განაჩენი

სისხლის სამართლის 31.10.2019
საქმის ნომერი
330100119003053704
თარიღი
31.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#1/2761-19

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

31 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ,თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძის თავმჯდომარეობით,სხდომის მდივან ანა ზაბახიძის

 

პროკურორები - ლ-–----–--------------------------ის,ადვოკატ - გ-----------------------–------------ის,ბრალდებულ - ვ-----–ი გ-----ას,თარჯიმან - ხათუნა სანიკიძის მონაწილეობით,ნაფიც მსაჯულთა ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე -ბრალდებულ - ვ-----–ი გ-----ას, (დაბადებული: 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ს--------–------------ში, ამჟამად პატიმარი) მიმართ;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ-----–ი გ-----ას ბრალად ედება განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში - დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფისა.

 

წარდგენილი ბრალდება გამოიხატა შემდეგში:

2----–-–---------------–ს, დღის საათებში, ვ-----–ი გ-----ა ეწვია ქ. თბილისში, რ------------------–--–------------------ე კორპუსში მცხოვრებ, შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე გ------ ი---------–---–ს, რომელსაც მარჯვენა ფეხი ამპუტირებული ჰქონდა და გადაადგილება შეეძლო მხოლოდ სპეციალური სავარძლის მეშვეობით. ალკოჰოლური სასმელის მიღებისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ვ-----–ი გ-----ას და გ------ ი---------–---–ს მოუხდათ შეკამათება, რა დროსაც ვ-----–ი გ-----ამ, რომელსაც გაცნობიერებული ჰქონდა, რომ გ------ ი---------–---–ი ფიზიკური მდგომარეობის გამო იყო უმწეო მდგომარეობაში და არ შეეძლო თავის დაცვა, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, გულმკერდის მიდამოში ორპირლესილი ხანჯლის დარტყმით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შედეგად გ------ ი---------–---–ი გარდაიცვალა.

 

ვ-----–ი გ-----ას ქმედება დაკვალიფიცირდა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

საქართველოს სსსკ-ის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეს განიხილავს, თუ ბრალდება წარდგენილია იმავე მუხლში მითითებული კონკრეტული მუხლებით, რომელთა შორისაა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე (დამთავრებული) მუხლი.

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი - ბრალდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს, რომ საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე იქნეს განხილული. ამ შემთხვევაში საქმეს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე განიხილავს.

 

წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა მოითხოვა, სისხლის სამართლის საქმე #1/2761-19 #0-----------), განეხილა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს; აღნიშნულის შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის საქმე განსახილველად ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაეცა.

 

2019 წლის 31 ოქტომბერს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, სასამართლო სხდომაზე სხდომის თავმჯდომარის მიერ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებებისა და განმარტებების საფუძველზე, განსაჯა და მიიღო გადაწყვეტილება ფაქტების შესახებ; ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სადავო ფაქტებთან დაკავშირებით და იმსჯელა ბრალდებულ ვ-----–ი გ-----ას მიმართ წარდგენილ ბრალდებაზე;

 

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, 12 ნაფიცი მსაჯულის შემადგენლობით, კანონით განსაზღვრულ დროში, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაზე, ერთხმად გამოიტანა გამამტყუნებელი ვერდიქტი.

 

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ვ-----–ი გ-----ა ერთხმად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ”თუ არც ერთი მხარე არ განაცხადებს უარს, სასჯელის დანიშვნის სხდომა იმართება ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით.” მოცემულ შეთავაზებაზე, ბრალდების მხარემ უარი განაცხადა, სასჯელის დანიშვნის სხდომაში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გულისხმობს სასამართლოს მიერ როგორც დანაშაულის, ისე დამნაშავის შეფასებას. სასჯელის განსაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობისათვის ისეთივე პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს, როგორც დამნაშავე პირის გამოვლენა. კონკრეტული სასჯელის დანიშვნისათვის აუცილებელია, არამხოლოდ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, არამედ დამნაშავის როგორც - დამოუკიდებელი ინდივიდის შეფასება. ამდენად, შესაძლოა ითქვას, რომ ინდივიდუალიზაცია სასჯელის დანიშვნის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, რის გამოც, მოსამართლეს გააჩნია ფართო დისკრეცია სასჯელის კონკრეტული სახისა თუ ზომის შერჩევასთან მიმართებაში. ამავდროულად, დისკრეციის ფარგლები მოქცეულია საქართველოს სსკ-ით დადგენილი სახელმძღვანელო ნორმებით, რომელთა ანალიზი, სასჯელის კონკრეტული ზომის შერჩევას წინ უნდა უსწრებდეს. კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.“ ამასთან, ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე შერჩეული სასჯელი, უნდა შეესაბამებოდეს, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის მიზნებს: 1) სამართლიანობის აღდგენას, 2) ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და 3) დამნაშავის რესოციალიზაციას. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს, ვინაიდან, მიზნები ერთმანეთისაგან „და“ კავშირით გამოიყოფა. ამდენად, შესაძლოა ითქვას, რომ საბოლოო ჯამში, სასჯელის გამართლება მისი მიზნების შესაბამისობის დასაბუთებით დგინდება.

 

ზემოაღნიშნულ მსჯელობათა ფონზე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყოველი საკანონმდებლო წინაპირობის ცალ-ცალკე აღნიშვნასა და შეფასებას. უპირველესყოვლისა, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, რომლებიც, ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთკავშირში იმყოფებიან და თავისი არსით, ჩადენილი დანაშაულის ფსიქოლოგიური მხარის ერთგვარ ანალიზს წარმოადგენენ. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა გაანალიზების საფუძველზე, ვ-----–ი გ-----ას მხრიდან დანაშაულის ჩადენის მოტივს წარმოადგენდა შეკამათების დროს აღძრული შურისძიების გრძნობა. მსჯავრდებულმა უკიდურესი და ყოვლად გასაკიცხი ქმედება ჩაიდინა, კერძოდ, უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირს მოუსპო სიცოცხლე. ამდენად, ვ-----–ი გ-----ას მოტივისა და მიზნის დაკმაყოფილების ხერხი, ერთ-ერთ ფუნდამენტურ - სიცოცხლის უფლების ხელყოფას შეეხო.

 

ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება - აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულის განმარტებით, მასსა და გარდაცვლილს შორის საყოფაცხოვრებო საკითხზე, ადგილი ჰქონდა შეკამათებას, რომლის ინიციატორიც იყო თავად გარდაცვლილი. ანუ, კონკრეტული კამათი პროვოცირებული იყო გ------ ი---------–---–ის მიერ. შურისძიების სურვილი კი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა ბრალდებულისათვის, რომ მან უგულებელყო სიცოცხლის ხელშეუვალობისადმი პირის დამოკიდებულება. ამდენად, გადასალახი ქმედების სახე და მისი ქმედების სუბიექტის ქცევის ანალიზი, ნათლად მიუთითებს ნების სიძლიერესა და მართლწინააღმდეგობაზე, რის გამოც, ვ-----–ი გ-----ას მიერ ჩადენილი ქმედება მომეტებული საზოგადოებრივად საშიში ნიშნების შემცველია.

 

მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა - სასამართლო აღნიშნავს, რომ ვ-----–ი გ-----ას ქმედებით, სიცოცხლის უფლების დაცულ სფეროში შეჭრის ხასიათი და ზომა იყო იმდენად მწვავე და უკიდურესი, რომ მან უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, დამდგარმა შედეგმა მნიშვნელოვნად გაზარდა და ამავდროულად უკიდურესად დაამძიმა დარღვეულ მოვალეობათა ხასიათი.

 

ქმედების განხორციელების სახე და ხერხი - სასამართლო მოცემულ გარემოებას, განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს. აღსანიშნავია, რომ სახე და ხერხი, მოტივისა და მიზნის პრაქტიკულ გამოხატულებას წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, ვ-----–ი გ-----ამ მართლსაწინააღმდეგო ქმედება განახორციელა სწორედ გარდაცვლილის პროვოცირების შედეგად, რომელმაც ყვირილის პარალელურად ლეიბის ქვემოდან ამოიღო ხანჯალი და ბრალდებულს დაემუქრა დარტყმით - მოკვლით ან დაჭრით. თუმცა ხანჯლით მუქარის მიუხედავად, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირისათვის (ამპუტირებული 1 ფეხი) ხანჯლის წართმევის შემდგომ 25 ნაკვეთი და ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის მიყენება - საზოგადოებრივი საშიშროების საფრთხეს განსაკუთრებულად ზრდის. ამ რაოდენობის ჭრილობის მიყენება მოითხოვს დროის გარკვეულ რაოდენობას - გარკვეულ დროში განგრძობას. რის გამოც, სასამართლო განსაკუთრებულად აღნიშნავს, რომ მთელი პროცესის განმავლობაში, სიცოცხლისუნარიანობის თანდათანობით შემცირების ვერც ერთმა წამმა ვერ გამოიწვია ვ-----–ი გ-----ას შეჩერება, რასაც შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის პარალელურად შესაძლოა გადაერჩინა ადამიანის სიცოცხლე.

 

მართლსაწინააღმდეგო შედეგი - განსახილველ შემთხვევაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიხატა წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის სიცოცხლის მოსპობაში. სასამართლო განმარტავს, რომ სიცოცხლის უფლების უნიკალური ხასიათიდან გამომდინარე, სახელმწიფოს რეაქცია მისი ხელმყოფის მიმართ უკიდურესად მძიმეა. სიცოცხლის უფლება დაცულია არამხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით, არამედ არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომელთა ხელშემკვრელ მხარეს საქართველოც წარმოადგენს. სასამართლო განმარტავს, რომ სწორედ მართლსაწინააღმდეგო შედეგი არის ის ძირითადი კომპონენტი, რომელიც სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის შერჩევის კატეგორიულობას განაპირობებს, ვინაიდან სასჯელი წარმოადგენს რეაქციას და პასუხს სახელმწიფოს მხრიდან ჩადენილ დანაშაულთან მიმართებაში. ამავდროულად, სასჯელს გააჩნია სადამრიგებლო ხასიათი საზოგადოების სხვა წევრთა მიმართ, ანალოგიური მიზნებისა თუ მოტივების აღძვრის შემთხვევაში. შესაბამისად, მართლსაწინააღმდეგო შედეგი არის ის უმთავრესი კომპონენტი, რომელიც სხვა ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთად სასჯელის ზომას განსაკუთრებულად ამძიმებს.

 

დამნაშავის წარსული ცხოვრება - მართალია, ვ-----–ი გ-----ა წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა, თუმცა მოცემული გარემოება, ზემოაღნიშნულ მსჯელობათა ფონზე, ცალკე აღებული არ შეიძლება თავისთავად გახდეს სასჯელის შემსუბუქების საფუძველი.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევა ქმედების შემდეგ - სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის ჩადენის შემდეგ მსჯავრდებულის ქმედებას. ბრალდებულის განმარტებით მას დეტალები არ ახსოვს, მას შემდეგ რაც გ------ ი---------–---–ისათვის სცადა ხანჯლის წართმევა და გაეჭრა ხელი, მანამ, სანამ დილით სახლში არ გაიღვიძა. სასამართლო განმარტავს, რომ მსგავსი უმძიმესი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფონზე, სახლში წასვლა და დაძინება, მსჯავრდებულის დადებით პიროვნულ მახასიათებლებზე არ მეტყველებს.

 

მსჯავრდებულის სურვილი აანაზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს - სასამართლო ჩადენილი ქმედების შედეგიდან და დარღვეული უფლების ხასიათიდან გამომდინარე, მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს, როგორც ზიანის ანაზღაურების, ისე დაზარალებულთან შერიგების გარემოებაზე. სიცოცხლის უფლების ხელყოფის ნეგატიური ასპექტში სწორედ იმაში ვლინდება, რომ მას არ ახასიათებს გამოსწორებადობა, რაც პირდაპირპროპორციულად ჰპოვებს ასახვას - სასჯელის სახესა და ზომაზე. სასამართლო ამავდროულად აღნიშნავს, გარდაცვლილის ოჯახს მსჯავრდებულის მიმართ არ აქვს გამოხატული დაძაბული ურთიერთობა.

 

ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლივი შეჯამების თვალსაზრისით, სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სასჯელის მიზანი არ არის მხოლოდდამხოლოდ მსჯავრდებულის გამოსწორება და მისი რესოციალიზაცია. განსახილველ შემთხვევაში, საგულისხმოა, სამართლიანობის აღდგენის განსაკუთრებული სიმძაფრე. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანთა შორის პირველ ადგილს სამართლიანობის აღდგენა იკავებს. აღნიშნული მიზანი თავის მხრივ, საზოგადოების ნების გამოხატულებას წარმოადგენს, რომელიც თავის თავში ცალსახად შეიცავს ადეკვატური სიმძიმის სასჯელის მიზღვას. საზოგადოების ნების გამოხატულებისა და დამოკიდებულების უშუალო მაგალითს წარმოადგენს, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, რომლებმაც განსახილველ შემთხვევაში, გადაწყვეტილება კანონმდებლობით განსაზღვრული პირველივე სათათბირო ვადის განმავლობაში ერთხმად მიიღეს.

 

ნიშანდობლივია, რომ სასჯელის კონკრეტული ზომის შერჩევამდე, სასამართლო ხელმძღვანელობს პრინციპით: ”მსუბუქიდან უფრო მძიმისაკენ” და არა პირიქით. თუმცა, ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთად, სასამართლო ამავდროულად, მხედველობაში იღებს ისეთი სახის გარემოებებს, როგორიც არის დამნაშავის წარსული ცხოვრება, მისი ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდგომ, მათ შორის საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლო სხდომებზე, თანამშრომლობა გამოძიებასთან და ა.შ. კერძოდ, აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი. სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ნასამართლობის არ ქონის ფაქტი, ცალკე აღებული არ წარმოადგენს შემამსუბუქებელ გარემოებას, თუმცა იგი განხილულ უნდა იქნეს სხვა სახის შემამსუბუქებელ გარემოებებთან ერთობლიობაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ნასამართლობის არ ქონის ფაქტთან ერთად, სასამართლო ითვალისწინებს, იმ ფაქტს, რომ მსჯავრდებული საგამოძიებო ორგანოში ნებაყოფლობით გაჰყვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს. მართალია, მსჯავრდებულმა სასამართლო სხდომაზე არ აღიარა დანაშაული, თუმცა დამდგარი შედეგის მიმართ მან გულწრფელი სინანული გამოხატა. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მის მიერ დანაშულის ჩადენის მაპროვოცირებელი ფაქტორი, სწორედ დაზარალებულის ქცევა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული გარემოება, ვერ წონის უმძიმესი ხერხით ჩადენილი ქმედებით გამოწვეულ შედეგს, გარკვეულწილად მოქმედებს სასჯელზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალად წარდგენილ ქმედებათა მინიმალურ და მაქსიმალურ სანქციებს შორის ზღვარს გააჩნია ფართო ალტერნატივა, რაც გულისხმობს, ფაქტობრივ გარემოებათა დეტალურ ანალიზსა და დამდგარი შედეგის თანახმად, პროპორციული სასჯელის განსაზღვრას. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის ურთიერთანალიზის შესაბამისად, სასამართლომ ყოველი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, ერთობლიობაში გაანალიზა ყოველი სახის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოება, შეაფასა სისხლის სამართლებრივად დაცული ობიექტის სახე, მსხვერპლის მდგომარეობა, ქმედების ხასიათის და მისი სამართლებრივად გასაკიცხაობის მაღალი ხარისხი, ქმედების ჩადენის ხერხი და გამოყენებული საგანი, დამდგარი შედეგის სიმძიმე და მიიჩნია, რომ ვ-----–ი გ-----ას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, რომელიც მიახლოებულია სანქციის მინიმუმთან.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-267-e, 269-ე, 271-ე, 274-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ-----–ი გ-----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 14 ( თოთხმეტი) წლის ვადით.

 

2. ვ-----–ი გ-----ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 6 თებერვლიდან.

 

3. ნივთიერი მტკიცებულებები:

 

· ვ-----–ი გ-----ას ბინის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კარებების და ონკანების სახელურები, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ჭიქა, 2 ცალი სანთებელა და ხურდა ფული, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 2 ცალი დანა, 1 ცალი ჩანგალი და 1 ცალი კოვზი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მობილური ტელეფონის ყუთი და შოკოლადის მეტალის ყუთი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა, ვ-----–ი გ-----ას ბინის ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელი, გ------ ი---------–---–ის პირადი ნივთები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

· ხანჯალი და ქარქაში, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სხვადახვა ნივთები, ა---------– ი---------–---–ის ნერწყვის ნიმუში, დაქტილო ბარათი, გ--–- ი---------–---–ის ნერწყვის ნიმუში, დაქტილო ბარათი, ვ-----–ი გ-----ას თმის ნიმუში, დაქტილო ბარათი, ვ-----–ი გ-----ას ანაწმენდი, ვ-----–ი გ-----ას ფრჩხილის ნიმუში, ვ-----–ი გ-----ას ნერწყვის ნიმუში, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სიგარეტის ნამწვები, მაკარონი პარკში და მცენარეული მასა, ანაწმენდები, სუნის ნიმუშები, ფეხის კვალი, დაქტილო ბარათები, ნაგავი, მოწითალო ფერის ლაქები, გ------ ი---------–---–ის დაქტილო ბარათი, ვ-----–ი გ-----ას სუნის ნიმუში, გ------ ი---------–---–ის თმის ნიმუში, ანაწმენდები, ფრჩხილის ნიმუშები, თმის ნიმუში, ნაცხები პირის ღრუდან და უკანა ტანიდან, გ------ ი---------–---–ის ტანსაცმელი, გარდაცვლილის გვამიდან აღებული ანაწმენდები, გ------ ი---------–---–ის სისხლის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა 1 ცალ ლაზერულ დისკზე, 1 ცალი ლაზერული დისკი, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩანაწერი ლაზერულ დისკზე, ვ-----–ი გ-----ას ხმის ნიმუში 1 ცალ დისკზე და ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა 1 ცალ დისკზე, ერთი ცალი დისკი დეტალურები (ბილაინი), სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაცია 1 დისკზე, ლ-------------–----------------------------–----------დან გადმოგზავნილი ხელის კვლების სურათები 3 ცალი და ერთი ცალი დისკი, ფსიქიატრიული ექსპერტიზიდან გადმოგზავნილი ს.ს საქმის მასალების ასლები, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე