გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/180-17 (180310417002007350)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 დეკემბერი, 2019 წელი ქ. მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა
სხდომის მდივანი - ნინო ჯანხოთელი
მოსარჩელე - შპს ,,ქა-------–--------------–ი’’
წარმომადგენელი - სო-----------–---–ი
მოპასუხეები: საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტი’’
წარმომადგენელი - თე---------–-–---–ი
დავის საგანი: ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. N92----- განაცხადზე სასაქონლო ნიშნის - ,,H-------e’’-ის დაჩქარებული წესით რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საქპატენტის 02.06.2017 წლის N1------ ბრძანების ბათილად ცნობა;
1.2. N9------ განაცხადზე სასაქონლო ნიშნის - ,,Д----------но’’-ს დაჩქარებული წესით რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საქპატენტის 02.06.2017 წლის N1------ ბრძანების ბათილად ცნობა;
1.3.საქპატენტის დავალდებულება გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარდგენილი სასაქონლო ნიშნების - ,,H-------e’’-ის და ,,Д----------но’’-ს რეგისტრაციის შესახებ.
2.მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე მხარემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი და ითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოება
3.1.1. 25.04.2017 წელს მოსარჩელე შპს ,,ქა-------–--------------–მა’’ საქპატენტში წარადგინა N92----- განაცხადი, რომლითაც მოითხოვა სიტყვიერი სასაქონლო ნიშნის ,,H-------e’’-ის რეგისტრაცია.
ასევე, მოსარჩელის მიერ იმავე თარიღით საქპატენტში წარდგენილი იქნა N9------ განაცხადი, რომლითაც მოითხოვა სიტყვიერი სასაქონლო ნიშნის ,,Д----------но’’-ს რეგისტრაცია.
მოსარჩელის მიერ ორივე განაცხადით სარეგისტრაციოდ წარდგენილი სიტყვიერი სასაქონლო ნიშანი განეკუთვნება ნიცის კლასიფიკაციის 33-ე კლასის საქონლის შემდეგ ჩამონათვალს: ,,ალკოჰოლიანი სასამელები ლუდის გარდა’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-23.05.2017 წლის წერილი (ს.ფ. 16);
-არსობრივი ექსპერტიზის დასკვნები (ს.ფ. 19, 22);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 05.12.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 28.05.2017 წელს და 02.06.2017 წელს საქპატენტში ჩატარდა არსობრივი ექსპერტიზები, რომელთა დასკვნებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი სიტყვიერი სასაქონლო ნიშანები ,,H-------e’’ და ,,Д----------но’’ ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’, ,,დ’’ და ,,თ’’ ქვეპუნქტების თანახმად, არ ექვემდებარება რეგისტრაციას, შესაბამისი საქონლის მიმართ არაგანმასხვავებელუნარიანობის, აღწერილობითობისა და მცდარი წარმოდგენის შექმნის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-23.05.2017 წლის წერილი (ს.ფ. 16);
-არსობრივი ექსპერტიზის დასკვნები (ს.ფ. 19, 22);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 05.12.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.2. არსობრივი ექსპერტიზის დასკვნები საფუძვლად დაედო საქპატენტის მიერ 02.06.2017 წლის N1------ და N1------ ბრძანებების გამოცემას, რომლითაც უარი ეთქვა რეგისტრაციაზე მოსარჩელის მიერ წარდგენილ სასაქონლო ნიშანს (საიდ.N92----- და N9------) საქონლისა და მომსახურების განცხადებული ჩამონათვალის მიმართ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-23.05.2017 წლის წერილი (ს.ფ. 16);
-არსობრივი ექსპერტიზის დასკვნები (ს.ფ. 19, 22);
-ბრძანებები (ს.ფ. 18, 21);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 05.12.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების გაცნობის, პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5.ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; ,,ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის დამფუძნებელი კონვენცია’’; ,,სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონი.
6.სამართლებრივი შეფასება
6.1.სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ბრძანებები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2.ვინაიდან განსახილველი დავის საგანი პირდაპირ კავშირშია საკუთრების უფლებასთან, უპირველესად სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მიუთითოს, რომ საკუთრების უფლება დაცული და უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით, რომლის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
ასევე, ყურადსაღებია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმი, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია ასევე პირის მოთხოვნის უფლება, რომელიც კანონმდებლობით წარმოეშობა მას და იგი ისეთივე დაცვის ღირსი ობიექტია, როგორც მთლიანად საკუთრების უფლება.
ამრიგად, საქართველოს კანონმდებლობით განმტკიცებულია საკუთრება, როგორც ძირითადი უფლება, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ამ უფლების რეალურ განხორციელებას. ამისთვის საჭიროა, რომ იგი დაცული იყოს, როგორც ეფექტური სასამართლო სისტემით, ასევე სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან კანონიერი, სამართლიანი და კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლითაც კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება სწორედ ასეა განმარტებული (იხ. თუნდაც საქართ---–------------------–---------------–---------–-–---------–----------–-------–-------------------------------–--------------------------------------------------ი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, გვ.5), კერძოდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება (კონსტიტუციის ძველი რედაქცია) პირველ რიგში გულისხმობს საკუთრების უფლების ყველასათვის თანაბრად აღიარებასა უზრუნველყოფას, იმისაგან დამოუკიდებლად, თუ რა სახით ვლინდება საკუთრების უფლება - ფიზიკურ ნივთებზე უშუალო საკუთრების უფლებით, თუ მოთხოვნის უფლებაზე საკუთრებით. იქვე, საკონსტიტუციო სასამართლო უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც მოთხოვნის უფლება, ასევე შეიძლება განხილულ იქნეს როგორც საკუთრების უფლება.
ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლის მიხედვით, საკუთრების ცნება, ასევე მოიცავს მოთხოვნის უფლებას და იგი კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია (იხ. თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 201--–-–--------------–--------–-------–---------------–-------------------–------------------–----–-----------------------------6 გვ. 16). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ამ მხრივ საჭიროა იმის შეხსენება, რომ მოცემულ სფეროში ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „ქონების“ ცნება შეიძლება მოცავდეს, როგორც „ამჟამინდელ ქონებას“, ისე ქონებრივ ღირებულებებს, მათ შორის, ვალებს, რომლებზე დაყრდნობითაც მომჩივანს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს სულ ცოტა „ლეგიტიმური მოლოდინის“ ქონაზე, მიიღოს სარგებელი საკუთრების უფლებიდან.
მცხეთის რაიონული სასამართლო განმარტავს, რომ არსებობს საკუთრების სხვადასხვა სახე, რომელთა შორისაა ინტელექტუალური საკუთრება. საკუთრების ნებისმიერი სხვა უფლების მსგავსად, ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებები პატენტის, სასაქონლო ნიშნის, დიზაინის, საავტორო უფლების მფლობელს, სელექციონერს შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს სარგებელი საკუთარი ნაშრომიდან ან ინვესტიციიდან.
აღსანიშნავია, რომ საქართველო 1991 წლიდან ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის დამფუძნებელი კონვენციის წევრი სახელმწიფოა და მითითებული კონვენციის თანახმად, ინტელექტუალური საკუთრება მოიცავს უფლებებს, რომლებიც ეხება ლიტერატურის, ხელოვნებისა და სამეცნიერო ნაწარმოებებს; მსახიობ-შემსრულებელთა გამოსვლებს, ფონოგრამებსა და საეთერო მაუწყებლობის პროგრამებს; გამოგონებებს ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში; მეცნიერულ აღმოჩენებს; სამრეწველო ნიმუშებს; სასაქონლო ნიშნებს, მომსახურების ნიშნებს, საფირმო სახელწოდებებსა და კომერციულ აღნიშვნებს; არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთას და ყველა სხვა უფლებას, რომლებიც გამომდინარეობს ინტელექტუალური საქმიანობიდან მრეწველობის, მეცნიერების, ლიტერატურის ან ხელოვნების სფეროებში.
ინტელექტუალურ საკუთრება გულისხმობს სამრეწველო საკუთრებას, რის შესახებაც ყურადღების მიღმა ვერ დარჩება აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შემადგენელ ნაწილად ქცეული ,,სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია’’, რომლის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, სამრეწველო საკუთრების დაცვის ობიექტებია პატენტები, სასარგებლო მოდელები, სამრეწველო დიზაინები, სასაქონლო ნიშნები, მომსახურების ნიშნები, საფირმო სახელწოდებები, წარმოშობის აღნიშვნები და ადგილწარმოშობის დასახელებები, აგრეთვე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთა; სამრეწველო საკუთრება ფართო მნიშვნელობით არის გაგებული და ეხება არა მხოლოდ უშუალოდ მრეწველობასა და კომერციას, არამედ სოფლის მეურნეობას, მოპოვებით მრეწველობას და ყველა სამრეწველო და ბუნებრივ პროდუქტს, მაგალითად, ღვინოს, მარცვლეულს, თამბაქოს ფოთოლს, ხილს, მსხვილფეხა რქოსან საქონელს, სასარგებლო წიაღისეულს, მინერალურ წყალს, ლუდს, ყვავილებსა და ფქვილს.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს მასზედ, რომ ინტელექტუალური საკუთრება არის კრეატიულობის, გონებრივი შემოქმედების შედეგი, რაც გამოიხატება ხსენებული დაცვის ობიექტებში და გააჩნია ორიგინალურობის, სიახლის თვისება.
„ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ“ შეთანხმების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წინამდებარე შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი ,,ინტელექტუალური საკუთრება” მოიცავს სასაქონლო ნიშანსაც. ამავე შეთანხმების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი ნიშანი, ან ნიშანთა ერთობლიობა, რომელსაც უნარი შესწევს ერთი საწარმოს საქონელი ან მომსახურება განასხვაოს სხვა საწარმოთა საქონლის ან მომსახურებისაგან, შეიძლება წარმოადგენდეს სასაქონლო ნიშანს.
,,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლით, სასაქონლო ნიშანი, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად მისი რეგისტრაციის მომენტიდან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცულ ,,ქონებას“ წარმოადგენს, შესაბამისად, რეგისტრაციის პროცედურების დასრულების შემდგომ, სასაქონლო ნიშანი ხდება საკუთრების ობიექტი და მასზე ვრცელდება დაცვის ყველა სამართლებრივი რეგულაცია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება Anheuser-Busch Inc. v. Portugal [GC], no. 73049/01, §§ 66-72, ECHR2007-I/.)" (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება, საქმე #ას-1285-1223-2014).
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული აქტები, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა განცხადებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე. ამ საკითხს კი არეგულირებს სპეციალური ნორმატიული აქტი - საქართველოს კანონი ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’. კერძოდ, კანონის მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან (შემდგომში – საქონელი); სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი; ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით; სასაქონლო ნიშანი დაცულია „საქპატენტში“ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.
აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ სასაქონლო ნიშანი, როგორც სიმბოლო, შესაძლებელია გამოხატული იქნეს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის იყოს უბრალოდ სიტყვიერი სახით, თუმცა იმისათვის, რომ მოხდეს მისი საქპატენტში რეგისტრაციით დაცვა, რაც ნიშნავს რეგისტრაციით აღიარებული მესაკუთრისათვის სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მინიჭებას და მისი მხრიდან ამ უფლების გამოყენებით სხვა პირთა მიმართ სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვას, აუცილებელია დასარეგისტრირებელი სასაქონლო ნიშანი განსხვავდებოდეს სხვა სასაქონლო ნიშნისაგან ან იმ საქონლისაგან, რომლის მიმართაც მოთხოვნილია მისი რეგისტრაცია. ამ იდეას ასახავს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’, ,,დ’’ და ,,თ’’ ქვეპუნქტები, როგორც სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტური საფუძველები, რომლითაც უპირობოდ, სხვა პირის საკუთრების უფლების ყოველგვარი შესწავლის, დაინტერესებული პირის მიერ საქპატენტში წარდგენილი სასაქონლო ნიშნის სხვა რეგისტრირებული პირის კუთვნილ სასაქონლო ნიშანთან შედარების გარეშე, სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც:
-არაგანმასხვავებელუნარიანია შესაბამისი საქონლის მიმართ;
-აღწერილობითია იმ საქონლის მიმართ, რომლისთვისაც მოითხოვება მისი რეგისტრაცია, შედგება საქონლის მხოლოდ სახეობის, ხარისხის, რაოდენობის, თვისების, ღირებულების, დანიშნულების, გეოგრაფიული წარმოშობის, გასაღების ადგილის, დროის ან საქონლის სხვა მახასიათებლებისაგან ანდა მიჩნეულია ასეთად;
-შესაძლებელს ხდის, მცდარი წარმოდგენა შეუქმნას მომხმარებელს საქონლის თვისების, ხარისხის, გეოგრაფიული წარმოშობის ან საქონლის სხვა მახასიათებლების შესახებ.
სწორედ ეს ნორმები დაედო საფუძვლად სადავო აქტების გამოცემას, შესაბამისად, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართებულად გამოიყენა იგი მოპასუხემ.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას ასევე შეაჩერებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ განჩინებაზე, რომლითაც განმარტა შემდეგი: ,,თავად საკითხიდან გამომდინარე, ვინაიდან მსგავსება-განსხვავების შესწავლა საშუალო მომხმარებლის მხრიდან ორ პროდუქციას შორის გარჩევის საკითხს შეეხება, საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული სწორედ პროდუქციის ერთიანი იერ-სახისა და არა მისი ინდივიდუალური ნიშნების ურთიერთშედარებით უნდა განხორციელდეს, რადგანაც საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთების შემთხვევაში, რომელთაც ყოველდღიურად იძენს მომხმარებელი, რა თქმა უნდა არ არის აღრევის საშიშროება თუკი სახეზე იმდენად მკვეთრი განმასხვავებელი ნიშნებია, რომლებიც მინიმუმ მომხმარებლის დაინტერესებას გამოიწვევს’’ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019-–-–-----------------------------------------------6).
მცხეთის რაიონული სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საერთო წესის მიხედვით, ნიშნის რეგისტრაციაუნარიანობის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას, თუ რა სახის საქონლის ან/და მომსახურებისთვის არის ნიშანი სარეგისტრაციოდ წარდგენილი, რამეთუ კანონის თანახმად, აკრძალულია ისეთი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, რომელსაც მსგავსება გააჩნია შესაბამის საქონელთან აზრობრივი (სემანტიკა, არსი) მნიშვნელობით.
სასამართლო თვლის, რომ მოპასუხის პოზიცია მართებულია, რამდენადაც საქპატენტში წარდგენილ სასაქონლო ნიშანს ,,H-------e’’ და ,,Д----------но’’ ნამდვილად არ გააჩნია განმასხვავებელუნარიანობა ნიცის კლასიფიკაციის ჩამონათვალის 33-ე კლასის საქონლის მოთხოვნილი ჩამონათვალის მიმართ - ,,ალკოჰოლიანი სასმელები, ლუდის გარდა’’, აგრეთვე, აღწერილობითია აღნიშნული საქონლის - ალკოჰოლიანი სასმელის მიმართ და შედგება საქონლის ხარისხის და სახეობის მახასიათებლისაგან, რამდენადაც სარეგისტრაციოდ წარდგენილი სასაქონლო ნიშნის ელემენტი ,,Ho--’’ და ,,Д------е’’, მიუთითებს საქონლის დამზადების ტექნოლოგიაზე, რომ საქონელი დამზადებულია ოჯახური ტექნოლოგიით, ხოლო ,,W---’’ და ,,в---’’ მიგვანიშნებს საქონლის სახეობაზე.
რაც შეეხება ,,თ’’ ქვეპუნქტის არსებობას, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ 33-ე კლასის მიხედვით, რეალობაში არსებობს ღვინის გარდა კიდევ სხვა ალკოჰოლური სასმელი, სასაქონლო ნიშნები ,,H-------e’’ და ,,Д----------но’’ მომხმარებელს ნამდვილად შეიყვანს შეცდომაში, რამეთუ მომხმარებელმა შეიძლება შეიძინოს მითითებული სასაქონლო ნიშნებით პროდუქტი, როგორც ღვინო, თუმცა ფაქტიურად აღმოჩნდეს, რომ იყიდა ალკოჰოლიანი საქონლის სხვა სახეობა, მაგალითად, არაყი, ვისკი, ლიქიორი და ა.შ
6.3.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ მიუთითებია, თუ სადავო აქტების მიღების დროს კანონით დადგენილი რომელი მოთხოვნა დაირღვა მოპასუხის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად მხარეები თვითონ არიან ვალდებულნი წარუდგინონ მტკიცებულებები სასამართლოს.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
7.საპროცესო ხარჯები
7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.შპს ,,ქა-------–--------------–ი’’-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2.სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. N7ა) მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა N17) 14 დღის ვადაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე: მანუჩარ ცაცუა