გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.12.2019
საქმის ნომერი
010210018002432707
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
10.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210018002432707

საქმე №2-1889/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქ---–----ე

მოსარჩელე - ე----- ქ---–----ე

წარმომადგენელი - ჟ--–---- ლ---------------

მოპასუხე - ი----- გ--------–--ე

წარმომადგენელი - ი------- ს--–--ე

დავის საგანი -თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ი----- გ--------–--ეს დაეკისროს ე----- ქ---–----ის სასარგებლოდ 13 000 აშშ დოლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ი----- გ--------–--ე სარჩელს არ ცნობს და მოითხოვს, რომ სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო გარემოებები არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2011 წლის 26 სექტემბერს ერთი მხრივ ი----- გ--------–--ეს და მეორე მხრივ ე----- ქ---–----ესა და ბ---- თ----–--ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ყიდვა- გაყიდვის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა გამყიდველის ი----- გ--------–--ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქობულეთში, სოფელ ს------ში, კერძოდ დაზუსტებული მიწის ნაკვეთი 3710 კვმ ფართით და მასზედ განლაგებული შენობა-ნაგებობები №1-237,78 კვმ ფართით. (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №2-----------). ნასყიდობის საგნის ღირებულება შეადგენდა მთლიანად 30 800 აშშ დოლარს, რომლისგანაც ბ---- თ----–--ის თანხა შეადგენდა 24 200 აშშ დოლარს, ხოლო ე----- ქ---–----ის თანხა შეადგენდა 6600 აშშ დოლარს, რომელიც გამყიდველს ი----- გ--------–--ეს უძრავი ქონების გამოსყიდვამდე უნდა გადაეხადა მყიდველების ბ---- თ----–--ის და ე----- ქ---–----ისათვის. ხელშეკრულების თანახმად გამოსყიდვის ვადა შეადგენდა სამ თვეს, 2011 წლის 26 სექტემბრიდან 2011 წლის 26 დეკემბრამდე. 2012 წლის 10 თებერვალს ე----- ქ---–----ის, ბ---- თ----–--ისა და ი----- გ--------–--ის მიერ შეტანილი იქნა ცვლილება 2011 წლის 26 სექტემბერს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში გამოსყიდვის უფლებით. აღნიშნული ცვლილების თანახმად მხარეებმა დაადასტურეს, რომ ი----- გ--------–--ის მიერ ბ---- თ----–--ისათვის გადახდილი იქნა 24 200 აშშ დოლარი და მხარეები შეთანხმდნენ, რომ უძრავი ქონების, მდებარე ქობულეთში, სოფელ ს------ში, (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №2-----------)), ღირებულება განისაზღვროს 6600 აშშ დოლარად. ამავე ხელშეკრულებით გამოსყიდვის ვადა გაგრძელდა 2012 წლის 20 აპრილამდე, ხოლო 2012 წლის 10 თებერვალს გაფორმებულ ხელშეკრულებაში მესაკუთრე - მყიდველად დარჩა მხოლოდ ე----- ქ---–----ე.

 

დადგენილია, რომ ი----- გ--------–--ის მიერ არ იქნა გამოყენებული უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლება, რის გამოც ე----- ქ---–----ემ 2012 წლის 6 დეკემბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა მოეხსნათ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად გამოსყიდვის ვალდებულება და ქობულეთში, სოფელ ს------ში (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N2-----------) მდებარე უძრავი ქონება აღერიცხათ მის საკუთრებად, რაც დაკმაყოფილდა. შემდგომში კი ე----- ქ---–----ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა მოპასუხე ი----- გ--------–--ის უკანონო მფლობელობიდან მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქობულეთი, სოფელი ს------, (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №2-----------) გამოთხოვა და აღნიშნული ფართის თავისუფალ მდგომარეობაში მასზე ჩაბარება. თავის მხრივ ი----- გ--------–--ემ შეგებებული სარჩელი წარადგინა სასამართლოში და მოითხოვა ბათილად ყოფილიყო ცნობილი მხარეებს შორის 2011 წლის 26 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება 2012 წლის 10 თებერვლის ცვლილებებით და დადებულად ყოფილიყო აღიარებული მასა და ე----- ქ---–----ეს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 6600 აშშ დოლარზე.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ე----- ქ---–----ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა და მოპასუხე ი----- გ--------–--ის მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ე----- ქ---–----ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქობულეთი, სოფელი ს------, (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №2-----------) , ხოლო შეგებებული სარჩელის მოსარჩელე ი----- გ--------–--ეს უარი ეთქვა შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით ი----- გ--------–--ის მიერ.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმე N2/ბ-1212) ი----- გ--------–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 01 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ე----- ქ---–----ის სარჩელი ი----- გ--------–--ის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო ი----- გ--------–--ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 26 სექტემბრის და 2012 წლის 10 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულებები გამოსყიდვის უფლებით დადებული ი----- გ--------–--ესა და ე----- ქ---–----ეს შორის; გაუქმდა საჯარო რეესტრში ე----- ქ---–----ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქობულეთი, სოფელი ს------ (ს/კ N2-----------) არსებული ჩანაწერი და დადგინდა სესხისა და იპოთეკის სამართლებრივი ურთიერთობა ი----- გ--------–--ესა და ე----- ქ---–----ეს შორის; აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქობულეთის რაიონი, სოფელ ს------ში ს/კ 2-----------, მიწის ნაკვეთი 3710 კვმ და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები საჯარო რეესტრში აღირიცხოს ი----- გ--------–--ის საკუთრებად და 13 000 აშშ დოლარის გადახდის უზრუნველსაყოფად დაიტვირთოს იპოთეკით ე----- ქ---–----ის სასარგებლოდ.

 

დადგენილია, რომ ამჟამად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება №2/ბ-1212;

 

3.2.2. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N882019468140-03 (19.06.2019წ) გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ი----- გ--------–--ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებული იქნა იმ საფუძვლით, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით უძრავ ქონებაზე, მდებარე ქობულეთში, სოფელ ს------ში, (მიწის (უძრავიქონების) საკადასტრო კოდი №2-----------), 13/05/2014 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების და 07/09/2017 წლის უძრავი ნივთების ნასყიდობის ხელშეკრულებით მესაკუთრეებად აღრიცხული არიან ე----- ქ---–----ე, მ-----–- დ-------ე და ნ-----------–--ე. აღნიშნული რეგისტრაციის საფუძვლად არსებული ხელშეკრულებების გაუქმების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი კი საჯარო რეესტრში წარდგენილი არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N882019468140-03 (19.06.2019წ) გადაწყვეტილება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.2.3. სასამართლო მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის შინაარსზე, რომლის მიხედვითაც მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ა) ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს; ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ; ამდენად ზ/აღნიშნული ნორმის თანახმად მტკიცებას არ საჭიროებენ და ენიჭება პრიუდიციული მნიშვნელობა ისეთ ფაქტებს და გარემოებებს, რომლებიც წარმოადგენენ საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს, ან რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.

 

პრეიუდიციული ფაქტების მნიშვნელობის შესახებ საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით განმარტებულია: „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა, არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. თავად პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება როგორც იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ასევე ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია ასევე სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი“ (იხ.სუსგ-ები: # ას-827-791-2014; # ას-592-560-2015; # ას-895-845-2015; # ას-58-56-2016, # ას-1199-1159-2016); ფაქტების პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ), არამედ ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს (რომელი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება) [იხ. სუსგ №ას-827-791-2014, 13.11.2015წ.].

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 6 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება პრეიუდიციული მნიშვნელობისაა და ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ამ დავაშიც დადგენილად უნდა იქნას მიჩნეული. შესაბამისად მასზე დაყრდნობით სასამართლო დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის რეალურად არსებობდა არა ნასყიდობა-გამოსყიდვის, არამედ სესხისა და იპოთეკის სამართლებრივი ურთიერთობა. სასამართლო დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2012 წლის აპრილის თვეში არანაირი გამოსყიდვა ქონებისა მოპასუხის მიერ არ მომხდარა, პირიქით, გაგრძელდა მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობა და 6000 დოლარს 7000 დოლარიც დაემატა და სესხის თანხამ 13000 დოლარი შეადგინა. ამდენად სასამართლო დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ი----- გ--------–--ის ფულადი ვალდებულება ე----- ქ---–----ის წინაშე შეადგენს 13000 აშშ დოლარს, რომელიც ი----- გ--------–--ის მიერ გადახდილი არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება №2/ბ-1212;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ე----- ქ---–----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ი----- გ--------–--ეს დაეკისროს ე----- ქ---–----ის სასარგებლოდ 13 000 აშშ დოლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 623-624-ე, 361-ე, 427-ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102-ე, 105-ე და 106-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან. იგი ეფუძნება მხარეებს შორის დადებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623 მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებულია სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ე----- ქ---–----ემ მოპასუხე ი----- გ--------–--ეს ასესხა 13 000 აშშ დოლარი, აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად კი იპოთეკით იქნა დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე ქობულეთის რაიონი, სოფელი ს------.

 

მოპასუხეს სესხის თანხა უნდა დაებრუნებინა 2012 წლის 20 აპრილამდე, თუმცა დადგენილია, რომ მას დღემდე არ გადაუხდია მოსარჩელისათვის ზ/აღნიშნული თანხა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად კი, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: (ა) შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა; (ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

დადგენილია, რომ მოვალე მსესხებელმა გადააცილა ფულადი თანხის გადახდის ვადას. ასევე დადგენილია, რომ მსესხებელს ვალდებულება დღემდე არ შეუსრულია. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე 13 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ პუნქტის მიხედვითაც მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ; ამდენად მტკიცებას არ საჭიროებენ და ენიჭება პრიუდიციული მნიშვნელობა ისეთ ფაქტებს, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. ამავე კოდექსის 105 მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არ არსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ არსებობს ე----- ქ---–----ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების როგორც სამართლებრივი, ასევე ფაქტობრივი საფუძველი, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამავე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 951.60 ლარის ოდენობით, ასევე გაწეული იქნა იურიდიული მომსახურეობის ხარჯი 500 ლარის ოდენობით.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 951.60 ლარის ოდენობით და იურიდიული მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯიდან 500 ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ე----- ქ---–----ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდეს;

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე ი----- გ--------–--ეს ე----- ქ---–----ის სასარგებლოდ დავალიანების გადახდა 13 000 აშშ დოლარის ოდენობით;

2. დაეკისროს მოპასუხე ი----- გ--------–--ეს ე----- ქ---–----ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 951 ლარის ოდენობით და იურიდიული მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე