 წლის და 2-.11.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმები).
3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 1-.04.2017 წელს მოსარჩელის წარმომადგენელმა შა-–-----------ძემ მიმართა საქპატენტს შემდეგი შინაარსის განცხადებით: ,,გაცნობებთ, რომ განმცხადებელს აღარ სურს საქმის წარმოება ზემოაღნიშნულ განცხადებაზე. გთხოვთ, გადაგვიტანოთ ნაშთში ჩვენს მიერ გადახდილი ზედმეტად 4 თვით ვადის გაგრძელების საფასური 120 $-ის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში’’.
გთხოვთ, ამ ქმედების შესრულება დაგვიდასტუროთ წერილობით’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-განცხადება (ს.ფ. 19);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 0-.11.2019 წლის და 2-.11.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმები).
3.2.2. საქპატენტმა განიხილა რა მოსარჩელის წარმომადგენლის 1-.04.2017 წლის განცხადება, 2-.04.2017 წელს N-----1 ბრძანებით საქართველოს საპატენტო კანონის 45-ე მუხლის საფუძველზე, შეწყვიტა გამოგონების N12-----1 განაცხადზე საქმის წარმოება.
ბრძანება დანართთან ერთად მოსარჩელეს ჩაბარდა 03.0-.2017 წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-განცხადება (ს.ფ. 19);
-ბრძანება და დანართი (ს.ფ. 20-21);
-06.11.2019 წელს წარმოდგენილი წერილი და მასზედ თანდართული გზავნილის რეესტრი;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 0-.11.2019 წლის და 2-.11.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმები).
3.2.3. 1-.09.2017 წელს მოსარჩელის წარმომადგენელმა შა-–-----------ძემ კვლავ მიმართა საქპატენტს განცხადებით, რომლითაც მოითხოვა N12-----1 განაცხადზე საქმის წარმოების აღდგენა.
აღნიშნული განცხადების პასუხად საქპატენტის 2-.09.2017 წლის N01-0-/1191 წერილით, მოსარჩელის წარმომადგენელს ეცნობა, რომ 1-.04.2017 წელს მოსარჩელემ გაითხოვა განაცხადი, რასაც შედეგად მოჰყვა 2-.04.2017 წლის N-----1 ბრძანებით აღნიშნულ განაცხადზე საქმის წარმოების შეწყვეტა. აღნიშნული მოტივით, მოსარჩელეს უარი ეთქვა N12-----1 განაცხადზე საქმის წარმოების აღდგენაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-განცხადება (ს.ფ. 19);
-ბრძანება (ს.ფ. 20);
-განცხადება (ს.ფ. 22);
-წერილი (ს.ფ. 23);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 0-.11.2019 წლის და 2-.11.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმები).
3.2.4. 2-.--.2017 წელს მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით მიმართა საქპატენტის სააპელაციო პალატას საქპატენტის 2-.09.2017 წლის N01-0-/1191 წერილის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სააპელაციო პალატის 29.--.201- წლის N1-------17 უსაფუძვლო გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-განცხადება (ს.ფ. 19);
-ბრძანება (ს.ფ. 20);
-განცხადება (ს.ფ. 22);
-წერილი (ს.ფ. 23);
-გადაწყვეტილება (ს.ფ. 62);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 0-.11.2019 წლის და 2-.11.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმები).
სამოტივაციო ნაწილი
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების გაცნობის, პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5.ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; ,,ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის დამფუძნებელი კონვენცია’’; ,,სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,საქართველოს საპატენტო კანონი’’; „გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქპატენტის თავმჯდომარის 2011 წლის 14 დეკემბრის N04 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქცია; ,,ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 03 ივლისის N1-2 დადგენილებით.
6.სამართლებრივი შეფასება
6.1.სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,საქართველოს საპატენტო კანონი’’-ს და სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2.ვინაიდან განსახილველი დავის საგანი პირდაპირ კავშირშია საკუთრების უფლებასთან, უპირველესად სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მიუთითოს, რომ საკუთრების უფლება დაცული და უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით, რომლის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
ასევე, ყურადსაღებია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმი, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია ასევე პირის მოთხოვნის უფლება, რომელიც კანონმდებლობით წარმოეშობა მას და იგი ისეთივე დაცვის ღირსი ობიექტია, როგორც მთლიანად საკუთრების უფლება.
ამრიგად, საქართველოს კანონმდებლობით განმტკიცებულია საკუთრება, როგორც ძირითადი უფლება, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ამ უფლების რეალურ განხორციელებას. ამისთვის საჭიროა, რომ იგი დაცული იყოს, როგორც ეფექტური სასამართლო სისტემით, ასევე სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან კანონიერი, სამართლიანი და კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლითაც კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება სწორედ ასეა განმარტებული (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 200- წლის 2- ივლისის გადაწყვეტილება №1/14/1-4,22- საქმეზე სააქციო საზოგადოებები - „სა-----------------------ი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, გვ.5), კერძოდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება (კონსტიტუციის ძველი რედაქცია) პირველ რიგში გულისხმობს საკუთრების უფლების ყველასათვის თანაბრად აღიარებასა უზრუნველყოფას, იმისაგან დამოუკიდებლად, თუ რა სახით ვლინდება საკუთრების უფლება - ფიზიკურ ნივთებზე უშუალო საკუთრების უფლებით, თუ მოთხოვნის უფლებაზე საკუთრებით. იქვე, საკონსტიტუციო სასამართლო უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც მოთხოვნის უფლება, ასევე შეიძლება განხილულ იქნეს როგორც საკუთრების უფლება.
ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლის მიხედვით, საკუთრების ცნება, ასევე მოიცავს მოთხოვნის უფლებას და იგი კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია (იხ. თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 201--–-–--------------–--------–-------–---------------–-------------------–------------------–----–----------------------------06 გვ. 16). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ამ მხრივ საჭიროა იმის შეხსენება, რომ მოცემულ სფეროში ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „ქონების“ ცნება შეიძლება მოცავდეს, როგორც „ამჟამინდელ ქონებას“, ისე ქონებრივ ღირებულებებს, მათ შორის, ვალებს, რომლებზე დაყრდნობითაც მომჩივანს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს სულ ცოტა „ლეგიტიმური მოლოდინის“ ქონაზე, მიიღოს სარგებელი საკუთრების უფლებიდან.
მცხეთის რაიონული სასამართლო განმარტავს, რომ არსებობს საკუთრების სხვადასხვა სახე, რომელთა შორისაა ინტელექტუალური საკუთრება. საკუთრების ნებისმიერი სხვა უფლების მსგავსად, ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებები პატენტის, სასაქონლო ნიშნის, დიზაინის, საავტორო უფლების მფლობელს, სელექციონერს შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს სარგებელი საკუთარი ნაშრომიდან ან ინვესტიციიდან.
აღსანიშნავია, რომ საქართველო 1991 წლიდან ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის დამფუძნებელი კონვენციის წევრი სახელმწიფოა და მითითებული კონვენციის თანახმად, ინტელექტუალური საკუთრება მოიცავს უფლებებს, რომლებიც ეხება ლიტერატურის, ხელოვნებისა და სამეცნიერო ნაწარმოებებს; მსახიობ-შემსრულებელთა გამოსვლებს, ფონოგრამებსა და საეთერო მაუწყებლობის პროგრამებს; გამოგონებებს ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში; მეცნიერულ აღმოჩენებს; სამრეწველო ნიმუშებს; სასაქონლო ნიშნებს, მომსახურების ნიშნებს, საფირმო სახელწოდებებსა და კომერციულ აღნიშვნებს; არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთას და ყველა სხვა უფლებას, რომლებიც გამომდინარეობს ინტელექტუალური საქმიანობიდან მრეწველობის, მეცნიერების, ლიტერატურის ან ხელოვნების სფეროებში.
ინტელექტუალურ საკუთრება გულისხმობს სამრეწველო საკუთრებას, რის შესახებაც ყურადღების მიღმა ვერ დარჩება აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შემადგენელ ნაწილად ქცეული ,,სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია’’, რომლის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, სამრეწველო საკუთრების დაცვის ობიექტებია პატენტები, სასარგებლო მოდელები, სამრეწველო დიზაინები, სასაქონლო ნიშნები, მომსახურების ნიშნები, საფირმო სახელწოდებები, წარმოშობის აღნიშვნები და ადგილწარმოშობის დასახელებები, აგრეთვე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთა; სამრეწველო საკუთრება ფართო მნიშვნელობით არის გაგებული და ეხება არა მხოლოდ უშუალოდ მრეწველობასა და კომერციას, არამედ სოფლის მეურნეობას, მოპოვებით მრეწველობას და ყველა სამრეწველო და ბუნებრივ პროდუქტს, მაგალითად, ღვინოს, მარცვლეულს, თამბაქოს ფოთოლს, ხილს, მსხვილფეხა რქოსან საქონელს, სასარგებლო წიაღისეულს, მინერალურ წყალს, ლუდს, ყვავილებსა და ფქვილს.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს მასზედ, რომ ინტელექტუალური საკუთრება არის გონებრივი შემოქმედების შედეგი, რაც გამოიხატება ხსენებული დაცვის ობიექტებში და გააჩნია სიახლის თვისება.
„ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ“ შეთანხმების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წინამდებარე შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი ,,ინტელექტუალური საკუთრება” მოიცავს გამოგონებას. ამავე შეთანხმების 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერ გამოგონებაზე გაიცემა პატენტი, ხოლო 2--ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პატენტი მის მფლობელს ანიჭებს შემდეგ განსაკუთრებულ უფლებებს:
ა) როდესაც პატენტის საგანს წარმოადგენს პროდუქტი, აუკრძალოს მესამე პირებს მისი მფლობელის თანხმობის გარეშე დაამზადოს, გამოიყენოს, შესთავაზოს გასაყიდად, გაყიდოს ეს პროდუქტი, ან მოახდინოს მისი იმპორტირება ამ მიზნით;
ბ) როდესაც პატენტის საგანს წარმოადგენს სამრეწველო პროცესი, აუკრძალოს მესამე პირებს მისი მფლობელის თანხმობის გარეშე გამოიყენოს, შესთავაზოს გასაყიდად ეს პროცესი ან უშუალოდ ამ პროცესის შედეგად მიღებული გაყიდოს პროდუქტი, ან მოახდინოს მისი იმპორტირება ამ მიზნით.
მსგავს უფლებებს ანიჭებს პატენტის მფლობელს სპეციალური ნორმატიული აქტის - ,,საქართველოს საპატენტო კანონის’’ 685-ე მუხლი. თუმცა აღსანიშნავია ასევე, რომ განსაკუთრებული უფლებების მოპოვებამდე, პატენტის მფლობელი იღებს პრიორიტეტს, რაც იმავე კანონის მე-2 მუხლის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, გულისხმობს უპირატესობას, რომელიც აქვს განაცხადს მასზე გვიან შეტანილ განაცხადთან შედარებით.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა იმ საჩივრის დასაშვებობაზე, რომელიც ეხება მოსარჩელის მიერ საქპატენტში 07.0-.2012 წელს წარდგენილ განაცხადს გამოგონებაზე პატენტის გაცემის შესახებ. სარჩელის ფარგლებში, სადავო აქტის შესწავლამ წარმოშვა აუცილებლობა სასამართლოს მხრიდან შეფასება მიეცეს იმ საკითხს, თუ რა სამართლებრივი შინაარსის მატარებელია მოსარჩელის მიერ საქპატენტში 1-.04.2017 წელს შეტანილი განცხადება 07.0-.2012 წლის განაცხადის წარმოებაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ,,საქართველოს საპატენტო კანონის’’ 45-ე მუხლს, რომლითაც განმცხადებელს უფლება აქვს, განაცხადის გამოსაქვეყნებლად გადაცემამდე გამოითხოვოს იგი. ამ შემთხვევაში, „გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქპატენტის თავმჯდომარის 2011 წლის 14 დეკემბრის N04 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციის 45-ე მუხლის მიხედვით, საქპატენტს გამოაქვს გადაწყვეტილება განაცხადზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, რის შემდეგაც განაცხადი ჩაითვლება გატანილად.
მცხეთის რაიონული სასამართლო განმარტავს, რომ ზემოთ მოყვანილი ნორმებით რეგლამენტირებული გამოთხოვის ინსტიტუტი გულისხმობს საქმის წარმოების შეწყვეტას საქმის წარმოების აღდგენის უფლების გარეშე ანუ განაცხადის გამოთხოვის შემთხვევაში, ვერ მოხდება დაკარგული უფლებების აღდგენა, რაც გამოიხატება იმაში, რომ გამოთხოვისას განმცხადებელს საერთოდ ერთმევა უფლება იგივე შინაარსის მოთხოვნით მიმართოს საქპატენტს. ამდენად, გამოთხოვა დაკავშირებულია მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგთან - განაცხადი შეტანილად არ ითვლება და განმცხადებელი კარგავს როგორ პრიორიტეტს, ისე სამომავლო პერსპექტივაში, განსაკუთრებულ უფლებას. ამ სამართლებრივი შეფასების საფუძველს იძლევა კანონის 46-ე მუხლი და ინსტრუქციის 42-ე მუხლი, რომლითაც განაცხადზე საქმის წარმოებისას განმცხადებელს უფლება აქვს, დადგენილი წესით მოითხოვოს ვადის დარღვევის გამო განაცხადთან დაკავშირებული დაკარგული უფლებების აღდგენა; შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში განაცხადზე საქმის წარმოებისას კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განმცხადებელს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის დარღვევის გამო განაცხადთან დაკავშირებული დაკარგული უფლებების აღდგენა, რაც შესაძლებელია უფლების დაკარგვის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში.
მაშასადამე, მითითებული ნორმების მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს განაცხადის გამოთხოვის გამო მიღებული ბრძანებით შეწყვეტილი საქმის წარმოების განახლებას ანუ განაცხადთან დაკავშირებული დაკარგული უფლებების აღდგენას.
ასეთ შემთხვევაში, მცხეთის რაიონული სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საქპატენტი დარწმუნდეს განმცხადებლის მიერ გამოვლენილი ნების შინაარსში, რაც ნიშნავს იმას, რომ მას ენიჭება უფლება ინსტრუქციის 45-ე მუხლის საფუძველზე, მხოლოდ მაშინ შეწყვიტოს საქმის წარმოება, თუ განმცხადებელი კონკრეტულად და ნათლად დააფიქსირებს მოთხოვნას განაცხადის გამოთხოვის თაობაზე. გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ინსტრუქციის 45-ე და 53-ე მუხლები სამართლებრივი შედეგის სახით ითვალისწინებს ორი სხვადასხვა საფუძვლით, კერძოდ, როგორც გამოთხოვის, ისე დადგენილ ვადებში საფასურის გადაუხდელობის გამო განაცხადზე საქმის წარმოების შეწყვეტას, შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი აუცილებლად უნდა შეიცავდეს სიტყვიერ მითითებას გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთების შესახებ, რათა ადრესატმა სწორად განჭვრიტოს საქპატენტის გადაწყვეტილების შინაარსი, თუ რის გამო მოხდა საქმის წარმოების შეწყვეტა. ამით ადრესატს მიეცემა შესაძლებლობა, შეაფასოს გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგი შეესაბამება თუ არა მისი განცხადებით გამოხატულ ნამდვილ ნებას. სხვა შემთხვევაში, თუ საქპატენტი ჩათვლის, რომ განმცხადებელი არ აზუსტებს მოთხოვნას და განცხადების შინაარსი რჩება ბუნდოვანი, ეს გარემოება საქპატენტს უტოვებს ერთადერთ გზას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რათა, თუ აღმოჩნდება, რომ გადაწყვეტილების შედეგი არ ემთხვევა განმცხადებლის ნებას, ამ უკანასკნელს შეეძლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება.
მოცემულ ვითარებაში, მოსარჩელის წარმომადგენლის 1-.04.2017 წლის განცხადებით დაყენებული მოთხოვნა ფორმულირებულია შემდეგნაირად: ,,გაცნობებთ, რომ განმცხადებელს აღარ სურს საქმის წარმოება ზემოაღნიშნულ განცხადებაზე. გთხოვთ, გადაგვიტანოთ ნაშთში ჩვენს მიერ გადახდილი ზედმეტად 4 თვით ვადის გაგრძელების საფასური 120 $-ის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში’’.
მითითებული განცხადების შინაარსი ცხადყოფს, რომ განმცხადებლის მიზანი გამოგონებაზე პატენტის გაცემაზე მოთხოვნის გამოთხოვის შესახებ, 1-.04.2017 წლის განცხადებით არ იკითხება, არც 2-.04.2017 წლის N-----1 ბრძანება შეიცავს აღნიშვნას საქმის წარმოების შეწყვეტის კონკრეტული მიზეზი შესახებ, რის გამოც სავსებით მოსალოდნელი იყო, რომ მოსარჩელეს არ ჩაეთვალა საქპატენტის მიერ ბრძანება მიღებულად განაცხადის გამოთხოვის გამო. რაც შეეხება მოპასუხის მითითებას ბრძანების დანართზე, სასამართლო თვლის, რომ რამდენადაც კანონით დადგენილი წესით დაინტერესებული პირის მიერ საჩივრდება ბრძანება და არა მისი დანართი, განსახილველ შემთხვევაში, წინამდებარე დავის გადაწყვეტისას დანართის შინაარსი მხედველობაში ვერ მიიღება.
სასამართლო ეთანხმება მოსარჩელის პოზიციას და თვლის, რომ მოცემულ ვითარებაში, რამდენადაც მოსარჩელის განაცხადი ჯერ კიდევ იყო ექსპერტიზის ეტაპზე, რაც ,,ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 03 ივლისის N1-2 დადგენილებით მოითხოვს, საფასურის გადახდევინებას, მოსარჩელის მიერ 1-.04.2017 წლის განცხადებით დაყენებული მოთხოვნა შეესაბამება ინსტრუქციის 54-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის დებულებას, რომლითაც საფასურით გათვალისწინებული გადახდილი თანხები დაბრუნებას ან კორექტირებას არ ექვემდებარება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საფასური იყო გადახდილი ისეთი ქმედებისთვის, რომელიც არ დასრულებულა. ამ მუხლის საფუძველზე, მოსარჩელეს დაუბრუნდა წინასწარ გადახდილი საფასური, რის შემდგომაც N1-2 დადგენილების შესაბამისად, შეტყობინება-მოთხოვნაზე პასუხის ვადის გაგრძელების საფასურის გადაუხდელობამ გამოიწვია შეტყობინება-მოთხოვნაზე ვადის დარღვევა და ამის გამო განაცხადთან დაკავშირებული უფლებების დაკარგვა.
6.3.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით; თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები ცხადყოფს, რომ მოსარჩელეს შეეძლო მოეთხოვა საქმის წარმოების (დაკარგული უფლებების) აღდგენა 2-.04.2017 წლის N-----1 ბრძანების ჩაბარების დღიდან 6 თვის ვადაში, რაც მისი მხრიდან დაცულია. ეს გარემოება მხედველობის მიღმა დარჩა სააპელაციო პალატას, რის გამოც სადავო გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე ეწინააღმდეგება კანონს და ბათილია.
,,საქართველოს საპატენტო კანონის’’ 403-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სააპელაციო პალატა იხილავს საჩივარს და გამოაქვს გადაწყვეტილება მისი შეტანის დღიდან 03 თვის ვადაში, ხოლო საქპატენტის თავმჯდომარის 2011 წლის 1- მარტის N02 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის დებულების’’ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სააპელაციო პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანა დასაშვებია შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან/ჩაბარებიდან 03 თვის ვადაში.
ამრიგად, საქპატენტის სააპელაციო პალატამ ახალი აქტის მიღებით წარმოებაში უნდა მიიღოს ანუ განსახილველად უნდა დაუშვას ,,ამ---------------------–-–კ’’-ს სააპელაციო საჩივარი.
7.საპროცესო ხარჯები
7.1.დადგენილია, რომ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 ლარი. სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე, 39-ე და 53-ე მუხლებისა, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლისა, მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 100 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 2-7-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.,,ამ---------------------–-–კ’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1.ბათილად იქნეს ცნობილი ,,ამ---------------------–-–კ’’-ს სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტის - საქპატენტის სააპელაციო პალატის 29.--.2017 წლის N1-------17 გადაწყვეტილება;
1.2.საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის სააპელაციო პალატას დაევალოს გამოსცეს ახალი აქტი სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების (დასაშვებად ცნობის) თაობაზე;
2.მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება;
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. N7ა) მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა N17) 14 დღის ვადაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე: მანუჩარ ცაცუა