გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.12.2019
საქმის ნომერი
351210018002744259
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
17.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2-579-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

17 დეკემბერი, 2019 წელი ქ. გარდაბანი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე

გარდაბნის მუნიციპალიტეტში - ირინე ტყეშელაშვილი

სხდომის მდივანი - გიორგი ნოზაძე

 

მოსარჩელე - შპს ,,ე-------------ი“

წარმომადგენელი - ნ--------------–---–ი

 

მოპასუხე - ნ------------------–ი

 

დავის საგანი - თანხის გადახდის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

დაეკისროს მოპასუხე ნ------------------–ს მოსარჩელე შპს ,,ე-------------ის“ სასარგებლოდ 1350 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა არის 450 ლარი, სარგებელი - 121,50 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა - 20 ლარი და პირგასამტეხლო - 758,50 ლარი. მოსარჩელემ მოპასუხისგან ასევე მოითხოვა ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით და იურიდიული მომსახურების ანაზღაურება 45 ლარის ოდენობით.

 

სარჩელის მიხედვით, 2017 წლის 17 იანვარს ნ------------------–ს და შპს „ე-------------ს“ შორის გაფორმდა ელექტრონული სესხის ხელშეკრულება №4-----, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა თანხა 450 ლარის ოდენობით, 2016 წლის 05 ოქტომბრამდე. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 450 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი - 121,50 ლარი დაებრუნებინა 40 დღის ვადაში, მაგრამ აღნიშნულ ვადაში არ მომხდარა არც სესხის და არც მასზე რიცხული სარგებლის გადახდა. შესაბამისად, მსესხებელს ეკისრება ხელშეკრულების 7.4 პუნქტის საფუძველზე -ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარის ოდენობით და 7.5 პუნქტის საფუძველზე - პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 1,5 პროცენტის ოდენობით, რამაც შეადგინა 758,50 ლარი. მოპასუხის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაირღვა 06.10.2016 წელს და დღევანდელი მდგომარეობით მისი დავალიანება შპს „ე-------------ის“ წინაშე შეადგენს 1350 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

წერილობითი შესაგებლით მოპასუხე ნ------------------–მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ ცნო სარჩელი ძირი თანხის - 450 ლარის მოთხოვნის ნაწილში, არ ცნო სარჩელი სარგებლის, ერთჯერადი ჯარიმის და პირგასამტეხლოს ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ნ------------------–მა 25.08.2016 წელს ელექტრონულად მიმართა შპს ,,ე-------------ს“ მოითხოვა სესხის გაცემა 450 ლარის ოდენობით. შპს ,,ე-------------ი“ დათანხმდა მოთხოვნას და 25.08.2016 წელს გასცა 450 ლარი, 05.10.2016 წლამდე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ხელშეკრულება (ს.ფ. 14-22);

- განაცხადი (ს.ფ 33);

- თანხის გადარიცხვის ქვითარი (ს.ფ. 34);

- მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებები (17.12.2019 წლის სხდომის ოქმი).

 

3.1.2. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 06.10.2016 წელს და მას შემდეგ მას ეკისრება დავალიანება მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

მხარეებს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც შემცირებული პირგასამტეხლოს გათვალისწინებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 625-ე, 417-ე, 420-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. უდავოა, რომ მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნა სრულად, მოპასუხემ მიიღო თანხა, მაგრამ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები - არ დაფარა კრედიტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 25.08.2016 წელს შპს ,,ე-------------სა’’ და მოპასუხე ნ------------------–ს შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხეკლშეკრულება №4-----, რომლის საფუძველზეც, იმავე დღეს მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა თანხა 450 ლარის ოდნეობით. შესაბამისად, აღნიშნულის საფუძველზე მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული დადგენილ ვადაში.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულება 06.10.2016 წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ ძირი თანხის - 450 ლარის ნაწილში, ამდენად, არსებობს შპს „ე-------------ის“ სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძველი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიხედვით, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულება იყო სასყიდლიანი, კერძოდ საპროცენტო განაკვეთი 40 დღეზე განისაზღვრა 121,50 ლარის ოდენობით, რაც იმთავითვე ცნობილი იყო მოპასუხისთვის, როდესაც შეავსო განაცხადი.

 

შესაბამისად, მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანია და მოპასუხემ უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 121,50 ლარის გადახდა.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულება დაარღვია 07.10.2016 წელს და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით, მსესხებელს ეკისრება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.5 %-ის ოდენობით, გადახდის გრაფიკის დარღვევისათვის. დადგენილია, რომ მოპასუხეს არ დაუბრუნებია სესხის თანხა მსესხებლისთვის. შესაბამისად, მოსარჩელეს აქვს უფლება მოითხოვოს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა სასამართლოს არ მიაჩნია გონივრულად, რის გამოც მისი მოცულობა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 253 ლარით.

 

რაც შეეხება ერთჯერად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, აღნიშნული იქნა გათვალისწინებული ხელშეკრულების 7.4 პუნქტით, რაც წარმოადგენს საფუძველს, რომ სარჩელი დაკმაყოფილდეს ამ ნაწილში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 29.09.2018 წელს შპს ,,ე-------------მა“ სარჩელზე გადაიხადა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟი 50 ლარის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ შპს ,,ე-------------მა“ 28.09.2018 წელს შპს ,,ჯ-------ს“ გადაურიცხა იურიდიული მომსახურების ხარჯი 45 ლარის ოდენობით, მათ შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 14,61 ლარის გადახდა, სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად, ასევე უნდა დაეკისროს 33,78 ლარის გადახდა, იურიდიული მომსახურების ხარჯის ნაწილობრივ ასანაზღაურებლად. ხოლო 16,66 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს უკან სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რადგან მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს ,,ე-------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხე - ნ------------------–ს მოსარჩელე - შპს ,,ე-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 844 (რვაას ორმოცდაოთხი) ლარის 50 თეთრის გადახდა (საიდანაც 450 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 121,50 ლარი არის სარგებელი, 20 ლარი არის ერთჯერადი ჯარიმა და 253 ლარი არის პირგასამტეხლო);

 

3. მოპასუხე - ნ------------------–ს მოსარჩელე - შპს ,,ე-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 33 (ოცდაცამეტი) ლარის და 78 თეთრის გადახდა, იურიდიული მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად;

 

4. მოპასუხე - ნ------------------–ს მოსარჩელე - შპს ,,ე-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს - 14 (თოთხმეტი) ლარის და 61 თეთრის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად;

 

5. მოსარჩელე - შპს ,,ე-------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (50 ლარის) ნაწილი - 16 (თექვსმეტი) ლარის და 66 თეთრის ოდენობით (რომელიც გადახდილია შპს ,,ე-------------ის“ მიერ 29.09.2018 წელს სს ,,თიბისი ბანკის“ მეშვეობით“, მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, სხვა შემოსულობები, თვითმმართველი თემი გარდაბანი, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 300113150, მიმღების ბანკი - ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბანკის კოდი TRESGE22);

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში (გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №6) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ირინე ტყეშელაშვილი