გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
210210019002805548
საქმე №2/42 -19 წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12.11.2019 წელი ქ. სიღნაღი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - პაატა ნოზაძე
სხდომის მდივანი - ნათია გოჩიტაშვილი;
მოსარჩელე: ფა-----------–--ი
წარმომადგენელი: სო--------------ე
მოპასუხე: ვა-------------ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სარჩელის მოთხოვნები:
1.1. მოპასუხე ვა-------------ს ფა-----------–--ის სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულების თანახმად დაეკისროს 36 703.5 ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე ვა-------------ს დაეკისროს მოსარჩელის მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხა 1250 ლარის ოდენობით.
სარჩელის დასაბუთება:
მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2018 წლის 03 ივლისს ფა-----------–--სა და ვა-------------ს შორის დაიდო ნოტარიულად დამოწმებული სესხის ხელშეკრულება, რეგისტრაციის N18078246, რომლის თანახმადაც ფა-----------–--მა ვა-------------ს ასესხა თანხა 36 709.5 ლარი. სესხის ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად მსესხებელს თანხა უნდა დაებრუნებინა 2018 წლის 04 ოქტომბერს. თუმცა მოპასუხე თანხას დღემდე არ აბრუნებს. მოსარჩელე ბევრჯერ ეცადა მასთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ. მისი მხრიდან რეაგირება მოსარჩელის სატელეფონო ზარებზე არ მომხდარა, ხოლო ბოლოს ტელეფონი გამორთო. აშკარაა, რომ მოპასუხე თავს არიდებს და არ აპირებს მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე იძულებულია მიმართოს სასამართლოს მისი უფლებების აღსადგენად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 მოპასუხე ვა-------------ის წარმომადგენელმა ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მხარეებს შორის გაფორმებული იყო სესხის ხელშეკრულება. გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხე მოულოდნელად აღმოჩნდა მძიმე ფინანსური პრობლემების წინაშე, მან შესაბამისად ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მოსარჩელის მხრიდან მინიშნება იმაზე, რომ მოპასუხე თანხას დღემდე არ აბრუნებს და ასევე მოსარჩელე ბევრჯერ ეცადა მოპასუხესთან დაკავშირებას თუმცა ეშედეგოდ და მოპასუხის მხრიდან რეაგირება არ მომხდარა, აღნიშნული არ შეეფერება სინამდვილეს. მოსარჩელე როდესაც დაუკავშირდა მოპასუხეს სესხის თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით, მოპასუხემ ტელეფონშივე აუხსნა მას არსებული ფინანსური პრობლემების შესახებ და შეთანხმდნენ შეხვედრაზეც. თუმცა მოსარჩელე შეთანხებულ შეხვედრაზე არ მივიდა. ამის შემდეგ მოპასუხემ რამოდენიმეჯერ სცადა მასთან ტელეფონის საშუალებით დაკავშირება, მაგრამ ვერ დაუკავშირდა და მოპასუხემ ჩათვალა, რომ ალბათ იგი არ იმყოფებოდა საქართველოში და ელოდებოდა მისი მხრიდან გამოხმაურებას. მოპასუხე ცდილობს გამოვიდეს ფინანსური კრიზისიდან და ეტაპობრივად გადაუხადოს მოსარჩელეს სესხის თანხა.
მოპასუხის წარმომადგენელმა მოპასუხისათვის საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის 1250 ლარის მოთხოვნა არ ცნო, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი გადახდის ქვითარი, რომლითაც დადასტურდებოდა მოსარჩელის მხრიდან საადვოკატო ხარჯის გადახდის ფაქტი.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2018 წლის 03 ივლისს მოსარჩელე ფა-----------–--სა და ვა-------------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება N180782468 სანოტარო წესით. სესხის ხელშეკრულების თანახმად ფა-----------–--მა მოპასუხე ვა-------------ს ასესხა 15000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი, ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში, რაც ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად შეადგენს 36 703.50 (ოცდათექვსმეტი ათას შვიდას სამი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარს. სესხი გაცემულია სარგებლის გარეშე, სესხს სარგებელი არ დაერიცხება.
3.2. სესხის ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, სესხი გაცემულია 3 (სამი) თვის ვადით და შესაბამისად მსესხებელი ვალდებულია გამსესხებელს სესხი დაუბრუნოს 2018 წლის 04 ოქტომბერს.
3.3. მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ გადაუხდია სესხად მიღებული თანხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– სესხის ხელშეკრულება,- მხარეთა განმარტებები;
4. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 131-ე, 208-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე 316-ე, 317-ე, 623-ე მუხლები.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
როგორც ზ/აღინიშნა ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული იქნა სესხი და დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები. ამრიგად, სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით მოსარჩელე უფლებამოსილია მოსთხოვოს მოპასუხეებს ვალდებულების შესრულება.
5.3 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი, ხოლო 208-ე მუხლის 3-ე ნაწილის მიხედვით, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოში მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო სრულად გაცემული სესხის თანხის ნაწილში. ხოლო საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო. შესაბამისად პირველი სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელის ცნობის საფუძვლით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 1139 (ათას ას ოცდაცხრამეტი) ლარი. ვინაიდან სარჩელი მოსამზადებელ სტადიაზე მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა სესხის ნაწილში ცნო სრულად. იგი გათავისუფლებულია ბაჟის გადახდისაგან და გადახდილი ბაჟი უბრუნდება მოსარჩელეს.
რაც შეეხება მოსარჩელის მხრიდან საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხისსათვის დაკისრების მოთხოვნას იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, საქმეზე არ არის წარმოდგენილი მოსარჩელის მხრიდან მისი წარმომადგენლისათვის საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის გადახდის დამასტურებელი ქვითარი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ფა-----------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. მოპასუხე მოპასუხე ვა-------------ს ფა-----------–--ის სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულების თანახმად დაეკისროს 36 703.5 (ოცდა თექვსმეტი ათას შვიდას სამი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა.
2. მოპასუხე ფა-----------–--ს დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გახდილი სახელმწიფო ბაჟი სახით გადახდილი 1139 (ათას ას ოცდაცხრამეტი) ლარი.
3. მოსარჩელე ფა-----------–--ს უარი ეთქვას მოპასუხისათვის მოსარჩელის მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის 1250 (ათას ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით დაკისრების თაობაზე.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ნოზაძე