გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-113-2019
(130310019003239213)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ხაშური
შესავალი ნაწილი
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მევლუდ ხათაშვილი
სხდომის მდივანი - ქეთევან ბარბაქაძე
მოსარჩელე - ლ--–- ბ------–---–ი
მოპასუხე - სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლა
დავის საგანი: სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოსარჩელემ მოითხოვა დადგენილი იქნეს ლ--–- ბ------–---–ის მიერ 2001 წელს ქარელის რაიონის სოფ. ზემო ხვედურეთის საშუალო სკოლის 11 კლასის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი (იხ. მოთხოვნის დაზუსტება, 2019 წლის 19 დეკემბრის სხდომის ოქმი 13:07:01-13:07:50).
მოსარჩელე უთითებს, რომ 1990 წელს ჩაირიცხა ქარელის რაიონის სოფ. ქვემო ხვედურეთის სკოლის პირველ კლასში. შემდეგ სწავლა გააგრძელა სოფ. ზემო ხვედურეთის საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 2000-2001 სასწავლო წელს და მიიღო სრული ზოგადი განათლების ატესტატი Nაგ0017164. ცხოვრობს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. დ---ში. საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის დროს დაიწვა მისი საცხოვრებელი სახლი და ყველა დოკუმენტი, მათ შორის ატესტატიც. მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ატესტატის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით, თუმცა 2019 წლის 2 ოქტომბრის N58/338/გ გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რადგან სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მიღებული პასუხის მიხედვით, ვერ ხერხდება მის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება. სკოლა ადასტურებს მის მიერ სრული კურსის დასრულებისა და ატესტატის გაცემის ფაქტს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლას წერილობითი შესაგებელი არ შემოუტანია და არც მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი გამოცხადებულა სასამართლოს სხდომაზე.
3. მე-3 პირის პოზიცია
საქმეში მესამე პირი არ ჩართულა
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. ლ--–- ბ------–---–მა 2000-2001 სასწავლო წელს დაამთავრა ქარელის რაიონის სოფ. ზემო ხვედურეთის საშუალო სკოლის სრული კურსი და მის სახელზე გაიცა ატესტატი Nაგ0017164 (იხ. ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლის 2019 წლის 19 სექტემბრის N1230749 ცნობა, ს.ფ. 14, ასევე, მოწმეთა ჩვენებები, 2019 წლის 19 დეკემბრის სხდომის ოქმი 13:12:57-13:18:16).
4.2. მოსარჩელემ მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გორის სამოქალაქო რეეესტრის სამსახურს ატესტატის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით. სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა 2019 წლის 2 ოქტომბრის N58/338/გ გადაწყვეტილებით ლ--–- ბ------–---–ს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემაზე უთხრა უარი.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ ლ--–- ბ------–---–ის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის №113/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების გაცემის წესით“.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
7.2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის N113/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის“ მე-5 მუხლის მიხედვით, ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატის გამცემი ორგანოა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახური. იმავე წესის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების უფლების მქონე პირების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მოსწავლის მონაცემების არ-არსებობის შემთხვევაში ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მისაღებად პირს შეუძლია წარადგინოს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი: ა) შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ან საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს იმ პირის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომერი და გამოცემის თარიღი, რომელზეც უნდა გაიცეს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატი; ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი ან სასამართლოს გადაწყვეტილება საბაზო ან სრული ზოგადი განათლების აღიარების შესახებ; გ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის ფაქტი.
7.3. როგორც სასამართლოს მიერ იქნა დადგენილი ლ--–- ბ------–---–მა 2001 წელს დაამთავრა ქარელის რაიონის სოფ. ზემო ხვედურეთის საშუალო სკოლის 11 კლასი და მასზე გაიცა საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი Nაგ0017164. ამასთან, მის მიერ მიღებული განათლების დამადასტურებელი ადმინისტრაციული აქტი ვერ იქნა მოძიებული, რის გამოც იგი ითხოვს სამართლებრივი ურთიერთობის დადგენას სასამართლოს მიერ. ამდენად, მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და აღიარებულ იქნეს მის მიერ 2001 წელს ქარელის რაიონის სოფ. ზემო ხვედურეთის საშუალო სკოლის 11 კლასის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გადაწყვეტილება გამოტანილი, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამიტომ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 25-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით, სასამართლომ
გადაწყვიტა
1. ლ--–- ბ------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. დადგენილად იქნეს ცნობილი ლ--–- ბ------–---–ის (პ/ნ 4----------) მიერ 2001 წელს ქარელის რაიონის სოფ. ზემო ხვედურეთის საშუალო სკოლის 11 კლასის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი;
3. სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლას დაეკისროს ლ--–- ბ------–---–ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით შეტანილი 100 (ასი) ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. №7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ქ. ხაშური, კოსტავას 15) მეშვეობით.
მოსამართლე: მევლუდ ხათაშვილი