გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.11.2019
საქმის ნომერი
010210018002736883
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
20.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210018002736883

2-5008/19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20/11/2019 წელი ქ.ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე: სს ‘’ბ----------ი’’

წარმომადგენელი: თ--------------–-ძე

მოპასუხე: შ------- ზ-------ე

დავის საგანი: თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

სს ,,ბ----------ი’’ სასარჩელო განცხადებით მოითხოვს შ------- ზ-------ეს მის სასარგებლოდ დაეკისროს:

- 2016 წლის 4 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 4193,72 ლარის გადახდა.

- 2016 წლის 19 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 6054,45 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:

2016 წლის 4 ივნისს, სს ,,ბ---------სა“ და შ------- ზ-------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ 2017 წლის 4 დეკემბრამდე ვადით შ------- ზ-------ეს ასესხა 5000 ლარი, წლიური 16 %-ის სარგებელის დარიცხვის პირობით. კრედიტის დაფარვის ვადის დარღვევის შემთხვევისათვის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდა, კერძოდ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შ------- ზ-------ეს გადასახდელად დაერიცხება ჯარიმა დავალიანების 0.5 %-ის ოდენობით. სესხი უნდა დაფარულიყო გრაფიკის მიხედვით. შ------- ზ-------ემ დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულება, 2017 წლის 29 აპრილის შემდეგ შეწყვიტა სესხის დაფარვა და მნიშვნელოვნად გადააცილა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკს. მას გადასახდელი აქვს ძირი თანხა 2393,14 ლარი, სარგებელი 148,18 ლარი და პირგასამტეხლო 1652,40 ლარი.

 

გარდა აღნიშნულისა მოპასუხე, ბანკისაგან სარგებლობს სხვა საბანკო პროდუქტითაც. კერძოდ: - 2016 წლის 19 ოქტომბერს სს ,,ბ---------სა“ და შ------- ზ-------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ 2019 წლის 30 ქტომბრამდე ვადით შ------- ზ-------ეს ასესხა 5000 ლარი, წლიური 12 %-ის სარგებელის დარიცხვის პირობით. კრედიტის დაფარვის ვადის დარღვევის შემთხვევისათვის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდა, კერძოდ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შ------- ზ-------ეს გადასახდელად დაერიცხება ჯარიმა დავალიანების 1 %-ის ოდენობით. სესხი უნდა დაფარულიყო გრაფიკის მიხედვით. მსესხებელმა დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულება, 2017 წლის 1 მაისის შემდეგ შეწყვიტა სესხის დაფარვა და მნიშვნელოვნად გადააცილა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკს. მას გადასახდელი აქვს ძირი თანხა 4309,56 ლარი, სარგებელი 314,63 ლარი და პირგასამტეხლო 1429,86 ლარი.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. შ------- ზ-------ე სარჩელს ცნობს ძირი თანხის და სარგებელის ნაწილში. პირგასამტეხლოსა ნაწილში სარჩელს არ ცნობს. მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო გაანგარიშებულია არაგონივრულად და მოითხოვს მის შემცირებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2016 წლის 4 ივნისს, სს ,,ბ---------სა“ და შ------- ზ-------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ 2017 წლის 4 დეკემბრამდე ვადით შ------- ზ-------ეს ასესხა 5000 ლარი, წლიური 16 %-ის სარგებელის დარიცხვის პირობით. კრედიტის დაფარვის ვადის დარღვევის შემთხვევისათვის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდა, კერძოდ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შ------- ზ-------ეს გადასახდელად დაერიცხება ჯარიმა დავალიანების 0.5 %-ის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 4 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულება. ს.ფ. 15-18

 

3.1.2. 2016 წლის 4 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებით გაცემული სესხი უნდა დაფარულიყო გრაფიკის მიხედვით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის გრაფიკი. .ს.ფ.19

- მხარეთა განმარტებები.

 

3.1.3. შ------- ზ-------ემ 2017 წლის 29 აპრილის შემდეგ შეწყვიტა სესხის დაფარვა და მნიშვნელოვნად გადააცილა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკს. უდაოა, რომ მას გადასახდელი აქვს ძირი თანხა 2393,14 ლარი და სარგებელი 148,18 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა განმარტებები.

- სს ,,ბ---------ის“ ცნობა. ს.ფ.31

 

3.1.4. 2016 წლის 19 ოქტომბერს სს ,,ბ---------სა“ და შ------- ზ-------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ 2019 წლის 30 ქტომბრამდე ვადით შ------- ზ-------ეს ასესხა 5000 ლარი, წლიური 12 %-ის სარგებელის დარიცხვის პირობით. კრედიტის დაფარვის ვადის დარღვევის შემთხვევისათვის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდა, კერძოდ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შ------- ზ-------ეს გადასახდელად დაერიცხება ჯარიმა დავალიანების 1 %-ის ოდენობ

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 19 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულება. ს.ფ. 25-28

 

3.1.5. მხარეებს არ წარმოუდგენიათ 2016 წლის 19 ოქტომბრის სესხი გადახდის გრაფიკი, მაგრამ არ დაობენ მასზედ, რომ სესხი უნდა დაფარულიყო მხარეთა მიერ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა განმარტებები.

 

3.1.6. შ------- ზ-------ემ 2017 წლის 1 მაისის შემდეგ შეწყვიტა სესხის დაფარვა და მნიშვნელოვნად გადააცილა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკს. უდაოა, რომ მას გადასახდელი აქვს ძირი თანხა 4309,56 ლარი და სარგებელი 314,63 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

- სს ,,ბ---------ის“ ცნობა. ს.ფ.31

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

მოპასუხე სადაოდ ხდის პირგასამტეხლოს დარიცხვას და მის მოცულობას. დადგენილია და მხარეებიც არ დაობენ მასზედ, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვაზე მხარეები შეთანხმდენ ხელშეკრულებით. სარჩელში მოთხოვნილი ოდენობის პირგასამტეხლო არის თუ არა კანონიერი, ეს საკითხი არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. იგი სამართლებრივი შეფასების კატეგორიისა და მასზე სასამართლო იმსჯელებს საკითხის სამართლებრივი შეფასებისას.

სხვა სადავო ფაქტობრივი გარემოება არ არსებობს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ძირი თანხისა და სარგებელის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. სარჩელი პირგასამტეხლოს ნაწილში საფუძვლიანია ნაწილობრივად. პირგასამტეხლოს ოდენობა არაა გონივრულად გაანგარიშებული, რის გამოც ის გარკვეულწილად უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

_ საქართველოს კონსტიტუცია.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივდასადები ინტერესები გათვალისწინებული უნდა იქნას თანაბრად. განსახილველ საქმეში მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეს საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე ეკისრება სესხად გაცემული თანხის სრულად უკან დაბრუნების მოვალეობა, თუმცა ის ნაკისრ მოვალეობას არ ასრულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ თუ შ------- ზ-------ემ მოსარჩელისაგან აიღო სესხი და შეთანხმებულ ვადაში არ დაფარა, მაშინ მისი ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხად გაცემული თანხის იმ პირობების შესაბამისად დაბრუნება, რაზეც მხარეები არიან შეთანხმებულნი.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არ არსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მოსარჩელის მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოსარჩელე მიუთითებს სახელშეკრულებო ურთიერთობაზე. სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის მთავარი მახასიათებელია სათანადო პირობებით შეთანხმებული გარიგების არსებობა.

 

6.3. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის საფუძვლიდან. დასახელებული ნორმით ,,საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით”.

 

დადგენილია, რომ სს ,,ბ---------ი“ საკრედიტო დაწესებულებაა. მისი საქმიანობის საგანია სარგებელის პირობით სესხის გაცემა და გარკვეული მოგების მიღება. თავის მხრივ შ------- ზ-------ეს სჭირდებოდა თანხის სესხად მიღება. მათი ინტერესები დაემთხვა, რის შედეგადაც მხარეებს შორის 2016 წლის 4 ივნისს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს სესხად გადასცა კრედიტი 5000 ლარი. სესხი უნდა დაფარულიყო 2017 წლის 4 დეკემბრამდე. გარდა აღნიშნულისა საკრედიტო ურთიერთობა მათ შორის ჩამოყალიბდა მეორეჯერაც. კერძოდ 2016 წლის 19 ოქტომბერს ონლაინ განცხადების საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 5000 ლარი. სესხი უნდა დაფარულიყო 2019 წლის 30 ოქტომბერს. სწორედ ასეთ ურთიერთობას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლით დადგენილი ქცევის წესი. შესაბამისად მხარეებს შორის წარმოშობილი ურთიერთობა საკრდიტო ხელშეკრულებაა, ამიტომ დავა უნდა გადაწყდეს საკრედიტო ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით.

 

6.4. დადგენილია და მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ შ------- ზ-------ემ ორივე სესხის დაფარვა შეწყვიტა ვადაზე ადრე. 2016 წლის 4 ივნისის ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის დაფარვა შეწყვიტა 2017 წლის 29 აპრილს, ხოლო 2016 წლის 19 ოქტომბრის სესხის დაფარვა შეწყვიტა 2016 წლის 1 მაისს. ამ ტარიღების შემდეგ მოპასუხეს სესხის დასაფარი თანხა ბანკში აღარ შეუტანია. კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილების გამო მოსარჩელემ, შ------- ზ-------ესთან დადებული ხელშეკრულება შეწყვიტა და სესხად გაცემული თანხის მთლიანად უკან დაბრუნება მოითხოვა. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულეის შეწყვეტა გარიგებაა. იგი ხელშეკრულების მონაწილე მხარის ნების გამოვლინებაა, მაგრამ მისი ნამდვილობისათვის აუცილებელია დაცული იყოს საქართველოს სკ-ის 405-ე მუხლის წინაპირობები.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.

 

6.6. საქ. სკ-ის 873-ე მუხლით ,,კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქ. სკ-ის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ საქ. სსკ-ის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებებს, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შენატანის შეტანას. თუმცა ამ შემთხვევაშიც შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ანუ ამ შემთხვევაშიც გარიგების შეწყვეტისათვისათვის აუცილებელია ორ კვირიანი დამატებითი ვადის დანიშნვაც.

 

განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხემ საბანკო პროდუქტებით ისარგებლა და აითვისა კრედიტი. თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო სესხად მიღებული თანხა, ვალის დაფარვის მიზნით ბანკში შეეტანა იმ დროში, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. მან ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულება. 2017 წლის 29 აპრილის და 1 მაისის შემდეგ დავალიანების დარჩენილი თანხა მოპასუხემ არ გადაიხადა და ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მოსარჩელეს მიაყენა ზიანი. მან თანხის შეტანა შეწყვიტა და შენატანის შეტანის ვადას გადააცილა ორ ვადაზე მეტი, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას ხელშეკრულებიდან გავიდეს და დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება.

 

6.7. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხი. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალე ობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნობი დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ამ წესის დაცვის შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. ხელშეკრულების დადებისა და თანხის სესხად გადაცემის შემდეგ მოსარჩელეს უფლება აქვს მოპასუხეს მოსთხოვოს სესხად გაცემული თანხის უკან დაბრუნება იმ ვადაში და პირობებით, რაზეც ხელშეკრულებით იყვენ შეთანხმებულნი. თავის მხრივ მოპასუხე ვალდებულია ნაკისრი ვალდებულება შესრულოს ჯეროვნად, ანუ ისე, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი - სესხად მიღებული თანხა მოსარჩელეს დაუბრუნოს ხელშეკრულებაში შეთანხმებული პირობების შესაბამისად. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახელშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება და სესხად მიღებული თანხები ბანკს არ დაუბრუნა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. მოპასუხის ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს, საქ. სკ-ის 873-ე მუხლის საფუძველზე ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის სრული დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, შ------- ზ-------ე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს საკრედიტო ხელშეკრულებით მიღებული თანხა. ეს თანხაა:

- 2016 წლის 4 ივნისის ხელშეკრულებაზე - 2393,14 ლარი;

- 2016 წლის 19 ოქტომბრის ხელშეკრულებაზე - 4309,96 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირი თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

6.8. საქ. სკ-ის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

დადგენილია, რომ მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მოპასუხეს სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. ხელშეკრულებით სარგებელი შეადგენდა საკრედიტო ხელშეკრულებისათვის წლიურ 24 %-ს. სარგებელის სახით გადასახდელი თანხა, ძირი თანხის მსგავსად უნდა გადანაწილებულიყო და კუთვნილ ძირი თანხის ერთად ბანკში უნდა შეტანილიყო გრაფიკის მიხედვით. როგორც ზემოთ განვმარტეთ მოპასუხემ შეწყვიტა საკრედიტო ხელშეკრულებაზე სარგებელის გადახდა. სარგებელის სახით საკრედიტო ხელშეკრულებაზე გადასახდელად ერიცხება:

- 2016 წლის 4 ივნისის ხელშეკრულებაზე - 148,18 ლარი;

- 2016 წლის 19 ოქტომბრის ხელშეკრულებაზე - 314,63 ლარი.

დასახელებული სარგებელი ის თანხაა, რაც მას გადასახდელი აქვს სარჩელის აღძვრამდე. სასამართლო მიიჩნევს, რომ სარგებელი სწორადაა გაანგარიშებული და მოპასუხემ ის უნდა გადაიხადოს.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილების შემთხვევაში, გადასახდელ თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება:

- 2016 წლის 4 ივნისის ხელშეკრულებაზე - 0,5 %;

- 2016 წლის 19 ოქტომბრის ხელშეკრულებაზე - 1,00 %..

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა კრედიტის დაფარვა. ვალდებულების დარღვევიდან დავალიანების დაანგარიშებამდე გასული ვადის მიხედვით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს გადახდა. ვადაგადაცილების მიხედვით კუთვნილი პირგასამტეხლოს ოდენობაა:

- 2016 წლის 4 ივნისის ხელშეკრულებაზე - 1652,40 ლარი;

- 2016 წლის 19 ოქტომბრის ხელშეკრულებაზე - 1429,86 ლარი.

 

6.10. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობასაც იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონიმიკურ შედეგებს.შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. ამდენად, თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია და ა. შ. ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც, შეუსაბამოდ მაღალი, შეესაბამება მხარეთა ნამდვილ ნებას და შემცირებას არ ექვემდებარება. განსახილველ შემთხვევაში სახელშეკრულებო ურთიერთობაში სახეზეა ე.წ. „სუსტი მხარე“, რომელიც ხელშეკრულების ხელმოწერისას ვერ აცნობიერებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოპასუხე ვერ იხდის ძირ თანხას. მასზე დამატებით მაღალი პირგასამტეხლოს დაკისრება უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს მის გადახდის უნარს. პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად, დავალიანების 0.5 %-ის და 1 %-ის დარიცხვა არაგონივრულია. თანასწორობისა და ბალანსის აღდგენისათვის სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს პირგასამტეხლო შემცირდეს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დაახლოებით სამი წელია, რაც სესხს არ ერიცხება სარგებელი და ასევე არ ერიცხება პირგასამტეხლოც. ამ გარემოების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ორივე საბანკო პროდუქტზე გაანგარიშებული პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განახევრდეს. კერძოდ: - 2016 წლის 4 ივნისის ხელშეკრულებაზე - 826,2 ლარი;

- 2016 წლის 19 ოქტომბრის ხელშეკრულებაზე - 714,93 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის შესაბამისი გაანგარიშებით შეადგენს 307,45 ლარს. მოპასუხემ მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი სცნო ძირი ტანხისა და სარგებელის ნაწილში. საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილი იმ მოპასუხეებს ათავისუფლებს სახ. ბაჟის გადახდისაგან, ვინც საქმის მომაზადების სტადიაზე სარჩელს ცნობს. როგორც ზემოთ განვმარტეთ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამოდმინარე დავის ნაწილში მოპასუხემ სარჩელი ცნო, ამიტომ ის ამ თანხის კუთვნილ ბაჟის 214,97 ლარის ნაწილში გათავისუფლებულია. შესაბამისად ამ ნაწილში გადახდილი ბაჟი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს უკან, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში გადახდილი ბაჟი 92,48 ლარი, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო მხარეებს შორის უნდა განაწილდეს თანაბრად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სს ,,ბ---------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.

2. შ------- ზ-------ეს, 2016 წლის 4 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,ბ---------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 3367,52 ლარის (ძირი თანხა - 2393,14 ლარი, სარგებელი - 148,18 ლარი და პირგასამტეხლო 826,2 ლარი) გადახდა.

3. შ------- ზ-------ეს, 2016 წლის 19 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,ბ---------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 5339,52 ლარის (ძირი თანხა - 4309,96 ლარი, სარგებელი - 314,63 ლარი და პირგასამტეხლო 714,93 ლარი) გადახდა.

4. სარჩელი პირგასამტეხლოს სრულად დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდეს.

5. შ------- ზ-------ეს, სს ,,ბ---------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ნაწილის 46,24 ლარის ანაზღაურება.

6. სს ,,ბ---------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის სახით დაეკისროს 46,24 ლარის გადახდა. მოსარჩელეს ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი.

7. სს ,,ბ---------ს“ უკან დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი 214,97 ლარი (საგადასახადო დავალება - N1, გადახდის თარიღი - 19/11/2018 წელი, გადამხდელის ბანკი - სს ბ----------ი, სახაზინო კოდი - 300693150)

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე