გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.11.2019
საქმის ნომერი
010210019003181625
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
26.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210019003181625

2-3032/19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26/11/2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე: ზ----- ხ-----–--ე

მოპასუხე: ც------ დ-------ე

წარმომადგენელი - ჯ--–--- ა-------–--ე

დავის საგანი: რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას განქორწინებით.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ზ----- ხ-----–--ე სასარჩელო განცხადებით მოითხოვს ც------ დ-------ესთან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას განქორწინებით.

 

სარჩელი დასაბუთებულია შემდეგი არგუმნტებით:

ზ----- ხ-----–--ემ და ც------ დ-------ემ რეგისტრირებული ქორწინებით იქორწინეს 2007 წლის 25 ივნისს. მხარეები ერთმანეთს ხასიათებით ვერ შეეწყვნენ, დაშორდნენ ერთმანეთს და ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოსარჩელე გამორიცხავს მათ შერიგებასა და თანაცხოვრების გაგრძელებას. მოითხოვს ც------ დ-------ესთან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას განქორწინებით.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

ც------ დ-------ე სარჩელს არ ცნობს. ადასტურებს, რომ დაქორწინებულნი არიან 2007 წლის 25 ივნისს. ასევე ადასტურებს, რომ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ და ცხოვრობენ ცალ-ცალკე. თანახმაა განქორწინდენ, მაგრამ განქორწინებასთან ერთად მოითხოვს თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფას.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. ზ----- ხ-----–--ემ და ც------ დ-------ემ რეგისტრირებული ქორწინებით იქორწინეს 2007 წლის 25 ივნისს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა ს.ფ. 15

 

3.1.2. მხარეები რამოდენიმე წლის წინ დაშორდნენ ერთმანეთს და ცხოვრობენ ცალ-ცალკე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

 

3.1.3. მხარებს შერიგებისა და თანაცხოვრების გაგრძელების სურვილი არ აქვთ. მათ ასეთი მოთხოვნით სასამართლოსათვის არ მოუმართვათ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. საქმეში სადაო ფაქტობრივი გარემოებები არარსებობს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

- საქართველოს კონსტიუცია.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

-- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის ,,გ” პუნქტით ,,ქორწინება შეიძლება შეწყდეს განქორწინებით’’.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის II-III ნაწილის მიხედვით სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.

 

განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინების შეწყვეტის ერთერთი გზაა - განქორწინება. საქართველოს კანონმდებლობა არც იძულებით დაქორწინებას იცნობს და არც იძულებით ოჯახის შენარჩუნებას. განქორწინებისთვის ერთ–ერთი მეუღლის სურვილიც საკმარისია. მეუღლეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ განქორწინდნენ. კანონი ამ კუთხით შეზღუდვასაც ითვალისწინებს. კერძოდ: - ცოლის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში, ქმარს უფლება არა აქვს, ცოლის თანხმობის გარეშე, შეიტანოს სარჩელი განქორწინებაზე. სხვა ნებისმიერ დროს, როგორც ცოლს, ისე ქმარს, სრული უფლება აქვთ, მოითხოვონ განქორწინება. წინამდებარე შემთხვევაში მხარეებს არ ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები. შესაბამისად არარსებობს განქორწინების დასახელებული დამაბრკოლებელი გარემოება. სხვა მხრივ განქორწინების საკითხში სასამართლოს ჩარევა საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მეუღლეებს შორის არსებობს რაიმე სახის დავა – ქონებრივი, შვილებთან დაკავშირებით და ა.შ რომელსაც ისინი ურთიერთშეთანხმებით ვერ წყვეტენ. წინამდებარე შემთხვევაში მსგავსი დავა მხარეებს შორის არ მიმდინარეობს.

 

6.3. განქორწინების საქმის განხილვისას, სასამართლო იღებს გარკვეულ ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს შესარიგებლად მისცეს დრო არაუმეტეს ექვსი თვისა. თუკი სასამართლო დაადგენს, რომ მიუხედავად ამ ზომებისა, მეუღლეთა შემდგომი თანაცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მაშინ იგი იღებს გადაწყვეტილებას განქორწინების შესახებ. მოსარჩელე კატეგორიულად გამორიცხავს შერიგებას. გარდა ამისა არც მოპასუხე არ ითხოვს შესარიგებელ ვადას. აღნიშნული მიუთითებს, მასზედ, რომ ამჟამად მეუღლეთა შერიგება და სამომავლო თანაცხოვრება არ ხერხდება.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება ემყარება ქალისა და მამაკაცის ნების გამოვლენის თავისუფლებას, (საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლი) მათ ნებაყოფლობითობას, ისევე, როგორც დაქორწინებისას, ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაშიც გადამწყვეტი და არსებითია მხარეთა ნება, მათი სურვილი შექმნან ოჯახი ან შეწყვიტონ ქორწინება. ოჯახი დამყარებული უნდა იყოს ქალისა და მამაკაცის ურთიერთსიყვარულზე, ურთიერთ დაფასებასა და პატივისცემაზე, ხოლო თუ მეუღლეთა ურთიერთობა ეწინააღმდეგება ამ პრინციპებს და ოჯახი ფაქტობრივად დაინგრა, აზრს კარგავს მისი ხელოვნურად შენარჩუნებისათვის ზრუნვა. მოსარჩელემ გამოავლინა განქორწინების ნება. საქმის გარემოებების მიხედვით მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის აღდგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია, მოსარჩელე მოპასუხესთან ოჯახის შენარჩუნებას არ ფიქრობს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს უფლება აქვს მიიღოს განქორწინების გადაწყვეტილება. იმის გამო, რომ ისინი ვერ შერიგდნენ, ამჟამად მათი ქორწინება ატარებს ფიქტიურ ხასიათს. ასეთ შემთხვევაში მხარეთა ნების თავისუფლებიდან გამომდინარე განქორწინება წარმოადგენს ერთადერთ სწორ გამოსავალს, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს. მოსარჩელეს ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი. სარჩელის დაკმაყოფილების გამო, საქ. სსკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით გადახდილი ბაჟი მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს მოპასუხემ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არაა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ზ----- ხ-----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. ზ----- ხ-----–--ესა (პ/ნ 6----------) და ც------ დ-------ეს (პ/ნ 6----------) შორის 2007 წლის 25 ივნისს №მნ 0102420 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება შეწყდეს განქორწინების გზით.

3. ც------ დ-------ეს დაეკისროს მოსარჩელეს აუნაზღაუროს სახ. ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი 50 ლარი.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე