გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.12.2019
საქმის ნომერი
190210119002951509
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
12.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2-631-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

19 ნოემბერი, 2019 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე: მამუკა ნოზაძე

სხდომის მდივანი: გვანცა ბერუაშვილი

 

მოსარჩელე: შ------------------------

წარმომადგენელი: გ--------–-------–---–-

 

მოპასუხე: შ----------------–---------------------------------–----–--------–------

წარმომადგენელი: ლ----------------–-–---–-

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოპასუხე შ----------------–---------------------------------–----–--------–-----"-ს მოსარჩელე შ------------------------’-ს სასარგებლოდ 54 027.55 ლარის გადახდის დაკისრება.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

შ------------------------ მიერ შ-----------------–---------------------------------–----– კ------–-----“-ის ანგარიშზე იურიდიული მომსახურებისათვის ჩარიცხული არის 54 027.55 ლარი. მოპასუხეს მოსარჩელისათვის არანაირი იურიდიული მომსახურება არ გაუწევია, რის გამოც უნდა დაეკისროს გადახდილი თანხის დაბრუნება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე სარჩელს ეთანხმება იმ ნაწილში, რომ შ-------------------------ს მიერ შ----------------–---------------------------------–----–--------–-------ის ანგარიშზე იურიდიული მომსახურებისთვის ჩარიცხული არის 54027.55 ლარი, ხოლო ის ფაქტი რომ მოპასუხეს მოსარჩელისთვის არანაირი იურიდიული მომსახურება არ გაუწევია, მოპასუხე არ ეთანხმება.

მოპასუხე ასევე დამატებით ფაქტობრივ გარემოებებში მიუთითიებს, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს მოსარჩელე მხარის დავალების შესაბამისად შედგენილი და მოპასუხეზე გადაცემული აქვს: თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულების პროექტები, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, მათ შორის ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან არაერთი წერილის პროექტი, ყურძნის შესყიდვასთან დაკავშირებით ერთჯერადი ხელშეკრულებების პროექტები, რეკომენდაციები, ქარხნებთან მომსახურების ხელშეკრულებების პროექტები. გარდა ზემოაღნიშნულისა, მოპასუხის ხარჯით მოხდა რთველის პერიოდში ადგილზე მოსარჩელის წარმომადგენლებთან ერთად, როგორც გლეხებთან, ისე მომსახურე საწარმოებებთან პრობლემურ საკითხებზე შეხვედრებისა და მოლაპარაკებების დროს იურიდიული კონსულტაციების გაწევა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1 2017 წლის 01 დეკემბერს შ-------------------------ს მიერ შ-----------------–---------------------------------–----– კ------–-----“ -თან გაფორმდა იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საგანი იყო მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის იურიდიული მომსახურების გაწევა.

მტკიცებულება: იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება 01/12/2017;

 

3.1.2. შ-------------------------ს მიერ შ----------------–---------------------------------–----–--------–-------ის ანგარიშზე იურიდიული მომსახურებისთვის ჩარიცხული არის 54027.55 ლარი.

მტკიცებულებები:

ა. საგადახდო დავალება #3336 (დანართი1)

ბ.საგადახდო დავალება #3644 (დანართი2)

გ. საგადახდო დავალება #3684 (დანართი3)

დ. საგადახდო დავალება #3969 (დანართი4)

ე. საგადახდო დავალება #4301 (დანართი5)

ვ. საგადახდო დავალება #4568 (დანართი6)

ზ. საგადახდო დავალება #5059 (დანართი7)

თ. საგადახდო დავალება #5925 (დანართი8)

ი. საგადახდო დავალება #6268 (დანართი9)

კ. საგადახდო დავალება #6680 (დანართი10)

ლ. საგადახდო დავალება #6937 (დანართი11)

მ. საგადახდო დავალება #7221 (დანართი12)

ნ. საგადახდო დავალება #3336 (დანართი13)

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

მხარეთა მიერ სადავოა ხელშეკრულებით გათვალისწინებული იურიდიული მომსახურების გაწევის საკითხი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა შ-------------------------ს სასარჩელო მოთხოვნა და მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმის ჩვენების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102-103-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერ მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, კანონმდებელმა ერთის მხრივ განსაზღვრა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტი, ხოლო მეორეს მხრივ დაადგინა მტკიცებულებათა დასაშვებობის კრიტერიუმები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. ფაქტები, რომლებიც ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე თავისუფალია ამ ფაქტების დამტკიცებისაგან. მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან, ხოლო 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლის გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ.

 

ამავე კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება.

 

აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის გამოყენება დასაშვებია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოცემულია შემდეგი პირობები: დადებული ხელშეკრულება ორმხრივი უნდა იყოს, ანუ ხელშეკრულების მონაწილეები ერთდროულად კრედიტორებსა და მოვალეებს უნდა წარმოადგენდნენ; ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის წარდგენის დროისათვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მეორე მხარის მიერ არ უნდა იყოს შესრულებული; დამრღვევი მხარის მხრიდან ადგილი უნდა ჰქონდეს ძირითადი ვალდებულების დარღვევას და ეს დარღვევა მნიშვნელოვანი ხასიათის უნდა იყოს. ამასთან, გასული უნდა იყოს მხარისათვის ვალდებულების შესრულებისათვის დამატებით განსაზღვრული ვადა (გარდა იმ შემთხვევისა, როცა აშკარაა, რომ მას შედეგი არ მოჰყვება).

 

განსახილველ შემთხვევაში 2017 წლის 01 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შემსრულებლის მიერ დამკვეთისათვის იურიდიული მომსახურების გაწევა. რაც გამოიხატება შემდეგში: საწარმოს შიდა კორპორატიული ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების თაობაზე რეკომენდაციების გაცემა, დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში „შემსრულებელი“ შეადგენს ყველა სამართლებრივ დოკუმენტს, რომელიც საწარმოს შიდაკორპორატიულ მართვას ეხება. შემსრულებლის მიერ დამკვეთისათვის მესამე პირებთან ურთიერთობაში ნებისმიერი საჭირო დოკუმენტისა თუ ხელშეკრულების მომზადება, ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხე არ იყო ვალდებული მუდმივად ყოფილიყო მოსარჩელის სამუშაო ადგილზე და მომსახურების გაწევა მოხდებოდა დისტანციურად, მხარეთათვის ხელსაყრელი კომუნიკაციის ფორმით. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილია მოპასუხეზე იურიდიული მომსახურებისათვის ჩარიცხული თანხების დამადასტურებელი ქვითრები, ხოლო რაიმე სახის დამადასტურებელი მტკიცებულება იურიდიული მომსახურების არ გაწევის ან არაჯეროვნად შესრულების გამო (თუნდაც გაფრთხილების წერილი), მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი. მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შ-----------------–---------------------------------–---ლ კ------–-----ი"-ს მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტები სხვადასხვა პროექტების სახით, რაც თავის მხრივ დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ვ-–----------------მ, რომელიც იმ ეტაპზე წარმოადგენდა შ-------------------------" დირექტორის მინდობილ პირს და მენეჯერულ ფუნქციებს ასრულებდა საწარმოში.

 

მოსარჩელე მხარემ სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების შემდგომ არ არის გაცემული არცერთი რწმუნებულება, რაც მიუთითებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობაზე. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 2.3.2 პუნქტის თანახმად შემსრულებლის მიერ დამკვეთის წარმოდგენა საქართველოს საერთო სასამართლოების ნებისმიერ ინსტანციაში სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე, ასევე, წარმომადგენლობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხორციელდება მხარეთა შორის ცალკე ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული მომსახურების შესასრულებლად დამკვეთი გასცემს ნოტარიული წესით დამოწმებულ რწმუნებულებას. სასამართლო მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. სასამართლო განმარტავს, რომ დავალების ხელშეკრულება ითვალისწინებს მარწმუნებელსა და რწმუნებულს შორის ორმხრივი უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას. დავალების ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური ხელშეკრულებაა. მისი მხარეებია, ერთი მხრივ მარწმუნებელი, რომელიც დავალების მიმცემია და ამ სახის ურთიერთობაში კრედიტორის როლში გამოდის, ხოლო მეორე მხრივ რწმუნებული, რომელიც კისრულობს დავალებული მოქმედების განხორციელებას და მონაწილეობს მოვალის მხარეზე. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს შორის ასეთი ვალდებულება არ ყოფილა, რაც წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. აღნიშნულს ვერ გაიზიარებს სასამართლო, რადგან რწმუნებულების გაცემა დამკვეთის მიერ შემსრულებელზე დამკვეთის დისკრეციული უფლება არის და ამ უფლების დამკვეთის მიერ არ გამოყენება არ შეიძლება მიჩნეული იქნეს შემსრულებლის მიერ ხელშეკრულების დარღვევად.

 

მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების 10.1.3 პუნქტის თანახმად „შემსრულებელი“ ვალდებულია ხელშეკრულების დადებიდან ნებისმიერ პირს, რომელთანაც იმყოფება წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების დადების თაობაზე, მოსთხოვოს ინფორმაცია ხომ არა აქვს რაიმე ინტერესთა კონფლიქტი „დამკვეთთან“. ასეთის არსებობის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ შეწყვეტს მასთან სამართლებრივ კონსულტაციასა და მომსახურების გაწევას. მოსარჩელე მიუთითებს, რომ შეთანხმების ამ ნორმის დარღვევას ქონდა ადგილი მოპასუხის მხრიდან, რის დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში დარეგისტრირებული სარჩელი, სადაც მოსარჩელის ინტერესებს იცავს ლ----------------–-–---–-, ხოლო მოპასუხეს წარმოადგენს შ------------------------. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს აღნიშნულს იურიდიული მომსახურების შეუსრულებლობად, ვინაიდან მხარეებს შორის ხელშეკრულება დადებულია შ------------------------" და შ----------------–---------------------------------–---ლ კ------–-----ი“-ს დირექტორს - ვ----–---------–-–---–- შორის და არა ფიზიკურ პირს - ლ----------------–-–---–- შორის.

 

მოსარჩელის მიერ თვეების მიხედვით პერიოდულად, სულ 13ჯერ იქნა მოპასუხისათვის იურიდიული მომსახურების საფასური გადახდილი, რაც წელზე მეტს გრძელდებოდა და თუ ვერ იღებდა პირველივე ან მომდევნო თვეში შესაბამის იურიდიულ მომსახურებას, ეს ასახული უნდა ყოფილიყო შემდგომ გადახდაზეც, რასაც ადგილი არ ჰქონია.

 

6. შემაჯამებელი დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა დადასტურებული სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოება ხელშეკრულებით გათვალისწინებული იურიდიული მომსახურების არ გაწევის შესახებ, საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი, კერძოდ, მოსარჩელე მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ შ-----------------–---------------------------------–---ლ კ------–-----ი" ხელშეკრულებით გათვალისწინებული რელევანტურ მოქმედებებს არ ახორციელებდა, ან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას. შესაბამისად სასამართლო თვლის რომ სარჩელი დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში შ--------------------------- უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1670.82 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. შ-------------------------ს სარჩელი შ----------------–---------------------------------–----–--------–-----ი“-ს მიმართ თანხის - 54027.55 ლარის დაკისრების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს;

2. მოსარჩლე შ-------------------------ს მიერ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი და სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1620.82 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წაინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მამუკა ნოზაძე