გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.12.2019
საქმის ნომერი
010310018002275494
კატეგორია
დავის ტიპი
საერთო სახელმწოფო და ადგილობრივ გადასახადებთან დაკავშირებით
თარიღი
12.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№010310018002275494

საქმე №3-37/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

5 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - კობა გოცირიძე

სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე

მოსარჩელე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი – ნ--------------–---

მოპასუხე – შპს ,,პრეზიდენტ პლაზა ინკ“

წარმომადგენელი (არ გამოცხადდა)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1.1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში შპს ,,პრეზიდენტ პლაზა ინკ-ს“ მიმართ, დირექტორი ო-–--------- პ---–-------,) რომლითაც მოითხოვა დავალიანების ანაზღაურების სახით, მოპასუხისათვის 1614.24 ლარის გადახდის დაკისრება.

 

2.1. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

 

შპს ,,პრეზიდენტ პლაზა ინკ-ს“, დირექტორმა, ო-–--------- პოლიაკოვმა 2017 წლის 06 თებერვალს განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩა N17-ში მდებარე, სასტუმრო ,,პრეზიდენტ პლაზას’’ მიმდებარედ, მ. აბაშიძის ქუჩის მხრიდან 38 კვ.მ ფართზე, გარე ვაჭრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 24 თებერვლის N25/2683 წერილით, განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და შპს ,,პრეზიდენტ პლაზა ინკ-ს“ გაუგრძელდა გარე ვაჭრობის უფლება 2017 წლის 1-ელი თებერვლიდან, 2018 წლის 1-ელ თებერვლამდე, ქ. ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩა N17-ში მდებარე სასტუმრო ,,პრეზიდენტ პლაზას’’ მიმდებარედ, მ. აბაშიძის ქუჩის მხრიდან 38 კვ.მ ფართზე, ღია კაფეს მოსაწყობად. იმავე წერილით განისაზღვრა, გარე ვაჭრობის უფლებით სარგებლობის საფასური და მოპასუხეს განემარტა, რომ საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, მას დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, გარე ვაჭრობის უფლების მთლიანი საფასურის 0,1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 22 ნოემბრის N25/18595 წერილით შპს ,,პრეზიდენტ პლაზა ინკ-ს“ დირექტორს ეცნობა, რომ ,,თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დადგენის შესახებ’’ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 10 თებერვლის N8 დადგენილების შესაბამისად, გარე ვაჭრობის უფლებით სარგებლობის შედეგად გააჩნია დავალიანება 1614.24 ლარის ოდენობით და მისი გადახდის მიზნით განესაზღვრა ერთი კვირის ვადა.მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც დავალიანება შეადგენს 1614.24 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.მოპასუხე არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა, რომელიც მოწვეული იყო საქართველოს სსკ 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. მოპასუხეს სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ უცნობებია. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.შპს ,,პრეზიდენტ პლაზა ინკ-ს“, დირექტორმა, ო-–--------- პოლიაკოვმა 2017 წლის 06 თებერვალს განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩა N17-ში მდებარე, სასტუმრო ,,პრეზიდენტ პლაზას’’ მიმდებარედ, მ. აბაშიძის ქუჩის მხრიდან 38 კვ.მ ფართზე, გარე ვაჭრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,პრეზიდენტ პლაზა ინკ-ს“, დირექტორის განცხადება;

- მხარის ახსნა-განმარტება.

 

3.1.2.ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 24 თებერვლის N25/2683 წერილით, განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და შპს ,,პრეზიდენტ პლაზა ინკ-ს“ გაუგრძელდა გარე ვაჭრობის უფლება 2017 წლის 1-ელი თებერვლიდან, 2018 წლის 1-ელ თებერვლამდე, ქ. ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩა N17-ში მდებარე სასტუმრო ,,პრეზიდენტ პლაზას’’ მიმდებარედ, მ. აბაშიძის ქუჩის მხრიდან 38 კვ.მ ფართზე, ღია კაფეს მოსაწყობად.

წერილის მე-2-ე პუნქტით დადგინდა გარე ვაჭრობის უფლების საფასური - თვეში 114 ლარის ოდენობით, ხოლო მოთხოვნილი პერიოდისათვის, 1368 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 24 თებერვლის N25/2683 წერილი;

- მხარის ახსნა-განმარტება.

 

3.2.3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 22 ნოემბრის N25/18595 წერილით შპს ,,პრეზიდენტ პლაზა ინკ-ს“ დირექტორს ეცნობა, რომ ,,თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დადგენის შესახებ’’ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 10 თებერვლის N8 დადგენილების შესაბამისად, გარე ვაჭრობის უფლებით სარგებლობის შედეგად გააჩნია დავალიანება 1614.24 ლარის ოდენობით. აქედან 1368.00 ლარი არის გარე ვაჭრობის უფლების საფასური, ხოლო 246.24 ლარი- პირგასამტეხლო. ამავე წერილით დავალიანების გადახდისათვის განესაზღვრა ერთი კვირის ვადა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 22 ნოემბრის N25/18595 წერილი;

- მხარის ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წლის 26 იანვარს სარჩელი აღძრა სასამართლოში, შპს ,,პრეზიდენტ პლაზა ინკ-ს“ მიმართ, დავალიანების ანაზღაურების სახით, მოპასუხისათვის 1614.24 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სასარჩელო განცხადება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები მხარის მიერ სადავო არ გამხდარა.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1.დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი, დავალიანების ანაზღაურების სახით, მოპასუხისათვის 1614.24 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:

 

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

-საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

-საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.

 

ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 24 თებერვლის N25/2683 წერილის საფუძველზე, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს ,,პრეზიდენტ პლაზა ინკ-ს“ განცხადება, მხარეთა შორის წარმოიშვა სახელშეკრულებო ურთიერთობა. წერილი ჩაბარდა შპს ,,პრეზიდენტ პლაზა ინკ-ს“ წარმომადგენელს, რითაც ის დაეთანხმა მასში ასახულ პირობებს, შესაბამისად, თავისი შინაარსით მითითებული წერილი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რამდენადაც იგი გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით.

 

6.2.,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უიმისოდ კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისთვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისთვის”. აღნიშნული კანონის მე-121 მუხლის შეასაბამისად, ,,მოსაკრებლების გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს”.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 10 თებერვლის №8 დადგენილება არეგულირებს თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე და შენობა-ნაგებობაში გარე ვაჭრობის ადგილის განსაზღვრის და გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთის (ობიექტის) განთავსების, ასევე ბაზრისა და ბაზრობისათვის განკუთვნილი ტერიტორიის მოწყობის წესებს. დადგენილების მე-4 მუხლის მიხედვით, გარე ვაჭრობა დასაშვებია თვითმმართველი ქალაქის-ბათუმის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მხოლოდ განსაზღვრულ ადგილებზე. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრას საკუთარი ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს თვითმმართველი ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანო. დადგენილების მე-8 მუხლის შესაბამისად, გარე ვაჭრობის უფლების საფასურის ამოღებას ახორციელებს ქალაქ ბათუმის მერია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების ამოცანებია ქალაქის იერსახის დაცვა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ქალაქის მოსახლეობის ინტერსების დაცვა, ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მიღება, რაც უკავშირდება აღმასრულებელი ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, აღმასრულებელი ორგანო თავის საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას დასახელებული წესის მიხედვით განახორციელებს სახელშეკრულებო ურთიერთობის სახით, რაც იმაში გამოიხატება, რომ გადაწყვეტილება გარე ვაჭრობის უფლების მიცემაზე ან მიცემაზე უარის თქმის თაობაზე გამოიცემა წერილობითი თანხმობისა და სახელშეკრულებო პირობების ფორმით. ამ წესით არის გაცემული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 24 თებერვლის N25/2683 წერილი, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ზ“ პუნქტით განსაზღვრულ, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს.მოსარჩელე მხარე სწორედ ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების შესრულების სახით მოითხოვს თავისი სარჩელით მოპასუხისაგან თანხის ანაზღაურებას.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. საქართველოს სამოქალქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.5. სასამართლოს იზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ შპს ,,პრეზიდენტ პლაზა ინკ-ს“, მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული, კერძოდ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 24 თებერვლის N25/2683 წერილის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას გარე ვაჭრობის უფლების საფასური გადაიხადოს ყოველთვიურად, ყოველი თვის 05 რიცხვამდე, ხოლო მიმდინარე თვეში, გარე ვაჭრობის უფლების მოპოვებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. შპს ,,პრეზიდენტ პლაზა ინკ-ს“ დამატებითი ვადის განსაზღვრისათვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისათვის არ მიუმართავს.

 

6.6. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 24 თებერვლის N25/2683 წერილით გათვალისწინებულ იქნა მხარეთა პასუხისმგებლობა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევისათვის. კერძოდ, წერილის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს გარე ვაჭრობის უფლების საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას, გარე ვაჭრობის უფლების მთლიანი საფასურის 0,1%-ს დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებები, მათ შორის პირგასამტეხლო. აღნიშნული ნორმა განმარტავს, თუ რა შეიძლება იყოს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ზიანი; კერძოდ, იმისთვის, რომ კრედიტორმა შეძლოს ზიანის გამო დავა, სახეზე უნდა იყოს შემდეგი პირობები: ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ბრალეული შეუსრულებლობა და უშუალოდ ასეთი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს ცნება, რომლის თანახმად ის არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ერთგვარ ფორმას წარმოადგენს, რომელსაც გააჩნია, ვალდებულების დროული შესრულების პრევენციული ფუქნცია, ის კრედიტორისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების ლეგალური საშუალება და კრედიტორის აქცესორული უფლებაა და არ არსებობს ძირითადი უფლების გარეშე.

 

6.8. დადგენილია და უდავო, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული უფლება მოქმედებდა, 2017 წლის 1-ელი თებერვლიდან, 2018 წლის 1-ელ თებერვლამდე. სასამართლო საქმეზე მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 22 ნოემბრის N25/18595 წერილის საფუძველზე დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ შპს ,,პრეზიდენტ პლაზა ინკ-ს“ გააჩნია დავალიანება მოსარჩელის მიმართ, რაც წარმოიშვა გარე ვაჭრობის უფლებით სარგებლობის შედეგად და შეადგენს - 1614.24 ლარს.

 

6.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 24 თებერვლის N25/2683 წერილით განსაზღვრულია არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობის გამო შპს ,,პრეზიდენტ პლაზა ინკ-ს“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ წარმოეშვა გარე ვაჭრობის უფლებით სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

 

სასამართლო უდავოდ დადგენილად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნა შპს ,,პრეზიდენტ პლაზა ინკ-ს“ მიმართ საფუძვლიანია, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა შპს ,,პრეზიდენტ პლაზა ინკ-ს“ მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა.

 

6.10. კანონის დასახელებული ნორმებისა და დადგენილ გარემოებათა საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებული და საფუძვლის მქონეა, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე მხარეს, შპს ,,პრეზიდენტ პლაზა ინკ-ს“ უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, 1614 (ათას ექვსას თოთხმეტი) ლარის და 24 (ოცდაოთხი) თეთრის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 %-ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, აქედან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი, 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 251-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე. 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

 

2. მოპასუხე შპს ,,პრეზიდენტ პლაზა ინკ-ს“ დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, 1614 (ათას ექვსას თოთხმეტი) ლარის და 24 (ოცდაოთხი) თეთრის გადახდა.

 

3. მოპასუხე შპს ,,პრეზიდენტ პლაზა ინკ-ს“ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;

 

მოსამართლე კობა გოცირიძე