განაჩენი

სისხლის სამართლის 25.11.2019
საქმის ნომერი
030100119003205440
თარიღი
25.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №030100119003205440

№1/280-2019

განაჩენი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

25 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: შოთა სირაძე

სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი : ე---–---- ბ------.

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ზ---- კ--------–--,ბრალდებული: გ------- ჩ--------,მამის სახელი: გ-------,დაბადებული: 0--------- წელი,დაბადების ადგილი: ხ----,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: უ-----–---,ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-,პირადი ნომერი: 5----------,ნასამართლობა: მქონე,მცხოვრები: ქ. ს-----------, ს------–- ყ---–-–-.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში;

საქმე განხილულ იქნა ღია სასამართლო სხდომაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 11 აპრილს ქ. ფ----–-, შპს „გ---–---- ფ-– ჯ---------“ დირექტორმა რ----- კ-------------, შპს „ს-------- ს---–- ფ------“ დირექტორ გ------- ჩ-------ს იჯარით გადასცა ქ. ფ----–-, რ------- ქუჩა N--ში მდებარე საოფისე ფართი, 8 ცალი მაცივარ კონტეინერი და 1 ცალი ელექტრო გენერატორი. შპს „ს-------- ს---–- ფ------“ დირექტორმა გ------- ჩ-------მა 2019 წლის თებერვლიდან, მაისის ჩათვლით 7 ცალი მაცივარ კონტეინერი და 1 ცალი ელექტრო გენერატორი, რომლის საბალანსო ღირებულება შეადგენდა 215 000 ლარს, მეიჯარის თანხმობის გარეშე გაასხვისა 38 800 ლარად და აღნიშნული თანხა მიითვისა, რითაც შპს „გ---–---- ფ-– ჯ---------“ მიადგა 215 000 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ბრალდებულმა გ------- ჩ-------მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდავოდ ცნო მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით.

ვინაიდან მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ისინი სასამართლო სხდომაზე არ იქნა გამოკვლეული. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტების დამადასტურებელ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ, უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ უდავო მტკიცებულებებად, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და რომლებიც საკმარისია ობიექტური პირის იმაში დარწმუნებისათვის, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება.

ბრალდებულის გ------- ჩ--------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: დაზარალებულის წარმომადგენლის რ----- კ------------- გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების: ტ------– გ----------, ჭ------ ქ------- და გ------- ჩ--------ს გამოკითხვის ოქმები, შავი და ფერადი ლითონის მიმღები პუნქტის ჩხრეკის ოქმით, შავი და ფერადი ლითონის ჟურნალის ამოღების ოქმით, ჭ------ ქ-------აგან ამოღებული შავი და ფერადი ლითონის აღრიცხვის ჟურნალით, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთმტკიცება: სამაცივრე კონტეინერის ძრავით და სამაცივრე კონტეინერის ორი ცალი ფირფიტით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მითვისებისათვის. აღნიშნული მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. მითვისებისათვის დამახასიათებელია ის, რომ დანაშაულის სუბიექტს უფლება აქვს ქონება ჰქონდეს მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში და მისი ქმედება მიმართული უნდა იყოს მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში არსებული ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისკენ. პირი (დანაშაულის სუბიექტი) ქონების მართლზომიერ მფლობელობას ან გამგებლობას უნდა ახორციელებდეს სამსახურებრივი მოვალეობის, სახელშეკრულებო ურთიერთობის ან სპეციალური დავალების საფუძველზე. ამდენად, თუ ნივთი არ იმყოფება მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში, ქმედება მითვისებად ვერ დაკვალიფიცირდება. მითვისება გულისხმობს აქტიურ მოქმედებას, რომელიც გამოიხატება სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ამოღებაში მისი კანონიერი მესაკუთრისგან და მის დაუფლებაში საკუთარი თავის სასარგებლოდ. დანაშაულის სუბიექტური მხარე გულისხმობს პირდაპირ განზრახვას - პირს შეგნებული უნდა ჰქონდეს, რომ ითვისებს სხვის ქონებას, რომელიც მას აქვს მინდობილი, ამასთან, უნდა ითვალისწინებდეს, რომ ამ მოქმედებით ზიანს აყენებს ქონების მესაკუთრეს და მას უნდა სურდეს მესაკუთრისათვის აღნიშნული ზიანის მიყენება. ქმედების მითვისებად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია ასევე, რომ სუბიექტს ჰქონდეს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, ამ დროს იგი ხელმძღვანელობს ანგარების მოტივით და მიზნად ისახავს უკანონო შემოსავლის მიღებას სხვის ხარჯზე. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლთან მიმართებაში, დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომელიც დაცვის მხარემ მიიჩნია უდავო მტკიცებულებად დადასტურებულია, რომ გ------- ჩ--------ს მოქმედებით დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი ბევრად აღემატება 10 000 ლარს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.

ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.

საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას იცნობს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006)).

სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის და დასაშვებობის თვალსაზრისით, საქმეზე ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება, რომ:

ბრალდებულმა გ------- ჩ-------მა ჩაიდინა - დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში.

ბრალდების მხარის მიერ სწორად არის დაკვალიფიცირებული გ------- ჩ--------ს დანაშაულებრივი ქმედება სისხლის სამართლის მატერიალური კანონმდებლობით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და შესაბამისად, მის მიმართ მსჯავრის დადება უნდა განხორციელდეს ამ მუხლით გათვალისწინებული დისპოზიციურობის და სანქციის ფარგლებში.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ------- ჩ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ქმედებათა აღიარება, გულწრფელი მონანიება, სწრაფი მართლმსაჯულებისთვის ხელშეწყობა.

გ------- ჩ--------ს პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი.

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს ბრალდებულ გ------- ჩ--------ს მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (გ------- ჩ-------- დაუფლა დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას, რომელიც მოძიებული ვერ იქნა და შესაბამისად დაზარალებულს ზიანი ანაზღაურებული არა აქვს), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მტკიცე და ურყევ სურვილს ჩაედინა დანაშაული) ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (ფულადი თანხის დაუფლებას), მის ოჯახურ მდგომარეობას (ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი) და აგრეთვე მის პიროვნებას.

ამავე დროს, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას, ითვალისწინებს ბრალდებულის გ------- ჩ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ: ბრალდებულების აღიარებასა და გულწრფელ სინანულს ჩადენილი ქმედების გამო, იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

აღნიშნული გარემოებების და ბრალდებულის მიმართ შერაცხული მუხლების სანქციის ქვედა და ზედა ზღვრების გათვალისწინებით, ასევე სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ გ------- ჩ-------ს სასჯელი უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც არის თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან და ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

გ------- ჩ--------ს მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობის პირობებში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სანქციის ფარგლებში, თავისუფლების აღკვეთის სახით და მისი სასჯელი უნდა განისაზღვროს სანქციის ქვედა ზღვრის მცირედით მაღალი სასჯელით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------- ჩ-------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მისთვის ინკრიმინირებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

მსჯავრდებულ გ------- ჩ-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 17 სექტემბრის 18:30 საათიდან.

2. მსჯავრდებულ გ------- ჩ-------ს, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, სასჯელის დამატებითი ღონისძიების სახით, 02 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო და ნებისმიერი ფორმის სამეწარმეო ან არასამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურ პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.

აღნიშნული პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაიწყოს ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან და გავრცელდეს ძირითადი სასჯელის მოხდის მთელ ვადაზე.

3. მსჯავრდებულის გ------- ჩ--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

4. საქმეზე დართულ ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- ჭ------ ქ-------აგან ამოღებული შავი და ფერადი ლითონის აღრიცხვის ჟურნალი, რომელიც ინახება შსს ფ------ ს----–---- ს-----------–--–-, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

- ჩხრეკის შედეგად ამოღებული სამაცივრე კონტეინერის ძრავი და სამაცივრე კონტეინერის ორი ფირფიტა, რომელიც ინახება შსს ფ------ ს----–---- ს-----------–--–-, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში მისი გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა სირაძე