გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 240210017002000079
(2/488-2017)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18.11. 2019 წელი სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია
სხდომის მდივანი - თეონა ჭანტურია
მოსარჩელე - გუ---- შუ-------
წარმომადგენელი - ლე--- ხა-------
მოპასუხე - სს „ელ-----–-----------“(დირექტორი-ლ----- ჯ-----ა)
მოპასუხე - შპს „თე-–--“(დირექტორი-გ---- ბრ------)
წარმომადგენელი - ი--- გი--------
დავის საგანი - ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)
1.1. მოპასუხე- სს „ელ-----–-----------“-სა და -შპს „თე-–--“-სათვის ნაკლის მქონე მობილური ტელეფონის უნაკლო ტელეფონით შეცვლის დავალება ან მისი ღირებულების-500 ლარის დაკისრება.
1.2. მოპასუხე- სს „ელ-----–-----------“-სა და - შპს „თე-–--“-სათვის მოსარჩელე გუ---- შუ-------ს სასარგებლოდ, ზიანის 200 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 17 იანვარს სს „ელ-----–-----------“-ს სენაკის მაღაზიაში შპს „თე-–--“ N-8, შეიძინა მობილური ტელეფონი - SAMSUNG-A310F (2016),რომელსაც საგარანტიო პერიოდში აღმოაჩნდა დეფექტი, კერძოდ, განათების ავტორეჟიმზე სიბნელეში განათების დაწევისას ერთ მონაკვეთზე უჩვენებდა მოყვითალო- მომწვანო ფერს და ურევდა ფერებს. მაღაზიის ადმინისტრაციის მოთხოვნის შესაბამისად, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით და საგარანტიო მომსახურების მისაღებად მიმართა ქუთაისის სერვისცენტრს, შპს „სერვის ექ------ +“-ს, რომლის დასკვნის შესაბამისად, ტელეფონზე გამოვლენილი პრობლემა არ აღიქმებოდა ხარვეზად და უარი ეთქვა საგარანტიო მომსახურებაზე. აღნიშნულის შემდეგ მან შეძენილი მობილური ტელეფონი წარადგინა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, რომლის დასკვნის თანახმად, „დაბალი განათების (სიბნელე) პირობებში გააქტიურებული ეკრანის სიკაშკაშის ავტომატური რეგულირების რეჟიმით სიკაშკაშის გარკვეულ მნიშვნელობებზე ეკრანი იძენს მოყვითალო-მომწვანო შეფერილობას, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა გამოსახულების მუქი ფერის მონაკვეთებზე. აღნიშნული შესაძლებელია ჩაითვალოს ტელეფონის ეკრანის ხარვეზად (დეფექტად)“
აღნიშნულის გამო მოსარჩელე ითხოვს ტელეფონის შეცვლას უნაკლო ტელეფონის ან მისი ღირებულების - 500 ლარის დაკისრებას მოპასუხეებისათვის.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე სს „ელ-----–----------ს“(დირექტორი-ლ----- ჯ-----ა) შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა, შესაბამისად, მისი პოზიცია მოცემულ დავასთან დაკავშირებით, სასამართლოსათვის უცნობია.
1.2. შპს „თე-–--“-ს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მიუთითა, რომ იგი არის არასათანადო მოპასუხე, ვინაიდან სს „ელ-----–----------“-სა და შპს „თე-–--“ შორის დადებული ფრენშაიზინგის ხელშეკრულების თანახმად, გაყიდული საქონლის წუნზე პასუხისმგებელია სს „ელ-----–-----------“. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნა ნივთის ხარვეზთან დაკავშირებით არ არის კატეგორიული და იგი მიუთითებს ნივთის შესაძლო დეფექტზე, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოცაა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.2017 წლის 17 იანვარს გუ---- შუ-------სა და სს „თი---- ბ----“ შორის დაიდო საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, გუ---- შუ-------ს სესხის სახით, მობილური ტელეფონის შესაძენად პირად ანგარიშზე ჩაერიცხა 778.36 ლარი. სესხი უზრუნველყოფილ იქნა გირავნობის საგნით- SAMSUNG-A310F ფირმის მობილური ტელეფონით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-საბანკო კრედიტისა და გირავნობის N2007817-8743772 ხელშეკრულება (17.01.2017 წ);
3.1.2.იმავე ხელშეკრულების (1.5 პუნქტი) შესაბამისად, მსესხებლის დამატებითი თანხმობის გარეშე, მობილური ტელეფონის ღირებულება -735 ლარი გადაირიცხა შპს „თე-–--“-ს ანგარიშზე, რის შემდეგაც შპს „თე-–--“-ს მიერ გუ---- შუ-------ზე გაცემულ იქნა SAMSUNG-A310F ფირმის მობილური ტელეფონი, ასევე საგარანტიო ტალონი N 358312078206353.
3.1.3.საგარანტიო ტალონის მიხედვით, შეძენილი ნივთის-მობილური ტელეფონის საგარანტიო ვადა განსაზღვრული იყო 12 თვით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა განმარტებები;
-საგარანტიო ტალონი N 358312078206353.
3.1.4. მხარეები არ დავობენ იმ გარემოებაზე, რომ საგარანტიო ვადაში გუ---- შუ-------მ პრეტენზია გამოთქვა ტელეფონზე არსებულ ნაკლზე, კერძოდ, ეკრანის განათების დეფექტზე და მისი გამოსწორების მოთხოვნით მიმართა საქონლის რეალიზატორს-შპს „თე-–--“, თუმცა ამ უკანასკნელმა მიუთითა, რომ საგარანტიო მომსახურების მისაღებად უნდა მიემართა ქუთაისის სერვისცენტრისთვის.
3.1.5. ქუთაისის სერვისცენტრის შპს „სერვის ექ------ +“ის 2017 წლის 7 აპრილის ტექნიკური აღწერილობის NQ 00163 აქტის მიხედვით, გუ---- შუ-------ს მიერ შპს „თ--–-“-ში შეძენილ მობილური ტელეფონს- SAMSUNG-A310F-ს ჩაუტარდა სრული დიაგნოსტირება, გააჩნია დაზიანება-„გამოსახულებას როცა ბურავს, ეკრანი იძენს ყვითელ ფერს“, თუმცა „აღნიშნული პრობლემა არ აღიქმება, როგორც დეფექტი“.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა განმარტებები;
-ტექნიკური აღწერილობის N Q 00163 აქტი (07.04.2017 წ)
3.1.6.აღნიშნულის შემდეგ, 2017 წლის 12 აპრილს, გუ---- შუ-------მ წერილობით მიმართა სს“ელ-----–-------------“-ს, როგორც სათაო ოფისს, ისე სენაკის ფილიალს, ასევე შპს“თე-–--“-ს ადმინისტრაციას და ითხოვა ხარვეზის გამოსწორება ან მის მიერ გადახდილი ტელეფონის ღირებულების უკან დაბრუნება, თუმცა აღნიშნულზე პასუხები არ მიუღია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა განმარტებები;
-წერილები (12.04.2017 წ);
3.1.7.გუ---- შუ-------მ 2017 წლის 5 მაისს მობილური ტელეფონზე კომპიუტერული ექსპერტიზის ჩატარების მიზნით მიმართა ლე--- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ 2017 წლის 6 ივნისს გაცემული კომპიუტერული ექსპერტიზის N5002946217 დასკვნის მიხედვით: „ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხების გადასაწყვეტად განხორციელდა წარმოდგენილი მობილური ტელეფონის შემოწმება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ „დაბალი განათების (სიბნელე) პირობებში გააქტიურებული ეკრანის სიკაშკაშის ავტომატური რეგულირების რეჟიმით სიკაშკაშის გარკვეულ მნიშვნელობებზე ეკრანი იძენს მოყვითალო-მომწვანო შეფერილობას, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა გამოსახულების მუქი ფერის მონაკვეთებზე. აღნიშნული შესაძლებელია ჩაითვალოს ტელეფონის ეკრანის ხარვეზად (დეფექტად)“.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის N5002946217 დასკვნა (06.06.2017 წ)
3.1.7.შპს „თე-–--“ საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის, მათ შორის მობილური ტელეფონების რეალიზაციას ახორციელებდა მასსა და სს „ე-–-----–-----------ს“-ს შორის 2016 წლის 15 ივლისს დადებული ფრენშაიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, ფრენშაიზის მიმცემი -სს „ელ-----–-------------“ საბითუმო ფასებში აწვდიდა ტექნიკას ფრენშაიზის მიმღებს-შპს“თე-–--“,რომელიც სარგებლობდა -სს „ელ-----–-------------“-ს სავაჭრო ნიშნით.
3.1.8. ამ ხელშეკრულების 1.4.2.მუხლის თანახმად, შპს „თე-–--“ უზრუნველყოფდა შესყიდული საქონლის რეალიზაციის შემდგომ დაზიანებული ან დეფექტური საქონლის კლიენტისაგან მიღებას და ფრენშაიზის მიმცემის საგარანტიო მომსახურების ფარგლებში ფრენშაიზის მიმცემის კონტრაქტორ სერვისცენტრამდე და პირიქით ტრანსპორტირებას.
3.1.9. იმავე ხელშეკრულების მე-2 და მე-3 მუხლებით მხარეებმა განსაზღვრეს თავიანთი უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობის ფარგლები (იხ. ხელშეკრულება)
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-ფრენშაიზინგის ხელშეკრულება (15.07.2017 წ);
3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებისათვის სადავო არ არის. მხარეებს შორის დავა სამართლებრივად შესაფასებელია, რასაც სასამართლო სამართლებრივი დასაბუთებისას შეაფასებს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო წარმოდგენილი მასალების, მხარეთა ახსნა - განმარტებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, მოპასუხეებს სს „ელ-----–--------------“ და შპს“თე-–--“ უნდა დაეკისროს გუ---- შუ-------ს მიერ შეძენილი მობილური ტელეფონის შეცვლა იმავე ღირებულების უნაკლო ტელეფონით, ან გუ---- შუ-------ს სასარგებლოდ ტელეფონის ღირებულების - 500 ლარის გადახდა, ამასთან, უარი ეთქვას გუ---- შუ-------ს ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 394-ე, 494-ე, 477-ე, 487-ე, 488-ე, 490-ე, 456- 464-ე, მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში საქმე გვაქვს ვალდებულების არსებობასთან ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები უნდა ვეძებოთ სახელშეკრულებო სამართლის ნორმებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია დავასკვნათ, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება განეკუთვნება ორმხრივად მავალდებულებელ გარიგებათა რიცხვს და ეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ წარმოეშობათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მხარეები ასეთზე შეთანხმდებიან.
ნასყიდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმების პირველივე მუხლი მიუთითებს, რომ იგი მიმართულია ქონებაზე მყიდველის საკუთრების უფლების წარმოშობისაკენ. ხოლო გამყიდველის მიზანს წარმოადგენს ნივთის გასხვისებით სარგებლის მიღება. მითითებული ნორმის შესაბამისად, ნივთის ნასყიდობა, თავისი შინაარსით ამ ნივთზე საკუთრების წარმოშობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.
დადგენილია, რომ შპს “თე-–--ა“ და გუ---- შუ-------ს შორის 2017 წლის 17 იანვარს დადებული მოძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გუ---- შუ-------ს შპს“თე-–--ს“ მიერ გადაეცა ნასყიდობის საგანი - SAMSUNG-A310F ფირმის მობილური ტელეფონი, ხოლო გუ---- შუ-------ს მიერ გადახდილ იქნა ნასყიდობის საგნის ღირებულება 735 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე და 488-ე მუხლების თანახმად, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა.
იგივე კოდექსის 490.1. მუხლის თანახმად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში.
მითითებული ნორმების საფუძველზე სასამართლო აღნიშნავს, რომ ნივთზე ნაკლის არსებობის შემთხვევაში, გამყიდველი ვალდებულია ან აღმოფხვრას ეს ნაკლი, ან გადასცეს მყიდველს უნაკლო ნივთი.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნასყიდობის საგანი- SAMSUNG-A310F ფირმის მობილური ტელეფონის ეკრანი გამოსახულების მუქი ფერის მონაკვეთებზე იძენს მოყვითალო-მომწვანო შეფერილობას, რაც შესაძლებელია ჩაითვალოს ტელეფონის ეკრანის ხარვეზად (დეფექტად)“.
მოპასუხის, შპს „თე-–--“-ს წარმომადგენლის განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნა ხარვეზთან მიმართებაში არ არის კატეგორიული, ამიტომ ნივთი ხარვეზიანად არ უნდა ჩაითვალოს, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნით უდავოდ დასტურდება მობილური ტელეფონის შეთანხმებულ ხარისხთან შეუსაბამობა, რაც მისი შეცვლის ან მისი ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებდა მოპასუხე მხარეს.
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს შპს „თე-–--“-ს წარმომადგენლის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „თე-–--“ არის არასათანადო მოპასუხე და სარჩელზე პასუხი უნდა აგოს მხოლოდ სს „ე-–-----–-----------ს“-მა.
სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 456-ე და 464-ე მუხლებზე დაყრდნობით, აღნიშნავს, რომ სოლიდარული უფლებამოსილება და სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით, ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
დადგენილია, რომ სს „ე-–-----–-----------ს“-სა და შპს „თე-–--“ სარეალიზაციო ნივთების ვარგისიანობაზე სოლიდარული ვალდებულება წარმოეშვათ მათ შორის 2016 წლის 15 ივლისს დადებული ფრენშაიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვით, ფრენშაიზის მიმცემი -სს „ელ-----–-------------“ საბითუმო ფასებში აწვდიდა ტექნიკას ფრენშაიზის მიმღებს- შპს“თე-–--“, რომელიც სს „ელ-----–-------------“-ს სავაჭრო ნიშნით ახდენდა მათ რეალიზაციას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოცემულ შემთხვევაში სს „ელ-----–-------------“ და შპს „თე-–--“ წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს და ისინი თანაბრად არიან პასუხისმგებელი მოსარჩელის წინაშე, რის გამოც მოსარჩელეს აქვს უფლება წარუდგინოს მოთხოვნა, როგორც სს „ე-–-----–-----------სს“ , ისე შპს „თე-–--“, რომლებიც თანაბრად არიან ვალდებული მოსარჩელეს შეუცვალონ ნაკლიანი ნივთი ან აუნაზღაურონ მისი ღირებულება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მობილური ტელეფონის ღირებულება არის 735 ლარი, მაგრამ ვინაიდან მოსარჩელემ მოითხოვა 500 ლარის დაკისრება მოპასუხეებზე, ხოლო სასამართლო ვერ გაცდება მოთხოვნის ფარგლებს (სსკ 48-ე მ), მოპასუხეებს სს „ელიტელექტრონისსა“ და შპს“თე-–--“ უნდა დაევალოთ გუ---- შუ-------ს მიერ შეძენილი მობილური ტელეფონის შეცვლა იმავე ღირებულების უნაკლო ტელეფონით, ან გუ---- შუ-------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ ტელეფონის ღირებულების-500 ლარის გადახდა.
ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ტელეფონის შეცვლის ან თანხის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2.მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე, ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 494-ე მუხლის თანახმად ნივთის ნაკლით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ზოგადი წესით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394.1. მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, ხოლო 412-ე მუხლით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
მითითებული მუხლების თანახმად, პირს, რომელსაც მიადგა ზიანი სხვა პირის მოქმედებით, კანონით მინიჭებული აქვს უფლება მოითხოვოს ამ პირის მოქმედებით (უმოქმედობით) მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
მოსარჩელე უთითებს ზიანის ანაზღაურების დაკისრების მხოლოდ სამართლებრივ საფუძველზე - სს კოდექსის 494-ე მუხლზე და არ უთითებს ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ იმაზე, რა სახის ზიანი მიადგა მას მოპასუხის ბრალეული ქმედებით.
მხარის მოვალეობა - დაამტკიცოს ის გარემოებანი, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნებს, წარმოადგინოს მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპს.
პროცესის პრინციპიდან გამომდინარე, ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურება მოთხოვნის უფლების მქონე პირის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს, რაც მოსარჩელეს მისი წილი მტკიცების ფარგლებში არ განუხორციელებია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს.
ვინაიდან მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მისთვის რეალურად ზიანის მიყენების დამადასტურებელი მტკიცებულება, შესაბამისად, არ არსებობს, ამ ნაწილში, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. (26.12.2-14 N 3014)
სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი-100 ლარი, საიდანაც 44 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ, 6 ლარი უნდა დარჩეს იმავე ანგარიშზე და ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, ხოლო 50 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი, უნდა დაუბრუნდეს გუ---- შუ-------ს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია საექსპერტო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის-100 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, საგადახდო დავალება N4(08.06.2017 წ), რომლის გადახდაც მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.
რაც შეეხება მგზავრობის ხარჯებს, რომლის ანაზღაურებასაც ასევე ითხოვს მოსარჩელე, წარმოდგენილი აქვს სამგზავრო ბილეთები, საიდანაც არ დგინდება გაწეული ხარჯის მოცემულ დავასთან რაიმე სახის შემხებლობა, რის გამოც იგი ამ საქმეზე გაწეული ხარჯის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 256-257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე გუ---- შუ-------ს მოთხოვნა ნაწილობრივ.
1.1. დაევალოს მოპასუხეებს სს „ელ-----–--------------“ (ს/კ 2--------) და შპს“თე-–--“(ს/კ 4--------) გუ---- შუ-------ს მიერ შეძენილი, ნაკლის მქონე მობილური ტელეფონის შეცვლა იმავე ღირებულების უნაკლო ტელეფონით, ან დაეკისროთ გუ---- შუ-------ს სასარგებლოდ ტელეფონის ღირებულების - 500 ლარის გადახდა.
1.2. უარი ეთქვას გუ---- შუ-------ს ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
2. დაეკისროს მოპასუხეებს სს „ელ-----–--------------“ და შპს“თე-–--“ გუ---- შუ-------ს სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის - 44 ლარისა და საექსპერტო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 100 ლარის გადახდა.
3. გუ---- შუ-------ს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი-6 ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად და დარჩეს იმავე ანგარიშზე.
4. დაუბრუნდეს გუ---- შუ-------ს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან მის მიერ ლიბერთი-ბანკის მეშვეობით 2017 წლის 26 ივნისს №1------- საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი - 50 ლარი.
5. გადაწყვეტილება სს კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად, არ გასაჩივრდება.
მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია