გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/14112-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე - შპს "თე----------------ი"
მოსარჩელის წარმომადგენელი - ვა–---------ე, ელ----------–-–---–ი
მოპასუხე - სა---------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–-ბა - სა---------–----------------------–-–ია
წარმომადგენელი - ნანული ჩოხელი, ნინო ქევხიშვილი
დავის საგანი - პირგასამტეხლოს შემცირება, ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 შემცირდეს მხარეებს შორის 2018 წლის 15 თებერვალს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N1------ ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა და დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს სახით გადახდილი თანხიდან - 28 350 ლარიდან ზედმეტად გადახდილი თანხის - 27 630 ლარის ანაზღაურება (მოთხოვნის დაზუსტება იხილეთ 2019 წლის 04 ნოემბრის სხდომის ოქმი 16:39:24).
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
შპს "თე----------------სა" და სა---------–----------------------–-–იას შორის 2018 წლის 15 თებერვალს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა მოპასუხის ბალანსზე რიცხული დანართი N1-ით გათვალისწინებული სხვდასხვა მარკის და მოდელის ავტომანქანების ტექნიკური მომსახურება, დანართი N2-ის შესაბამისად. ხელშეკრულების შესყიდვის საშუალებას წარმოადგენდა - ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე, ხოლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 900 000 ლარს.
ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით, მაგრამ არანაკლებ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე. მომსახურების კონკრეტული ვადები შეადგენდა - ხანგრძლივი მომსახურების გაწევის შემთხვევაში არაუმეტეს 15 კალენდარულ დღეს. ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე, მისი მოქმედების დასრულების შემდგომ, აღმოჩენილი ხარვეზის ან/და ნაკლის არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ ვადებში, მაგრამ არაუმეტეს 5 კალენდარული დღის ვადაში გამოასწოროს ნაკლი, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.
სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ერთ-ერთი მომსახურების გაწევის დროს შემსყიდველმა უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ სახეზე იყო მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი, რაც მისივე განმარტებით, გამოხატული იყო შემსყიდველის კუთვნილ ერთ-ერთ ავტომობილზე მომსახურების გაწევის შემდეგ გამოვლენილი ნაკლის აღმოფხვრის ხელშეკრულებით დადგენილი ვადის 21 დღით გადაცილებაში. შემსყიდველმა არასწორად მიიჩნია, რომ ავტომანქანაზე ხორციელდებოდა გამოვლენილი ნაკლის აღმოფხვრა, რადგან სინამდვილეში მიმწოდებელი ავტომანქანაზე უწევდა თავდაპირველ მომსახურებას, რისთვისაც ჰქონდა 15 კალენდარული დღე.
ხელშეკრულების 10.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,15%-ის ოდენობით. ამ პუნქტზე დაყრდნობით შემსყიდველმა შპს "თე----------------ს" დააკისრა პირგასამტეხლო ხარვეზის აღმოფხვრისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის, ჯამში 28 350 ლარი (დღეში 1350 ლარი) და მისი გადახდისთვის ერთი თვის ვადა მისცა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული იყო ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით საბანკო გარანტია, შპს "თე----------------ი" იძულებული გახდა გადაეხადა არასწორად დაანგარიშებული და შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი და არაპროპორციული ოდენობით არის განსაზღვრული, კერძოდ, ხელშეკრულების ღირებულების (რაც შეადგენს 900000 ლარს) 0,15%. საყურადღებოა ისიც, რომ მოპასუხემ ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის დროს არ იხელმძღვანელა კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით, რადგან პირგასამტეხლოს დათვლის წესის დადგენისას მისი გამოთვლა დაუკავშირა არა შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებას, არამედ ხელშეკრულების ჯამურ ღირებულებას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მოპასუხის განზრახვას, რომ ხელშეკრულების პირობები შეედგინა მაქსიმალურად მის ინტერესებზე მორგებული და არ გაეთვალისწინებინა მიმწოდებლის კანონიერი ინტერესი.
ხელშეკრულების აღნიშნულ პუნქტზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაცია პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან პირგასამტეხლოს დაკისრებისას მისი დაანგარიშება მომხდარიყო შესასრულებელი ვალდებულების ღირებულების არაუმეტეს 0,02%-ის ოდენობით.
გარდა ამისა, არასწორად იქნა დაანგარიშებული პირგასამტეხლოს დაკისრების პერიოდი. მოპასუხემ დაუსაბუთებლად მიიჩნია, რომ იგივე სატრანსპორტო საშუალებაზე გაწეული მომსახურება წარმოადგენდა ავტომობილზე უკვე გაწეული მომსახურების შემდეგ გამოვლენილი ნაკლის აღმოფხვრას. სინამდვილეში მიმწოდებელი ავტომანქანაზე უწევდა თავდაპირველ მომსახურებას და რეალურად გადაცილებული დღეების რაოდენობა შეადგენდა 4 დღეს და არა 21 დღეს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში, სა----------------–-–იის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით A--------, შეკეთების მიზნით შპს „თე----------------ის“ სერვის ცენტრში შევიდა 2018 წლის 3 ოქტომბერს. ავტომანქანას ჰქონდა გაუმართავი ძრავი: ძრავი მუშაობდა ხარვეზებით და ხმაურით, ასევე გამონაბოლქვის მომატებით და საწვავის ზედმეტი მოხმარებით. მანქანა შეკეთდა და სერვისცენტრიდან მე-2 დღეს გავიდა. 2018 წლის 15 ოქტომბერს ავტომანქანა იგივე პრობლემებით შევიდა ცენტრში. ამ ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით სა----------------–-–იამ მიმართა სერვისცენტრს, რის შემდეგაც ავტომანქანის შეკეთება უკვე 2018 წლის 9 ნოემბრამდე მიმდინარეობდა, რითაც დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები - ავტომანქანა შეკეთდა 21 დღის დაგვიანებით. ამდენად, ხელშეკრულების 10.3 პუნქტის თანახმად ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს კანონიერად მოეთხოვა 21 დღეზე პირგასამტეხლოს გადახდა, ჯამში 28 350 ლარი.
სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება კანონისა და მხარეთა ნამდვილი ნების გამოვლენის საფუძველზეა შეთანხმებული, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პრევენციას და არა მხარის დანაკარგის კომპენსირებას, რომლის შეფასება და დათვლა მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია, რადგან ხელშეკრულების არაჯეროვანმა შესრულებამ მომსახურების მიმღები შესაძლებელია კანონით დადგენილი ფუნქციების შესრულების დროსა და მომენტში მიიყვანოს შეფერხებამდე და ზოგიერთ შემთხვევაში სრულ პარალიზებამდე. ამდენად, მოსარჩელის მხარის პოზიციის გათვალისწინებით, თუკი დაანგარიშება მოხდება შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან 0,02%-ის გათვალისწინებით, აღნიშნული ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულების დროული და ჯეროვანი შესრულების პრევენციას.
ამდენად, არ არსებობდა არც პირგასამტეხლოს შემცირების და შესაბამისად, არც გადახდილი პირგასამტეხლოს დაბრუნების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სა---------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–-ბა სა---------–----------------------–-–იასა (შემსყიდველს) და შპს „თე----------------ს“ (მიმწოდებელს) შორის 2018 წლის 15 თებერვალს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, სადაც ხელშეკრულების ობიექტს წარმოადგენდა სა---------–----------------------–-–იის ბალანსზე რიცხული, დანართი №1-ით გათვალისწინებული სხვადასხვა მარკის და მოდელის ავტომანქანების ტექნიკური მომსახურება დანართი №2-ის შესაბამისად (1.1. პუნქტი).
ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 900000 ლარით, რაც დამატებითი შეთანხმებით გაიზარდა 10000 ლარით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა მისი გაფორმებიდან 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით, მაგრამ არანაკლებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე (1.3. და 1.6. პუნქტები).
ხელშეკრულება ითვალისწინებდა მისი შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებლის ვალდებულებას წარედგინა საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ გაცემული, უპირობო, გამოუთხოვადი გარანტის წარდგენის ვალდებულებას, რომლის ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ით (9.1. და 9.2. პუნქტები).
აღნიშნული ვალდებულება შპს „თე----------------ის“ მხრიდან შესრულდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 15.02.2018 წლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №1------;
- 06.12.2018 წლის შეთანხმება N303;
- საბანკო გარანტიის ცვლილება N1-------------;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.1.2. ხელშეკრულებით შეთანხმდა მომსახურების გაწევის პირობები და ვადები, კერძოდ: მიმწოდებელმა შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღის უნდა ჩაატაროს ავტომობილების დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური აქტი ხელმოსაწერად, რომელშიც აღნიშნული იქნება გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის/სათადარიგო ნაწილების დეტალური აღწერა, ღირებულება და მომსახურების გაწევის ვადა. მომსახურების გაწევის ვადებია:
- სავალი ნაწილებისათვის - არაუმეტეს 3 კალენდარულ დღეს;
- ელექტროობისათვის - არაუმეტეს 4 კალენდარულ დღეს;
- აგრეგატებისთვის - არაუმეტეს 10 კალენდარულ დღეს;
- სათუნუქე სამღებრო სამუშაოებისათვის - არაუმეტეს 15 კალენდარულ დღეს;
- ხანგრძლივი მომსახურების (ძრავი, ხიდი, სიჩქარეთა კოლოფის) გაწევის დრო - არაუმეტეს 15 კალენდარული დღე;
- სათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთის შემთხვევაში - არაუმეტეს 25 კალენდარული დღე (4.1. და 4.2. პუნქტები).
ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე მისი მოქმედების დასრულების შემდგომ, აღმოჩენილი ხარვეზის ან/და ნაკლის არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება, შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ ვადებში, მაგრამ არაუმეტეს 5 კალენდარული დღის ვადაში გამოასწოროს ნაკლი, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე (5.2. პუნქტი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №1------.
3.1.3. სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში საჯარიმო სანქციები, კერძოდ: ვალდებულების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,15%-ის ოდენობით (10.3 პუნქტი).
ამასთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს ჩამოერთმევა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია სრულად (10.4) პუნქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №1------.
3.1.4. სახელმწიფო ხელშეკრულების ფარგლებში შპს „თე----------------ის“ სერვის ცენტრში 2018 წლის 3 ოქტომბერს მიყვანილი იქნა მოპასუხის კუთვნილი ავტომაქანა, სახელმწიფო ნომრით A------. ავტომანქანის ძრავი იყო გაუმართავი, კერძოდ ძრავი მუშაობდა ხარვეზებით და ხმაურით, გამონაბოლქვის მომატებით და საწვავის ზედმეტი მოხმარებით.
ავტომანქანას ჩაუტარდა: კომპიუტერული დიაგნოსტიკა, შეიცვალა საწვავის ფილტრი, გამოირეცხა საწვავის ავზი, შეიცვალა მაღალი წნევის მარეგულირებელი რეგულატორი და მოხდა საწვავის ტუმბოს და მართვის ბლოკის ინიციალიზაცია. ჯამში მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 286,62 ლარით.
ავტომანქანა ცენტრიდან 2018 წლის 4 ოქტომბერს გავიდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
- დეფექტური აქტი;
- მიღება-ჩაბარების აქტი;
- პატაკი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. იგივე სატრანსპორტო საშუალება (სახელმწიფო ნომრით A------) კვლავ იქნა მიყვანილი შპს „თე----------------ის“ სერვისცენტრში, 2018 წლის 15 ოქტომბერს. სერვისცენტრში ავტომანქანის ძრავის შეკეთების მიზნით მოხდა გამანაწილებელი ლილვის შეცვლა, ხოლო ლილვის ტესტირების პროცესში დაზიანდა ლილვის თავაკი. ვინაიდან თავაკი აღდგენას არ ექვემდებარებოდა, მოხდა მანქანის მეორადი ძრავის შეძენა, რომელიც ასევე გაუმართავი იყო, საბოლოო ჯამში ცენტრმა მოახდინა გამოუსადეგარი ძრავის სხვა ძრავით ჩანაცვლება.
აღნიშნულ მომსახურებაზე მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი, ან დეფექტური აქტი არ შედგენილა. შპს „თე----------------ს“ მოპასუხისთვის ამ ბოლო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება არ მოუთხოვია, რადგან ძრავის დაზიანება სწორედ შეკეთებული ავტომანქანის დროს მოხდა. მოპასუხე არ უარყოფს 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 9 ნოემბრამდე გაწეული კონკრეტული მომსახურების განხორციელებას.
ავტომანქანა სერვისცენტრში იმყოფებოდა 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- პატაკი.
3.1.6. სა---------–----------------------–-–იის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს 2018 წლის 26 ნოემბრის წერილით შპს „თე----------------ს“ დაევალა პირგასამტეხლოს, ჯამში 28350 ლარის გადახდა. მოპასუხემ მიიჩნია, რომ იმავე სატრანსპორტო საშუალებაზე 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 9 ნოემბრამდე გაწეული მომსახურება ჯდებოდა ხელშეკრულების 5.2. პუნქტის ფარგლებში, რა დროსაც შპს „თე----------------მა“ დაარღვია ნაკლის გამოსწორებისთვის დადგენილი 5 დღიანი ვადა და ადგილი ჰქონდა ვადის 21 დღით გადაცილებას.
პირგასამტეხლოს თანხა, 28350 ლარი შპს „თე----------------მა“ აანაზღაურა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 26.11.2018 წლის წერილი;
- 26.12.2018 წლის წერილი;
- 14.01.2019 წლის საგადახდო დავალება;
- მოპასუხის ახსნა-განმარტება.
3.1.7. დავის სასამართლოში განხილვის დროისთვის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გასულია და მხარეებს შორის დასრულებულია ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სახელშეკრულებო ურთიერთობა
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ მომსახურების გაწევის ვადის გადაცილების შემთხვევაში ვადის დათვლა უნდა მოხდეს ავტომანქანის სერვისცენტრში შეყვანისა და ცენტრიდან გაყვანის დღეების ჩათვლით.
როგორც მხარეთა წერილებით, ასევე ახსნა-განმარტებით ირკვევა, სა---------–----------------------–-–იამ მოსარჩელეს დააკისრა მომსახურების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლო და ვადაგადაცილებულად მიიჩნია 21 დღე, სადაც შედის მომსახურების გაწევის დაწყების დღეც და დასრულების დღეც. მოსარჩელე არ ეთანხმება ამ პოზიციას და მიიჩნევს, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ათვლა უნდა მოხდეს კონკრეტული ვადის გასვლიდან მე-2 დღეს, როგორც ეს არის გათვალისწინებული კანონმდებლობით.
აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის მიზნით სასამართლო მოიშველიებს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების პირობებს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კონკრეტული მომსახურებისთვის ვადები, რომლის გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრების ალბათობას ხელშეკრულება ითვალისწინებდა გადაცილებულ დღეებზე, რაც შესაბამისობაშია სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ წესთან (სამოქალაქო კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღეების მიხედვით განსაზღვრული ვადა მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად).
ამდენად, თუკი შემსყიდველი მიიჩნევდა, რომ მომსახურების გაწევა მოსარჩელეს 5 კალენდარული დღის ვადაში (ხელშეკრულების 5.2. პუნქტის შესაბამისად) უნდა განეხორციელებინა, მომსახურების ვადის დასრულების დღის გათვალისწინებით, ვადაგადაცილებული დღეები იქნებოდა არა 21 კალენდარული დღე არამედ 19 კალენდარული დღე. ამასთან,3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 15 ოქტომბრიდან მოსარჩელის მიერ მოპასუხეს გაეწია ახალი მომსახურება, რაც არ გულისხმობდა ხარვეზის ან/და ნაკლის გამოსწორებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.
ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად ხანგრძლივი მომსახურების გაწევისთვის გათვალისწინებული იქნა არაუმეტეს 15 კალენდარული დღის ვადა. ხანგრძლივი მომსახურებაში იგულისხმებოდა ძრავასთან, ხიდთან და სიჩქარეთა კოლოფთან დაკავშირებული ტექნიკური მომსახურება. ხოლო ხელშეკრულების 5.2. პუნქტი გულისხმობდა უკვე გაწეული მომსახურების ფარგლებში აღმოჩენილი ხარვეზის ან/და ნაკლის არსებობის შემთხვევაში მიმწოდებლის მხრიდან მისი გამოსწორების ვადებს, რაც შეადგენდა 5 კალენდარულ დღეს.
მოსარჩელის განმარტებით, იმავე სატრანსპორტო საშუალებას 2018 წლის 15 ოქტომბერს გაუმართავი ჰქონდა ძრავა, კერძოდ ძრავის თავაკიდან მოდიოდა ხმა და აღმოჩნდა, რომ გამანაწილებელი ლილვი იყო დაზიანებული, რომელიც მათ სერვისში მანამდე შეცვლილი არ ყოფილა. აღნიშნულის საპირისპიროდ მოპასუხე მიუთითებს, რომ სატრანსპორტო საშუალებას იგივე პრობლემა ჰქონდა, რაც 2018 წლის 3 ოქტომბერს (ძრავი მუშაობდა ხარვეზებით და ხმაურობდა). ამდენად, 2018 წლის 15 ოქტომბერს სერვისცენტრში უნდა მომხდარიყო მანამდე არსებული ნაკლის გამოსწორება.
უდავოდ დადგენილია, თუ რა სახის მომსახურება გაეწია მოპასუხეს 2018 წლის 3 ოქტომბერს, კერძოდ სატრანსპორტო საშუალებას ჩაუტარდა: კომპიუტერული დიაგნოსტიკა, შეიცვალა საწვავის ფილტრი, გამოირეცხა საწვავის ავზი, შეიცვალა მაღალი წნევის მარეგულირებელი რეგულატორი და მოხდა საწვავის ტუმბოს და მართვის ბლოკის ინიციალიზაცია. ამდენად, დგინდება, რომ ძრავის შეკეთება ან შეცვლა არ მომხდარა. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მოპასუხე არ ხდის სადავოდ მოსარჩელის განმარტებას მასზედ, თუ რა მომსახურეობა გაეწია კონკრეტულად ავტომანქანას 2018 წლის 15 ოქტომბერს. ყოველივე აღნიშნული აძლევს სასამართლოს იმის საფუძველს, რომ გაზიარებული უნდა იქნას შპს „თე----------------ის“ პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ 2018 წლის 3 ოქტომბერს გაწეული ტექნიკური მომსახურება არ იყო დაკავშირებული ძრავის გაუმართაობასთან და ეს იყო ახალი მომსახურეობა, რაც არ იყო დაკავშირებული მანამდე გაწეულ მომსახურებასთან. შესაბამისად, არ წარმოადენდა ნაკლის გამოსწორებას.
სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ შესაძლებელია, ერთიდაიგივე სატრანსპორტო საშუალებას, თუნდაც დროის მოკლე პერიოდში ჩაუტარდეს რამდენიმე ტექნიკური მომსახურება, რაც ერთმანეთთან არ იყოს დაკავშირებული და გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 26.11.2018 წლის წერილი;
- 26.12.2018 წლის წერილი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე შპს „თე----------------ის“ პოზიციას, რომ 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 9 ნოემბრამდე პერიოდში 15 კალენდარული დღის შემდგომი 5 დღე წარმოადგენდა ხელშეკრულების 5.2. პუნქტით გათვალისწინებულ ნაკლის ან/და ხარვეზის გამოსწორების ვადას.
სასამართლო გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტში დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 9 ნოემბრამდე პერიოდში განხორციელებული მომსახურება გრძელდებოდა ჯამში 24 კალენდარული დღე და არა 26 დღე. 24 კალენდარული დღიდან სასამართლომ დადგენილად მიიჩნია (გადაწყვეტილების 3.2.2. პუნქტი), რომ სატრანსპორტო საშუალებაზე გაწეული მომსახურება შეესაბამებოდა ხელშეკრულების 4.2. პუნქტით გათვალისწინებულ 15 კალენდარულ დღიან ვადას (ხანგრძლივი მომსახურება (ძრავის, ხიდის, სიჩქარეთა კოლოფის)). დარჩენილი 9 დღიდან შპს „თე----------------ი“ ადასტურებს, რომ 4 კალენდარული დღე წარმოადგენს მომსახურების გაწევის ვადაგადაცილებას, ხოლო 5 კალენდარულ დღესთან დაკავშირებით განმარტავს, რომ იგი მინიჭებული ჰქონდა ხელშეკრულების 5.2. პუნქტით.
მოპასუხე არ უარყოფს, რომ 2018 წლის 15 ოქტომბერს, სერვისცენტრში ავტომანქანის მიყვანისას, ძრავის შეკეთების მიზნით მოხდა გამანაწილებელი ლილვის შეცვლა. ლილვის ტესტირების პროცესში დაზიანდა ლილვის თავაკი. ვინაიდან თავაკი აღდგენას არ ექვემდებარებოდა, მიმწოდებელმა მოიძია სხვა ძრავი, თუმცა ტესტირების დროს ისიც ნაკლიანი აღმოჩნდა და საბოლოო ჯამში ცენტრმა მოახდინა ძრავის სხვა ძრავით ჩანაცვლება. მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან ლილვის ტესტირების დროს თავაკის დაზიანებით მას უკვე უფლება ჰქონდა მომსახურება დამატებით 5 კალენდარული დღის ვადაში გაეწია, ვინაიდან ხელშეკრულების 5.2. პუნქტი მას ანიჭებდა უფლებას ნაკლის არსებობის შემთხვევაში 5 კალენდარულ დღეში გამოესწორებინა ნაკლი.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ ლილვის შეცვლით დასრულდა პირველადი მომსახურება და შემდგომ გამოვლენილი ნაკლი მას უკვე მომსახურების დამატებით 5 დღიან ვადაში შეეძლო გამოესწორებინა. სასამართლო მიიჩნევს, რომ 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით შპს „თე----------------ის“ მიერ გაწეული ყველა ეს მომსახურება იყო ერთმანეთის თანმიმდევრული - შეიცვალა გამანაწილებელი ლილვი, რომლის ტესტირებას მოჰყვა თავაკის დაზიანება. დაზიანებული თავაკი აღდგენას არ ექვემდებარებოდა და საბოლოო ჯამში შეიცვალა ძრავი. ფაქტია, რომ შეცვლილი გამანაწილებელი ლილვის ტესტირების გარეშე მომსახურების პროცესი დასრულებული ვერ იქნებოდა და სხვა დეტალის (ნაწილის) დაზიანებაც არა შემსყიდველის, არამედ მოსარჩელის მხრიდან მოხდა.
საბოლოო ჯამში სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შპს „თე----------------ის“ მიერ მომსახურება 9 კალენდარული დღის დაგვიანებით შესრულდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „თე----------------ის“ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 418-ე, 420-ე, 629-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მხარეებს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების თანახმად, შპს „თე----------------მა“ იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობებისა და ვადების დაცვით მოეხდინა სა---------–----------------------–-–იის ბალანსზე რიცხული, სხვადასხვა მარკისა და მოდელის ავტომანქანების ტექნიკურ მომსახურება. თავის მხრივ სა---------–----------------------–-–იის ვალდებულებას წარმოადგენდა ხელშეკრულების ფასის ანაზღაურება.
დასახელებული ხელშეკრულებების ანალიზი ცხადყოფს, რომ მხარეებს შორის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია უფლება-მოვალეობები, ე.ი მენარდე ვალდებულია შეასრულოს გარკვეული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური.
კონკრეტულ შემთხვევაში სა---------–----------------------–-–იამ მიიჩნია, რომ ერთ კონკრეტულ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური მომსახურების განხორციელებისას შპს „თე----------------ის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა მომსახურების ვადის დარღვევას. აღნიშნული საფუძვლით, ხელშეკრულების შესაბამისად მოსთხოვა პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,15%-ის ოდენობით.
შპს „თე----------------მა“ დაადასტურა მომსახურების ვადაგადაცილებით შესრულება, თუმცა არ დაეთანხმა როგორც ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობას, ასევე თავად პირგასამტეხლოს ოდენობაც მიიჩნია შეუსაბამოდ და ვადაგადაცილებული დღეების შემცირების შემდგომ მოითხოვა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება 0,15%-დან 0,02%-მდე.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 9 ნოემბრამდე პერიოდში სადავო 26 კალენდარული დღიდან 2 კალენდარული დღე შემსყიდველმა არასწორად ჩათვალა ვადაგადაცილებულ დღედ, 15 კალენდარული დღე წარმოადგენდა ხელშეკრულების 4.2. პუნქტით გათვალისწინებულ ხანგრძლივი მომსახურებისთვის შეთანხმებულ ვადას (ხანგრძლივი მომსახურება (ძრავის, ხიდის, სიჩქარეთა კოლოფის)). ხოლო დარჩენილი 9 დღე წარმოადგენდა მომსახურების გაწევის ვადაგადაცილებას. ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრებაც მხოლოდ 9 კალენდარული დღის პერიოდზე უნდა მოეხდინა შემსყიდველს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო პირგასამტეხლოს შეამცირებს თუ მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობას მიიჩნევს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად, აღნიშნული კი უნდა დადგინდეს განსახილველი დავის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გადახდის მიზანს წარმოადგენს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველი კონკრეტული ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერი უნდა იყოს, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი გადახდა ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის მაკომპენსირებელ ფუნქციას უნდა ასრულებდეს და ამავდროულად, მხარეებს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან და დროულ შესრულებას აიძულებდეს. მოქმედი სსკ-ით სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს პირგასამტეხლო, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ უნდა იქნას გაგებული იმდაგვარად, რომ სასამართლოს სუბიექტური შეხედულებით ნებისმიერ დროს შეუძლია შეამციროს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა. შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი არის თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.
ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ მხარეები ნების თავისუფლების ფარგლებში თავად განსაზღვრავენ პირგასამტეხლოს ოდენობას, სასამართლო კანონის საფუძველზე უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში კონკრეტულ გარემოებებს, კერძდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული უნდა იყოს.
კონკრეტულ შემთხვევაში ხელშეკრულებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების - 900000 ლარის (ხოლო ცვლილების საფუძველზე 910000 ლარის) 0,15%-ის ოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ ცალკე აღებული ყოველდღიური 0,15% შეიძლება არ წარმოადგენდეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, თუმცა მისი დაანგარიშება ხელშეკრულების ღირებულებიდან არ უნდა განხორციელდეს. ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა შორის არ მომხდარა იმის კვლევა, თუ რა ღირებულების მომსახურება გაეწია სა---------–----------------------–-–იას 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 9 ნოემბრამდე პერიოდში, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს კონკრეტული ზღვრული თანხის გადახდით და 5000 ლარი საკმარის ოდენობად უნდა ჩაითვალოს.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, პირგასამტეხლოს თანხა 28350 ლარი შპს „თე----------------მა“ შემსყიდველს სრულად აუნაზღაურა, ვინაიდან პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში დღის წესრიგში დადგებოდა მოპასუხის მხრიდან უპირობო საბანკო გარანტიის მოთხოვნის აუცილებლობა. საბანკო გარანტია კი იყო სოლიდური - ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%. ამასთან, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პერიოდში მისი სადავოობის საკითხის სასამართლოში გადაწყვეტა მოპასუხეს არ შეუზღუდავდა საბანკო გარანტიის მოთხოვნის უფლებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლიდან გამომდინარე არ არსებობს, არ წარმოშობილა ან შეწყდა შემდგომში.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ის რომ კონკრეტული დავის განხილვის დროს პირგასამტეხლო უკვე გადახდილია, არ წარმოადგენს მისი უკან დაბრუნების დამაბრკოლებელ გარემოებას და სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს მოპასუხისთვის მისი გადახდის დაკისრება.
ამდენად, დაკისრებული 28350 ლარიდან 5000 ლარი პირგასამტეხლოს გამოკლებით სა---------–----------------------–-–იას შპს „თე----------------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 23350 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - სა---------–----------------------–-–იას შპს „თე----------------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 700,50 ლარის გადახდა, ხოლო დარჩენილი თანხა (128,4 ლარი) ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „თე----------------ის“ სარჩელი სა---------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–-ბა - სა---------–----------------------–-–იის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. სა---------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–-ბა - სა---------–----------------------–-–იას შპს „თე----------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 23 350 ლარის გადახდა.
3. სა---------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–-ბა - სა---------–----------------------–-–ი შპს „თე----------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 700.50 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე