გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-----19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე
11.12.2019 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ონიანი
სხდომის მდივანი გუნა მოსიაშვილი
განმცხადებელი - ლ-----–-----ე
ადვოკატი - დ-----------ა
მოწინააღმდეგე მხარე - რ-----------------ე
წარმომადგენელი - ბ------------–---–ი
განმცხადებლის მოთხოვნა - დამცავი ორდერის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. განმცხადებლის მოთხოვნა
1.1. აეკრძალოს რ-----------------ეს ლ-----–-----ესთან ნებისმიერი სახით კომუნიკაციის დამყარება, ნებისმიერი სახის ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებით, როგორც ვერბალურად ასევე მიმოწერის გზით, სოციალური ქსელების ან სხვა ნებისმიერი საშუალების გამოყენებით.
1.2. აეკრძალოს რ-----------------ეს მესამე პირების მეშვეობით მასთან ნებისმიერი სახით კომუნიკაციის დამყარება, ნებისმიერი სახის ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებით, როგორც ვერბალურად ასევე მიმოწერის გზით, სოციალური ქსელების ან სხვა ნებისმიერი საშუალების გამოყენებით.
1.3. აეკრძალოს რ-----------------ეს მიახლოება ლ-----–-----ის საცხოვრებელ სახლთან, სამუშაო ადგილთან, ადგილსამყოფელთან და პირადად მასთან.
2019 წლის 04 დეკემბერს ლ-----–-----ემ განცხადებით მომართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას რ-----------------ის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე.
შუამდგომლობაში მითითებულია, რომ განმცხადებელი რ----------------ესთან ქორწინებაშია 2008 წლიდან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი ნ-----–----------------ე და ლ-–-------------ე. 2018 წლის ნოემბერში რ-----------------ემ განახორციელა ძალადობა ლ-----–-----ის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში: ქ. რუსთავში, კ-------ას ქუჩაზე, არასრულწლოვანი შვილის ხუთი წლის ნ-----–----------------ის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ჯერ მარცხენა ლოყაში დაარტყა მუშტი, შემდეგ ხის კეტი რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში და სახრახნის წვერი ჩარტყა მარცხენა ფეხზე ბარძაყის არეში. აღნიშნულ საქმეზე 2018 წლის 13 ნოემბერს ლ-----–-----ე ცნეს დაზარალებულად. რ-----------------ე გასამართლებული იქნა სასამართლოს მიერ და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით. ციხიდან გამოსვლის შემდეგ 2019 წლის 10 ნოემბერს მის მიმართ ისევ გამოიწერა შემაკავებელი ორდერ, რადგანაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ პოლიციისთვის გაგზავნილ წერილიდან იკვეთებოდა ის გარემოება, რომ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდგომ ის (რ----------------ე) გეგმავდა ფიზიკურ ანგარიშსწორებას მის მიმართ.
განმცხადებელმა განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერი დარღვეული იქნა მოძალადის მიერ, რადგანაც იმყოფებოდა ლ-----–-----ის საცხოვრებელ ადგილზე, რისი უფლებაც არ ჰქონდა. ლ-----–-----ის განმარტებით, რ----------------ეს ურთიერთობა აქვს შვილებთან, რომლებთანაც იმუქრება განმცხადებლის სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხელყოფით. ეს ყველაფერი კი ბავშვებზეც მძიმე ფსიქიკურ გავლენას ახდენს. რ----------------ის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი მოქმედებს 2019 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით. ლ-----–-----ეს აქვს საფუძვლიანი შიში, რომ მოწინააღმდეგე მხარის მუქარები მის მიმართ იქნება რეალიზებული და სურს დამცავი ორდერის გამოცემა მისი ძალადობის (ფსიქიკური, ფიზიკური) შესაკავებლად.
2019 წლის 11 დეკემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა ლ-----–-----ემ (წარმომადგენელი - დ-----------ა) დააზუსტა დამცავი ორდერით განსაზღვრული მოთხოვნები:
აეკრძალოს რ-----------------ეს ლ-----–-----ესთან ნებისმიერი სახით კომუნიკაციის დამყარება.
აეკრძალოს რ-----------------ეს ლ-----–-----ის საცხოვრებელ სახლთან და მის სამუშაო ადგილთან, მიახლოვება ასევე იმ ადგილებთან სადაც ლ-----–-----ე იმყოფება.
2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია
2.1 სასამართლო პროცესზე გამოცხადებული რ-----------------ე არ დაეთანხმა განცხადებას და განმარტა, რომ მას შემდგომ რაც მოიხადა სასჯელი, მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია არანაირ ძალადობას ყოფილი მეუღლის, ლ-----–-----ის მიმართ. ამასთანავე იგი სურვილს გამოთქვამს არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრებასთან დაკავშირებით, რის უფლებასაც არ აძლევს განმცხადებელი ლ-----–-----ე, რის თაობაზეც მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. N16 დაბალი რისკისა და გათავისუფლებისათვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების 2019 წლის 31 ოქტომბრის N3-------- მიმართვაში მითითებულია, რომ რ-----------------ე, რომელიც სასჯელს იხდიდა N16 პენიტენციურ დაწესებულებაში, პირად საუბრებში ღიად აფიქსირებს, რომ „დაძაბული ურთიერთობა აქვს მეუღლესთან, მის მშობლებთან და გათავისუფლების შემდეგ გეგმავს მათ მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას“.
3.2. 2019 წლის 10 ნოემბერს გამოიცა N0----- შემაკავებელი ორდერი, რომლითაც დგინდება, რომ რ-----------------ე ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას ლ-----–-----ეზე. მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება. რ-----------------ეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ამავე ორდერით, მოძალადეს აეკრძალა იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვება.
3.3. 2019 წლის 07 დეკემბრის მოძალადესთან შეხვედრისა და გასაუბრების ოქმით დგინდება, რომ რ-----------------ისთვის ცნობილია, რომ თუ მისი მხრიდად ადგილი ექნება N0----- შემაკავებელ ორდერში გაწერილი მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევას მას დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა
3.4. 2019 წლის 07 დეკემბრის შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით ძალადობის მსხვერპლთან ვიზიტის ოქმით, მსხვერპლის ლ-----–-----ის განმარტებით დგინდება, რომ რ-----------------ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია შემაკავებელი ორდერის დარღვევას და არასასურველ კონტაქტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N0----- შემაკავებელ ორდერი
- N3-------- მიმართვა
-მოძალადესთან შეხვედრისა და გასაუბრების ოქმი
-ძალადობის მსხვერპლთან ვიზიტის ოქმი
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ილ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარის ახსნა-განმარტება, მიაჩნია, რომ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2112 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს და მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; ამავე მუხლის “ვ” პუნქტის თანახმად, მსხვერპლი – ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი). მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესები უგულებელყოფილია და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომელიც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს სხვა პასუხისმგებელ პირთან ან ნებისმიერ სხვა პირთან, რომელმაც დაარღვია მისი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით, და რომელიც მოძალადისგან სოციალურმა მუშაკმა განაცალკევა. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა”, “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახის წევრი – ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას”, ხოლო „თ” ქვეპუნქტის თანახმად, „მოძალადე – ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით. მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე სხვა პასუხისმგებელი პირი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც არღვევს სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე მასთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები არასრულწლოვნის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით”.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი, რომელიც იმავე კოდექსის 2115 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად ამოქმედდება გამოცემისთანავე. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.
სასამართლო მიუთითებს N16 დაბალი რისკისა და გათავისუფლებისათვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების 2019 წლის 31 ოქტომბრის N3-------- მიმართვაზე, სადაც მითითებულია, რომ რ-----------------ე, რომელიც სასჯელს იხდიდა N16 პენიტენციურ დაწესებულებაში, პირად საუბრებში ღიად აფიქსირებს, რომ დაძაბული ურთიერთობა აქვს მეუღლესთან, მის მშობლებთან და გათავისუფლების შემდეგ გეგმავს მათ მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას.
სასამართლო მიუთითებს საქმეში არსებულ 2019 წლის 10 ნოემბრის N0----- შემაკავებელ ორდერზე, რომლითაც დგინდება, რომ რ-----------------ე ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას ლ-----–-----ეზე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოძალადე სასჯელაღსრულების N16 პენიტენციური დაწესებულებიდან ემუქრებოდა ყოფილ მეუღლეს ფიზიკური ანგარიშსწორებით, რაც ფაქტობრივად საფუძვლად დაედო შემაკავებელი ორდერის გამოცემას.
სასამართლო განმარტავს, რომ ძალადობა ეს არის კონტროლისა და დათრგუნვის საშუალება, რომელიც მოიცავს ფსიქოლოგიურ, სოციალურ, ეკონომიურ, ფიზიკურ, სექსუალურ იძულებას, დათრგუნვას და ზიანს.
სასამართლო მიუთითებს, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა მიეკუთვნება ძალადობის ისეთ ფორმას, რომელიც მიმართულია იმ მიზნისაკენ, რომ მსხვერპლმა დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა, დაეჭვდეს საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში, დაკარგოს ან ეჭვი შეიტანოს რეალობის ადექვატურად აღქმის შესაძლებლობაში. ფსიქოლოგიური ძალადობის ძირითადი ნიშნები ვლინდება დაცინვაში, ცინიკურ ან დამამცირებელ შენიშვნებში, მუქარაში, იზოლირებაში, დაშინებაში, მსხვერპლის საჯარო შეურაცხყოფაში ანუ იმ ქმედებებში, რომელიც ამცირებს ადამიანის თვითშეფასებას და აკარგვინებს საკუთარი თავის მიმართ რწმენას.
ფსიქოლოგიური ძალადობა ეს არის ქცევები, რომლის მიზანია აკონტროლოს, მართოს მსხვერპლის მოქმედებები და ემოციები მისი დამორჩილების მიზნით, ეს გამოიხატება დამამცირებელი მეტსახელების მიმართვაში, მუქარაში, ისეთი საქციელის დაბრალებაში, რომელიც მას არ ჩაუდენია და ა.შ. ფსიქოლოგიური ძალადობა შეიძლება ვლინდებოდეს ცალკე ან წარმოადგენდეს ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის შემადგენელ ნაწილს.
ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. ძალადობის ამ ფორმის განსაკუთრებული ბუნება იმაში გამოიხატება, რომ გარდა დამოუკიდებლად არსებობისა, ის ძალიან ხშირად (არ არის გამორიცხული, ყოველთვის) ახლავს ძალადობის სხვა ფორმებსაც. შესაძლებელია ძალადობა უშუალოდ მსხვერპლზე არ ხორციელდებოდეს, მაგრამ ოჯახის სხვა წევრებს შორის არსებული ძალადობრივი ურთიერთობები ამ პიროვნებაზეც, მისი ხანდაზმულობის, მცირეწლოვნობის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო დამრთგუნველად მოქმედებდეს. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ შესაძლოა ფსიქოლოგიური ძალადობა ყველაზე მეტად გავრცელებული ძალადობის ფორმაა, თუმცა, ერთი შეხედვით, თვალში საცემ სამხილებს ნაკლებად ტოვებს ძალადობის მსხვერპლზე, რაც თავისთვად ართულებს მის იდენტიფიკაციას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე მეტი ზიანის მომტანი ძალადობის ფორმაა და მას თითქმის ყოველთვის თან ახლავს ძალადობის სხვა ფორმები. ის საკუთარ თავში მოიცავს განუწყვეტლივ კრიტიკას, მსხვერპლისთვის რაღაცის დაბრალებას, დამცირებას, დაშინებას, დაცინვასა და იზოლირებას. ის მნიშვნელოვან ზიანს აყენებს პირის მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას, აფერხებს მის პიროვნულ განვითარებას. ძალადობის დროს ითრგუნება ადამიანის ნება, შელახულია მისი ხელშეუხებლობა, ღირსება და თავისუფლება, რომელიც წარმოადგენს ადამიანის ძირითად და განუყოფელ უფლებებს.
ფსიქოლოგიური ძალადობა ეს არის ძალადობის სახე, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მსხვერპლს ურღვევს ფსიქიკურ ხელშეუხებლობის და მშვიდი ცხოვრების უფლებას, რათა გამოიწვიოს მასში შიში გარკვეული მოქმედებების შესრულების სანაცვლოდ. ამასთანავე მსხვერპლს ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელებისას უჩნდება დაუცველობის შეგრძნება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა გამომდინარეობს საოჯახო დავიდან, ეყრდნობა პიროვნულ ურთიერთ ბრალდებებს, რაც მხარეთა შორის ცალსახად ქმნის კონფლიქტურ სიტუაციას, ამასთანავე მოძალადე რ-----------------ის მხრიდან განხორციელებული სიტყვიერი განაცხადები რეალურ საშიშროებას უქმნის განმცხადებელ ლ-----–-----ეს, აღნიშნული კი მოქმედებს მის ფსიქიკაზე და ფსიქოლოგიურ განწყობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, ქმედება, რომელიც ხორციელდება რ-----------------ის მხრიდან ლ-----–-----ის მიმართ წარმოადგენს ფსიქოლოგიურ ძალადობას. აღნიშნული დასტურდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებიდან შემოსული მასალებითაც. ამასთან, განმცხადებლების განმარტებით, კვლავ არსებობს ძალადობის განხორციელების საშიშროება.
წარმოდგენილი მასალების ანალიზით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის გათვალისწინებული ძალადობა მოძალადე რ-----------------ის მხრიდან მსხვერპლის - ლ-----–-----ის მიმართ, რაც წარმოადგენს დამცავი ორდერის გამოცემის საკმარის საფუძველს.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 2113, 2115, 22-34-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-19 მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ლ-----–-----ის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. აეკრძალოს რ-----------------ეს ლ-----–-----ესთან ნებისმიერი სახით კომუნიკაციის დამყარება.
1.2. აეკრძალოს რ-----------------ეს ლ-----–-----ის საცხოვრებელ სახლთან და მის სამუშაო ადგილთან, მიახლოვება ასევე იმ ადგილებთან სადაც ლ-----–-----ე იმყოფება.
2. დამცავი ორდერი გამოიცეს 1 (ერთი) თვის ვადით.
3. დამცავი ორდერი ძალაში შედის გამოცემისთანავე.
4. მოძალადის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით.
5. გადაწყვეტილება საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქუჩა №6) მეშვეობით მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. გასაჩივრება არ აჩერებს გამოცემული დამცავი ორდერის მოქმედებას.
მოსამართლე ნინო ონიანი