გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.12.2019
საქმის ნომერი
010210118002410322
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
06.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N 010210118002410322

საქმე N2-1674/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 ოქტომბერი 2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ირმა ტოგონიძე

სხდომის მდივანი - ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე - მა----------ა

წარმომადგენელი - თე-----------–--–---–ი

მოპასუხე - შპს „ტ-----–-----------

წარმომადგენელი - ლე-----–-------------ძე

დავის საგანი -მოძრავი ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული სარჩელი 27/02/2019წ):

 

1.1 დაუბრუნდეს მა----------ას შპს „ტ-----–---------–-“ დაგირავებული კუთვნილი ოქროს ნივთები: წყვილი საყურე, ჯვარი, ჯაჭვი (ე.წ. ცეპი) ჯვრით, ყელსაბამი, 1 ცალი საყურე (ბრილიანტი), წყვილი საყურე, სამაჯური, ბეჭედი (საერთო ჯამში 67.5 გრ), შპს „ტა----–----------------ს“ 2040 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ;

 

2. სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

შპს „ტ-----–----------ა“ და მა----------ას შორის, 2014 წლის 26 აპრილს, დაიდო სალომბარდე (მფლობელობითი) სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მა----------ამ აიღო სესხი 2000 აშშ დოლარის ოდენობით. ვალდებულება უზრუნველყოფილი იყო მფლობელობითი გირავნობით, შემდეგი ოქროს ნივთებით: წყვილი საყურე, ჯვარი, ჯაჭვი (ე.წ. ცეპი) ჯვრით, ყელსაბამი, 1 ცალი საყურე (ბრილიანტი), წყვილი საყურე, სამაჯური, ბეჭედი (საერთო ჯამში 67.5 გრ). სარგებელი განისაზღვრა 40 აშშ დოლარის ოდენობით, რასაც მოსარჩელე ყოველთვიურად იხდიდა. 2015 წლის ოქტომბრის თვემდე. შპს „ტ-----–---------–-“ მომხდარი ინცინდენტის შემდეგ, 2015 წლის სექტემბერში, მოსარჩელე შეეცადა შეესრულებინა ვალდებულება კრედიტორის წინაშე, სესხის ძირი თანხის 2000 აშშ დოლარისა და 1 თვის სარგებლის გადახდის პირობით, თუმცა, ლომბარდის დირექტორმა არ მიიღო შესრულება და უარი განაცხადა გირავნობის საგნების დაბრუნებაზე. მოპასუხემ ძირ თანხასთან ერთად მოსარჩელეს მოსთხოვა სარგებელი 680 აშშ დოლარი და ჯარიმა 1928 აშშ დოლარი. მა----------ა აღნიშნავს, რომ სარგებელი და ჯარიმა უკანონოდ დაარიცხა მოპასუხემ. ასევე, უკანონოა მოპასუხის ქმედება გირავნობის საგნების დაბრუნებაზე უარის თქმის შესახებ. მოსარჩელემ ვალდებულება შეასრულა პირნათლად, თუმცა, მოპასუხემ გადახდილად არ ჩაუთვალა ოპერატორის მიერ მითვისებული სარგებლის თანხა და ზედმეტად დაარიცხა იგი.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20---–-–-----------------ს განაჩენით შპს „ტ-----–----------ს“ ოპერატორი ნა----------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ) და მე-3 ნაწილის ა) ქვეპუნქტებით (მა----------ას ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის. ამავე განაჩენით დადგინდა, რომ 2015 წლის 27 აპრილიდან იმავე წლის 27 ოქტომბრამდე პერიოდში ნა----------–---–მა მიითვისა მა----------ას მიერ შპს „ტა----–----------------ს“ გადაცემული სარგებლის თანხა ჯამში 240 აშშ დოლარი. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კრედიტორმა ვალდებულების შესრულება არ მიიღო და კვლავ გააგრძელა სარგებლის დარიცხვა, რაც უკანონოა.

 

მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხავი შესაგებელი, რომლის თანახმად, მოსარჩელეს შპს „ტა----–-----------“ მიმართ ვალდებულება შესრულებული არ აქვს და თუ მოსარჩელე იხდიდა სარგებელს უნდა ჰქონდეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მოსარჩელე ვერ ადასტურებს მისი მხრიდან ვალდებულების შესრულებას, შესაბამისად, გირავნობის საგნის დაბრუნება ვერ მოხდება და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2014 წლის 26 აპრილს, შპს „ტა----–---------მა“ მა----------აზე გასცა მფლობელობითი (სალომბერდე) გირავნობით უზრუნველყოფილი სესხი, 2000 აშშ დოლარის ოდენობით, ყოველთვიური 40 აშშ დოლარი სარგებლის დარიცხვის პირობით. სესხის უზრუნველსაყოფად შპს „ტა----–-----------“ მფლობელობაში გადაცემული იქნა გირავნობის საგნები, ოქროს ნივთები: წყვილი საყურე, ჯვარი, ჯაჭვი (ე.წ. ცეპი) ჯვრით, ყელსაბამი, 1 ცალი საყურე (ბრილიანტი), წყვილი საყურე, სამაჯური, ბეჭედი (საერთო ჯამში 67.5 გრ).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მფლობელობითი (სალომბერდე) გირავნობის ხელშეკრულება

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვითმხარეთა (მესამეპირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობით თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანია გირავნობის საგნის დაბრუნება. მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხემ არ მიიღო შესრულება და არ დაუბრუნა კუთვნილი ნივთები. მოპასუხის პოზიციით, მოსარჩელეს ვალდებულება არ შეუსრულებია და უფლებამოსილი იყო არ მიეღო ნაწილობრივი შესრულება. ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში, სასამართლომ უნდა დაადგინოს: სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეასრულა თუ არა მოსარჩელემ მოპასუხის წინაშე, ფულადი ვალდებულება და აქვს თუ არა მართლზომიერი საფუძველი მოპასუხის უარს გირავნობის საგნების დაბრუნებაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში დადგენილი ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც ამყარებს საკუთარ პოზიციას. მოსარჩელის მტკიცების საგანში შედის იმ გარემოების დამტკიცება, რომ კრედიტორს წარუდგინა მთლიანი შესრულება, ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს შესრულების მიღებაზე უარის თქმის მართლზომიერება.

სასამართლო, სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების, მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ სადავო ფაქტობრივ გარემოებებს:

3.2.2. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მა----------ასა და შპს „ტ-----–----------“ შორის დადებული სალომბარდე სესხის ხელშეკრულებაში კრედიტორს წარმოადგენდა ლომბარდის სპეციალისტი ნა----------–---–ი.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2014 წლის 26 აპრილიდან 2015 წლის აპრილის ჩათვლით, მოსარჩელემ მოპასუხეს გადაუხადა სესხზე დარიცხული სარგებელი, რაც აისახებოდა მოპასუხის მიერ.

 

სასამართლოს, ასევე, დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2015 წლის 27 აპრილიდან იმავე წლის 27 ოქტომბრამდე, შპს „ტა----–-----------“ წარმომადგენელმა ნა----------–---–მა, შპს "ტა----–-----------" სახელით მიიღო მა----------ას მიერ მოპასუხისათვის გადახდილი სარგებელი 240 აშშ დოლარის ოდენობით (6 თვის).

 

სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას ეყრდნობა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20---–-–-----------------ს განაჩენს, რომლის საფუძველზეც შპს „ტ-----–----------ს“ ოპერატორი ნა----------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ) და მე-3 ნაწილის ა) ქვეპუნქტებით (მა----------ას ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად, პრეიუდიციული ძალა არ აქვს, მაგრამ მათზე მითითება, როგორც სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოების დამადასტურებელ ერთ-ერთ მტკიცებულებაზე, არ ეწინააღმდეგება სსსკ-ის 102-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნებს. (სუსგ. საქმე №ას-1114-1034-2017წ. 16 იანვარი, 2018 წელი).

 

აღსანიშნავია, რომ მოპასუხე მხარე განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არ შეცილებია არც შესაგებლითა და არც ახსნა-განმარტების ეტაპზე. მოპასუხის წარმომადგენელმა საერთოდ ვერ უპასუხა კითხვაზე რამდენი თვის სარგებელი აქვს გადაუხდელი მოსარჩელეს. ერთის მხრივ, იგი უთითებდა, რომ ვალდებულება სარგებლის ნაწილში მოსარჩელეს საერთოდ არ შეუსრულებია (სხდომის ოქმი 24/06/2019წ.), მეორეს მხრივ, საქმეში წარმოდგენილია თავად მოპასუხის მიერ გაცემული სარგებლის გადახდის ამონაწერი, საიდანაც დგინდება, რომ სარგებლის თანხა ასახულია შპს „ტა----–-----------“ შემოსავალში, სესხის გაფორმებიდან ანუ 2014 წლის 26 აპრილიდან 2015 წლის აპრილის ჩათვლით.

 

მა----------ას ვალდებულების გამოთვლისას სასამართლო ეყრდნობა განაჩენში (2.21 პუნქტი) მითითებულ შპს „ტა----–-----------“ დირექტორის ლი----------–---ს მიერ გაცემული ცნობას (24/02/2017წ), რომლის თანახმად მა----------ას ყოველთვიური სარგებელი არ გადაუხდია 2015 წლის მაისიდან. შპს „ტაო-ლომბარდის“ ოპერატორ ნა----------–---–ის მუშაობის პერიოდში 30/06/2012-დან 14/12/2015 წლამდე მა----------ას გააჩნია 7 თვის დავალიანება 280 აშშ დოლარი. ამავე განაჩენით (1.2. პუნქტი) სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ 2015 წლის 27 აპრილიდან იმავე წლის 27 ოქტომბრამდე მუშაობის პერიოდში ნა----------–---–მა, ხელზე მიიღო მა----------ას მიერ ყოველთვიურად შპს „ტაო ლომკბარდთან“ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე საპროცენტო განაკვეთით გათვალისწინებული 6 თვის თანხა 240 აშშ დოლარი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით მა----------ას ერიცხებოდა მოპასუხის დავალიანება სესხის ძირი თანხა 2000 აშშ დოლარი და სარგებელი 40 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20---–-–-----------------ს განაჩენი

-ამონაწერი გადახდის ისტორიიდან

-მხარეთა ახსნა-განმარტება

-სხდომის ოქმი (24/06/2019წ. 11.13.53 წთ-დან)

 

3.2.3. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს „ტა----–---------მა“არ მიიღო მა----------ას შეთავაზება ვალდებულების შესრულებაზე. დადგენილია, რომ 2015 წლის დეცკემბერში მა----------ამ შეთავაზა შპს „ტ-----–----------“ 2040 აშშ დოლარი, სანაცვლო შესრულების ანუ გირავნობის საგნების დაბრუნების პირობით, თუმცა, მოპასუხემ შესრულების მიღებაზე და სანაცვლო შესრულებაზე უარი განაცხადა.

 

ის გარემოება, რომ მა----------ამ შესრულება შესთავაზა კრედიტორს დაადასტურა შპს „ტა----–-----------“ დირექტორმა და მოწმის სახით საქმეზე დაკითხულმა პირებმა. მოწმე მა--------------–---მ სასამართლო სხდომაზე ვერ გაიხსენა რა პერიოდიდან მუშაობდა შპს „ტ-----–---------–-“, თუმცა, სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაკითხვისას (2.7. პუნქტი) მან დაადასტურა, რომ მუშაობდა 2015 წლის დეკემბრიდან, ნა----------–---–ის წასვლის შემდეგ. სასამართლო სხდომაზე, მა--------------–---მ დაადასტურა, რომ მა----------ა მივიდა ლომბარდში და მოითხოვა ოქროს სამკაულების დაბრუნება, თანხის გადახდის სანაცვლოდ, თუმცა, დავალიანების დაანგარიშებას არ დაეთანხმა, ვინაიდან, თვლიდა, რომ სესხზე სარგებელი გადახდილი ჰქონდა, რაც არ ჩანდა ლომბარდის ამონაწერში. მოპასუხის მოსაზრებით შეთავაზებული შესრულება არ იყო საკმარისი არსებული დავალიანების დასაფარად და არ მიიღო. მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტისა და გირავნობის საგნის დაბრუნების მოთხოვნით მოპასუხეს მიმართა 2015 წლის დეკემბერში. შესრულების მიღებაზე და გირავნობის საგნის დაბრუნებაზე კრედიტორმა უარი განაცხადა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოპასუხე მხარეს რაიმე არგუმენტი ან მტკიცებულება არ წარმოუდგენია. იგი აპელირებდა მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული პერიოდისათვის მა----------ას გააჩნდა დავალიანება, რომელიც მოიცავდა შპს „ტა----–-----------“ ოპერატორისათვის გადახდილ 6 თვის სარგებელს, ხოლო დღეის მდგომარეობით ამ თანხას დამატებული აქვს მიმდინარე სარგებელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება

-მოწმე მადონა ქოქოლაძის ჩვენება (სხდომის ოქმი 26.09.2019)

-ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20---–-–-----------------ს განაჩენი

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1.დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მა----------ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

-სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის სამართლებრივ ურთიერთობას განსაზღვრავს 2014 წლის 26 აპრილს დადებული სალომბარდე (მფლობელობითი) სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხისაგან აიღო სესხი 2000 აშშ დოლარის ოდენობით. ვალდებულება უზრუნველყოფილი იყო მფლობელობითი გირავნობით ოქროს ნივთებით. სასამართლოს შეფასების საგანია მოვალის მიერ ვალდებულების შესრულება და ამ შესრულების კრედიტორის წარმომადგენლის მიერ მიღების სამართლებრივი შედეგები, ასევე, კრედიტორის მიერ ვალდებულების მიღებაზე უარი.

საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე ,სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მხარეებს შორის დავა გამოიწვია შპს „ტა----–-----------“ ოპერატორის (სპეციალისტის) მხრიდან, მოსარჩელის მიერ გადახდილი სარგებლის მიღებამ, რომელიც არ იქნა ასახული კრედიტორის შემოსავლებში. შესაბამისად, ამ ნაწილში მოპასუხის პასუხისმგებლობის დადგენისას, სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლით ანუ დელიქტური პასუხისმგებლობით.

სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 997-ე მუხლით პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე.

 

ამ მუხლით განსაზღვრულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი. „აღნიშნული მუხლი ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობას აკისრებს პირს, რომლის მუშაკიც თავისი შრომითი (სამსახურეობრივი) მოვალეობის შესრულებისას მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით ზიანს აყენებს მესამე პირს. მუშაკის მიერ შრომითი მოვალეობის შესრულება ნიშნავს, რომ მუშაკის ქმედებაში, რის შედეგადაც მესამე პირს მიადგა ზიანი, უნდა ვლინდებოდეს დამსაქმებლის ის ფუნქცია, რომლის შესრულება მუშაკის სამსახურეობრივ მოვალეობას წარმოადგენს“ (იხ. პასუხისმგებლობა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის, ავტ. დავით სუხიტაშვილი, თეა სუხიტაშვილი, ჟურნ. „მართლმსაჯულება და კანონი“ N2(37)13).

 

სასამართლო მიაჩნია, რომ სახეზეა ზემოაღნიშნული ნორმით მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობა. კერძოდ, დადგენილია, რომ ნა----------–---–ი 30/06/2012-დან 14/12/2015 წლამდე მუშაობდა შპს „ტ-----–---------–-“ ოპერატორის (სპეციალისტის) თანამდებობაზე. დადგენილია, რომ ის დამსაქმებლის სახელით აფორმებდა სალომბარდე სესხის ხელშეკრულებებს და იღებდა მოვალეების მიერ გადახდილ თანხებს. დადგენილია, რომ აღნიშნული მოვალეობის განხორციელებაზე იგი უფლებამოსილი იყო შპს „ტა----–-----------“ მიერ. დადგენილია, რომ მან მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა 240 აშშ დოლარი, რომელიც მა----------ამ გადაუხადა შპს „ტ-----–----------“. დადგენილია, რომ ნა----------–---–ის ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგია ზიანი, რომელიც მიადგა მა----------ას 240 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნა----------–---–ი მოქმედებდა შპს „ტა----–-----------“ სახელით, როგორც მისი თანამშრომელი და ყველა შედეგი, რომელიც დადგა მისი ბრალეული, მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, უნდა აანაზღაუროს შპს „ტა----–---------მა“ ანუ დამსაქმებელმა. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მა----------ას გადახდილად არ უნდა ჩაეთვალოს 2015 წლის 27 აპრილიდან იმავე წლის 27 ოქტომბრამდე გადახდილი თანხა იმის გამო, რომ აღნიშნული თანხა შპს „ტა----–-----------“ სალაროს შემოსავლებში არ ასახულა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია ნა----------–---–ის ბრალეული, მართლსაწინააღმდეგო ქმედება და შედეგი-ზიანი, რომელიც უშუალო კავშირშია ამ ქმედებასთან, რაც მოპასუხის დელიქტური პასუხისმგებლობის საფუძველია. არ არსებობს აღნიშნული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი.

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით მა----------ას სარგებლის გადახდის ვალდებულება სესხზე შესრულებული ჰქონდა და მას ერიცხებოდა მხოლოდ სესხის ძირი თანხის და ერთი თვის სარგებლის დავალიანება.

6.2. სამოქალაქო კოდექსის 390-ე მუხლის თანახმად, კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებად ითვლება, თუ იგი არ იღებს მისთვის შემოთავაზებულ შესრულებას, რომლის ვადაც დამდგარია. ამავე კოდექსის 393-ე მუხლით კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებისას მისი ბრალის მიუხედავად: ა ) იგი ვალდებულია აუნაზღაუროს მოვალეს ხელშეკრულების საგნის შენახვის გამო წარმოშობილი ზედმეტი ხარჯები; ბ ) მას ეკისრება ნივთის შემთხვევით გაფუჭების ან დაღუპვის რისკი; გ ) მას აღარა აქვს ფულადი ვალდებულებისათვის პროცენტის მიღების უფლება.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2015 წლის დეკემბერში მა----------ამ მიმართა მოპასუხეს ხელშეკრულების შეწყვეტის და გირავნობის საგნის დაბრუნების მოთხოვნით, სანაცვლო შესრულების პირობით. ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელემ შესრულების სახით მოპასუხეს შესთავაზა როგორც ძირი თანხა, ისე შეთავაზების მომენტისათვის არსებული ერთი თვის სარგებლის დავალიანება 40 აშშ დოლარი. დადგენილია, რომ მოპასუხემ არ მიიღო შესრულება.

სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალის მხრიდან შეთავაზებული იქნა შეთავაზების პერიოდისათვის არსებული ვალდებულების სრულად დაფარვა, ამდენად, სახეზეა კრედიტორის მიერ ვადის გადაცილება.

კრედიოტრმა არ მიიღო შესრულება. ამდენად, იგი თავად გახდა იმ ზიანის რისკის მატარებელი, რომელიც შესრულების მიუღებლობის გამო მიადგა. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხე თავადაა ვალდებული გასწიოს ხელშეკრულების საგნის შენახვის გამო წარმოშობილი ხარჯი, მას აღარ აქვს უფლება მოითხოვოს სარგებელი. ამდენად, სარჩელი საფუძვლიანია როგორც ფაქტობრივი ისე სამართლებრივი საფუძვლებით და უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 120 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით 50 ლარი. სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი. ამდენად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 170 ლარის, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟს სანაცვლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.მა----------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. დაუბრუნდეს მა----------ას შპს „ტ-----–---------–-“ დაგირავებული კუთვნილი ნივთები: წყვილი საყურე, ჯვარი, ჯაჭვი (ე.წ. ცეპი) ჯვრით, ყელსაბამი, 1 ცალი საყურე (ბრილიანტი), წყვილი საყურე, სამაჯური, ბეჭედი (საერთოო ჯამში 67.5 გრ), შპს „ტა----–----------------ს“ 2040 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ;

 

3. დაეკისროს შპს „ტ-----–----------“ მა----------ას სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გადახდილი 50 ლარი;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირმა ტოგონიძე