გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010210019002902594
N2-770/19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 ოქტომბერი 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი - ცირა ქაცივაძე
მოსარჩელე-მა--------–---ძე
წარმომადგენელი-ლე-----–-------------ძე
მოპასუხე - შპს „ეგ--------–ი“
წარმომადგენელი - თე--------------ძე, ნუ-------------–---–ი, ლა–--------–-ძე
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. შპს „ეგ--------–ს“ დაეკისროს მა--------–---ძის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანება 15837.5 ლარის ოდენობით.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელე, 2015 წლის 15 მაისიდან 2019 წლის მარტამდე, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დასაქმებული იყო მოპასუხე ორგანიზაციაში ფინანსურ მენეჯერად. მისი ყოველთვიური ხელფასი განისაზღვრებოდა 625 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). შრომითი ურთიერთობის მანძილზე ხელფასი სრულყოფილად არ აუღია და მოპასუხე ორგანიზაციას ერიცხება დავალიანება. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სულ მისი შრომითი ანაზღაურება შეადგენდა 28437.5 ლარს, ხოლო ფაქტობრივად დამსაქმებელმა აუნაზღაურა 12600 ლარი. მიუღებელი ხელფასის ოდენობა შეადგენს 15837.5 ლარს.
მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარმოადგინა მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხავი და შემაფერხებელი შესაგებელი. მხარე განმარტავს, რომ მოსარჩელის სახელფასო დავალიანება არ ერიცხება და ვალდებულება მთლიანად შესრულებული აქვს. მიუთითებს, რომ ხელფასს მოსარჩელეს უნაზღაურებდა ხელზე და ამ ფორმით ხელფასის გაცემა მიღებული პრაქტიკა იყო. მხარეებს შორის არსებული განსაკუთრებული ნდობის გამო, რაიმე დოკუმენტი თანხის გაცემისას არ დგებოდა. ამასთან, მა--------–---ძე, როგორც ფინანსური მენეჯერი, თავად იყო ვალდებული ხელფასის გაცემისას შეედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. მოსარჩელე უთითებს, რომ დავა არის ხანდაზმული, ვინაიდან, ვალდებულების წარმოშობიდან გასულია სამ წელზე მეტი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2015 წლის 15 მაისიდან, 2017 წლის 15 მაისამდე, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მა--------–---ძე დასაქმებული იყო შპს „ეგ--------–ის“ ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე. შრომითი ხელშეკრულება იგივე პირობებით გაგრძელდა 2019 წლის 15 მაისამდე. ხელშეკრულების 7.1 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სრულად შესრულებული სამუშაოს შემთხვევაში, დამქირავებელი დაქირავებულს შრომის ანაზღაურების სახით, სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შემდეგ, ყოველთვიურად უხდის 625 ლარს. ამავე პუნქტის ვ)ქვეპუნქტით ხელფასი უნდა გაიცეს დაგვიანების გარეშე თვეში ერთხელ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შრომითი ხელშეკრულებები (ს.ფ.14-19)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სარჩელის არსს წარმოადგენს ხელფასის დავალიანების დაკისრება. მოსარჩელის განმარტებით, დამსაქმებელმა მხოლოდ ნაწილობრივ აუნაზღაურა ხელფასი. მოპასუხე მიუთითებს, რომ ხელფასი ანაზღაურებულია სრულად, ხოლო სარჩელი არის ხანდაზმული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებები თუ ნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვითმხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობით თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო სამართალში დამკვიდრებული მტკიცების ზოგადი წესიდან განსხვავებით, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში მტკიცების ტვირთი „შებრუნებულია“ და მიმართულია მოპასუხე - დამსაქმებლისკენ.
მხარეებს შორის სადავო არ არის შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა და ყოველთვიური ხელფასის რაოდენოა, დავის საგანს მხოლოდ ასანაზღაურებელი სახელფასო დავალიანება წარმოადგენს. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ დასაქმებულთან მუშაობდა 45 თვისა და 15 დღის განმავლობაში. ხელფასის სახით უნდა აეღო 28437.5 ლარი, აიღო მხოლოდ 12600 ლარი. აუნაზღაურებელი ხელფასი შეადგენს 15837.5 ლარს. მოპასუხე შესაგებელში და ახსნა-განმარტების ეტაპზე უთითებდა, რომ ხელფასი დასაქმებულს სრულად აუნაზღაურა ხელზე ანგარიშსწორების გზით. რაიმე სახის მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. ამდენად, სადავო გარემოების მტკიცების ტვირთის მატარებელია მოპასუხე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი გამომდინარეობს შრომითსამართლებრივი ურთიერთობიდან, თუმცა, დავა ვალებულებით სამართლებრივი ნორმებით მოწესრიგებას ექვემდებარება. მოვალის-ყოფილი დამსაქმებლის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურების თაობაზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, კერძოდ: სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობის დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას და იგი გაიცემა მოვალეზე. ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. ამავდროულად, აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელი მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს (სუსგ 15.09.2014წ., საქმე №ას-517-490-2014, 27.04.2018წ. საქმე №ას-343-343-2018).
საკასაციო პალატა (№ას-1152-1072-2017 29 დეკემბერი, 2017 წელი) კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულების ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს წერილობით საბუთს (მაგ: ვალის მიღების შესახებ კრედიტორის მიერ გაცემული დოკუმენტი; გადარიცხვის ქვითარი; სალაროს შემოსავლის ორდერი).
მოპასუხე უთითებს, რომ ხელფასს ანაზღაურებდა ხელზე ანგარიშსწორებით. სასამართლო მიუთითებს, რომ სათანადო მტკიცებულების შედგენა, ფულადი ვალდებულების შესრულებისას, აუცილებელი არა მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების დროს, საბანკო ტრანზაქციის დამადასტურებელი დოკუმენტის სახით, არამედ ხელზე ანგარიშსწორების დროსაც. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მოვალე განსაკუთრებით გულდასმით უნდა უდგებოდეს ფულადი ანგარიშსწორების დოკუმენტის შექმნას, ვინაიდან, ფულადი ოპერაცია არ ფიქსირდება ელექტრონულ მატარებელზე და სადავოობის შემთხვევაში მისი დადასტურება შესაძლებელია მხოლოდ კრედიტორის მიერ დადასტურებული ფულის მიღების დოკუმენტებით: სალაროს ორდერით, ვალის მიღების ხელწერილი. შრომით ურთიერთობებში შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ხელფასის გაცემის უწყისი ან სპეციალური ჟურნალი, სადაც ფიქსირდება დასაქმებულის მიერ ხელფასის მიღება, მისივე ხელმოწერით. სხვა შემთხვევაში, მხოლოდ იმაზე მითითება, რომ ხელფასი გაიცემა ხელზე, ვერ იქნება სათანადო მტკიცებულება და ვერ დაადასტურებს ვალდებულების შესრულების ფაქტს.
მოსარჩელე სადავოდ ხდის დამსაქმებლის მიერ ხელფასის სრულად ანაზღაურებას. მოსარჩელის მტკიცების საწინააღმდეგოდ მოპასუხე მხოლოდ სიტყვიერად უთითებს, რომ ხელფასის ანაზღაურების ვალდებულება დასაქმებულის წინაშე შესრულებული აქვს. მტკიცების პროცესში, სათანადო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, სასამართლოს არარელევანტურად მიაჩნია მოწმეთა ჩვენებებზე მითითება, მით უფრო მაშინ, როცა მათი ჩვენება არ შეიცავს კონკრეტულ ინფორმაციას, უშუალოდ მა--------–---ძის მიმართ, დამსაქმებლის მხრიდან ვალდებულების შესრულებაზე. სათანადო მტკიცებულება არც ის გარემოებაა, რომ მა--------–---ძე, როგორც ფინანსური მენეჯერი, თავად იყო ვალდებული შეედგინა ასეთი დოკუმენტი. სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იხილება დავას მა--------–---ძის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობის შესახებ. ამდენად, სასამართლოს კვლევის საგანი არ არის მა--------–---ძის სამსახურეობრივი უფლებამოსილების ფარგლები. თუმცა, ამ გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც ვერ გამოირიცხება მოპასუხის პროცესუალურ ვალდებულება, სათანადო წესით ამტკიცოს ხელფასის ანაზღაურების ფაქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ დამსაქმებელმა ვერ დაამტკიცა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება მა--------–---ძისათვის სახელფასო დავალიანების 15837.5 ლარის ანაზღაურების თაობაზე, რის გამოც სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხება შეუსრულებელი ვალდებულება, სახელფასო დავალიანება 15837.5 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შრომითი ხელშეკრულებები (ს.ფ.14-19)
-მხარეთა ახსნა-განმარტება
-სარჩელი
-შესაგებელი
3.2.2. მოპასუხე მიუთითებს, რომ სარჩელი ხანდაზმულია, ვინაიდან, 2015 წლის 15 მაისიდან გასულია სამ წელზე მეტი, შესაბამისად, მოთხოვნა არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას. აღნიშნულის საწინაარმდეგოდ, მოსარჩელეს რაიმე მტკიცებულება ან არგუმენტი არ წარმოუდგენია.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის წინააღმდეგ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მითითებას მართლაც აქვს მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი, თუმცა, ყველა მოთხოვნის მიმართ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა ვერ გავრცელდება. სახეზეა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება. სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად (სუსგ 19.03.2015წ. საქმე №ას-868-830-2014). თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (სუსგ 1.12.2010წ. №ას-599-562-2010).
ამდენად, სასარჩელო ხანაზმულობის ვადა, სარჩელის შემოტანის თარიღის გათვალისწინებით, უნდა შეეხოს პერიოდს 2015 წლის 15 მაისიდან 2016 წლის 19 მარტამდე, რაც შეადგენს 10 თვისა (625X10) და 4 დღის ხელფასს (625/30X4) - 6333.3 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შრომითი ხელშეკრულებები (ს.ფ.14-19)
-მხარეთა ახსნა-განმარტება
-სარჩელი
-შესაგებელი
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. შპს „ეგ--------–ს“ მა--------–---ძის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელფასო დავალიანების გადახდა 9504.2 ლარის ოდენობით.
5.კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ.
- საქართველოს კონსტიტუცია,- შრომის კოდექსი
-სამოქალაქო კოდექსი
-სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
შრომითი საქმიანობის სანაცვლოდ სამართლიანი და ადეკვატური შრომის ანაზღაურების მიღების უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოციალური უფლებაა და დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლითაც შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. აღნიშნული ჩანაწერით გარანტირებულია დასაქმებულის კონსტიტუციური უფლება, არა მხოლოდ სამუშაოს პერიოდში მიიღოს ხელფასი, არამედ მოითხოვოს მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ.
შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მეორე ნაწილით შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შრომითი ხელშეკრულება მა--------–---ძესთან დაიდო 2015 წლის 15 მაისს და მოქმედებდა 2017 წლის 15 მაისამდე. ამავე ხელშეკრულების 71.1 მუხლით განისაზღვრა ხელფასის ოდენობა განისაზღვრა 625 ლარი. ხელშეკრულება იგივე პირობებით გაგრძელდა 2017 წლის 15 მაისიდან 2019 წლის 15 მაისამდე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის ხელშეკრულება უპირველეს ყოვლისა არის სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, ხოლო შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც არეგულირებს ვალდებულების წარმოშობის, შესრულების ან შეწყვეტისას წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 427-ე მუხლით ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება). 391-ე მუხლის პირველი ნაწილით მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით კი იმპერატიულადაა დადგენილი, რომ სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ხოლო ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან; მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, ანუ დრო როცა პირს გონივრული განსჯის შედეგად უნდა აღექვა, რომ მისი უფლება დაღვეულია.
მოსარჩელე მხარე არ შედავებია მოპასუხეს ხანდაზმულობის, როგორც მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი გარემოების, გაბათილების მიზნით. ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მან საკუთარი დარღვეული უფლების შესახებ შეიტყო (უნდა შეეტყო) მოთხოვნის უფლების წარმოშობის დღიდან ანუ 2015 წლის 15 ივნისიდან (ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის თავზე). მოსარჩელე არ აკონკრეტებს რა პერიოდიდან არ მიუღია ხელფასი და რა პერიოდის ხელფასი აქვს ანაზღაურებული. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნულის მითითება სწორედ მის ვალდებულებას წარმოადგენდა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა უნდა გავრცელდეს სწორედ მითითებული პერიოდიდან. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სახეზეა პერიოდულად შესასრულებელი ფულადი ვალდებულება, ხანდაზმულობა უნდა გავრცელდეს 2015 წლის 15 მაისიდან 2016 წლის 19 მარტამდე პერიოდზე ასანაზღაურებელ ფულად ვალდებულებაზე.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ აღნიშნული პერიოდის მიხედვით აუნაზღაურებელი ხელფასი შეადგენს 6333.3 ლარს. ამდენად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 9504.2 ლარის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი. სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან. მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, დავის საგნის გათვალისწინებით, შეადგენს 475.1 ლარს (15837.3X3%), სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ 9504.2 ლარის ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, რაც შეადგენს 285.11 ლარს.
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მა--------–---ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაეკისროს შპს „ეგ--------–ს“ მა--------–---ძის სასარგებლოდ მიუღებელი ხელფასი 9337.5 ლარსი ოდენობით;
3. დაეკისროს შპს „ეგ--------–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასრგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 285.11 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილისქ 30) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 დაარაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირმა ტოგონიძე