განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100119003012037
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
საქმე N1/299-19 16 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი
მოსამართლე შოთა ბიჭია
სხდომის მდივანი თათია აქუბარდია
სხდომის სახე - დახურული
1. ბრალდების მხარე:
1.1. პროკურორი: ბ-------------–---–--
2. დაცვის მხარე:
2.1. ბრალდებული რა--------------------------------------–-------–-–--------------------------–----------–---------------------------------------–------------------------–-----------–--------–--------------------------------------–----–----------------–------–--------–--
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი
ქმედების შემადგენლობა: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია
2.2. ადვოკატი რ---–-----–-----
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი
2019 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 11 საათსა და 10 წუთზე ქ-------–--------------------------------------- მიმართულებით, დაახლოებით 40 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა ,,ოპელი’’-ს მარკის ავტომობილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით Z--------- რომელსაც მართავდა ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი რ------------, რომელიც მარჯვენა სამოძრაო ზოლის კიდიდან 1,5 მეტრში შეეჯახა ქვეით ლ-–--------–---–--ს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო დაზარალებულმა ლ-–--------–---–--მ. მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს რ------------მ დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 31.4 და 33.2 მუხლის მოთხოვნები. კერძოდ: 31.1 ,,შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება, ისე, რომ დაცული იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება’’. 31.2 ,,სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილი, რელიეფი, გზის და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობის და სხვა) ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს.
2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
2019 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 11 საათსა და 10 წუთზე ქ-------–--------------------------------------- მიმართულებით, დაახლოებით 40 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა ,,ოპელი’’-ს მარკის ავტომობილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით Z--------- რომელსაც მართავდა ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი რ------------. მან შეამჩნია ქვეითი ლ-–--------–---–--, რომელიც საპირისპირო სამოძრაო ზოლიდან მოემართებოდა ჩქარი ნაბიჯებით მისი სამოძრაო ზოლისკენ. რ------------ თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით მარჯვენა სამოძრაო ზოლის კიდიდან 1,5 მეტრში შეეჯახა ქვეით ლ-–--------–---–--ს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიღო დაზარალებულმა ლ-–--------–---–--მ. რ------------ს მიერ ლ-–--------–---–--ს დანახვიდან შეჯახებამდე არსებული მანძილისა და დროის გათვალისწინებით, რ------------ს ტექნიკურად არ შეეძლო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა
3.1. ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს
საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების სუბიექტი არის ის, ვინც მართავს სატრანსპორტო საშუალებას.
ბრალდებულის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის ფაქტი სადავო არ გამხდარა მხარეებს შორის. ასევე უდავოა ის ფაქტი, რომ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა.
მხარეები სადავოდ ხდიან ბრალდებულის მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას.
სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ ბრალდებულის ქმედების მართლწინააღმდეგობის დასადგენად წარმოადგინა მტკიცებულებები, დაცვის მხარემ თავის მხრივ, ბრალდების გასაქარწყლებლად წარმოადგინა მტკიცებულებები.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტ ზ-------------------ს ჩვენებით და ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ მძღოლ რ-------------ს ტექნიკური თვალსაზრისით შეეძლო მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. ექსპერტიზის დასკვნაში მძღოლის რეაქციის დროდ აღებულია 0,6 წამი და არა 1 წამი. დასკვნაში ტექნიკური შეცდომა გაიპარა, რეაქციის დროს 1 წამის ნაცვლად მითითებული უნდა იყოს 0,6 წამი. გამოთვლა განხორციელდა 0,6 წამის მიხედვით, თუმცა ცვლადების განმარტებაში შეცდომით იქნა მითითებული, რომ რეაქციის დროდ აღებული იყო 1 წამი. 0,6 წამი რეაქციის დროა დღისით, როცა ხედავ მოძრაობის დაწყებას. 1 წამია ღამით და როცა ვერ ხედავ მოძრაობის დაწყებას.
ბრალდებულის ჩვენებით დადგენილია, რომ 50/კმ საათი სიჩქარით მოძრაობდა. ავტოსაგზაო შემთხვევამდე დაახლოებით 10 მეტრში საავარიო სიტუაცია შეიქმნა, რის გამოც ავტომობილი ეფარებოდა და ვერ ნახა ქვეითი რომ გადმოვიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში. როგორც კი შეამჩნია ქვეითი საპირისპირო სამოძრაო ზოლში შუა ხაზიდან 1 მეტრში, მაშინვე შეანელა მოძრაობა და საჭე მიმართა მარჯვნივ, რადგან ეგონა, რომ ქვეითი შუა ხაზთან გაჩერდებოდა და მის სამოძრაო ზოლში არ გადმოვიდოდა, თუმცა ქვეითი არ გაჩერდა, რის შემდეგაც დარწმუნდა, რომ შეჯახება მოხდებოდა გზის მარჯვენა მხარეს. ამიტომ დაამუხრუჭა და მიმართა საჭე მარცხნივ, თუმცა მაინც შეეჯახა ქვეითს უკიდურეს მარჯვენა მხარეს ტროტუარიდან 1,5 მეტრში. დაზარალებული იყო მთვრალი და ფულს ითვლიდა მოძრაობისას.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ექსპერტ ი-----–---–----------ის ჩვენებითა და ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ მძღოლს რ------------ს ტექნიკური თვალსაზრისით არ შეეძლო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. მან მძღოლის რეაქციის დროდ აიღო 1 წამი, რადგან ქვეითი არ გადაადგილდებოდა ქვეითთა გადასასვლელზე და მისი მოძრაობა მძღოლისთვის მოულოდნელი იყო. 0,6 წამის მითითება რეაქციის დროდ ხდება, როცა ქვეითის მოძრაობა მძღოლისთვის მოსალოდნელია და ქვეითი ნელა გადაადგილდება.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ექსპერტ დ------------–-ს ჩვენების თანახმად, ექსპერტები ხელმძღვანელობენ მეთოდური სახელმძღვანელოთი, რომელიც ქართულადაც არის თარგმნილი რუსულიდან და მინისტრის ბრძანებით არის დამტკიცებული და სხვა ენებზეც არსებობს. ეს ლიტერატურა შინაარსობრივად იგივეა და რაიმე არსებითი განსხვავებები ამ საქმისთვის საინტერესო საკითხებზე იქ არ არის. ამ სახელმძღვანელოების მიხედვით, თუ ქვეითი ნელა იმოძრავებდა და მისი გამოჩენა მძღოლისთვის მოულოდნელი არ იქნებოდა, მძღოლის რეაქციის დროდ განსაზღვრავდნენ 0,6 წამს, მაგრამ რადგან ქვეითი ჩქარა მოძრაობდა და მისი იქ გამოჩენა მოულოდნელი იყო, რეაქციის დროდ განსაზღვრეს 1 წამი.
სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ სსკ-ის 276-ე მუხლი წარმოადგენს ბლანკეტურ ნორმას, რომელიც მოითხოვს მითითებას სხვა კანონის ნორმაზე, რომლის გარეშეც ეს დანაშაული არ არსებობს. ბრალდების დადგენილების თანახმად, ბრალდებულმა დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის 33.1 მუხლის და 33.2 მუხლის მოთხოვნები. 33.1 მუხლის თანახმად: მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება. 33.2 მუხლის თანახმად: სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში - გაჩერდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის უდავოა ის ფაქტი, რომ ბრალდებული მოძრაობდა მის სამოძრაო ზოლზე, ხოლო ქვეითი არ მოძრაობდა ქვეითთა გადასასვლელ ზოლზე. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების დასადასტურებლად აუცილებელია გაირკვეს, დაარღვია თუ არა მან საგზაო მოძრაობის წესი. სადავო არ არის, რომ მძღოლი მოძრაობდა დასაშვები სიჩქარით მანამ, სანამ შენიშნავდა ქვეითს. ამდენად, ქვეითის შემჩნევამდე მძღოლს საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის 33-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მოთხოვნები არ დაურღვევია. გასარკვევია მხოლოდ ის, დაარღვია თუ არა მძღოლმა ზემოაღნიშნული ნორმები ქვეითის შემჩნევის შემდეგ. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ერთადერთი პირდაპირი მოწმის - მძღოლის ჩვენება, რომელიც აღნიშნავს, რომ ქვეითის შემჩნევისთანავე შეანელა მოძრაობა და საჭე ინსტინქტურად მიმართა მარჯვნივ მიუხედავად იმისა, რომ ელოდა ქვეითის შეჩერებას შუა ხაზთან. მას შემდეგ, რაც ქვეითი არ შეჩერდა, მან დაამუხრუჭა და საჭე მიმართა მარცხნივ, რათა აერიდებინა თავიდან შეჯახება, თუმცა ავტომობილის მარჯვენა წინა კუთხეში შეჯახება მაინც მოხდა. ამდენად, აშკარაა, რომ მძროლის მიერ შერჩეული სიჩქარე და მის მიერ გათვალისწინებული გარემოებები არ აღმოჩნდა საკმარისი შეჯახების თავიდან ასაცილებლად, თუმცა იმისათვის, რომ გაირკვეს, ამით დაირღვა თუ არა საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის 33-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მოთხოვნები, აუცილებელია იმის დადგენა, მძღოლს ობიექტურად შეეძლო და ევალებოდა თუ არა შექმნილ ვითარებაში ქვეითის დანახვის შემდეგ შეერჩია სხვა სიჩქარე ან მოქცეულიყო სხვაგვარად.
ვინაიდან კანონის ყველა მოთხოვნა ფაქტობრივად შესრულებადი უნდა იყოს, პირველ რიგში პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, ქვეითის შემჩნევის შემდეგ მძღოლს რომ დაემუხრუჭებინა, შეძლებდა თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილებას. ამ საკითხზე კომპეტენტური პასუხის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური ცოდნის მქონე პირების მიერ ჩატარებული გამოთვლების შედეგად. ასეთი 2 ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, რომლებიც ურთიერთგამომრიცხავ შედეგს იძლევა. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ შედეგებს შორის განსხვავების საფუძველი არის მძროლის რეაქციის დროის განსხვავებულად მითითება. ბრალდების მხარის ექსპერტი ასეთად უთითებს 0,6 წამს, ხოლო დაცვის მხარის ექსპერტები - 1 წამს. აქვე უნდა ითქვას, რომ ბრალდების მხარის ექსპერტიზის დასკვნაშიც მითითებულია 1 წამი, თუმცა ექსპერტმა განმარტა, რომ ეს ტექნიკური ხარვეზია და მან სინამდვილეში იანგარიშა 0,6 წამი. ბრალდების მხარის ექსპერტის განმარტებით, მან 0,6 წამი იმიტომ აიღო, რომ მეთოდური სახელმძღვანელო მოითხოვს სწორედ ამ დროის მითითებას, როცა შემთხვევა მოხდება დღისით, ქვეითის მოძრაობის დაწყება და სიჩქარე მძღოლის მხედველობის არეალშია და მას არაფერი უშლის მხედველობაში ხელს, ხოლო 1 წამის აღება ხდება ღამით, როცა მხედველობა შეზღუდულია. ამის საპირისპიროდ დაცვის მხარის ექსპერტებმა განმარტეს, რომ ისინიც ხელმძღვანელობენ ანალოგიური მეთოდური სახელმძღვანელოთი, სადაც მითითებულია, რომ შექმნილ ვითარებაში მათ მძღოლის რეაქციის დროდ უნდა აეღოთ 1 წამი და არა 0,6 წამი, რადგან ამ უკანასკნელის მითითება ხდება მაშინ, როცა ქვეითის გამოჩენა, მისი მოძრაობა მძღოლისთვის მოსალოდნელია და ის უფრო მეტი ყურადღებით არის მიმართული ქვეითისკენ. იმ შემთხვევაში, როცა ქვეითის გამოჩენა მოულოდნელია და ის მოძრაობს ჩქარა, მძღოლის რეაქციის დრო იკლებს და ხდება 1 წამი. ექსპერტიზის დასკვნებში მძღოლის რეაქციის დროებს შორის არსებული 0,4 წამი იძლევა 3-4 მეტრის სხვაობას დამუხრუჭების მანძილში. სწორედ ეს 3-4 მეტრი წყვეტს საკითხს, შეეძლო თუ არა მძღოლს ტექნიკური თვალსაზრისით შეჯახების თავიდან აცილება. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ექსპერტების მეთოდური სახელმძღვანელო, რომელსაც ისინი დაეყრდნენ, დეტალურად სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ის არც დასკვნებს ერთვის და არც ცალკეა წარმოდგენილი მტკიცებულების სახით, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, განსაზღვროს, რომელი ექსპერტის ჩვენება არის უფრო ახლოს ამ სახელმძღვანელოში მითითებულ გარემოებებთან და რომელმა ექსპერტმა მიიღო მცდარი გადაწყვეტილება რეაქციის დროსთან დაკავშირებით. სამივე ექსპერტი სპეციალური ცოდნის მქონე პირია, რომლებიც წლების განმავლობაში იყენებენ ამ მეთოდურ სახელმძღვანელოს. სასამართლოს შეუძლია მხოლოდ მათი ზეპირი განმარტებებით იხელმძღვანელოს, თუმცა, როგორც ირკვევა, მხოლოდ ზეპირი განმარტებები არ არის საკმარისი იმის გასარკვევად, რომელი უნდა იქნეს გაზიარებული და რომელი - უარყოფილი. ვინაიდან სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, უფრო მეტ სიღრმეში შევიდეს ამ საკითხში, ერთადერთი გზა არსებული პრობლემის გადაჭრისა არის საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული, ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი, რაც მოითხოვს მძღოლის რეაქციის დროსთან დაკავშირებული გაურკვევლობის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტას სხვა ბერკეტის არარსებობის გამო. აქვე უნდა ითქვას, რომ ამ საკითხზე ბრალდებულის ჩვენება არარელევანტურია, რადგან მას სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, ასევე ის სუბიექტურია და მის მიერ აღქმული დრო და მანძილი ვერ იქნება აღქმული ობიექტურად. სწორედ ამ მიზეზით არც ერთმა ექსპერტმა არ გაითვალისწინა მძღოლის ჩვენება ქვეითის შემჩნევის მანძილის ნაწილში და დაადგინა მისგან მიწოდებული ინფორმაციისგან განსხვავებული მანძილი, რომელიც დაანგარიშებულ იქნა ქვეითის მოძრაობის მიხედვით. აღსანიშნავია ასევე, რომ ამ ნაწილში ორივე ექსპერტიზის დასკვნა ერთმანეთთან თანხვედრაშია და მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრის სხვაობა ფიქსირდება, რაც არაარსებითია. ამდენად, მძღოლის ჩვენებას სასამართლოსთვის არსებითი საკითხების გარკვევისას (ქვეითსა და მძღოლს შორის დაშორება), ვინაიდან ის ეწინააღმდეგება ორივე მხარის ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილ გარემოებებს, სასამართლოც ვერ მიიღებს მხედველობაში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
რადგან მიჩნეულ იქნა, რომ ბრალდებულს არ ჰქონდა ფაქტობრივი შესაძლებლობა, აეცილებინა თავიდან ავტოსაგზაო შემთხვევა და რომ ქვეითის შემჩნევის შემდეგ ის ვერ შეარჩევდა ისეთ სიჩქარეს, რომელიც საშუალებას მისცემდა, თავიდა აერიდებინა შეჯახება. ამდენად, ასეთი მოთხოვნის მძღოლისთვის დაწესება მოკლებულია რაიმე მიზანს და ის არ გამომდინარეობს საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მოთხოვნიდან.
ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სარწმუნო, საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გააბათილებდა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ბრალდების დადგენილებაში მითითებული ნორმების დარღვევას.
3.2. რამაც სიცოცხლისთვის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია
საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი მოითხოვს შედეგს - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რაც თავისთავად გულისხმობს მიზეზობრივი კავშირის არსებობას საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის. საქართველოს სსკ-ის მე-8 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა ბრალდებულის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა. შესაბამისად, მიზეზობრივი კავშირი ასეთ დარღვევასა და შედეგს შორის მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.
სასამართლო აქვე ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანებაზე. ამ მტკიცებულებების უარყოფა სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა, თუმცა თავად ასეთი შედეგი და ამ შედეგის გამოწვევა შეჯახებით არ მიუთითებს ბრალდებულის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მის გამოწვევაზე.
4. სამართლებრივი შეფასება
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი დასჯად ქმედებად აცხადებს ავტომობილის უსაფრთოხების წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messegue and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი არ ყოფილა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევას და, აქედან გამომდინარე, ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
5. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
საქმეზე დართულია ნივთმტკიცებები: ავტომანქანა, რაც, სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-3 მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და ადგილზე თათბირით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ------------ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
რ------------სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცება ავტომანქანა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
გამართლებულ რ------------ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა ბიჭია