განაჩენი

სისხლის სამართლის 16.12.2019
საქმის ნომერი
330100119003019507
თარიღი
16.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/2447-19

(გამოძიების №0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 ოქტომბერი 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ--------------,დაცვის მხარე:

ადვოკატი - ი-–----–-----,ბრალდებული - მ----------–-------------- (დაბადებული - 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ----------------–----–----------------–----------–--;

 

თარჯიმანი - ფ-------------------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

დისპოზიცია: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 29 იანვარს, საქართველოს მოქალაქე მ----------–-------------მა უკანონოდ გადაკვეთა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი და აზერბაიჯანიდან უკანონოდ გადმოვიდა საქართველოში.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. მ----------–--------------ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმე - თ---------–-----–--ის გამოკითხვის ოქმს, ბრალდებულის გამოკითხვის ოქმს, მ----------–--------------ს მიმართ პრობაციის ეროვნული სააგენტოდან გადმოგზავნილ ინფორმაციას და მასალებს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–ის განაჩენს მ----------–--------------ს მიმართ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის დოკუმენტაციას, 2019 წლის 3 მაისის დათვალიერების ოქმს, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს.

 

2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ მ----------–--------------ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ქვეყანაში დადგენილი მმართველობის წესი და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში იგულისხმება, როგორც საქართველოდან გასვლა, ისე საქართველოში შემოსვლა სათანადო დოკუმენტების, ნებართვის გარეშე ან საკონტროლო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით. აღნიშნული დანაშაული დამთავრებულად ითვლება დამნაშავის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან.

 

3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მ----------–-------------- 2019 წლის 29 იანვარს აზერბაიჯანიდან უკანონოდ გადმოვიდა საქართველოში (უკანონოდ გადმოკვეთა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი). ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

3.3. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მ----------–-------------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა), რომლისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

4.3. განაჩენის 4.1.-4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს მ----------–--------------ს პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.5. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

4.6. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მ----------–--------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებები გახადა უდავო) და აღიარა ბრალად წარდგენილი დანაშაული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა წარსულში მისი ნასამართლობა. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია ნაკლებად მძიმე, არაძალადობრივი კატეგორიის დანაშაული), დანაშაულის ჩადენის სახესა და ხერხს (მ----------–-------------მა უკანონოდ გადაკვეთა საქართველო - აზერბაიჯანის საზღვარი და უკანონოდ შემოვიდა საქართველოში) მ----------–--------------ს კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, მის პირად და ეკონომიკურ პირობებს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს და სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მას სასჯელად უნდა განესაზღვროს ჯარიმა.

 

4.7. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.

 

4.8. ამდენად, განაჩენის 4.5.-4.7. პუნქტებში მითითებული გარემოებების, მსჯავრდებულის პიროვნებისა და მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მ----------–--------------ს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს - ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მ----------–--------------ს პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

4.9. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

 

4.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან მ----------–-------------მა გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე უნდა გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–ის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და სასჯელი უნდა განესაზღვროს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად.

 

4.11. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

 

4.12. სასამართლოს მიაჩნია, რომ მ----------–-------------ს სასჯელი უნდა განესაზღვროს სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, კერძოდ: ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - ჯარიმას 3000 ლარის ოდენობით, ნაწილობრივ უნდა დაემატოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და მ----------–-------------ს, განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკევთა და ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ----------–-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

 

2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–ის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი.

 

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - ჯარიმას 3000 ლარის ოდენობით, ნაწილობრივ დაემატოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და მ----------–-------------ს, განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით.

 

4. მ----------–--------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

5. მ----------–-------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 7 მაისიდან.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი