გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017002191501
2-4692/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
09/10/2019 წელი ქ.ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე: გ------- ფ----------ე
წარმომადგენელი: ა-–-----------------ა
მოპასუხე: შპს ‘’კ----------------+’’
წარმომადგენელი - ჯ-----------------–-–---–ი
მოპასუხე - ა------- ს-------ე
მოპასუხე - ზ------ ს-------ე
წარმომადგენელი - რ----- გ--------ე
მესამე პირი - ა--------------------------------–-----------ო
დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
გ------- ფ----------ე სასარჩელო განცხადებით მოითხოვს მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლებას.
მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო განცხადებას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
ზ------ ს-------ეს გააჩნდა გ------- ფ----------ის ვალი. 2014 წლის 20 ივნისს სესხის გადახდის უზრუნველსაყოფად, მათ შორის გაფორმდა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ზ------ ს-------ემ, სამი თვის ვადაში გამოსყიდვის უფლებით გ------- ფ----------ეს მიყიდა კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმში პ--–----------------ში. ზ------ ს-------ეს, გარდა ძირითადი ვალისა, ასევე უნდა გადაეხადა სარგებელიც. მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ სარგებელის გადახდის უზრუნველსაყოფად გ------- ფ----------ე ზ------ ს-------ისაგან გამოსყიდვის უფლებით შეიძენდა მოძრავ ნივთებს. თუ ზ------ ს-------ე ქონებას გამოისყიდდა, მას უკან დაუბრუნდებოდა, როგორც უძრავი ასევე მოძრავი ნივთები. წინააღმდეგ შემთხვევაში გ------- ფ----------ე გახდებოდა მათი მესაკუთრე. ზ------ ს-------ემ ვალი არ დაფარა, რის გამოც მისი კუთვნილი უძრავი და მოძრავი ნივთები გახდა გ------- ფ----------ის საკუთრება, რომელსაც ის დაეუფლებოდა მას შემდეგ, რაც ზ------ ს-------ე გაათავისუფლებდა ქონებას და გადავიდოდა სხვაგან. ამ გზით მან გახდა შემდეგი ნივთების მესაკუთრე:
- ‘’ვესტელის’’ ფირმის შავი ფერის პლაზმური ტელევიზორი;
- სამსუნგის ფირმის ვერცხლისფერი მაცივარი;
- ‘’სამსუნგის’’ ფირმის თეთრი ფერის სარეცხი მანქანა;
- ტელევიზორის დასადგამი ხის მაგიდა;
- დივანი და ორი სავარძელი (ჭრელი).
2017 წლის 12 სექტემბერს ქ. ბათუმში პ--–----------------ში გამოცხადდა ა--------------------------------–-----------ოს აღმასრულებელი, რომელმაც აღწერა ოჯახში განთავსებული მოძრავი ნივთები და აღწერის შემდეგ ყადაღა დაადო მასში განთავსებულ ნივთებს. მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ აღმასრულებელმა ნივთები დააყადაღა იმის გამო, რომ ზ------ და ა------- ს-------ეს შპს ,,კ----------------+“-ის ვალი აქვს. აღმასრულებელმა მიიჩნია, რომ დასახელებული ნივთები ზ------ და ა------- ს-------ის კუთვნილებაა და გადაწყვიტა მათი რეალიზაციით ზ------ და ა------- ს-------ისაგან ამოიღოს გარკვეული თანხა და გადასცეს შპს ,,კ----------------+“-ს. სინამდვილეში, დასახელებული ქონება ეკუთვნის გ------- ფ----------ეს. დაუშვებელია მისი ქონებით დაფარულ იქნას მესამე პირის ვალი. აღნიშნულიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ მოძრავი ნივთები უსაფუძვლოდაა დაყადაღებული და მოითხოვს ამ ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. შპს ,,კ----------------+“ სარჩელს არ ცნობს. განმარტავს, რომ ქონება ზ------ ს-------ის საკუთრებაა. აღნიშნულის გამო არ არსებობს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების საფუძველი.
2.2. ზ------ ს-------ემ და ა------- ს-------ემ შესაგებელი არ წარმოადგინეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 11 აგვისტოს შპს ,,კ----------------+“-მა სარჩელი აღძრა და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა ა------- ს-------ეს, გ------ დ-------ესა და ზ------ ს-------ეს მის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3487,06 ლარის გადახდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,კ----------------+“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ა------- ს-------ეს, გ------ დ-------ესა და ზ------ ს-------ეს შპს ,,კ----------------+“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 3487,06 ლარის გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება. ს.ფ. 40-46.
3.1.2. უდაო ფაქტია, რომ 2015 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება ა------- ს-------ეს, გ------ დ-------ესა და ზ------ ს-------ეს ნებაყოფლობით აღსრულებული არ აქვთ. სწორედ აღნიშნულის გამო, მათ წინააღმდეგ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სააღსრულებო ფურცელი. ს.ფ. 7
3.1.3. ა------- ს-------ე და ზ------ ს-------ე რეგისტრირებულნი იყვნენ მისამართზე ქ. ბათუმში პ--–----------------ში. აღმასრულებელმა მიიჩნია, რომ დასახელებულ მისამართზე განთავსებული მოძრავი ნივთები ა------- ს-------ის და ზ------ ს-------ის საკუთრებაა, რის გამოც 2017 წლის 12 სექტემბერს მივიდა ქ. ბათუმში პ--–----------------ში და გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აღწერა და დააყადაღა შემდეგი ნივთები:
- ,,ვესტელის’’ ფირმის შავი ფერის პლაზმური ტელევიზორი;
- სამსუნგის ფირმის ვერცხლისფერი მაცივარი;
- ‘’სამსუნგის’’ ფირმის თეთრი ფერის სარეცხი მანქანა;
- ტელევიზორის დასადგამი ხის მაგიდა;
- დივანი და ორი სავარძელი (ჭრელი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნივთის აღწერისა და დაყადაღების აქტი.ს.ფ. 38-39
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ერთერთი მთავარი სადავო ფაქტობრივი გარემოებაა დაყადაღებული ნივთების კუთვნილების საკითხი. მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ დაყდაღებული ქონება - ,,ვესტელის’’ ფირმის შავი ფერის პლაზმური ტელევიზორი, სამსუნგის ფირმის ვერცხლისფერი მაცივარი, ‘’სამსუნგის’’ ფირმის თეთრი ფერის სარეცხი მანქანა, ტელევიზორის დასადგამი ხის მაგიდა, დივანი და ორი სავარძელი (ჭრელი) გ------- ფ----------ის საკუთრებაა. მოსარჩელის განმარტებას არ ეთანხმება შპს ,,კ----------------+“ -ის წარმომადგენელი.
3.2.2. სადაო ფაქტებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს. მათ მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავენ თითოეული მხარის მიერ დასახელებული ფაქტების არსებობას. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის მიერ დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტების არსებობას.
3.2.3. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს მე-4 მუხლი წარმოადგენს დისპოზიციურობის გამოვლენის პრინციპის ამსახველს. ამ პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრობითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. თავადვე არიან ვალდებულნი განსაზღვრონ რომელი ფაქტობრივი გარემოება რა მტკიცებულებებით დაამტკიცონ. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. სადაო ფაქტობრივ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრობითობისა და თანასწორობის საფუძველზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ როდესაც მხარეები დაობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მათი ვალდებულებაა სადაო გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგინონ მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის ფაქტის არსებობის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა განაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. წინამდებარე შემთხვევა ისეთი შემთხვევაა, როდესაც მოსარჩელეს უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ ყადაღადადებული ქონება მისი საკუთრებაა. მხარეებს ნივთების საკუთრებასთან დაკავშირებით ერთმანეთის საწინააღმდეგო არგუმენტები აქვთ. როდესაც მხარეები დაობენ ფაქტობრივ გარემოებაზე (ამ შემთხვევაში ნივთების კუთვნილებაზე), ასეთ შემთხვევაში ნივთების კუთვნილების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. მხოლოდ მას შეუძლია წარმოადგინოს მტკიცებულებები და დაამტკიცოს ამ ნივთებზე მისი საკუთრების უფლება. მოპასუხე მოკლებულია შესაძლებლობას წარმოადგინოს მტკიცებულება და ამტკიცოს, რომ ნივთები მოსარჩელის კუთვნილება არაა. ამიტომ სარჩელის საფუძვლიანობა დამოკიდებულია მოსარჩელის მიერ შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენაზე. თუ მხარე დაამტკიცებს, რომ დაყადაღებული ქონება არაა ა------- და ზ------ ს-------ის საკუთრება და ისინი მისი საკუთრებაა, ასეთ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებული და საფუძვლიანი იქნება.
3.2.5. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრობითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.
3.2.6. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის შინაარსზე, რომლის მიხედვითაც ,,1. მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.
2. ნივთის გადაცემად ითვლება: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება”.
სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის მიხედვით მოძრავი ნივთების საკუთრება დამოკიდებულია მისი შეძენის დროს გამოვლენილ ნამდვილ ნებაზე. თუ ნივთი შემძენმა შეიძინა გამსხვისებლის ნამდვილი ნების გამოვლენის შემდეგ, ითვლება, რომ შემძენი ნივთის მიღების შემდეგ მისი მესაკუთრეა. უძრავი ქონებისაგან განსხვავებით, მოძრავი ნივთის შეძენა არაა დამოკიდებული გარიგების წერილობით ფორმაზე და შესაბამის ორგანოში რეგისტრაციაზე, ამიტომ მოძრავი ნივთის საკუთრებასთან დაკავშირებით დავის დროს საკუთრების საკითხის გადაწყვეტა გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. არსებობს პრეზუმპცია იმისა, რომ ნივთი იმ პირის საკუთრებაა, ვინც მას ფლობს შეძენისას გამოვლენილი ნამდვილი ნების საფუძველზე. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ მფლობელობა არ წარმოადგენს საკუთრების დადგენისას გადამწყვეტ გარემოებას. მფლობელი შეიძლება სულაც არ იყოს მესაკუთრე. დავის არ არსებობისას ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მესაკუთრე. როცა ეს ფაქტი გახდება სადაო, ასეთ შემთხვევაში მესაკუთრეს დასჭირდება ამ ნივთებისადმი მისი საკუთრების უფლების დამტკიცება. მოძრავი ნივთების მიმართ საკუთრების უფლებაზე პრეზუმპცია მოქმედებს მანამ, სანამ საკუთრების უფლება არ გახდება სადაო. სადაოდ გახდომის შემდეგ კი მესაკუთრემ უნდა დაამტკიცოს, რომ მან მოძრავი ნივთების მესაკუთრეა. მოძრავი ნივთის საკუთრება შეიძლება დადგინდეს შეძენის დოკუმენტით (ნასყიდობის ხელშეკრულება, გაცვლის ხელშეკრულება, ჩუქების ხელშეკრულება და ა.შ.), ასევე საგარანტიო ტალონით, შეძენის სამახსოვრო ბარათით, ქვითარით, მოწმეთა ჩვენებით ან სხვა მტკიცებულებით.
3.2.7. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ საქმეში მტკიცებულების სახით წარმოადგინა მოძრავი ნივთების ნასყიდობის ხელშეკრულება. დასახელებული ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ ზ------ ს-------ემ და ეთერბ ს-------ემ 2015 წლის 20 თებერვალს სამი თვის ვადაში გამოსყიდვის უფლებით გაყიდეს, ხოლო გ------- ფ----------ემ იყიდა სხვადახვა მოძრავი ნივთები, მათ შორის სადაო მოძრავი ნივთები.
იხ. მოძრავი ნივთების ნასყიდობის ხელშეკრულება.ს.ფ. 50-52.
3.2.8. შპს ,,კ----------------+“-მა მოსარჩელის არგუმენტების გაბათილების მიზნით მიუთითა 2015 წლის 13 თებერვლის ნივთის აღწერისა და დაყადაღების აქტზე, რომლითაც დგინდება, რომ ქ. ბათუმში პ--–----------------ში მდებარე მოძრავი ნივთები აღმასრულებელმა აღწერა და დააყადაღა 2015 წლის 13 თებერვალს. აღნიშნული საეჭვოს ხდის 2015 წლის 20 თებერვალს ამავე ნივთების გასხვისებას. 2015 წლის 13 თებერვალი, ამავე წლის 20 თებერვალს დროში წინ უსწრებს. შესაბამისად ამ თარიღით ნასყიდობის ნამდვილობის წინააღმდეგ პრეტენზია არაა გონივრულობას მოკლებული.
იხ. ნივთის აღწერისა და დაყადაღების აქტი.ს.ფ. 38-39
3.2.9. შპს ,,კ----------------+“-მა მოსარჩელის არგუმენტების გაბათილების მიზნით მტკიცებულების სახით წარმოადგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლის ანალიზითაც დგინდება, რომ სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა სხვა გადაწყვეტილებს აღსრულების მიზნით, 2015 წლის 13 თებერვალს დააყადაღა ქ. ბათუმში პ--–----------------ში მდებარე მოძრავი ნივთები (იგივე ნივთები რაც ამჯერადაა დაყადაღებული). მათი დაყადაღების მიზანი იყო აღმასრულებელს აღესრულებინა 2014 წლის 24 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც რომან ბერიძეს, ა------- ს-------ეს და გ------ დ-------ეს შპს ,,კ----------------+“-ის სასარგებლოდ გადასახდელი ჰქონდა 2891,8 ლარი. აღმასრულებელმა ჩათალა, რომ ა------- ს-------ე ცხოვრობდა ქ. ბათუმში პ--–----------------ში და ამ მისამართზე განთავსებული ნივთები ეკუთვნოდა ა------- ს-------ეს. სწორედ აღნიშნულის გამო აღმასრულებელმა დააყადაღა ის ნივთები, რაც ამ საქმეშია დაყადაღებული. ზ------ ს-------ემ და ეთერ ს-------ემ სარჩელი აღძრეს ა------- ს-------ის და შპს ,,კ----------------+“-ის წინააღმდეგ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვეს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. ისინი ამტკიცებდნენ რომ დაყადაღებული ქონება - ‘’ვესტელის’’ ფირმის შავი ფერის პლაზმური ტელევიზორი, სამსუნგის ფირმის ვერცხლისფერი მაცივარი, ‘’სამსუნგის’’ ფირმის თეთრი ფერის სარეცხი მანქანა, ტელევიზორის დასადგამი ხის მაგიდა, დივანი და ორი სავარძელი (ჭრელი), მათი საკუთრებაა და იგი არაა ა------- ს-------ის საკუთრება. ისინი ამ ფაქტს ამტკიცებდნენ 2016 წლის 18 მარტს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას და 2017 წლის 21 ნოემბერსაც, გადაწყვეტილების მიღების დროს. სასამართლომ მიიჩნია, რომ ყადაღადადებული მოძრავი ნივთები არ იყო ა------- ს-------ის საკუთრება და რომ ის ზ------ ს-------ეს და ეთერ ს-------ეს ეკუთვნოდათ. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით სასამართლომ მათი სარჩელი დააკმაყოფილა. ყადაღისაგან გაათავისუფლა ზ------ ს-------ისა და ეთერ ს-------ის კუთვნილი ‘’ვესტელის’’ ფირმის შავი ფერის პლაზმური ტელევიზორი, სამსუნგის ფირმის ვერცხლისფერი მაცივარი, ‘’სამსუნგის’’ ფირმის თეთრი ფერის სარეცხი მანქანა, ტელევიზორის დასადგამი ხის მაგიდა, დივანი და ორი სავარძელი.
იხ. 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება. ს.ფ. 75-82
2016 წლის18 მარტის განჩინება. ს.ფ. 83-87
3.2.9. სასამართლო განმარტავს, რომ მოძრავი ნივთების საკუთრება, ფაქტობრივი გარემოებაა. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას მოძრავი ნივთების შეძენის შესახებ. მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება და დაამტკიცოს, რომ ყადაღა დადებული ქონება მისი საკუთრებაა. მტკიცებულებებს წინასწარ დადგენილი ძალა არ აქვს. მის სიმყარეს და დამაჯერებლობას ამოწმებს სასამართლო და გამოაქვს შესაბამისი დასკვნები. სავსებით შესაძლებელია გ------- ფ----------ემ, ზ------ ს-------ისაგან შეიძინა მოძრავი ნივთები და გახდა მათი მესაკუთრე, მაგრამ ასეთი ფაქტის არსებობას სჭირდება დამტკიცება. უდაოა, რომ არსებობს მოძრავი ნივთების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც ვინმემ სადაოდ, რომ არ გახადოს, გამოიწვევს იმ იურიდიულ შედეგს, რისთვისაც ნასყიდობის ხელშეკრულება ფორმდება. თუმცა ის მოსარჩელემ სადაო გახადა, რის გამოც უნდა შემოწმდეს მისი ნამდვილობა. მისათვის აუცილებელია ,,შევაჯიბროთ“ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არსებითი ხასიათის მტკიცებულება - მოძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და მოპასუხის მტკიცებულებად განსაზღვრული სამი დოკუმენტი:
- ნივთის აღწერისა და დაყადაღების აქტი;
- 2016 წლის18 მარტის განჩინება;
- 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება.
მათი შეჯერებითა და ანალიზით სასამართლომ უნდა გააკეთოს დასკვნა, რომელი მტკიცებულებაა მტკიცე, სარწმუნო და დამაჯერებელი. მათი კრიტიკული შეფასებით სასამართლო უპირატესობას ანიჭებს მოპასუხის მტკიცებულებებს. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ 2015 წლის 20 თებერვალს გ------- ფ----------ის მიერ, მოძრავი ნივთების შეძენისას, ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის საგნები დაყადაღებული იყო. ნივთების დაყადაღება ანვითარებს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ზ------ ს-------ე ყადაღადადებულ ნივთებს გ------- ფ----------ეს ვერ მიჰყიდდა. გარდა ამისა მნიშვნელოვანია თარიღებზე დაკვირვება. ნივთებს ყადაღა დაედო 2015 წლის 13 თებერვალს. 2016 წლის 21 ნოემბერს დაყადაღებულ ნივთებს ზ------ ს-------ე თავის კუთვნილებად თვლის და სასამართლოს სთხოვს მათი რეალიზაციის შეჩერებას. გარდა ამისა 2017 წლის 21 ნოემბრამდე გამართულ სხდომებზე ზ------ ს-------ე ამტკიცებდა, რომ ეს ქონება ა------- ს-------ის საკუთრება არაა და რომ ისინი მისი და ეთერ ს-------ის საკუთრებაა. ბუნებრივია ასეთ სიტუაციაში ლოგიკური პასუხი უნდა გაეცეს კითხვას: - თუ ქონება 2015 წლის 20 თებერვალს გ------- ფ----------ემ შეიძინა, მაშინ 2016-17 წლებში მათ განთავისუფლებას რატომ ითხოვდა ზ------ და ეთერ ს-------ე და რატომ მათ გათავისუფლებას არ ითხოვდა გ------- ფ----------ე? ბუნებრივია ამ კითხვის პასუხი თავად ზ------ ს-------ეს და გ------- ფ----------ეს უნდა მოეთხოვოს, მაგრამ საქმის განხილვისას პასუხის მიუხედავად ასეთი მოცემულობის არსებობა გამორიცხავს ამ ნივთებზე გ------- ფ----------ის საკუთრებას.
ამდენად მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ ყადაღადადებული ნივთები მისი საკუთრებაა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
წარმოდგენილი მტკიცებულებათა განხილვისა და შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
- ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივდასადები ინეტერესები გათვალისწინებული უნდა იქნას თანაბრად.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთების მესაკუთრეა. მიუხედავად ამისა სააღსრულებო ბიურომ ნივთები მიიჩნია ზ------ ს-------ის საკუთრებად და დააყადაღა მისი ვალის დაფარვის მიზნით. მოსარჩელის საკუთრებას კანონი იცავს. მისი ქონების რეალიზაციით სხვისი ვალის დაფარვა, მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა. მსგავსი ქმედება დაარღვევს მესაკუთრის უფლებებს. ქონების დაყადაღება მისი უფლების დარღვევის რისკს წარმოშობს. მოსარჩელეს უფლება აქვს თავისი დარღვეული უფლების აღდგენისათვის მომართოს სასამართლოს და ამტკიცოს ნივთებზე საკუთრების უფლება. თუ დადგინდება, რომ მისი ქონებით უსაფუძვლოდ ხორციელდება სხვისი ვალდებულების შესრულება, სასამართლომ უნდა შექმნას მისი საკუთრების უფლებების დაცვის გარანტია.
6.2. მოსარჩელის მოთხოვნის პროცესუალური საფუძველია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ,,თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ამასთანავე სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს”.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მიზანია საქართველოს სკ-ის 170-ე მუხლის მოთხოვნის რეალიზება. კერძოდ მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ დაყადაღებული ქონება მისი საკუთრებაა და რომ მათზე საკუთრების უფლება გააჩნია მხოლოდ მას. აღნიშნულის გამო ისარგებლა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით, ასევე ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებით და სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
6.4. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი წინადადებით „სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის გარეშე,“ ამავე კანონის 25-ე მუხლით აღსრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს აღსრულება, კონკრეტულად არიან დასახელებულნი სააღსრულებო ფურცელში და სასამართლო სააღსრულებო ფურცელს მისცემს კრედიტორს. ამავე კანონის 26-ე მუხლით სასამართლო აღმასრულებელი სააღსრულებო მოქმედებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან და უცხოელთა საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებით – საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,კ----------------+“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ა------- ს-------ეს, გ------ დ-------ესა და ზ------ ს-------ეს შპს ,,კ----------------+“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 3487,06 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება მიქცეულია აღსასრულებლად. აღსრულების მიზნით სააღსრულებო ფურცელი წარედგინა სააღსრულებო ბიუროს, რითაც ზ------ ს-------ის მიმართ დაიწყო იძულებით აღსრულება.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით „გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებისას სასამართლო აღმასრულებელი მოვალეს უგზავნის წინადადებას გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. ეს წინადადება მოვალეს ჩაბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო ფულის ან ქონების გადახდევინებისას წინადადების ჩაბარებასთან ერთად სასამართლო აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების აღწერას ან დაყადაღებას ამ კანონით დადგენილი წესით.“ ამავე მუხლის მესამე ნაწილით სასამართლო აღმასრულებელი მოვალისათვის წინადადების ჩაბარებისას აფრთხილებს მას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების დაწესებულ ვადებში ნებაყოფლობით შეუსრულებლობას მოჰყვება იძულებითი აღსრულება. აღსრულების ხარჯებს მოვალე გაიღებს. ზ------ ს-------ემ გადაწყვეტილება ნებაყოფლობით არ აღასრულა. აღმასრულებელმა დაადგინა, რომ ზ------ ს-------ე ცხოვრობს ქ. ბათუმში პ--–----------------ში. მიიჩნია, რომ მის მისამართზე მდებარე მოძრავი ნივთები ზ------ ს-------ის საკუთრებაა, რის გამოც გამოცხადდა დასახელებულ მისამართზე და საცხოვრებელ მისამართზე მოძრავი ნივთები აღწერა და დააყადაღა.
6.5. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 40-ემუხლი თანახმად მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.
აღმასრულებელის ამ მოქმედების აუცილებლობა ნაკარნახევი იყო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფით. ზ------ ს-------ე ნებაყოფლობით არ იხდიდა დაკისრებულ თანხას, ამიტომ მან დააყადაღა მის საცხოვრებელ მისამართზე განთავსებული ქონება და შესაძლებელი გახადა ამ ქონების მეშვეობით გადაწყვეტილების აღსრულება. დასახელებული ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით სასამართლო თვლის, რომ აღსრულება დაიწყო და გაგრძელდა სწორად.
6.6. სარჩელის საფუძვლიანობისა და დასაბუთებულობისათვის მთავარი საკითხია დადგინდეს ქონებაზე ყადაღის დადებით ილახება თუ არა მესამე პირის ინტერესი. მესამე პირი, რომლის ინტერესიც ილახება, ყადაღის დადების მომენტისათვის უნდა წარმოადგენდეს ქონების მესაკუთრეს.
სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონების საკუთრების უფლება დგინდება საჯარო რეესტრის ჩანაწერით. მოძრავი ნივთების საკუთრების უფლება კი დგინდება ნივთის ფაქტობრივი მფლობელობით. იმის დასადასტურებლად, რომ დაყადაღებული ქონება მოსარჩელის საკუთრებაა, მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს თვით მოსარჩელემ. მოსარჩელემ ამ ნივთების საკუთრებასთან დაკავშირებით მტკიცებულებად წარმოადგინა ნასყიდობის ხელშეკრულება და მოწმეთა ჩვენებები, მაგრამ ეს მტკიცებულებები გააბათილა მოპასუხემ. მის მიერ წარმოდგენილი 2016 წლის18 მარტის განჩინება და 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება, ასევე ნივთის აღწერისა და დაყადაღების აქტი აბათილებს 2015 წლის 13 თებერვალს გ------- ფ----------ის მიერ სადაო ნივთების შეძენის ნამდვილობას. შესაბამისად მტკიცებულებათა არ არასებობის გამო სასამართლო მოსარჩელის არგუმენტებს დაყადაღებული ნივთების საკუთრებასთან დაკავშირებით არ იზარებს, რის გამოც სარჩელს მიიჩნევს უსაფუძვლოდ.
7. საპროცესო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით გაანგარიშებით შეადგენს 120 ლარს. სარჩელი არ დაკმაყოფილდა შესაბამისად სახ. ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოსარჩელეს. მას ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
საქ. სსკ–ის 1991–ე მუხლით სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
საქმის მასალებით დგინდება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებით შეჩერდა 2017 წლის 12 სექტემბრის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებული ქონების: - ,,ვესტელის’’ ფირმის შავი ფერის პლაზმური ტელევიზორის, სამსუნგის ფირმის ვერცხლისფერი მაცივრის, ‘’სამსუნგის’’ ფირმის თეთრი ფერის სარეცხი მანქანის, ტელევიზორის დასადგამი ხის მაგიდის, დივანის და ორი სავარძლის (ჭრელი) რეალიზაცია. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გადაწყვიტა:
1. გ------- ფ----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერებულია 2017 წლის 12 სექტემბრის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული ქონების რეალიზაცია (,,ვესტელის’’ ფირმის შავი ფერის პლაზმური ტელევიზორი, სამსუნგის ფირმის ვერცხლისფერი მაცივარი, ‘’სამსუნგის’’ ფირმის თეთრი ფერის სარეცხი მანქანა, ტელევიზორის დასადგამი ხის მაგიდა, დივანი და ორი სავარძელი (ჭრელი)) გაუქმდეს.
3. საქმეზე სახ. ბაჟი გადახდილია.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე