განაჩენი

სისხლის სამართლის 06.12.2019
საქმის ნომერი
330100119003279778
თარიღი
06.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/5388-19

(-------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

06 დეკემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე გიორგი ებანოიძემ,თეონა აბულაძის მდივნობით,პროკურორ - დ------–----–---–---

ბრალდებულ - გ-----------------

ადვოკატ - ა----–-–---–---–-- მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ-------------------------------------------------–-------–-–---------------------------–----------–----------------–---------------–----–----–----------–-------------------------–--------------------–------ ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---------------------–-----–---------------------- ამჟამად პატიმრის მიმართ.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით - ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის---------- განაჩენით, ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

1.2 2019 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით 15:30 საათიდან 16:00 საათამდე დროის პერიოდში, ქ.თბილისში--------------------–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი გ--------------- აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ნ------------------ კუთვნილ საფულეს სადაც ელაგა პირადობისა და მართვის მოწმობები, საკრედიტო ბარათები, ასევე ფულადი თანხა 250 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ქმედებით ნ------------------ მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1 სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და გ---------------- დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია გ---------------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის; შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

3.1. გ---------------- მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მოწმეების: დ---------–-----------------------–---–----------–---------------------------------–---------–---–----------------–---------------------–---–---------------------------------------------- გამოკითხის ოქმებს, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, ანოცნობის ოქმს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებებით.

3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულ გ---------------- სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

3.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

3.5. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

3.6. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

3.7. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

3.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის მე-2 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.

 

4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.

 

4.3. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

4.4 კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაწესებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ძარცვისთვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ზემოაღნიშნული მუხლით სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები, ხოლო დამატებითი ობიექტი - ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა, ვინაიდან ძარცვას შესაძლებელია ახლდეს ძალადობა, რომელიც საშიში არ არის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

 

4.5 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ძარცვის ობიექტური შემადგენლობისათვის აუცილებელია მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს აშკარად. დანაშაულის აშკარა ხასიათი გულისხმობს ნივთის დაუფლებას თვალნათლივ, როგორც მესაკუთრის/მფლობელის/მოსარგებლის, ისე - სხვა პირთათვის. ძარცვა მატერიალური შემადგენლობის დანაშაულია და დამთავრებულად ითვლება ქონების ფაქტობრივი დაუფლების მომენტიდან, როდესაც დამნაშავეს უჩნდება დაუფლებული ქონების განკარგვის ფაქტობრივი შესაძლებლობა. მოცემული დანაშაულის ობიექტურ მხარეში შედის ასევე მიზეზობრივი კავშირის დადგენა დამნაშავის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ მავნე შედეგს შორის.

 

4.6 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვასა და მისაკუთრების მიზნის არსებობას გულისხმობს. ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩამდენს გაცნობიერებული აქვს, რომ მისაკუთრების მიზნით, აშკარად ეუფლება ქონებას, რომელზეც არავითარი უფლება არ გააჩნია და ითვალისწინებს შედეგად მესაკუთრის/კანონიერი მფლობელისთვის ზიანის მიყენების გარდაუვალობას.

 

4.7 სასამართლო თვლის, რომ გ---------------- ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის (ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით,რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის) ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის ნიშნები, შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენაში და განესაზღვროს კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

5.1. გ---------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა დანაშაულებრივი ქმედება, ასევე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ბრალდებულის ნასამართლობა.

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

6.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

6.3 სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

6.4 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პირის მიმართ ზედმეტად მკაცრი და დისპროპორციული სასჯელის გამოყენება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არის შეფასებადი, კერძოდ - „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება, 24-ე, 25-ე და 26-ე პუნქტები).

6.5 სასამართლო ყურადრებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივნისის №54აპ-16 განაჩენზეც, რომელშიც აღნიშნულია შემდეგი: „... საკასაციო პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.“

6.6 მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს ზემოაღნიშნულ გარემოებებს, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, ვითარებას, მსჯავრდებულის პიროვნებას და მიიჩნევს, რომ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი გ---------------- მხრიდან, არ შეიძლება გახდეს მისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნის საფუძველი. ხასიათი გ---------------- რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლების და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მის მიმართ არ გამოვლენილა რაიმე სახის დამამძიმებელი გარემოება, მიზნაშეწონილია მის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით განსაზღვრული სასჯელის - თავისუფლების აღკეთის მინიმალური ზომა. სასამართლოს შეფასებით, თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით იქნება სამართლიანი და ადეკვატური სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის---------- განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, მოუხდელი ნაწილი 03 (სამი) წლით და 06 (ექვსი) თვის ვადით.

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 03 (სამი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, გ----------------, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. გ---------------- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 1------------------.

5. ნივთიერი მტკიცებულებები: 1. მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა 01 (ერთი) ლარი და 20 (ოცი) თეთრი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი ებანოიძე