განაჩენი

სისხლის სამართლის 12.12.2019
საქმის ნომერი
170100119003266726
დავის ტიპი
300
თარიღი
12.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/94-19

გამოძიების #0-----------

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი:

 

12 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო

 

მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი

სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ს--–---------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ----------–---------------------–-–---–-, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–------------–-, პირადი ნომერი - 1----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ.თ---–--------------------–----–------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილი.

 

დისპოზიცია: აკრძალულ დროს აკრძალული იარაღით თევზჭერა.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. გ----------------–-–---–-- აკრძალულ დროს, კერძოდ 2018 წლის 27 აგვისტოს დაახლოებით 21:30 საათზე, აკრძალული იარაღით, კერძოდ სახლართი ბადის გამოყენებით აწარმოა თევზჭერა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ტბისში არსებულ ალგეთის წყალსაცავში.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. განსახილველ საქმეში ბრალდებულ გ----------------–-–---–-- სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც საქმის არსებით განხილვაზე მათი გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა მათი შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

 

3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება, გარემოს დაცვვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი მასალები, აქტი, ფოტოები; მოწმეების - გ--–---------------–------–---------–---–-----–----------------------------------------- გამოკითხვის ოქმები; ნივთმტკიცებები და სხვა მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ----------------–-–---–-- მიერ დანაშაულის ჩადენას.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

5. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით კრიმინალიზებულია აკრძალულ დროს აკრძალული საშუალებით თევზჭერა. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ერთი მხრივ, დანაშაულის ჩადენის იარაღს/საშუალებას, რაც გულისხმობს თევზჭერას აკრძალული იარაღით და, მეორე მხრივ, პერიოდს, როდესაც ხორციელდება თევზჭერა.

 

6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილის დისპოზიცია ბლანკეტური შინაარსისაა, რაც იმას გულისხმობს, რომ სასამართლო მოცემული მუხლის ფარგლებში პირის მიერ განხორციელებული ქმედების სამართლებრივი შეფასებისას ხელმძღვანელობს სხვა ნორმატიული აქტებითაც, რაც უკავშირდება თევზჭერის აკრძალული დროისა და აკრძალული საშუალების საკითხის განსაზღვრას. აღნიშნული საკითხები რეგულირებულია არა სისხლის სამართლის კოდექსით, არამედ „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის #423 დადგენილებით, რომლის მე-4 და მე-6 მუხლების თანახმად თევზჭერის აკრძალული პერიოდი დადგენილია 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო სახლართი ბადე მიეკუთვნება თევზჭერის აკრძალულ საშუალებას.

 

7. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სახეზეა მხოლოდ მაშინ, თუ პირი მოქმედებს პირდაპირი განზრახვით, ესე იგი, პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. წინააღმდეგ შემთხვევაში ქმედების დაკვალიფიცირება ზემოაღნიშნული მუხლით ვერ მოხდება. ამასთან, აღნიშნული დანაშაული ფორმალური ხასიათისაა და შედეგს მნიშვნელობა არ აქვს.

 

8. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ----------------–-–---–-- მის მიერ განხორციელებული ქმედებით - აკრძალულ დროს აკრძალული საშუალებით თევზჭერა - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა გ----------------–-–---–-- მიერ აღნიშნულ დანაშაულის ჩადენა. ამასთან, არ არსებობს მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც გ----------------–-–---–-- მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

9. გ----------------–-–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ მან სამართალდამცავ ორგანოებთან პირველივე კონტაქტისას აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან და მიუთითა ყველა რელევანტური ფაქტი. აღსანიშნავია, საქმის არსებითი განხილვისას გ----------------–-–---–-- ქცევა და დამოკიდებულება მის მიერ განხორციელებული ქმედების შესახებ, რაც მის მიერ ჩადენილი ქმედების გაცნობიერებასა და გულწრფელ მონანიებაზე მიუთითებს. ზიანი არ არსებობს, დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს. გ----------------–-–---–-- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ დგინდება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

11. სასამართლო საჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილის სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.

 

12. გ----------------–-–---–-- წარსული ცხოვრებისა და ზემოაღნიშნული მთელი რიგი შემამსუბუქებელი გარემოებების საფუძველზე, ასევე იმის გათვალისწინებით რომ სახეზე არ არის დამამძიმებელი გარემოებები სასამართლოს წარმოუდგენლად მიაჩნია მის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, ამასთან სასჯელის აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით ჯარიმასა და გამასწორებელ სამუშაოს შორის სასამართლო უპირატესობას ანიჭებს ჯარიმას, რის გამოც მის მიმართ სასჯელის სახედ გამოყენებულ უნდა იქნეს ჯარიმა 1000 ლარი. ამასთან, სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, მას დამატებით სასჯელად უნდა განესაზღვროს დანაშაულის იარაღისა და ჩასადენად გამიზნული ქონების - ნავისა (2 ნიჩბით) და სახლართი ბადის ჩამორთმევა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ----------------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 ლარი. მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნოს ქონების - ნავისა (ორი ნიჩბით) და სახლართი ბადის ჩამორთმევა.

 

2. გ----------------–-–---–-- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვეში გირაოს თანხა 1000 ლარი დაუბრუნდეს მის შემტან პირს - გ----------------–-–---–-.

 

3. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

 

4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი