გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.10.2019
საქმის ნომერი
010210018002653400
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
08.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210018002653400

2-4055/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

08/10/2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე - შპს „ე-------–--“

წარმომადგენელი - თ---------ე

მოპასუხე - სს „ს--------------------------------------–-----“

წარმომადგენელი - ლ---------------–--

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა შპს „ე-------–--“ სასარჩელო განცხადებით მოითხოვს სს „ს--------------------------------------–-----ს“ მის სასარგებლოდ დაეკისროს: - სადზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურების მიზნით 25 000 ლარის გადახდა; - ზიანის ანაზღაურების ვადის გადაცილების გამო, პირგასამტეხლოს სახით 10 000 ლარის გადახდა. მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით: შპს „ე-------–--ს“, ქ. ბათუმში ა---–--------–------------ში აქვს ტანსაცმლის მაღაზია. 2016 წლის 21 ნოემბერს მან სს „ს--------------------------------------–-----თან“ გააფორმა სადაზღვევო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 25 000 ლარად დააზღვია მაღაზიის შემინულობა. სადაზღვევო პერიოდი შეადგენს 2017 წლის 28 ნოემბრიდან 2018 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს. 2018 წლის 4 მარტს ძლიერმა ქარმა დააზიანა მაღაზიის მეორე სართულის ვიტრინა, რის შედეგადაც ჩამოვარდა და დაიმტვრა მინა. შემინულობის დაზიანების შესახებ მოსარჩელემ ცხელი ხაზის მეშვეობით მოპასუხეს აცნობა დაუყოვნებლივ. 2018 წლის 5 მარტს სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი გამოცხადდა მაღაზიაში და აღწერა არსებული მდგომარეობა. მოსარჩელემ მოპასუხეს 7 მარტს აცნობა, რომ მაღაზიის შემინვის გარეშე ღიად დატოვება არ შეიძლებოდა. აღნიშნული აუცილებლობის გამო შპს „უ---------–ისაგან“ შეიძინა და დაამონტაჟა მაღაზიის შემენილობა, რის შემდეგაც მოითხოვა შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება. მოპასუხემ ზარალის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა. 2. მოპასუხის პოზიცია: სს „ს--------------------------------------–-----ი“ სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენელი ადასტურებს, რომ მოსარჩელის კუთვნილი მაღაზიის შემინულობა დაზღვეული იყო. ასევე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 2018 წლის 4 მარტს მაღაზიის შემინულობა დაზიანდა. თუმცა დაზიანების მიზეზად ასახელებს მინის არასწორ მონტაჟს. ამტკიცებს, რომ მოსარჩელემ მინა არასწორად დაამონტაჟა და ამის გამო ჩამოვარდა და დაზიანდა. ასეთი შემთხვევა არ წარმოადგენს სადაზღვევო შემთხვევას და ის არ ექვემდებარება ანაზღაურებას. 3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები: 3.1.1. შპს „ე-------–--ს“, ქ. ბათუმში ა---–--------–------------ში აქვს ტანსაცმლის მაღაზია. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - მხარეთა განმარტებები. 3.1.2. შპს „ე-------–--მა“, 2016 წლის 21 ნოემბერს სს „ს--------------------------------------–-----თან“ გააფორმა სადაზღვევო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 25 000 ლარად დააზღვია მაღაზიის შემინულობა. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: ხელშეკრულება სადაზღვევო მომსახურების შესახებ ს.ფ. 15-18 3.1.3. 2018 წლის 4 მარტს მაღაზიის მეორე სართულის ვიტრინა ჩამოვარდა და დაიმტვრა მინა. მოსარჩელემ შემინულობის დაზიანების შესახებ მოპასუხეს იმავე დღეს აცნობა ცხელი ხაზის მეშვეობით. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: მხარეთა განმარტებები. 3.1.4. 2018 წლის 7 მარტს მოსარჩელემ სადაზღვევო კომპანიას წერილობით მიმართა და ზიანის ანაზღაურება მოსთხოვა. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: განცხადება ს.ფ.19 3.1.5. 2018 წლის 20 აგვისტოს მოსარჩელემ კვლავ მიმართა სადაზღვევო კომპანიას და კვლავ ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. მოპასუხემ, მოსარჩელეს წერილობით უპასუხა, რომ შპს „ე-------–--ის“ ობიექტზე ინსპექტირება მოახდინა შპს „შ--------–ის„ წარმომადგენელმა, რომლის მიერაც წარმოდგენილ იქნა ხარჯთაღრიცხვა დაზიანების გამომწვევი მიზეზების მითითებით. ადგილზე დეტალური ინსპექტირების შემდგომ მიაჩნიათ, რომ მინის დაზიანება გამოწვეულია მოსარჩელის ბრალით. შემინვის არასწორი მონტაჟის გამო, მინა ძლიერი ქარის ზემოქმედების შედეგად ჩამოვარდა და დაზიანდა. სადაზღვევო კომპანია ხელშეკრულების მიხედვით არ არის ვალდებული აანაზღაუროს ზიანი, რომელიც გამოწვეულია მშენებლობის, დამზადების ან მასალის დეფექტით. ასევე დაზღვევამდე არსებული ნებისმიერი მიზეზით. აღნიშნულის გამო მოპასუხემ ზიანის ანაზღაურებას უარი განაცხადა. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - მიმართვები ს.ფ. 22-23 3.1.6. მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ სადაზღვევო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებულნი არიან სადაზღვევო შემთხვევის მცნებაზე. კერძოდ სადაზღვევო შემთხვევა არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევა, რომლის ფარგლებშიც მზღვეველი კისრულობს ვალდებულებას აანაზღაუროს ზარალი. დაზღვევის ზოგადი პირობების მეორე მუხლი შეიცავს იმ გამონაკლისებს, რა შემთხვევაშიც სადაზღვევო კომპანია არ ანაზღაურებს დამდგარ ზიანს. ერთრთი ასეთი პირობაა დაზიანება, რომელიც გამოწვეულია დაზღვევამდე არსებული ნებისმიერი მიზეზით. ზარალი არ ანაზრაურდება ასევე იმ შემთხვევაში თუ იგი გამოწვეულია მოსარგებლის ან მოსარგებლესთან დასაქმებული პირის განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: ხელშეკრულება სადაზღვევო მომსახურების შესახებ ს.ფ. 15-18 დაზღვევის ზოგადი პირობები. ს.ფ. 99. 3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2.1. მხარეებისათვის ძირითადი სადაო გარემოებებია: - შპს „ე-------–--ის“ კუთვნილი მაღაზიის შემინულობის დაზიანების მიზეზი; - ზიანის ამოფხვრისათვის საჭირო თანხის ოდენობა. 3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ ორი გარემოების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. 3.2.3. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. 3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს მე-4 მუხლი წარმოადგენს დისპოზიციურობის გამოვლენის პრინციპის ამსახველს. ამ პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. თავადვე არიან ვალდებულნი განსაზღვრონ რომელი ფაქტობრივი გარემოება რა მტკიცებულებებით დაამტკიცონ. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ როდესაც მხარეები დაობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მათი ვალდებულებაა სადაო გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგინონ მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის ფაქტის არსებობის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა გადანაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. წინამდებარე შემთხვევა ისეთი შემთხვევაა, როდესაც შემინულობის მოსარჩელის ბრალით დაზიანების მტკიცების ტვირთი სადაზღვევო კომპენიას ეკისრება. მან უნდა დაამტკიცოს, რომ შემინულობა დაზიანდა მშენებლობის, დამზადების ან მასალის დეფექტით. ასევე დაზღვევამდე არსებული ნებისმიერი მიზეზით. 3.2.5. ზიანის ღირებულების მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს მოსარჩელემ. 3.2.6. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა. 3.2.7. სასამართლო განმარტავს, რომ სადაზღვეო ურთიერთობებიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სადაზღვევო შემთხვევის შინაარსთან დაკავშირებით მხარეთა შეთანხმებას. უდაოა, რომ შემინულობა ჩამოვარდა და დაზიანდა. ბუნებრივია მხოლოდ დაზღვეული ქონების დაზიანება არ წარმოადგენს ანაზღაურების საფუძველს. ზარალის დადგენის შემდეგ მნიშვნელოვანია გაირკვეს ეს დაზიანება არის თუ არა სადაზღვევო შემთხვევა. ამისათვის აუცილებელია გაირკვეს ზარალი, დაზღვევამდე არსებული ნებისმიერი მიზეზითა ხომ არაა წარმოშობილი, ასევე იგი გამოწვეულია თუ არა მოსარგებლის ან მოსარგებლესთან დასაქმებული პირის განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით. მასში ასევე მოიაზრება ზიანი, რომელიც გამოწვეულია მშენებლობის, დამზადების ან მასალის დეფექტით. ასეთი რამ გამომდინარეობს მხარეთა შორის დადებული სადაზღვევო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებისა და დაზღვევის ზოგადი პირობების მოთხოვნებიდან. იხ. ხელშეკრულება სადაზღვევო მომსახურების შესახებ ს.ფ. 15-18 დაზღვევის ზოგადი პირობები. ს.ფ. 99. 3.2.8. მნიშვნელოვანია განისაზღვროს პირი, ვინც უნდა დაამტკიცოს ზიანის წარმოშობის მიზეზი. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის, როგორც დამზღვევის ვალდებულებაა ზიანის წარმოშობისთანავე აცნობოს მზღვეველს. გარდა ამისა სადაზღვევო პირობების 4.1.1. მუხლის შესაბამისად 24 საათში მზღვეველს აცნობს ზიანის შესახებ, 4.4.2 პუნქტის მიხედვით შეტყობინება 5 დღის ვადაში დაადასტუროს წერილობით და 4.1 პუნქტით მზღვეველს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ზიანთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია. ასევე ხელშეკრულების 5.5 პუნქტის მიხედვით ხელი შეუწყოს მზღვეველის მიერ სადაღვევო შემთხვევასთან და მის შედეგებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოკვლევა-მოძიებას. საქმის მასალებით დგინდება, რომ სხვა ვალდებულებები მოსარჩელეს არ ჰქონდა. ზიანი დადგა თუ არა დაზღვევამდე არსებული ნებისმიერი მიზეზით, ან იგი გამოწვეულია თუ არა მოსარგებლის ან მოსარგებლესთან დასაქმებული პირის განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით, ეს გარემოებები უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ. იხ. ხელშეკრულება სადაზღვევო მომსახურების შესახებ ს.ფ. 15-18 დაზღვევის ზოგადი პირობები. ს.ფ. 99. 3.2.9. მოპასუხე ამტკიცებს, რომ ზიანი დადგა შემინვის წესების დარღვევის გამო. ამ ფაქტის დადასტურების მიზნით მან მიუთითა შპს ,,ე-------–--ისათვის“ შპს ,,უ---------–ის“ მიერ 2018 წლის 10 მაისს გაგზავნილ მიმართვაზე. დასახელებული მიმართვით შპს ,,უ---------–მა“ შპს ,,ე---- ფ-–--ს“ განუმარტა, რომ ქ. ბათუმში ა---–--------–------------ში ტანსაცმლის მაღაზიის შემინვა შპს ,,უ---------–მა“ განახორციელა 2015 წლის ბოლო თვეებში. მისი მოწყობის შემდეგ გავიდა სამი წელი და ამ ვადაში შემინულობა არ ჩამოვარდნილა და არ დამტვრეულა. მისი დამტვრევის მიზეზი გახდა გრიგალი, რა დროსაც შპს ,,ე-------–--ის“ მსგავსად დაზიანდა სხვა შენობებიც. შპს ,,უ---------–ის“ წარმომადგენელი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სადაზღვევო კომპანიის უარს ზიანის ანაზრაურებაზე იმ მიზეზით, რომ კონსტრუქცია აწყობილი იყო შუალედური დგარების გარეშე. შუალედური დგარების მოწყობის გარეშე ვიტრინას უფრო მეტი ვიზუალური ეფექტი აქვს, მაგრამ აქვს შედარებით ნაკლები სიმყარე. ვიტრინის ასე მოწყობა არ წარმოადგენს არასწორ მონტაჟს. მასში ასევე განმარტებულია, რომ ვიტრნიები ამ მეთოდით ქვეყნის ტერიტორიაზე მრავლადაა მოწყობილი. იხ. შპს ,,უ---------–ის“ 2018 წლის 10 მაისის მიმართვა. ს.ფ. 20 3.2.10. სს „ს--------------------------------------–-----ს“ ზარალის წარმოშობის სხვა მტკიცებულება წარმოდგენილი არ აქვს. 3.2.11. სასამართლო განმარტავს, რომ სავსებით შესაძლებელია ზარალი დადგა დაზღვევამდე არსებული ნებისმიერი მიზეზით. ასევე შესაძლებელია ზარალი დადგა მოსარგებლის ან მოსარგებლესთან დასაქმებული პირის განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით, მშენებლობის, დამზადების ან მასალის დეფექტით, მაგრამ ასეთი ფაქტის არსებობას სჭირდება დამტკიცება. ზარალის მიზეზი, ფაქტობრივი გარემოებაა. ზარალი დადგა მოსარჩელის ბრალით თუ მისგან დამოუკიდებელი ბრალით, მნიშვნელოვანი საკითხია. მის დამტკიცებაში, მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ზარალის კონკრეტული მიზეზის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, შესაბამისად თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. ასეთ მტკიცებულებად არ გამოდგება მოპასუხის ზეპირი განმარტება და შპს ,,უ---------–ის“ მიმართვა (სხვა მტკიცებულება წარმოდგენილი არაა). მხარის ზეპირი განმარტება, რიგ შემთხვევებში შესაძლებელია გამოდგეს ზარალის წარმოშობის მიზეზების მტკიცებულებად, რიგ შემტხვევაში კი არ გამოდგეს მტკიცებულებად. ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ესა თუ ის გარემოება, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ანალოგიური უფლება აქვს მოპასუხესაც. ანუ მასაც შეუძლია ზეპირად უარყოს მოსარჩელის მიერ გადმოცემული ფაქტები. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები მას ადასტურებენ და სადაოდ არ ხდიან. თუ ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი, მხარეებისათვის სადაოა, მაშინ ის აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, მაგრამ ზეპირი განმარტებისას მთავარია რამდენად სარწმუნოა მისი განმარტება. ამიტომ თითოეული ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით. ანუ აუცილებელია გამოყენებული იქნას მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ზეპირი განმარტების სტანდარტია. 3.2.12. რაც შეეხება შპს ,,უ---------–ის“ მიმართვას, იგი ზიანის წარმოშობის მტკიცებულება არაა. ის შემინულობის მოწყობის ამსახველი მტკიცებულებაა. ამ დოკუმენტით მხოლოდ ის დგინდება, რომ შემინულობა მოაწყო შპს ,,უ---------–მა“. კონსტრუქცია აწყობილი იყო შუალედური დგარების გარეშე. შუალედური დგარების მოწყობის გარეშე ვიტრინას უფრო მეტი ვიზუალური ეფექტი აქვს, მაგრამ აქვს შედარებით ნაკლები სიმყარე. ვიტრინის ასე მოწყობა არ წარმოადგენს არასწორ მონტაჟს. მასში ასევე განმარტებულია, რომ ვიტრნიები ამ მეთოდით ქვეყნის ტერიტორიაზე მრავლადაა მოწყობილი. სასამართლო განმარტავს, რომ ვიტრინის შუალედური დგარების გარეშე მოწყობა არ წარმოადგენს ნაკლს. შესაძლებელია ასეთი კონსტრუქცია სხვა ტიპის კონსტრუქციაზე უფრო სუსტია და უფრო ნაკლებ ეფექტურია, მაგრამ მას აქვს სხვა დადებითი თვისება, კერძოდ ის, რომ აქვს უფრო მეტი ვიზუალური ეფექტი. აღნიშნული არ ნიშნავს მას, რომ შემინულობა დაზიანდა მშენებლობის, დამზადების ან მასალის დეფექტით. ასევე დაზღვევამდე არსებული ნებისმიერი მიზეზით. თუ ამ მეთოდით შემინვა წარმოადგენს მისი მოწყობის წესის დარღვევას, მაშიმ მოპასუხის ამის სათანადო მტკიცებულებაც უნდა გააჩნდეს. მას ასეთი მტკიცებულება არ აქვს. შესაბამისად მან ვერ დაამტკიცა, რომ შემინულობა დაზიანდა მშენებლობის, დამზადების ან მასალის დეფექტით, ასევე დაზღვევამდე არსებული ნებისმიერი მიზეზით. იხ. შპს ,,უ---------–ის“ 2018 წლის 10 მაისის მიმართვა. ს.ფ. 20 3.2.13. შემდეგი მნიშვნელოვანი სადაო საკითხია ზარალის ოდენობა. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ზარალის ოდენობა შეადგენს 25000 ლარს, თუმცა მას ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება არ აქვს. ზიანის გაანგარიშებისათვის ის უთითებს სადაზღვევო პოლისზე, სადაც მითითებულია, რომ სადაზღვევო კომპანია კისრულობს 25 000 ლარამდე ზიანის ანაზრაურებას. სადაზღვევო პოლისი არაა ზიანის ოდენობის განმსაზღვრელი მტკიცებულება და ის ამ საკითხის მტკიცებულებად არ გამოდგება. იხ. სადაზღვევო პოლისი. ს.ფ. 15. 3.2.14. მოპასუხემ თავის შესაგებელს დაურთო შპს ,,შ--------–ის“ მიერ შედგენილი ხარჯთააღრიცხვა, რომელიც შედგენილია მოსარჩელის შენობის შემინულობის აღდგენის ხარჯების დასაანგარიშებლად. მასში მითითებულია, რომ დაზიანებული შემინულობის აღდგენისათვის აუცილებელია მეტალო-პლასთმასის მონტაჟი, მეტალოპლასთმასი, ხარაჩოს მომსახურება, სილიკონი, დამხმარე მასალა, სარემონტო ნაგვის გატანა და ტრანსპორტირება. მისი საერთო ღირებულება შეადგენს 15798 ლარს. სწორედ ეს თანხა შეადგენს ზარალის ღირებულებას. შესაბამისად დასახელებული მტკიცებულების ანალიზით დამდგარი ზიანის ღირებულება შეადგენს 15 798 ლარს. იხ. ხარჯთაღრიცხვა. ს.ფ.98. სამოტივაციო ნაწილი: 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა: წარმოდგენილი მტკიცებულებათა განხილვისა და შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივად საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ ზარალის ანაზღაურების მიზნით 15 978 ლარის და პირგასამტეხლოს სახით 1500 ლარის გადახდა.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

_ საქართველოს კონსტიტუცია

-- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

-- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივდასადები ინტერესები გათვალისწინებული უნდა იქნას თანაბრად. განსახილველ საქმეში მოსარჩელე ამტკიცებს, რომ 2018 წლის 4 მარტს ქარმა დააზიანა მისი კუთვნილი მაღაზიის დაზღვეული შემინულობა, მაგრამ სადაზღვევო კომპანია უსაფუძვლოდ უარს აცხადებს ზარალის ანაზღაურებაზე. ამტკიცებს, რომ სადაზღვევო კომპანიის უარი, აანაზღაუროს დაზღვევულ ქონებაზე მიყენებული ზარალი, არღვევს მის კანონიერ უფლებებს, რის გამოც წარმოადგინა სარჩელი და წინამდებარე სარჩელით მიზნად დაისახა დარღვეული უფლების აღდგენა. სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელი დარღვეული უფლების აღდგენის კანონიერი გზაა. შესაბამისად მოსარჩელეს უფლება აქვს ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევის არსებობა და ზარალის ანაზღაურებისათვის საჭირო თანხის დაკისრების გზით მოითხოვოს დარღვეული უფლების აღდგენა.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არ არსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მეორე მხარესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მხარეები მიუთითებენ სახელშეკრულებო ურთიერთობაზე. სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის მთავარი მახასიათებელია სათანადო პირობებით შეთანხმებული გარიგების არსებობა.

 

6.3. დადგენილია და სადაო არარის ის გარემოება, რომ შპს „ე-------–--ს“, ქ. ბათუმში ა---–--------–------------ში აქვს ტანსაცმლის მაღაზია. შპს „ე-------–--მა“, 2016 წლის 21 ნოემბერს სს „ს--------------------------------------–-----თან“ გააფორმა სადაზღვევო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება და 25 000 ლარად დააზღვია მაღაზიის შემინულობა. ხელშეკრულების დადებით, მხარეებს შორის წარმოიშვა დაზღვევის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის მიხედვითაც მზღვეველი მოვალეა დამზღვევს აუნაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. თავის მხრივ დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია) (საქ. სკ-ის 799-ე მუხლი).

 

6.4. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხი. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნობი დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ამ წესის დაცვის შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სს ,,ს--------------------------------------–-----ს“, როგორც მზღვეველს, უფლება ჰქონდა შპს ,,ე-------–--ისაგან“ მოეთხოვა სადაზღვევო შესატანის იმ პირობების შესაბამისად გადხდა, რაზეც ხელშეკრულებით იყვენ შეთანხმებულნი. თავის მხრივ შპს ,,ე-------–--“ მოვალე იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ სადაზღვევო შესატანი შეეტანა შეთანხმებული პირობების შესაბამისად დათქმულ დროში. დადგენილია და სადაო არარის ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ნაკისრი მოვალეობა შეასრულა და სადაზღვევო პრემია შეიტანა შეთანხმებული პირობების შესაბამისად. ნაკისრი მოვალეობის ჯეროვანი შესრულება მას უფლებას ანიჭებდა სადაზღვევო შემთხვევის წარმოშობისას მოეთხოვა დაზღვეულ ქონებაზე მიყენებული ზარალის ანაზღაურება. დადგენილია, რომ 2018 წლის 4 მარტს მაღაზიის მეორე სართულის ვიტრინა ჩამოვარდა და დაიმტვრა მინა. მოსარჩელემ შემინულობის დაზიანების შესახებ მოპასუხეს იმავე დღეს აცნობა ცხელი ხაზის მეშვეობით. ასევე მეორე დღეს და შემდეგში 2018 წლის 7 მარტს სადაზღვევო კომპანიას წერილობით მიმართა ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით. მოპასუხემ ზარალი არ აანაზღაურა, რაც გახდა სარჩელის აღძვრის მიზეზი.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 820-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით. დადგენილია, რომ მზღვეველმა ზიანი არ აანაზღაურა. ამტკიცებს, რომ არარსებობს სადაზღვევო შემთხვევა, რადგანაც დაზიანება, გამოწვეულია დაზღვევამდე არსებული მიზეზით. მხარეთა შეთანხმებით კი ასეთი შემთხვევა არ განიხილება სადაზღვევო შემთხვევად. სასამართლო ადასტურებს იმ გარემოებას, რომ როგორც კანონი შეიცავს დაზღვევის ანაზღაურების საგამონაკლისო ნორმებს, ასევე საგამონაკლისო პირობებს შეიცავს მხარეთა ხელშეკრულებაც. ასეთი პირობებაა ზიანის დადგომა დაზღვევამდე არსებული ნებისმიერი მიზეზით, ასევე მოსარგებლის ან მოსარგებლესთან დასაქმებული პირის განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით. წინამდებარე შემთხვევაში ასეთი ფაქტობრივი გარემოება არ გამოვლენილა. შემინულობა არ დაზიანებულა დაზღვევამდე არსებული მიზეზით, ასევე მოსარგებლის ან მოსარგებლესთან დასაქმებული პირის განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით, ამიტომ არარსებობს ზარალის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. გარდა ამისა მზღვეველმა შეასრულა კანონით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ქმედება და არ არსებობდა კანონით განსაზღვრული ის საგამონაკლისო შემტხვევა, რა დროსაც დასაშვებია ზარალის ანაზღაურებაზე უარი თქმა. ის, რომ შემინულობა მოწყობილი იყო დაზღვევამდე ვერ გამოდგება დაზღვევამდე არსებული მიზეზით შემინულობის დაზიანების მიზეზად. შემინულობა დაზიანდა გრიგალის შედეგად. სწორედ აღნიშნულის გამო სადაზღვევო კომპანია ვალდებული იყო მოსარჩელისათვის აენაზღაურებინა შემინულობის დაზიანებით დამდგარი ზარალი, რომლის ღირებულებაც შეადგენს 15978 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე ამ ნაწილში სარჩელი ნაწილობრივაა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.5. სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა 25 000 ლარის მოთხოვნის ნაწილში. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება მასზედ, რომ შემინულობის აღდგენას სჭირდებოდა 25 000 ლარის ხარჯის გაწევა. წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით ზარალის ანაზღაურებას სჭირდება 15 978 ლარი.

 

6.6. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 10 000 ლარის გადახდა. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების საფუძვლებიდან. დასახელებული ნორმებით პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

განსახილველ შემთხვევაში სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს გადახდა მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მზღვეველი გადაიხდის ჯარიმას გადასახდელი თანხის 0,2 %-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.

 

დადგენილია, რომ სადაზღვევო კომპანიამ არ შეასრულა თავისი ვალდებულება და სადაზღვევო თანხა არ გადაიხადა. მას გადასახდელი აქვს 15 978 ლარი. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს გადახდა. ხელშეკრულების დარღვევიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდში შესრულების ვადაგადაცილების მიხედვით კუთვნილი პირგასამტეხლოს ოდენობაა 10 000 ლარზე მეტია.

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში კანონმა სასამართლოს მიანიჭა უფლება კონკრეტული გარემოებების გათვალისწინების შედეგად შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. თანასწორობის აღდგენისა და ბალანსის დაცვის მიზნით პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 1500 ლარამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც, ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

წინამდებარე საქმეზე სახ. ბაჟის ოდენობა გაანგარიშებული უნდა იქნას საქ. სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტისა და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის ,,ა” პუნქტის მოთხოვნათა დაცვით. სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა შეადგენს 1050 ლარს. მოსარჩელეს ბაჟი წინაწარ აქვს გადახდილი. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო ბაჟი მხარეებს შორის უნდა განაწილდეს სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად. კერძოდ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს 525 ლარის გადახდა. მოსარჩელეს სახ. ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი. მოპასუხეს ბაჟის სახთ უნდა დაეკისროს 525 ლარის გადახდა.

 

7.2 მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხემ აუნაზღაუროს საადვოკატო ხარჯები 10000 ლარის ოდენობით.

მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის საფუძვლიდან, დასახელებული ნორმით ანაზღაურებას ექვემდებარება პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოსარჩელემ წარმოადგინა საადვაკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ქვითარი, რაც ადასტურებს მის მიერ სასამართლოს გარეშე ხარჯების გაწევას. დასახელებული ხარჯი პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯებია. ამ კატეგორიის ხარჯების ანაზღაურება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის ბოლო წინადადებით, მაგრამ ამ ხარჯების ანაზღაურებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ის, რომ ანაზღაურდება მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯები გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის II ნაწილის პირველი წინადადებით თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია. ასეთ შემთხვევაში ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით.

 

საქმის სირთულის, ჩატარებული პროცესებისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ იურიდიული მომსახურების ხარჯები უნდა ანაზღაურდეს სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არაა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გადაწყვიტა:

1. შპს ,,ე-------–--ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად;

2. სს „ს--------------------------------------–-----ს“, შპს ,,ე-------–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სადზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურების მიზნით 15 978 ლარის გადახდა, ასევე პირგასამტეხლოს სახით 1500 ლარის გადახდა.

3. სს „ს--------------------------------------–-----ს“, შპს ,,ე-------–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი 525 ლარის და იურიდიული მომსახურების ხარჯის - 500 ლარის ანაზღაურება.

4. შპს ,,ე-------–--ს“ სახ. ბაჟი გადახდილი აქვს.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი:ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.№30) მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე