გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140210015001030588
საქმე № 2/768-15
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი, მარიამ საძაგლიშვილი
მოსარჩელე - ს-----------------------ი“
წარმომადგენელი - გ------------------ე, თ-----------–---–ი
მოპასუხეები - ნ-----–-----------ე
დ----------–---–---–ი
ე----------–-------
მ--------------–-–---–ი
გ-----------------ე
ნ--------------ე
წარმომადგენელი - ე-–---------–--–---–ი (ნ-----–-----------ის და გ-----------------ის),ი--------------ე (ნ--------------ის)
ნ--------------ე (ნ-----–-----------ის და გ-----------------ის)
დავის საგანი: თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს: ნ-----–-----------ეს, დ----------–---–---–ს, ე----------–-------ს, მ--------------–-–---–ს, გ-----------------ეს და ნ--------------ეს სს „პ------------------ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ ჯამში 71 772.19 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხა (ორივე ხელშეკრულებაზე) არის 46 556.33 აშშ დოლარი; სარგებელი (ორივე ხელშეკრულებაზე) - 24 217.31 აშშ დოლარი (2013 წლის 31 დეკემბრის №14.11783 სესხზე - 2019 წლის 25 ოქტომბრის მდგომარეობით 12 775.84 აშშ დოლარი, საიდანაც 2015 წლის 07 ივლისამდე მდგომარეობით სარგებლის ოდენობა შეადგენდა 2 516.96 აშშ დოლარს; 2013 წლის 31 დეკემბრის №14.11789 სესხზე - 2015 წლის 07 ივლისამდე სარგებლის ოდენობა შეადგენდა 2 422.35 აშშ დოლარს, ხოლო ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე დარჩენილი მიუღებელი სარგებელი - 4913.87 აშშ დოლარი), პირგასამტეხლო (ორივე ხელშეკრულებაზე) - 998.50 აშშ დოლარი.
1.2. ვალდებულების შესრულების მიზნით იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული ნ--------------ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. გ------–---------------------------------0;
1.3. ვალდებულების შესრულების მიზნით იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული მ--------------–-–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ---------–-----------------------------------
1.4. იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, დავალიანების დასაფარავად აღსრულება განხორციელდეს სოლიდარულ მოვალეთა საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით.
მოსარჩელის პოზიცია
2013 წლის 28 მარტს მოსარჩელესა და მოპასუხე ნ-----–-----------ეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება №FW14.461 შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტი - 150 000 აშშ დოლარი, ვადა 360 თვე, მაქსიმალური წლიური საპროცენტო განაკვეთი 36%. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2013 წლის 31 დეკემბერს №14.11783 ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა სესხი 24 000 აშშ დოლარის ოდენობით წლიური 13% დარიცხვით, 120 თვის ვადით, ხოლო №14.11789 ხელშეკრულების მიხედვით 26 000 აშშ დოლარი წლიური 13% დარიცხვით, ასევე 60 თვის ვადით. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2013 წლის 28 მარტს სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები გაფორმდა დ----------–---–---–თან, ე----------–-------სთან, მ--------------–-–---–თან და გ-----------------ესთან. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება და მისგან გამომდინარე საკრედიტო ხელშეკრულებები ასევე უზრუნველყოფილი იქნა იპოთეკით, კერძოდ, იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონებები მდებარე ქ. გ------–----------------------------------- და ქ. გ------–-----------------------------------. მოპასუხეთა მიერ დაირღვა ხელშეკრულებების პირობები და მიუხედავად გაფრთხილებისა ისინი საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებებს არ ასრულებენ. შესაბამისად მათი დავალიანება მოსარჩელის წინაშე ჯამში შეადგენს 71 772.19 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა ორივე სესხზე შეადგენს 46 556.33 აშშ დოლარს, სარგებელი ორივე სესხზე არის 24 217.31 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 998.55 აშშ დოლარი.
მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა სასარჩელო მოთხოვნა სარგებლის ნაწილში დააკონკრეტა 2019 წლის 25 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე და მიუთითა, რომ სარგებელს ითხოვენ, როგორც ხელშეკრულების შეწყვეტამდე არსებული დავალიანების, ისე ხელშეკრულების მოქმედების ვადის ფარგლებში მიუღებელი შემოსავლის სახით და ეს სარგებელი დაანგარიშებულია გრაფიკით გაწერილი თანხების მიხედვით. რაც შეეხება სარგებელს დავალიანების და მიუღებელი შემოსავლის სახით, მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ 2013 წლის 31 დეკემბრის №14.11783 ხელშეკრულებაზე სარგებლის ოდენობა შეადგენს 16 881.09 აშშ დოლარს, საიდანაც 2015 წლის 07 ივლისამდე (სარჩელის აღძვრამდე) არსებული დავალიანება შეადგენს 2 516.96 აშშ დოლარს, ხოლო დანარჩენი არის მიუღებელი სარგებელი (ხელშეკრულებაში მითითებული მოქმედების ვადაში), ხოლო 2013 წლის 31 დეკემბრის №14.11789 ხელშეკრულების მოქმედების ვადა გავიდა 2018 წლის 31 დეკემბერს და მასზე 2015 წლის 07 ივლისის მდგომარეობით არსებული დავალიანება არის 2 422.35 აშშ დოლარი, ხელშეკრულების მოქმედების ვადის ბოლომდე მისაღები სარგებელი - 4 913.87 აშშ დოლარი (იხ. სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი და 25.10.2019 წ. სასამართლო სხდომის ოქმი)
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ნ-----–-----------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო (რა ნაწილში გაუგებარია) და მიუთითა, რომ მან არაერთხელ მიმართა სს „პ------------------ს“ ვალის დაფარვის მიზნით ახალი გრაფიკის შედგენასთან დაკავშირებით, მაგრამ მას პასუხი არ მიუღია. ამასთან, იგი მორიგების ფარგლებში თანახმაა დაფაროს დავალიანება 46 556.33 აშშ დოლარი, თუმცა მან მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2013 წლის 28 მარტს მასა და პ------------------ს შორის გაფორმდა №14.1011 ხელშეკრულება 50 000 ლარზე, 60 თვის ვადით, წლიური 16%-ად და ვალსაც ფარავდა ლარში. როდესაც მისი მხრიდან ვალდებულება დაირღვა ბანკმა სასამართლოში წარადგინა სარჩელი, რომელსაც სულ სხვა ხელშეკრულება ერთვოდა და მისთვის გაუგებარია ერთ დღეს როგორ გაფორმდა ორი ხელშეკრულება რაც არარეალურია და ასევე ბანკმა თვითნებურად გადაიყვანა ლარში აღებული ვალდებულება დოლარში, რომ უფრო მედი სარგებელი მიეღობ (იხ. შესაგებელი, ტ. I, ს.ფ. 95-102 და სხდომის ოქმი).
2.2. მოპასუხე გ-----------------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ დღეის მდგომარეობით გორის რაიონულ სასამართლოში შეტანილი აქვს სარჩელი მ--------------–-–---–ის მიმართ გ----–---–---------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე ნასყიდობის ბათილად ცნობის მოთხოვნით, თუმცა მან, როგორც ნ-----–-----------ემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი არ ცნო (იხ. შესაგებელი, ტ. 1, ს.ფ. 95-102).
2.3. მოპასუხეებს: დ----------–---–---–ს, ე----------–-------ს და მ--------------–-–---–ს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდათ კანონით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.
2.4. მოპასუხე ნ--------------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ მისი კუთვნილი ქონება 2013 წლის 25 ივლისს პ------------------ის მიერ დაიტვირთა იპოთეკით, ხოლო რა თანხის გაცემაც მოხდა ბანკის მიერ ამ ხელშეკრულებით, სარჩელში არ არის წარმოდგენილი. ასევე არ არის წარმოდგენილი მთელი რიგი საბუთები, ხოლო მიზეზი მისი დამალვისა უცნობია და ამიტომ ბანკის მოთხოვნას არ ცნობს. გარდა ამისა, არსებული სესხის აღების დღიდან არასოდეს უთქვამს უარი ამ თანხის შესახებ, რაც რეალურად იყო 20 000 აშშ დოლარი, ვინაიდან ხელშეკრულება გაფორმებულია 28 მარტს, სარჩელს კი ერთვის 31 დეკემბერით დათარიღებული ხელშეკრულება. ანუ სარჩელს არ ერთვის რეალური ხელშეკრულება, შესაბამისად, ბანკმა უნდა წარმოადგინოს არსებული ხელშეკრულება, ასევე 28 მარტის სესხის გრაფიკი და 25 ივლისით დათარიღებული სესხის გრაფიკი, რის საფუძველზეც დაიტვირთა მისი ქონება იპოთეკით. რაც შეეხება დამატებით მტკიცებულებას, წარმოადგენს სასამართლო პროცესზე, რაც თავად პ------------------ის გაცემულია, მხოლოდ ამის შემდეგაა მისთვის შესაძლებელი მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, რადგან ბანკი თავიდანვე დაინტერესებული იყო მისი ქონებით და ყველანაირად ეცადა პრობლემები შექმნოდა ბანკში, რასაც მიაღწია კიდეც ნაწილობრივ. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ იგი ეთანხმება მხოლოდ იმ სესხს, რაც მართლა აღებულია მისი ქონებით. მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ 2013 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულებით მოსარჩელე მხარის მოთხოვნით შეცვლილი იქნა და გადაკონერტირდა თავდაპირველად 28 მარტს 50 000 ლარზე გაფორმებული ხელშეკრულება 26 000 აშშ დოლარად მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ცვლილება გენერალური ხელშეკრულების მიხედვით შესაძლებელი იყო მხოლოდ მომხმარებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო მეორე, იმავე რიცხვით დათარიღებული ხელშეკრულება წარმოადგენს უკვე არსებული ხელშეკრულების ცვლილებას, რომლის მიხედვითაც მოპასუხე მხარეს ათვისებული ჰქონდა 20 000 აშშ დოლარი. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მითითებულ თანხას, ძირი თანხა, ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, გაზრდილია 4000 აშშ დოლარით და შესაბამისად, პროცენტის ამ თანხის გათვალისწინებით უნდა დაანგარიშდეს, ხოლო პირგასამტეხლო შეუსაბამოა (იხ. შესაგებელი და 20.09.2019წ სხდომის ოქმი და მასზე დართული წერილობითი ახსნა-განმარტება).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 28 მარტს მოსარჩელესა და მოპასუხე ნ-----–-----------ეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება №FW14.461 შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტი - 150 000 აშშ დოლარი, ვადა 360 თვე, მაქსიმალური წლიური საპროცენტო განაკვეთი 36%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გენერალური ხელშეკრულება (ტ. I, ს.ფ. 14-20; ს.ფ. 234-240 (დედანი))
3.1.2. №FW14.461 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2013 წლის 28 მარტს სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება გაფორმდა დ----------–---–---–თან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 28.03.2013წ. ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულების შესახებ; №380008121-021 (ტ. I, ს.ფ. 34-36; ს.ფ. 262-264 (დედანი))
3.1.3. №FW14.461 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2013 წლის 28 მარტს სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება გაფორმდა ე----------–-------სთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 28.03.2013წ. ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულების შესახებ; №380008794-041 (ტ. I, ს.ფ. 37-39; ს.ფ. 259-261 (დედანი))
3.1.4. №FW14.461 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2013 წლის 28 მარტს სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება გაფორმდა მ--------------–-–---–თან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 28.03.2013წ. ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულების შესახებ; №670615685-41 (ტ. I, ს.ფ. 40-42; ს.ფ. 256-258 (დედანი))
3.1.5. №FW14.461 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2013 წლის 28 მარტს სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება გაფორმდა გ-----------------ესთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 28.03.2013წ. ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულების შესახებ; №670089743-041 (ტ. I, ს.ფ. 43-45; ს.ფ. 253-255 (დედანი)).
3.1.6. №FW14.461 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების და მის საფუძველზე მოქმედი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2013 წლის 27 მარტს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №670615685-021 და იპოთეკით დაიტვირთა მ--------------–-–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ---------–-----------------------------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იპოთეკის ხელშეკრულება და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ. I, ს.ფ. 43-59; ს.ფ. 248-253 (დედანი))
3.1.7. №FW14.461 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების და მის საფუძველზე მოქმედი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2013 წლის 24 ივლისს იპოთეკით დაიტვირთა ნ--------------ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. გ------–---------------------------------0, ხოლო 2013 წლის 25 ივლისს ცვლილება შევიდა 28.03.2013 წ. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იპოთეკის ხელშეკრულება და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ. I, ს.ფ. 46-52; ს.ფ. 243-247 (დედანი))
- 2013 წლის 25 ივლისის ცვლილება 28.03.2013 წ. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებაში.
აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნ--------------ემ იპოთეკით დატვირთული ქონება ნასყიდობის ხელშეკრულებით გაასხვისა მზევინარ გივიაშვილზე და შესაბამისად, თავდაპირველ სარჩელში მოსარჩელეს მოპასუხედ მითითებული ჰყავდა მზევინარ გივიაშვილი, როგორც იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრე, თუმცა მოგვიანებით, საქმის განხილვისას, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მზევინარ გივიაშვილსა და ნ--------------ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი და უძრავი ქონება, მდებარე ქ. გ------–---------------------------------0, კვლავ ნ--------------ის საკუთრებაში დაბრუნდა, მზევინარ გივიაშვილი, როგორც არასათანადო მოპასუხე ჩაანაცვლა სათანადო მოიპასუხემ ნ--------------ემ.
3.1.8. №FW14.461 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2013 წლის 28 მარტს მსესხებელთან, ნ-----–-----------ესთან გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №14.10111, რომლის მიხედვით კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 50 000 ლარით, წლიური საპროცენტო სარგებელი - 16%-ით, კრედიტის ვადა - 60 თვე, კრედიტის მიზანი - კომერციული ფართის რემონტი და სს „საქართველოს ბანკში“ სესხის გადაფარვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 28.03.2013 №14.10111 შემადგენელი ხელშეკრულება (ტ. I, ს.ფ. 190-194)
3.1.9. №FW14.461 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2013 წლის 28 მარტს მსესხებელთან, ნ-----–-----------ესთან გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №14.10875, რომლის მიხედვით კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 20 000 აშშ დოლარით, წლიური საპროცენტო სარგებელი - 14,50%-ით, კრედიტის ვადა - 120 თვე, კრედიტის მიზანი - კომერციული ფართის მშენებლობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 28.03.2013 №14.10111 შემადგენელი ხელშეკრულება (ტ. I, ს.ფ. 190-194)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. №FW14.461 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2013 წლის 31 დეკემბერს მსესხებელთან, ნ-----–-----------ესთან გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №14.11789, რომლის მიხედვით კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 26 000 აშშ დოლარით, წლიური საპროცენტო სარგებელი - 13%-ით, კრედიტის ვადა - 60 თვე, კრედიტის მიზანი - მიმდინარე სესხის (ხელშეკრულება №14.10111) გადაფარვა
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 31.12.2013 №14.11789 შემადგენელი ხელშეკრულება (ტ. I, ს.ფ. 23-27; ს.ფ. 271-275 (დედანი))
3.2.2. №FW14.461 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2013 წლის 31 დეკემბერს მსესხებელთან, ნ-----–-----------ესთან გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №14.11783, რომლის მიხედვით კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 24 000 აშშ დოლარით, წლიური საპროცენტო სარგებელი - 13%-ით, კრედიტის ვადა - 120 თვე, კრედიტის მიზანი - მიმდინარე სესხის (ხელშეკრულება №14.10875) გადაფარვა და კომერციული ფართის მშენებლობა
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 31.12.2013 №14.11783 შემადგენელი ხელშეკრულება (ტ. I, ს.ფ. 28-33; ს.ფ. ს.ფ. 265-270 (დედანი))
მოპასუხე ნ-----–-----------ე სადავოდ ხდის 2013 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული ორივე ხელშეკრულებიდან ნარჩენი თანხის სალაროდან გატანის ფაქტს. აგრეთვე მიუთითებს, რომ მოთხოვნილი ძირი თანხა არ შეესაბამება რეალურად არსებულ მის დავალიანებას.
3.2.3. მოპასუხეთა მიერ დაირღვა ხელშეკრულებების პირობები 2014 წლის აგვისტოს ბოლოდან და მიუხედავად გაფრთხილებისა, მათი მხრიდან ვალდებულებები არ შესრულებულა, შესაბამისად, წარმოდგენილი ცნობის მიხედვით მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს:
№14.11783 ხელშეკრულებაზე - კაპიტალი - 23 156.82 აშშ დოლარი;
სარგებელი (ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში) - 16 881.09 აშშ დოლარი;
პირგასამტეხლო (90 დღეზე) - 376.95 აშშ დოლარი.
№14.11789 ხელშეკრულებაზე - კაპიტალი - 23 399.51 აშშ დოლარი;
სარგებელი (ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში) - 7 336.22 აშშ დოლარი;
პირგასამტეხლო (90 დღეზე) - 621.60 აშშ დოლარი. (
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის განმარტება
- ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 60).
აღნიშნული გარემოება სადავოა მოპასუხის მხრიდან.
3.2.4. საქმეში წარმოდგენილი გაფრთხილების წერილების მიხედვით, მოპასუხე მხარის დავალიანება 2015 წლის 23 მარტის მდგომარეობით შეადგენს:
№14.11783 ხელშეკრულებაზე - ძირი თანხა - 669.68 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი - 1 484.32 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 376.95 აშშ დოლარი, ხოლო №14.11789 ხელშეკრულებაზე - ძირი თანხა - 2089.07 აშშ დოლარი, დარიცხული სარგებელი - 1 462.93 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 621.60 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის განმარტება
- გაფრთხილების წერილები (იხ. ტ. 1, ს.ფ. 61-73).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ''პ------------------ის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 394-ე, 408-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 463-ე, 464-ე, 867 -ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 895-ე მუხლები;
5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, რაც გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას ორივე მხარის პატივსადები ინეტერესები გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაბრად.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მოპასუხე ნ-----–-----------ემ სს „პ------------------ისგან“ მისგან აიღო სესხი, რომელიც უზრუნველყოფილი იყო სოლიდარული თავდებობით და იპოთეკით, მსესხებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ შეასრულა, შესაბამისად, მას გააჩნია დავალიანება. რაც შეეხება მოპასუხე მხარეს უშუალოდ მსესხებელმა და უძრავი ქონების მესაკუთრემ სადავო გახადა მის მიმართ დავალიანების არსებობა და მიუთითა, რომ მოსარჩელე მის მიმართ ვალდებულების შესრულებას ითხოვს იმ ხელშეკრულებებიდან რომელიც მას არ დაუდია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეებს უფლება აქვთ დარღვეული უფლების აღდგენისათვის მიმართონ სასამართლოს და დაიცვან საკუთრების უფლება ნებისმიერი ხელყოფისაგან, ხოლო ხელყოფილია თუ არა მხარის კანონიერი ინტერესი, უნდა დადგინდეს მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია მხარეებს შორის დადებული 28.03.2013 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება №FW14.461 (ლიმიტით 150 000 აშშ დოლარი) და ასევე მისი შემადგენელი 4 ხელშეკრულება: 28.03.2013 №14.10111 ხელშეკრულება (ლიმიტით - 50 000 ლარი), 25.07.2013 №14.10875 ხელშეკრულება (ლიმიტით - 20 000 აშშ დოლარი), 31.12.2013 №14.11789 ხელშეკრულება (ლიმიტით - 26 000 აშშ დოლარი) და ასევე 31.12.2013 №14.11783 ხელშეკრულება (ლიმიტით - 24 000 აშშ დოლარი), რომელთაგან მოსარჩელე დაობს 2013 წლის 31 დეკემბერს ნ-----–-----------ესთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიენებაზე, ხოლო მოპასუხე მიუთითებს, რომ მას ეს ხელშეკრულებები ბანკთან არ გაუფორმებია, მითუმეტეს, ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხა არ მიუღია. სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ მოპასუხე მხარეს არც ერთი ხელშეკრულების კანონიერება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სადავო არ გაუხდია, თუმცა სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შეაფასოს მოპასუხე მხარის მიერ მითითებული გარემოებები.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.
ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების, კერძოდ 2013 წლის 28 მარტის გენერალური ხელშეკრულებისა და მისი შემადგენელი ხელშეკრულებების საფუძველზე.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
6.9. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.
საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მხრიდან სრულად იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება - შეთანხმებული საკრედიტო თანხის გაცემის თაობაზე, ხოლო მოპასუხეთა მიერ დაირღვა ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხის გადახდის გრაფიკი და მიუხედავად გაფრთხილებისა და დამატებითი ვადის მიცემისა მათი მხრიდან ვალდებულება არ შესრულებულა, კერძოდ, მოპასუხეებმა საკრედიტო ხელშეკრულებათა საფუძველზე მიიღეს სესხის თანხა, რომელიც მოსარჩელეს არ დაუბრუნეს. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ''პ------------------ი'' უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე გადასახდელად დარჩენილი კრედიტიდან ძირითადი თანხის ანაზღაურება, თუმცა სასარჩელო მოთხოვნაში მითითებულ ოდენობასთან დაკავშირებით, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:
მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ 2014 წლის აგვისტოს ჩათვლით მოპასუხე იხდიდა გრაფიკით გათვალისწინებულ თანხებს (იხ. 19.03.2019 წ. სასამართლო სხდომის ოქმი), შემდეგ აღარ გადაუხდია.
საქმეში წარმოდგენილი დავალიანების შესახებ ცნობის მიხედვით მოპასუხეს 2015 წლის 07 ივლისის მდგომარეობით ერიცხება ძირი თანხის დავალიანება:
№14.11783 ხელშეკრულებაზე - 23 156.82 აშშ დოლარი;
№14.11789 ხელშეკრულებაზე - 23 399.51 აშშ დოლარი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 60).
საქმეში წარმოდგენილი გაფრთხილების წერილების მიხედვით, მოპასუხე მხარის დავალიანება 2015 წლის 23 მარტის მდგომარეობით შეადგენს:
№14.11783 ხელშეკრულებაზე - 2 530.95 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა 669.68 დოლარი;
№14.11789 ხელშეკრულებაზე - 4 173.60 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა 2089.07 დოლარი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 61-73).
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სასარჩელით მოთხოვილი ძირითადი თანხის ოდენობა შეუსაბამოა თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებთან და მის მიერ მითითებულ გარემოებებთან და საქმეში წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულებების დანართების მიხედვით მოპასუხე მხარეს სესხზე №14.11783 2015 წლის მარტიდან, დავალიანების ცნობაში მითითებული დავალიანების, გაფრთხილების წერილებში მითითებული თანხის გათვალისწინებით, ძირითადი თანხის დავალიანება შეადგენს 22 545.17 აშშ დოლარს და არა მოსარჩელის მოთხოვნაში მითითებულ 23 156.82 აშშ დოლარს, ხოლო №14.11789 ხელშეკრულებაზე, დავალიანების ცნობაში მითითებული დავალიანების, გაფრთხილების წერილებში მითითებული დავალიანების გათვალისწინებით, - 22 999.51 აშშ დოლარს ნაცვლად 23 399.51 აშშ დოლარისა, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთათვის ძირითადი თანხის დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს სასამართლოს მიერ დადგენილი დავალიანების ფარგლებში.
რაც შეეხება მოპასუხე მხარის, კერძოდ, ნ-----–-----------ის წარმომადგენლის და ნ--------------ის (რომელიც როგორც მსესხებლის ნ-----–-----------ის წარმომადგენელი ურთიერთობდა კრედიტორთან, სს „პ------------------თან“) პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 31 დეკემბერს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებები არარეალური ხელშეკრულებებია და ბანკმა მსესხებლის თანხმობის გარეშე შეცვალა ვალუტის კურსი, ანუ გაადოლარა, როგორც ამას თავად ნ--------------ე მიუთითებს, მის მიერ ლარში აღებული სესხი და ამასთანავე მას ხელზე არ მიუღია ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხა თუ მისი ნამეტი, სასამართლო ვერ გაიზიარებს და აღინიშნავს, რომ მოპასუხე მხარეს არცერთი ხელშეკრულება, მათ შორის სოლიდარული თავდებობისა თუ იპოთეკის ხელშეკრულება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სადავო არ გაუხდია და განმარტავს შემდეგს:
6.10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
6.11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას, თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არა მარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი ფაქტები.
განსახილველ შემთხვევაში, კერძოდ, მოპასუხე ნ-----–-----------ის მხრიდან სს „პ------------------თან“ გაფორმებული ხელშეკრულებების ბათილობის მოთხოვნასთან ერთად, ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენის ტვირთი თავად მოპასუხე მხარეს ეკისრებოდა, რამეთუ შეცდომით, მოტყუებით თუ იძულებით დადებული გარიგებები საცილო გარიგებებია და ისინი სადავოდ შეიძლება გახდეს შეცილების შემთხვევაში, რაც მოპასუხე მხარეს არ განუხორცილებია, თუმცა სასამართლო ყურადღებას ამახვილებს თავად მოპასუხის მიერ სარჩელის ჩაბარების შემდგომ მოქმედებებზე, კერძოდ, მოპასუხეებმა ნ-----–-----------ემ და გ-----------------ემ თავდაპირველად (29.07.2015) მიუხედავად იმისა, რომ მათ სარჩელთან ერთად ჩაბარდათ მათ მიერ „არარეალურად“ მიჩნეული 2013 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული 2 ხელშეკრულება, წარმოადგინეს არაკვალიფიციური შესაგებელი, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ არცერთი ხელშეკრულების სადაოობაზე, თუნდაც მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში, არ მიუთითებიათ და მითუმეტეს, ნაწილობრივ ცნეს სარჩელი, ხოლო შემდგომ სასამართლო სხდომებზე გზადაგზა უთითებდნენ ახალ გარემოებებზე და გზადაგზა წარმოადგინეს კიდევ ორი ხელშეკრულება, კერძოდ 2013 წლის 28 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება 50 000 ლარზე და ასევე 2013 წლის 25 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება 20 000 აშშ დოლარზე და ზოგ შემთხვევაში მიუთითებდნენ, რომ ნ-----–-----------ეს ვალი ჰქონდა ლარში და ბანკმა თვითნებულად შეცვალა ვალუტის სახე, ხოლო ნ--------------ემ, რომელიც მოგვიანებით მზევინარ გივიაშვილის ნაცვლად ჩაერთო მოპასუხედ, როგორც იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრე, მიუთითა, რომ იგი თანახმა იყო მხოლოდ 20 000 აშშ დოლარზე გაფორმებული სესხიდან გამომდინარე ვალდებულებაზე.
6.12. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელიც გადაწყვეტილებას ედება საფუძვლად. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარეთა მიერ სასამართლო სხდომებზე მიცემული განმარტებები არა მხოლოდ ერთმანეთის საწინააღმდეგო და არადამაჯერებელია, არამედ კონკრეტული მხარის მიერ ცალკე აღებული განმარტებებიც ერთმანეთთან შეუსაბამოა, რის გამოც ისინი უფრო მეტად არასარწმუნოა.
გარდა ამისა, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარეს ჯერ კიდევ მოსამზადებელ ეტაპზე, მათი მოთხოვნის შესაბამისად, გადაეცათ მათ მიერ სადავოდ მიჩნეული ხელშეკრულებების დედნები, მათი ნამდვილობა ეჭვის ქვეშ არ დაუყენებიათ, ხოლო შემდეგ მიუთითეს, რომ მართალია ამ ხელშეკრულებებზე ნ-----–-----------ის ხელმოწერაა, მაგრამ ვინაიდან იგი არის მოხუცი, მას მოტყუებით მოაწერინეს ხელი, თუმცა არც ამ კუთხით დაუყენებიათ ხელშეკრულების ბათილობის საკითხი.
გარდა ზემოთ აღნიშნული გარემოებების, მოპასუხე მხარემ მიუთითებდა, რომ 2013 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულებების გაფორმებისას მას თანხა სალაროდან არ გაუტანია, ხოლო მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა სალაროს შემოსავლის ორდერების ასლები (იხ. 25.02.2019 წ. მოსამზადებელი სხდომის ოქმი) მიუთითა, რომ ამ ქვითრებზე ნ-----–-----------ის ხელმოწერა არ არის და აღნიშნული ასლები გაყალბებულია, თუმცა არც აღნიშნული ხელმოწერების სიყალბის დასადასტურებლად მოუმოქმედებია რამე. შესაბამისად, სასამართლო ვერ დაეთანხმება მოპასუხის მოსაზრებას სალაროდან თანხის არ გატანასთან და ქვითარზე არსებული ხელმოწერის სიყალბესთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულება, მხოლოდ მხარის ახსნა - განმარტება კი ვერ მიიჩნევა იმ სტანდარტის მტკიცებულებად, რომელიც დოკუმენტის სიყალბეს დაადასტურებდა.
გარდა ამისა, სადავო კრედიტის ხელშეკრულება გაფორმებულია 2013 წლის 31 დეკემბერს, სარჩელი სასამართლოში შემოტანილი 2015 წლის 08 ივლისს, თუმცა ნანული ზერეკიზის წარმომადგენელი, მისი შვილი, ნ--------------ე ფარავდა ამ ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკით გათვალისწინებულ თანხას ამავე გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში, რაზეც მან მიუთითა, რომ ბანკთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურდა და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიყვებოდა გრაფიკს (იხდიდა თანხებს). ამასთან, ნ-----–-----------ემ სასამართლოში შესაგებელი შემოიტანა 2015 წლის 29 ივლისს, რომლითაც იგი სარჩელს ნაწილობრივ ცნობს, უფრო მეტიც იგი შესაგებლით მიუთითებს, რომ არაერთხელ მიმართა მოსარჩელეს სესხზე ახალი გრაფიკის შეთანხმებასთან დაკავშირებით და მას მთავარ სხდომამდე (2019 წლის 25 თებერვალს მოსამზადებელი სხდომა გადაიზარდა მთავარ სხდომაში და განისაზღვრა მთავარი სხდომის თარიღი), არათუ არ გამოუხატავს ინიციატივა დოკუმენტის სიყალბის დასადგენად ექსპერტიზის ჩასატარებლად, არამედ ამ შესაგებელში არაფერი მიუთითა დოკუმენტისა თუ ხელშეკრულებების სიყალბეზე, შესაბამისად, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო სარწმუნოდ ვერ მიიჩნევს მოპასუხე მხარის მოსაზრებას.
გარდა აღნიშნული გარემოებისა, მოპასუხე მხარის მიერ მითითებულ გარემოებების არადამაჯერებლობასა და არასარწმუნოობაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ სალაროს გასავლის ორდერების ასლები მოპასუხე მხარეს, მისი მოთხოვნის შესაბამისად, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა გადაუგზავნა ჯერ კიდევ 2019 წლის თებერვლის თვეში, რაც დასტურდება თავად მოპასუხე მხარის მიერ 2019 წლის 25 თებერვლის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი გ------------------ის წერილის შინაარსით, რომლის დანართშიც მითითებულია, რომ წერილს ერთვის ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან და საბანკო ქვითრების ასლები 3 ფურცლად, თუმცა მოპასუხემ სასამართლოში წარმოადგინა მხოლოდ წერილი და ამონაწერი, ხოლო საბანკო ქვითრების ასლებზე მიუთითა, რომ ბანკმა არ მისცა, თუმცა ამავე სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა გ------------------ემ წარმოადგინა აღნიშნული ქვითრები და მიუთითა, რომ მან ეს ქვითრებიც გადაუგზავნა მოპასუხეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე მხარეს აღნიშნული ქვითრები სადავოდ არ გაუხდია და მხოლოდ მთავარი სხდომაზე მოითხოვა წარმოედგინა მოსარჩელეს ქვითრების დედნები იმ მიზნით, რომ მასზე ნ-----–-----------ის ხელმოწერა ყალბი იყო და ესაჭიროებოდა ექსპერტიზისათვის, რაც სასამართლოს მხრიდან არ დაკმაყოფილდა. რაც შეეხება სალაროს გასავლის ორდერების დედნებს, მოსარჩელემ მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე წარმოადგინა, რითაც კიდევ ერთხელ იქნა გაბათილებული მოპასუხე მხარის არგუმენტი ქვითრების დედნების არ არსებობის შესახებ, მითუმეტეს, რომ თავად მოპასუხის მიერ 2019 წლის 25 თებერვალს წარმოდგენილი ამონაწერით ნათლად დასტურდება მის მიერ 2013 წლის 31 დეკემბერს 24 000 აშშ დოლარიანი და 26 000 აშშ დოლარიანი სესხების აღება, რომ ამ სესხებით გადაიფარა ის სესხები, რომლებზეც მოპასუხე მიუთითებს (28.03.2013 წლის და 2013 წლის 25 ივლისის ხელშეკრულებები), ხოლო ზედმეტი თანხა მიიღო ნ-----–-----------ემ 5 130 ლარის და 1000 აშშ დოლარის ოდენობით.
6.13. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის გადახდის ვალდებულების ნაწილში, სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს საბანკო კრედიტი შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეებს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია, თუმცა სასარჩელო მოთხოვნაში მითითებულ ოდენობასთან დაკავშირებით, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:
მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ 2014 წლის აგვისტოს ჩათვლით მოპასუხე იხდიდა გრაფიკით გათვალისწინებულ თანხებს (იხ. 19.03.2019 წ. სასამართლო სხდომის ოქმი), შემდეგ აღარ გადაუხდია.
საქმეში წარმოდგენილი დავალიანების შესახებ ცნობის მიხედვით მოპასუხეს 2015 წლის 07 ივლისის მდგომარეობით სარგებლის ნაწილში ერიცხება დავალიანება:
№14.11783 ხელშეკრულებაზე - 2 516.96 აშშ დოლარი;
№14.11789 ხელშეკრულებაზე - 2 422.35 აშშ დოლარი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 60).
საქმეში წარმოდგენილი გაფრთხილების წერილების მიხედვით, მოპასუხე მხარის დავალიანება 2015 წლის 23 მარტის მდგომარეობით სარგებლის ნაწილში შეადგენს:
№14.11783 ხელშეკრულებაზე - 1484.32 აშშ დოლარს;
№14.11789 ხელშეკრულებაზე - 1 462.93 აშშ დოლარს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 61-73).
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელით მოთხოვილი სარგებლის (დავალიანების)ოდენობა შეუსაბამოა თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებთან და მის მიერ მითითებულ გარემოებებთან და საქმეში წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულებების დანართების მიხედვით მოპასუხე მხარეს სესხზე №14.11783 2015 წლის მარტიდან, დავალიანების ცნობაში მითითებული დავალიანების, 1484.32 აშშ დოლარის გათვალისწინებით, სარგებლის დავალიანება შეადგენს 2462.04 აშშ დოლარს და არა მოსარჩელის მოთხოვნაში მითითებულ 23 156.82 აშშ დოლარს, ხოლო №14.11789 ხელშეკრულებაზე, დავალიანების ცნობაში მითითებული დავალიანების, 1462.93 აშშ დოლარის გათვალისწინებით - 1 448.32 აშშ დოლარს ნაცვლად 2 422.35 აშშ დოლარისა, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთათვის დარიცხული სარგებლის დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს სასამართლოს მიერ დადგენილი დავალიანების ფარგლებში.
6.14. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, საქმეში დაცული მასალებიდან დგინდება, რომ მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად.
6.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის მეორე ნაწილი კი ადგენს, რომ შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას, ხოლო 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მოცემულ შემთხვევაში მხარეები გენერალური ხელშეკრულების და მის საფუძველზე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მოვალეს ეკისრება პირგასამტეხლო პირველი ათი დღის განმავლობაში შესაბამისი გადასახდელი თანხის 2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ათ დღიანი ვადის გასვლის შემდეგ შესაბამისი გადასახდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების გარკვეულწილად კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარე ვადაგადაცილებაშია 2014 წლის სექტემბრიდან, სარჩელი სასამართლოში შემოსულია 2015 წლის ივლისის დასაწყოსში და საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდა 2019 წლის 25 ოქტომბრამდე, პირგასამტეხლოს ოდენობა კი დაანგარიშებულია მხოლოდ 90 დღეზე, მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო მითითებული ოდენობით არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, რის გამოც არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი, ვინაიდან სასამართლოს მოსაზრებით პირგასამტეხლოს მოცულობა არ სცილდება გონივრული საზომის ფარგლებს.
6.16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის დანაწესით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად კი, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
6.17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
განსახილველ შემთხვევაში უდავოდ არის დადგენილი, რომ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2013 წლის 28 მარტს სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები გაფორმდა დ----------–---–---–თან, ე----------–-------სთან, მ--------------–-–---–თან, გ-----------------ესთან, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა ვალდებულების მოპასუხეებისაგან სოლიდარულად შესრულების შესახებ საფუძვლიანია.
6.18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
დადგენილია, რომ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება და მისგან გამომდინარე საკრედიტო ხელშეკრულებები ასევე უზრუნველყოფილი იქნა იპოთეკით, კერძოდ იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონებები მდებარე ქ---------–-------------------------------------------------–---------------------------------. უდავოა, რომ მოპასუხეთა მიერ არ შესრულდა ვალდებულება, რის უზრუნველყოფის მატერიალურ საშუალებას წარმოადგენს იპოთეკა, რაც შესაბამისად კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკის უფლებით დატვირთული უძრავი ქონებების იძულებით რეალიზაციის გზით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული დავალიანების გადახდევინების მიზნით სარეალიზაციო უნდა მიექცეს მოპასუხეთა იპოთეკით დატვირთული უძრავი და გირავნობით დატვირთული მოძრავი ქონებები. შესაბამისად, სს „პ------------------ის“ სასარჩელო მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ნაწილში და ასევე მოპასუხის საკუთრებაში რიცხული სხვა ქონების რეალიზაციის ნაწილში საფუძვლიანია, რადგან როგორც მულტი გენერალური ხელშეკრულებები ისე იპოთეკის ხელშეკრულებები ითავლისიწნებს, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნას, იპოთეკარი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით.
6.19. რაც შეეხება მოსარჩელე სს „პ------------------ის“ მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების (მიუღებელი სარგებელი) შესახებ სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე, პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 408-ე, მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო 411-ე მუხლის თანახამად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი. ამასთან ბანკს თავისის საქმიანობიდან გამომდინარე მოვალეთა მიერ ვალდებულების ყოველი შეუსრულებლობით ადგება ზიანი, ვინაიდან მას აქვს მოგების მიღების მოლოდინი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებით, ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარემ ჯეროვნად არ შეასრულა ხელშეკრულების პირობები სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხეებისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სასამართლოს მიერ დადგენილი დავალიანებული ძირითადი თანხების ფარგლებში.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 4 837.09 ლარი, შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 4750 ლარის ანაზღაურება.
ასევე დადასტურებულია, რომ მოსარჩელის მიერ გაწეულია ხარჯი საფოსტო გზავნილების გაგზავნისათვის 30 ლარის ოდენობით, რომლის მოსარჩელისათვის ანაზღაურებაც ასევე უნდა დეკისროს მოპასუხე მხარეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს “პ------------------ის” სარჩელი მოპასუხეების: ნ-----–-----------ის, დ----------–---–---–ის, ე----------–-------ს, მ--------------–-–---–ის, გ-----------------ის და ნ--------------ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხეებს: ნ-----–-----------ეს, დ----------–---–---–ს, ე----------–-------ს, მ--------------–-–---–ს და გ-----------------ეს მოსარჩელე სს ”პ------------------ის” სასარგებლოდ, № FW 14.461 გენერალური ხელშეკრულებისა და მისი №14.11783 და №14.11789 შემადგენელი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, სოლიდარულად დაეკისროთ:
2.1. №14.11789 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 30 068.79 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხა არის 22 999.51 აშშ დოლარი, სარგებლის დავალიანება - 1 448.32 აშშ დოლარი, მიუღებელი შემოსავალი - 4 963.36 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 621.60 აშშ დოლარი.
2.2. №14.11783 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 35 574.08 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხა არის 22 545.17 აშშ დოლარი, სარგებლის დავალიანება - 2462.04 აშშ დოლარი, მიუღებელი შემოსავალი (2015 წლის ივლისიდან 2019 წლის ოქტომბრის ბოლომდე - 10 189.92 აშშ დოლარი), პირგასამტეხლო - 376.95 აშშ დოლარი.
2.3. მოპასუხეებს: ნ-----–-----------ეს, დ----------–---–---–ს, ე----------–-------ს, მ--------------–-–---–ს და გ-----------------ეს მოსარჩელე სს ”პ------------------ის” სასარგებლოდ, №14.11783 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ასევე სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის სახით, ძირითად თანხაზე - 22 545.17 აშშ დოლარზე - წლიური 13%-ის გადახდა 2019 წლის ნოემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 4 963.36 აშშ დოლარისა.
3. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს ნ--------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. გ-------–----------------------------------------------------- და ასევე მ--------------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. გ-------–-----------------------------------------------------, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით სრულად არ დაიფარება მოსარჩელის მოთხოვნა, დავალიანების დაფარვა განხორციელდეს სოლიდარული მოპასუხეების: ნ-----–-----------ის, დ----------–---–---–ის, ე----------–-------ს, მ--------------–-–---–ს და გ-----------------ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონების რეალიზაციის გზით.
4. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
5. მოპასუხეებს: ნ-----–-----------ეს, დ----------–---–---–ს, ე----------–-------ს, მ--------------–-–---–ს, ნ--------------ეს და გ-----------------ეს მოსარჩელე სს ”პ------------------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 4750 ლარის გადახდა და ასევე მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება 30 ლარის ოდენობით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის: ქ. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30) მისი დასაბუთებული ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით.
7. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი