გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2920170-2/186-19წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 დეკემბერი 2019 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ ტეფნაძე
მოსარჩელე - შპს ,,ა---–---------’’
წარმომადგენელი - ა-–---------- ც--–------ე
მოპასუხე - შპს ,,კ------’’
წარმომადგენელი - მ------- მ--–-----ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. შპს ,,კ-----ს’’ შპს ,,ა---–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 15694.22 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2018 წლის 1 ნოემბერს შპს ,,კ-----აა’’ და შპს ,,ა---–--------ს’’ შორის დადებული იქნა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შემსრულებელმა ქ. თ---–--ში, დ----- გ-------–---–ის გამზირი N84 ტერიტორიაზე დააგო 250230.31 ღირებულების 6763 კვ.მ. ბეტონის გზის საფარი. შემსრულებელმა დამკვეთს მიაწოდა 1920 ლარის ღირებულების ბეტონი. სამუშაოს შესრულების შესახებ შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტები და საგადასახადო ანგარიშფაქტურები. დამკვეთს მთლიანი ანგარიშსწორება უნდა მოეხდინა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში, რაც დამკვეთის მიერ შესრულებული იქნა ნაწილობრვი და გადასახდელი დარჩა 15694.22 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს ,,კ------ს’’ წარმომადგენელმა შესაგებლით არ ცნო სარჩელი. ახსნა-განმარტების სტადიაზე მიუთითა, რომ მის მიერ შესრულებულია მითიტებული ვალდებულება რასაც ადასტურებენ მოწმეები.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 1 ნოემბერს შპს ,,კ------სი’’ და შპს ,,ა---–--------ს’’ შორის დაიდო ხელშეკრულება №01/11/18-01. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ.თბილიში, დ----- გ-------–---–ის გამზ. N84-ში 6763 კვ.მ. მოცულობის გზაზე ბეტონის საფარის დაგება. ხელშერკულების ღირებულება განისაზღვრა 250230.31 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 01.11.2018წ. ხელშეკრულება;
3.1.2. 01.11.2019წ. ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 3 დეკემბერი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 01.11.2018წ. ხელშეკრულება;
3.1.3. 2018 წლის 19 ნოემბერს მხარეებს შორის შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2018 წლის 1 ნოემბერს გაფორმებული N01/11/18-01 ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 94 276 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 19.11.2018წ. მიღება-ჩაბარების აქტი N1.
3.1.4. 2018 წლის 3 დეკემბერს მხარეებს შორის შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2018 წლის 1 ნოემბერს გაფორმებული N01/11/18-01 ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 44 400 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 03.12.2018წ. მიღება-ჩაბარების აქტი N2.
3.1.5. 2018 წლის 20 დეკემბერს მხარეებს შორის შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2018 წლის 1 ნოემბერს გაფორმებული N01/11/18-01 ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 48 100 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 20.12.2018წ. მიღება-ჩაბარების აქტი N3.
3.1.6. 2019 წლის 9 იანვარს მხარეებს შორის შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2018 წლის 1 ნოემბერს გაფორმებული N01/11/18-01 ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 63455 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 09.01.2019წ. მიღება-ჩაბარების აქტი N4.
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. შპს ,,ა---–----------მ’’ 01.11.2018წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეასრულა 252150.22 ლარის ღირებულების სამუშაო.
3.2.2. შპს ,,კ-----ს’’ შპს ,,ა---–--------ისათვის’’ გადახდილი აქვს შესრულებული სამუშაოს ღირებულების ნაწილი 236456 ლარი, ხოლო არ აუნაზღაურებია 15694.22 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარის ახსნა-განმარტება;
- 09.01.2019წ. მიღება-ჩაბარების აქტი N4.
- 20.12.2018წ. მიღება-ჩაბარების აქტი N3.
- 03.12.2018წ. მიღება-ჩაბარების აქტი N2.
- 19.11.2018წ. მიღება-ჩაბარების აქტი N1.
- 11.01.2019წ. საგადასახადო ანგარიშფაქტურა;
- 03.12.2018წ. საგადასახადო ანგარიშფაქტურა;
- 11.01.2019წ. საგადასახადო ანგარიშფაქტურა;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 416-ე, 417-ე, 418-ე 420-ე, 629-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე.
ამავე კოდექსის 629-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა შეფასდეს.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის „ა” ქვეპუნქტი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად მიიჩნევს ისეთ შემთხვევას, როდესაც შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
2018 წლის 1 ნოემბერს შპს ,,კ-----ს’’ და შპს ,,ა---–--------ს’’ შორის დაიდო ხელშეკრულება №01/11/18-01. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. თბილიში, დ----- გ-------–---–ის გამზ. N84-ში 6763 კვ.მ. მოცულობის გზაზე ბეტონის საფარის დაგება. ხელშერკულების ღირებულება განისაზღვრა 250230.31 ლარით. დადგენილია, რომ შპს ,,ა---–----------მ’’ 01.11.2018წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეასრულა 252150.22 ლარის ღირებულების სამუშაო. შპს ,,კ-----ს’’ შპს ,,ა---–--------ისათვის’’ გადახდილი აქვს შესრულებული სამუშაოს ღირებულების ნაწილი 236456 ლარი.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მტკიცებას, რომ მოსარჩელეს ვალდებულება არასრულყოფილად აქვს შესრულებული და ამ ვალდებულების შესრულების დროს მის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით ხდებოდა კონკრეტული თანხების გადახდა მაშინ როდესაც ამ კონკრეტული თანხის გადახდა ეკისრებოდა მოსარჩელეს. ასეთი შესრულების შესახებ რაიმე წერილობითი დოკუმენტი არ შედგენილა. ამასთან, ვალდებულების არ არსებობის ფაქტი ვერ დადასტურდება მოწმეთა ჩვენებებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაოს ღირებულება, ის, რაც ფაქტობრივად შესრულდა. მოპასუხე მხარეს სადავოობის შემთხვევაში, ეკისრებოდა წარმოედგინა მტკიცებულება, რომ მოსარჩელემ ვალდებულება არ შესრულა სრულყოფილად, ან ვერ შეასრულა დადგენილ ვადაში, ან შესრულება არ იყო შეთანხმებული ხარისხის. მოპასუხემ მხოლოდ სიტყვიერად მიუთითა ასეთ გარემოებებზე, რაც მოწმეთა ჩვენებებით ვერ დადასტურდებოდა, მაშინ, როდესაც იურიდიულ პირებს შორის იყო სახელშეკრულებო ურთიერთობა. მათ შეთანხმების პირობები განსაზღვრეს წერილობით და ამ ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება უნდა მოეხდინათ ასევე წერილობით. ის გარემოება, რომ მოპასუხემ მოსარცელის ნაცვლად შეასრულა რაიმე ვალდებულება მესამე პირების მიმართ, უნდა ამტკიცოს მოპასუხემ, მას შეუძლია სხვა სარჩელითაც მიმართოს სასამართლოს. ამდენად, შემკვეთი შპს ,,კ------’’ ვალდებულია მენარდეს შპს ,,ა---–--------ს’’ აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაოს ღირებულება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შპს ,,ა---–--------ის’’ მიერ შესრულებულია 252150.22 ლარის ღირებულების სამუშაო. აღნიშნული თანხიდან 236456 ლარი შპს ,,კ-----ს" გადახდილი აქვს შპს ,,ა---–--------ისათვის’’, ხოლო გადასახდელი აქვს 15694.22 ლარი. ფაქტია, რომ მენარდემ სამუშაო შეასრულა. ამდენად მითითებული თანხა ექვემდებარება ანაზღაურებას.
7. სასამართლო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.’’
სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 471 ლარის ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხე შპს ,,კ-----ს’’ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 471 ლარის გადახდა, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის 50 ლარის და ყადაღის რეგისტრაციის საფასურის 100 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ა---–--------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. მოპასუხე შპს ,,კ-----ს’’ მოსარჩელე შპს ,,ა---–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 15694.22 ლარის გადახდა.
2. მოპასუხე შპს ,,კ-----ს’’ მოსარჩელე შპს ,,ა---–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 471 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის 50 ლარის და ყადაღის რეგისტრაციის საფასურის 100 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი