გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.11.2019
საქმის ნომერი
330310119002933753
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
08.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/2546-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

8 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე

 

სხდომის მდივანი ციალა გახელაძე

 

მოსარჩელე - კ--------------------ი

წარმომადგენელი - კ----–----------ა

 

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - მ-------------–---–ი

 

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

წარმომადგენელი - ე-----–------------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 16 დეკემბრის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში.

 

1.2. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 17 იანვრის №6-- ბრძანება სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში.

 

1.3. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში. (იხ. 2019 წლის 11 ოქტომბრის სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2018 წლის 15 დეკემბერს სგპ „სადახლო-საავტომობილოს“ საბაჟო კონტროლის ზონაში სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან შევიდა OPEL ZAFIRA-ს მარკის მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება სომხეთის სახელმწიფო ნომრით 3------, რომელსაც მართავდა სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე K--------------N. მებაჟე ოფიცერთან ინტერვიურებისას აღნიშნულმა პირმა განაცხადა, რომ არ ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მათ შორის, კომერციული დანიშნულების საქონელი, მაგრამ დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ ავტომანქანაში იყო კომერციული დანიშნულების შებოლილი თევზი სიგა. მებაჟე ოფიცრის მიერ აღნიშნული ფაქტის დაფიქსირების დროს მძღოლი არ დაემორჩილა მის კანონიერ მოთხოვნას წარედგინა საკუთარი პირადობის დამადასტურებელი პასპორტი და ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, კამერით დაეფიქსირებინა მანქანაში მოცემული საქონლის არსებობის ფაქტი, გაიქცა და თვითნებურად მიატოვა საბაჟო კონტროლის ზონა. რამდენიმე საათის შემდეგ კონტროლის ზონაში გამოცხადდა კ--------------------ი, რომელიც მიემართებოდა სომხეთში. კითხვაზე, თუ რატომ არ დაემორჩილა მოთხოვნას და რატომ დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა, მან განაცხადა, რომ ავტომანქანაში ჰქონდა 5 ყუთი, დაახლოებით 45კგ. შებოლილი თევზი სიგა (რომლის საბაჟო ღირებულებამ სარეზერვო მეთოდის მიხედვით შეადგინა 1919.25 ლარი, ხოლო მასზე დარიცხულმა საბაჟო გადასახდელებმა - 345 ლარი), რომელიც თვითნებურად გადმოტვირთა მანქანიდან და გადასცა სხვა პირს.

 

ზემოაღნიშნულ ფაქტზე კ--------------------ის მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 16 დეკემბერს 09:29 სთ-ზე შედგა №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და იგი დაჯარიმდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, 800 ლარით; 09:51 სთ-ზე შედგა №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის საფუძველზე კ--------------------ს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით და ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალება; 10:02 სთ-ზე შედგა №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და იგი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-15 ნაწილის საფუძველზე 1000 ლარით; 10:22 სთ-ზე შედგა №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის საფუძველზე კ--------------------ს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა საბაჟო გადასახდელის 100%-ის - 345 ლარის ოდენობით და წარედგინა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 16 დეკემბრის №E-------- საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც კ--------------------ს დამატებით გადასახდელად დაერიცხა დღგ საბაჟო - 345 ლარი.

 

აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევების ოქმები და საგადასახადო მოთხოვნა კ--------------------ს ეთარგმნა მისთვის გასაგებ სომხურ ენაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 16 დეკემბრის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ.14-15);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 16 დეკემბრის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ.16-17);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 16 დეკემბრის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ.18-19)

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 16 დეკემბრის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ.20-21);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 16 დეკემბრის №E-------- საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ.12-13);

- „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის“ 2018 წლის 16 დეკემბრის №6---------- დოკუმენტი (ს.ფ.22-23).

 

3.2. კ--------------------მა 2018 წლის 17 დეკემბერს საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 16 დეკემბრის №E-------, №E-------, №E-------, №E------- საგადასახადო სამართალდარღვევების ოქმებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 16 დეკემბრის №E-------- საგადასახადო მოთხოვნის გაუქმება.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 17 იანვრის №6-- ბრძანების თანახმად, საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

ბრძანების თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიუთითა, რომ მომჩივანი პირველად არ გადაადგილდებოდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე (133 გასვლა/შემოსვლა), ხოლო 2018 წლის განმავლობაში სამჯერ იყო დაჯარიმებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის (№E-------; №E-------; №E-------). გამომდინარე იქიდან, რომ მომჩივანი არ დაემორჩილა საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერ მოთხოვნას, უგულებელყო იგი, აღნიშნულმა კი შეაფერხა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლის თანახმად, ასეთი ქმედება წარმოადგენს საგადასახადო სამართალდარღვევას. საქმეზე არსებული მასალიდან ასევე დასტურდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე–14, მე-15 და მე-19 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის ფაქტებიც.

 

ბრძანების მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით განსაზღვრულია სანქციის შეფარდების რამდენიმე ალტერნატიული სახე, როგორც განცალკევებულად, ისე ერთობლივად, რაც უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, ყოველ კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღოს საქმეზე არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების გონივრული და ჯეროვანი შეფასების შედეგად, ისე რომ დაცულ იქნეს სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ამოცანები, რათა დაუსაბუთებლად არ იქნეს შეზღუდული მოქალაქეთა უფლებები და ინტერესები. კანონმდებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, თავად აირჩიოს სამართლებრივი შედეგი. სადავო აქტით განსაზღვრული სანქციის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოუყენებლობა კი ნიშნავს იმას, რომ სამართალდამრღვევს მიეცემა კიდევ ერთი შანსი ანალოგიური ქმედების ჩადენისათვის და სამართალდამრღვევის მიერ კვლავ განხორციელდება საქართველოში არადეკლარირებული საქონლის შემოდინება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაურღვევია ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ნორმები. გამოყენებული სანქციით დაცულია თანაზომიერების პრინციპი, უზრუნველყოფილია იურიდიული თანასწორობა. ჩადენილი ქმედების ხასიათიდან გამომდინარე გამოყენებული სანქცია თანაზომიერია იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს საგადასახადო ორგანო. ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის, განსახილველ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარეშე მხოლოდ ფულადი სანქციის შეფარდებით ვერ იქნება მიღწეული სამართალდარღვევის საქმის განხილვის და სამართალდარღვევის აღკვეთის მიზანი, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, მომჩივანი 2018 წლის განმავლობაში სამჯერ იყო დაჯარიმებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის. სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ დადგენილად მიიჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტებს, რაც, ასევე, წარმოშობს საგადასახადო ვალდებულებასაც. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოვლენილი სამართალდარღვევის კონკრეტულ ფაქტებზე და საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. შესაბამისად, სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული ჯარიმები სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს მათი გაუქმების საფუძველი. საჩივარში მოყვანილი გარემოებები და არგუმენტები კი არ წარმოშობს მომჩივნის მიმართ დაკისრებული პასუხისმგებლობის გაუქმების საფუძვლების.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- კ--------------------ის 2018 წლის 17 დეკემბრის საჩივარი (ს.ფ.92-94);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 17 იანვრის №6-- ბრძანება (ს.ფ.24-28).

 

3.3. კ--------------------მა 2019 წლის 31 იანვარს საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 17 იანვრის №6-- ბრძანებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 16 დეკემბრის №E-------, №E-------, №E-------, №E------- საგადასახადო სამართალდარღვევების ოქმებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 16 დეკემბრის №E-------- საგადასახადო მოთხოვნის გაუქმება.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

გადაწყვეტილების თანახმად, დავების განხილვის საბჭომ აღნიშნა, რომ მომჩივანს 2018 წლის 12 მაისს, 2018 წლის 26 ივნისს და 2018 წლის 11 დეკემბერს შეფარდებული აქვს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია. სამივე შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ აღმოჩენილია სხვადასხვა (55.9კგ; 20კგ და 113.3კგ) რაოდენობის არადეკლარირებული თევზი. საბჭომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სანქციის შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს თითოეულ იმ გარემოებას, რომელიც გავლენას ახდენს პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის განზრახულობაზე, სამართალდარღვევის საზოგადოებრივ საშიშროებასა და უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდების შესაძლო უარყოფით შედეგებზე. ამგვარად, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მომჩივანს წარსულშიც არაერთგზის ჰქონდა ჩადენილი საგადასახდო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, აღნიშნულმა სამართალდარღვევამ მიიღო რეგულარული ხასიათი, რასაც თან ახლდა საგადასახადო ორგანოს კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა, საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება და საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განკარგვა, საბჭომ მიიჩნია, რომ კ--------------------ის მიმართ ამავე კოდექსის 277-ე და 289-ე მუხლებით გათვალისწინებული სანქციების სრულად გამოყენება კანონშესაბამისია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 17 იანვრის №6-- ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- კ--------------------ის 2019 წლის 31 იანვრის საჩივარი (ს.ფ.29-34);

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება (ს.ფ.35-44).

 

3.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 12 მაისის 01:38 საათზე შედგენილია №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, 2018 წლის 12 მაისს სგპ „სადახლო-საავტომობილოს“ კონტროლის ზონაში სომხეთის მხრიდან შევიდა სომხეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილი OPEL ZAFIRA 3------, რომელსაც მართავდა სომხეთის მოქალაქე K--------------N. ინტერვიურებისას აღნიშნულმა პირმა განაცხადა, რომ დასადეკლარირებელი არაფერი ჰქონდა. ავტომობილის დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა არადეკლარირებული, დამალული საქონელი, კერძოდ, შებოლილი თევზი 20კგ., რომელიც მოთავსებული იყო ავტომობილის საწვავის გაუქმებულ ავზში. აღნიშნული სამართალდარღვევისათვის K--------------N საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით დაჯარიმდა 1000 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 12 მაისის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ.144-145).

 

3.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 26 ივნისის 03:22 საათზე შედგენილია №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, 2018 წლის 26 ივნისის სგპ „სადახლო-საავტომობილოს“ კონტროლის ზონაში სომხეთის მხრიდან შევიდა სომხეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილი სომხეთის სახელმწიფო ნომრით 3------, რომელსაც მართავდა სომხეთის მოქალაქე K--------------N. ინტერვიურებისას აღნიშნულმა პირმა განაცხადა, რომ დასადეკლარირებელი არაფერი ჰქონდა, მათ შორის არც კომერციული დანიშნულების საქონელი. ავტომობილის დათვალიერების საბარგულში და უკანა სალონში აღმოჩნდა არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, შებოლილი თევზი 113.3 კგ. აღნიშნული სამართალდარღვევისათვის K--------------N საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით დაჯარიმდა 1000 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 26 ივნისის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ.146-147).

 

3.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 11 დეკემბერს 02:37 საათზე შედგენილია №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, 2018 წლის 11 დეკემბერს სგპ „სადახლო-საავტომობილოს“ კონტროლის ზონაში სომხეთის მხრიდან შევიდა სომხეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილი OPEL ZAFIRA 3------, რომელსაც მართავდა სომხეთის მოქალაქე K--------------N. ინტერვიურებისას აღნიშნულმა პირმა განაცხადა, რომ დასადეკლარირებელი არაფერი ჰქონდა, მათ შორის არც კომერციული დანიშნულების საქონელი. ავტომობილის დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა თევზი წონით 55.9კგ., რომელიც მოთავსებული იყო ავტომანქანის იატაკის ქვეშ, სათადარიგო საბურავის ადგილას. K--------------N საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით დაჯარიმდა 1000 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 11 დეკემბრის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ.142-143);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი, 43-ე, 207-ე, 215, 269-ე, 289-ე მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, მე-7 მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 29-ე მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-17 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქცია“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 16 დეკემბრის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 17 იანვრის №6-- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.

 

6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტების თანახმად, საბაჟო ზედამხედველობა არის შემოსავლების სამსახურის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების დაცვა; ხოლო საბაჟო კონტროლი არის შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ცალკეული მოქმედებები, რომელთა მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე, ხოლო მიზნობრივი დანიშნულებით გაფორმებისას – საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მიზნობრივი დანიშნულების დასრულებამდე.

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონელი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის მომენტიდან, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი გაფორმების დასრულების მომენტიდან, ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა ამ მუხლით დადგენილი წესით. ეს ვალდებულება არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე.

 

ამავე ბრძანების 21-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქონლის დეკლარირება შესაძლებელია საბაჟო დეკლარაცი ის წარდგენით, ზეპირად ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საშუალებით.

 

მითითებული მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზეპირი (მხოლოდ მგზავრის შემთხვევაში) ან სხვა საშუალებით დეკლარირება, რომლითაც საქონლის მფლობელი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად გამოთქვამს სურვილს, საქონლის მიმართ გამოყენებულ იქნეს სასაქონლო ოპერაცია, ითვლება საბაჟო დეკლარაციის წარდგენად.

 

ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 15 დეკემბერს სგპ „სადახლო-საავტომობილოს“ საბაჟო კონტროლის ზონაში სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან შევიდა OPEL ZAFIRA-ს მარკის მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება სომხეთის სახელმწიფო ნომრით 3------, რომელსაც მართავდა სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე K--------------N. მებაჟე ოფიცერთან ინტერვიურებისას აღნიშნულმა პირმა განაცხადა, რომ არ ქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მათ შორის კომერციული დანიშნულების საქონელი, მაგრამ დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ ავტომანქანაში იყო კომერციული დანიშნულების შებოლილი თევზი სიგა. მებაჟე ოფიცრის მიერ აღნიშნული ფაქტის დაფიქსირების დროს მძღოლი არ დაემორჩილა მის კანონიერ მოთხოვნას წარედგინა საკუთარი პირადობის დამადასტურებელი პასპორტი და ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, კამერით დაეფიქსირებინა მანქანაში მოცემული საქონლის არსებობის ფაქტი, გაიქცა და თვითნებურად მიატოვა საბაჟო კონტროლის ზონა. რამდენიმე საათის შემდეგ კონტროლის ზონაში გამოცხადდა კ--------------------ი, რომელიც მიემართებოდა სომხეთში. კითხვაზე, თუ რატომ არ დაემორჩილა მოთხოვნას და რატომ დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა, მან განაცხადა, რომ ავტომანქანაში ჰქონდა 5 ყუთი, დაახლოებით 45კგ. შებოლილი თევზი სიგა (რომლის საბაჟო ღირებულებამ სარეზერვო მეთოდის მიხედვით შეადგინა 1919.25 ლარი, ხოლო მასზე დარიცხულმა საბაჟო გადასახდელებმა - 345 ლარი), რომელიც თვითნებურად გადმოტვირთა მანქანიდან და გადასცა სხვა პირს.

 

ზემოაღნიშნულ ფაქტზე კ--------------------ის მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 16 დეკემბერს 09:29 სთ-ზე შედგა №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და იგი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე 800 ლარით; 09:51 სთ-ზე შედგა №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის საფუძველზე კ--------------------ს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით და ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალება; 10:02 სთ-ზე შედგა №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და იგი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-15 ნაწილის საფუძველზე 1000 ლარით; 10:22 სთ-ზე შედგა №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის საფუძველზე კ--------------------ს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა საბაჟო გადასახდელის 100%-ის - 345 ლარის ოდენობით და წარედგინა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 16 დეკემბრის №E-------- საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც კ--------------------ს დამატებით გადასახდელად დაერიცხა დღგ საბაჟო - 345 ლარი.

 

მოსარჩელე ითხოვს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას ავტოსატრანსპორტო ჩამორთმევის ნაწილში. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, გამოყენებული სანქცია არის არათანაზომიერი ჩადენილ სამართალდარღვევის ფაქტთან მიმართებით.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განმარტებაზე (საქმე №ბს-222-219(კ-14), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობას გააჩნია სამი საფუძველი: 1. ფორმალური (ნორმატიული), ე.ი. მისი მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების სისტემა, რომლებიც ადგენენ საგადასახადო სამართალდარღვევათა შემადგენლობებს, სამართალდაცვითი ურთიერთობის მონაწილეთა უფლებებს და ვალდებულებებს, განსაზღვრავენ საგადასახადო პასუხისმგებლობის პრინციპებს, გამოყენების წესს და პროცესუალურ ფორმას; 2. ფაქტობრივი, ე.ი. საგადასახადო სამართლის კონკრეტული სუბიექტის ქმედება, რომელიც არღვევს პასუხისმგებლობის ზომებით დაცულ სამართლებრივ ნორმებს; 3. პროცესუალური, ე.ი. უფლებამოსილი ორგანოს აქტი (გადაწყვეტილება) კონკრეტული საგადასახადო სამართალდამრღვევის მიმართ კონკრეტული სანქციის დაკისრების შესახებ. საგადასახადო პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ აღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ამასთან, საფუძვლები მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით უნდა წარმოიშვას. აუცილებელია, არსებობდეს ვალდებულების დამდგენი ნორმა და სანქცია მისი შეუსრულებლობისათვის. შემდეგ უნდა წარმოიშვას ფაქტობრივი საფუძველი – საგადასახადო სამართალდარღვევა. ნორმისა და საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტი, კანონით დადგენილი წესით, განსაზღვრავს საგადასახადო სანქციას საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში უდავოდ დგინდება როგორც სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, ისე პირის მიმართ საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმის გამოყენება, მხოლოდ გამოყენებული სანქციის სახე არის სადავო, აუცილებელია, განისაზღვროს საგადასახადო სანქციის გამოყენების მიზნები, მისი შეფარდების წესი და უშუალოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის გამოსაყენებელი პასუხისმგებლობის სახეები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შინაარსი ცხადყოფს, რომ კონკრეტული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა მოიცავს სამი სახის ღონისძიებას - დაჯარიმებას, საქონლის ჩამორთმევას, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას. საგულისხმოა, რომ მოცემული სახდელები შეიძლება იყოს როგორც ალტერნატიული, ისე კუმულატიური, რომლის განსაზღვრაც ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული მუხლით საგადასახადო ორგანოს ენიჭება რა დისკრეციული უფლებამოსილება, მან უნდა იმოქმედოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებით. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილია კანონიერების პრინციპით და უნდა იმოქმედოს დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და პირის ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს არა კონკრეტული ვალდებულების შესრულების მიზნით, არამედ კანონით მინიჭებული თავისუფლების ფარგლებში, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ნაკარნახევი კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად მიღებული საუკეთესო შედეგის მქონე გადაწყვეტილების მიღებით. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებისას, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს მინიჭებული აქვს გამოსაყენებელი სანქციის სახისა და ოდენობის არჩევის შესაძლებლობა, რასაც თან სდევს პირის უფლებათა და კანონით დაცულ ინტერესთა შეზღუდვა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნას სანქციის შეფარდების ზოგადი პრინციპები.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე ბს-222-219(კ-14), სადაც „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობა იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახეა. იურიდიული პასუხისმგებლობა გულისხმობს სამართალდამრღვევის მიმართ სახელმწიფო იძულების ზომების გამოყენებას მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის. საკუთარი ქმედებისათვის ადამიანი პასუხს აგებს კანონისა და სასამართლოს წინაშე. იურიდიული პასუხისმგებლობა სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფორმაა. იგი ყოველთვის წარსულს (მოქმედება ან უმოქმედობა) აფასებს და დადგება სამართლებრივი მოთხოვნების დარღვევისათვის. იურიდიული პასუხისმგებლობა სამართლის ნორმების დარღვევის გარდაუვალი შედეგია. იურიდიული პასუხისმგებლობა განუყოფლად არის დაკავშირებული სახელმწიფოსთან, სამართლის ნორმებთან, ფიზიკური პირებისა და მათი გაერთიანებების ვალდებულებასთან და მართლსაწინააღმდეგო ქცევასთან. პასუხისმგებლობის გამოყენებისათვის უნდა არსებობდეს წინაპირობები: პირის ბრალეულობა, მისი ქცევის მართლწინააღმდეგობა, მიყენებული ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მის ქცევასა და დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს შორის.“ „საგადასახადო პასუხისმგებლობას, იურიდიული ფუნქციის გარდა, სოციალური ფუნქციაც გააჩნია. საგადასახადო პასუხისმგებლობის სოციალური ფუნქცია საგადასახადო სამართალდარღვევის თავიდან აცილების ზოგადი და კერძო პრევენციით ხორციელდება.“ „საგადასახადო პასუხისმგებლობა, იურიდიული პასუხისმგებლობის სხვა სახეების მსგავსად, კანონიერების, სამართლიანობის, პასუხისმგებლობის გარდაუვალობის და ა.შ. პრინციპებს ეფუძნება, ანუ პრინციპთა ერთიან სისტემას, რომლებიც ასახავენ მის შინაარსს, არსს, ფუნქციებსა და რეალიზაციის ფორმებს. საგადასახადო პასუხისმგებლობის პრინციპები ასახავენ მის ობიექტურ არსს, მიზნებს, ბუნებას და დანიშნულებას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პასუხისმგებლობის ზომების განსაზღვრის დროს კანონმდებელი შეზღუდულია სამართლიანობის, პროპორციულობის და სამართლის სხვა კონსტიტუციური და ზოგადი პრინციპების მოთხოვნებით. საგადასახადო პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებისას სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი და არსებითია არა მხოლოდ საგადასახადო სამართალდამრღვევის დასჯა, არამედ საჯარო ქონებრივი ინტერესების აღდგენა და წარმოშობილი ზიანის კომპენსაცია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული საგადასახადო სანქცია უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და მიყენებული ზიანის მოცულობას. კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევის ადეკვატური უნდა იყოს.“

 

ამრიგად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობისა ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოიყენება საგადასახადო პასუხისმგებლობა. ამასთან, საგადასახდო პასუხისმგებლობის მიზანია საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა, გააჩნია როგორც „სადამსჯელო“, ისე პრევენციული დანიშნულება და მისი გამოყენება უნდა მოხდეს ზემოაღნიშნული პრინციპების დაცვით. მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობა იყოს ლეგიტიმური მიზნის შესაბამისი და პროპორციული, მას არ უნდა გააჩნდეს მხოლოდ „სადამსჯელო“ ხასიათი და უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის კომპენსირებას, სამომავლოდ სამართალდარღვევის ჩადენის აცილებას, გათვალისწინებულ უნდა იქნას სამართალდარღვევის შინაარსი, გამოწვეული ზიანი და სამართალდამრღვევი სუბიექტის პიროვნება. მხოლოდ აღნიშნულის საფუძველზე არის შესაბამისი კანონშესაბამისი და სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება.

 

სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის ბს-1655-1627(კ-11) გადაწყვეტილებაზე, სადაც განმარტებულია, რომ „ის გარემოება, რომ საბაჟო ორგანო სანქციის დაკისრებისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით არ გამორიცხავდა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას გაეთვალისწინებინა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების წესები სახდელის დაკისრებისას, მხედველობაში მიეღო მისი პროპორციულობა და თანაზომიერება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, სამართალდარღვევის სიმძიმე, სამართალდარღვევის ჩამდენის პიროვნება, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს გამოყენებული სანქციის ადეკვატურობას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავალდებულებდა ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეერჩია ყველაზე მისაღები. სზაკ-ის 7.1 მუხლის მიხედვით დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაიშვება აქტის გამოცემა, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამასთანავე, წერილობითი ფორმით გამოცემული აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას (სზაკ-ის 53-ე მუხ.). ნორმაში ალტერნატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, უკეთუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.“ „კანონმდებლობა სასამართლოს, როგორც ნორმის შემფარდებელ ორგანოს, ანიჭებს უფლებამოსილებას თავად აირჩიოს სამართლებრივი შედეგი ჩადენილი სამართალდარღვევისათვის. სასამართლო ხელისუფლება ამოწმებს აღმასრულებელი ხელისუფლების, ადმინისტრაციული ორგანოების ნორმაშეფარდებითი საქმიანობის კანონიერებას და იგი არ არის შეზღუდული ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შედეგად პირის კანონით დაცულ უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიონ პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.“ „იმის გათვალისწინებით, რომ საჯარიმო სანქცია უკავშირდება საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, გამოყენებული სანქცია ყველა შემთხვევაში უნდა პასუხობდეს თანაზომიერების პრინციპს. ჩადენილი სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციის გამოყენებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს იურიდიული თანასწორობა, გამოყენებული სანქცია უნდა ითვალისწინებდეს ჩადენილი ქმედების ხასიათს და იყოს თანაზომიერი იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს საბაჟო რეჟიმის უზრუნველმყოფი ნორმა, აღნიშნულის გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა შედეგად გამოიღოს ნორმის თვითნებური გამოყენება და განმარტება.“

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელის მიმართ ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდებისას არ დარღვეულა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რამეთუ მოსარჩელის მიმართ სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარეშე სხვა სანქციის შეფარდებით, სამართალდარღვევის საქმეთა განხილვის მიზანი ვერ მიიღწეოდა.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე დაადასტურა, რომ კ--------------------ი გადააადგილებდა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს (45კგ. თევზი). კ--------------------მა არ დაადეკლარირა აღნიშნული საქონელი და უფრო მეტიც, იგი არ დაემორჩილა საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას, საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე თავისი სატრანსპორტო საშუალებითა და დასადეკალრირებელი საქონლით დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა და სასაქონლო ოპერაციის განხორციელებამდე შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებლად განახორციელა აღნიშნული საქონლის უკანონო განკარგვა.

 

სასამართლო დამატებით მიუთითებს, იმ გარემოებაზე, რომ კ--------------------ს 2018 წლის განმავლობაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევა ჩადენილი აქვს მეოთხეჯერ (იხ. 3.4-3.6 ფაქტობრივი გარემოებები). ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მხრიდან დაცულ იქნა თანაზომიერების პრინციპი სანქციის შეფარდებისას და არ არსებობს სადავო ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამეთუ არ იკვეთება სამართლებრივი აქტების გამოცემისას კანონის მოთხოვნათა თუ მათი მომზადებისა და გამოცემის წესის დარღვევა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. კ--------------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივნის №64) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე